ქათმის ჭირი
პრაქტიკული რჩევები დამწყებ ფერმერთათვის
როგორ გავზარდოთ ფრინველი საკარმიდამო პირობებში?
ზოგიერთი გადამდები და არაგადამდები დაავადება მოზარდ ფრინველში (ქათმებში)
ნიუკასლის დაავადება (ცრუ ჭირი)
ნიუკასლის დაავადება, რომელსაც ასევე უწოდებენ ფრინველის ცრუ ჭირს ან აზიურ ჭირს, არის გადამდები და სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ყველა სახის ფრინველს, მათ შორის ქათმებს, ინდაურებს და ა.შ. ეს დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გადამდებია ფრინველებში, მას იწვევს Paramyxoviridae ოჯახის ვირუსი.
ინფექცია იმდენად მძიმეა, რომ ზოგიერთი ფრინველი შეიძლება დაიხოცოს დაავადების რაიმე სიმპტომის გამოვლენის გარეშე. არავაქცინირებულ ფრინველთა გუნდებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეიძლება 100 პროცენტს მიაღწიოს, სიკვდილიანობა შესაძლოა აღინიშნოს ვაქცინირებულ ფრინველშიც.
დაავადების აღმძვრელი ვირუსის გამძლეობა გარემოში მაღალია. ზამთარში საფრინველეში ძლებს 5 თვე,ზაფხულში – 1 კვირა, ფრინველის გაყინულ ტან-ხორცში – ორ წელზე მეტს, ხრწნად ლეშებში ისპობა 2-3 კვირაში. ის სწრაფად ნადგურდება დეჰიდრატაციის ან მზის სხივების ზემოქმედებით.
ცრუ ჭირით ავადდება ფრინველი (ქათამი) ნებისმიერ ასაკში. ფერმის ფრინველები (ქათმები) ყველაზე მგრძნობიარეები არიან, ხოლო წყლის ფრინველები – ნაკლებად.
როგორ ვრცელდება ნიუკასლის (ცრუ ჭირის) დაავადება?
ვირუსი გადადის ინფიცირებული ფრინველის სეკრეციებით, ექსკრემენტებით, საკვებით, წყლით, ჰაერით ან პირდაპირი კონტაქტით. გარდა ამისა, ის შესაძლოა გავრცელდეს მოვლის საგნებით, ასევე შესაძლოა გამავრცელებელი იყოს მოსამსახურე პერსონალი (ტანსაცმლით და ფეხსაცმლით) ტრანსპორტი და სხვა.
დამატებით რისკს წარმოადგენს გარეული ფრინველები, მათ შორის იხვები, ბატები და მტრედები, რომლებიც ხშირად ვირუსის ბუნებრივ რეზერვუარებად გვევლინებიან. ხშირია კეთილსაიმედო საკარმიდამო მეურნეობებში დაავადების შეტანა დაინფიცირებული საინკუბაციო კვერცხით.
დაავადება განსაკუთრებით აქტიურია გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რაც სეზონურ თავისებურებებს უკავშირდება.
ცრუ ჭირის (ნიუკასლის) დაავადების ნიშნები
დაავადება სწრაფად ვრცელდება. გავრცელება უფრო ნელია, თუ გადაცემის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფეკალურ-ორალური გზა, განსაკუთრებით გალიებში მყოფი ფრინველების შემთხვევაში.
მოზარდი ფრინველები დაავადებისადმი ყველაზე მგრძნობიარენი არიან.
ინკუბაციის პერიოდი გრძელდება ორი დღიდან ორ კვირამდე.
დაავადების მიმდინარეობა უმეტესად მწვავეა, დამახასიათებელია:
- მაღალი ტემპერატურა (43-440 C);
- მოდუნება, დათრგუნვა;
- თვალებისა და კისრის ირგვლივ ქსოვილების შეშუპება;
- ლორწოს დენა ნისკარტიდან და დახუჭული თვალებიდან;
- ღია პირით გაძნელებული სუნთქვა;
- ხველა და ცემინება;
- დეპრესია, კუნთების კანკალი, ფრთების ჩამოშვება;
- უკან ან გვერდზეკისრის მოგრეხა, დამბლა;
- მომწვანო-წყლიანი დიარეა;
- კვერცხისმდებელთათვის კვერცხის დების ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა;
- მაღალი სიკვდილიანობა;
- 2-3 დღეში ფრინველი იღუპება.
ცრუ ჭირის (ნიუკასლის) დაავადების პათოლოგ-ანატომიური სურათი მოიცავს შემდეგ ცვლილებებს:
- კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსებზე აღინიშნება სისხლჩაქცევები, ნაწლავების ფიბრინოზულ-ნეკროზული დაზიანებები;
- სასუნთქი სისტემის დაზიანება – ფილტვებში ჰემორაგიული დაზიანებები, ლორწოვანი გარსის შეშუპება და სისხლჩაქცევები;
- ცრუ ჭირისათვის ძალზედ დამახასიათებელია „სარტყლის“ ფორმის სისხლჩაქცევები ჯირკვლოვანი კუჭის ლორწოვან გარსზე;
- ნერვული სისტემის დაზიანება – ტვინის შეშუპება, ნერვული ქსოვილის დაზიანება, რაც იწვევს დამბლას და მოძრაობის დარღვევას;
- ლიმფოიდური ქსოვილის დაზიანება – ელენთისა და სხვა ლიმფური ორგანოების შეშუპება (ლიმფოიდური ქსოვილები იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია);
- კანისა და ბიბილოს ცვლილებები – ბიბილოს ლურჯი შეფერილობა, ზოგჯერ შავი ფერისკენ გადასვლა;
- და სხვა.
ცრუ ჭირის (ნიუკასლის) დაავადების პრევენცია
ამ დაავადების პირდაპირი მკურნალობის მეთოდი არ არის შემუშავებული, ამიტომ საჭიროა მისი პრევენცია.
ნიუკასლის დაავადების (ცრუ ჭირის) პრევენციის მთავარი მიზანია ფრინველების ჯანმრთელ გუნდში დაავადების შეღწევის თავიდან აცილება. ამისთვის საჭიროა:
- საინკუბაციო კვერცხების კონტროლი– მხოლოდ ჯანმრთელი და უსაფრთხოდ გადამოწმებული კვერცხების გამოყენება (აუცილებელია საინკუბაციო კვერცხის დეზინფექცია);
- ფრინველების ჯანმრთელობის დაცვა– დაავადებული ინდივიდების დროული გამოვლენა და იზოლაცია;
- მომსახურე პერსონალის ჰიგიენა– სამუშაო ტანსაცმლისა და აღჭურვილობის რეგულარული დეზინფექცია;
- აღჭურვილობის სისუფთავე– ყველა ტექნიკური მოწყობილობის რეგულარული დეზინფექციური დამუშავება და ვირუსის გავრცელების პრევენცია;
- საკვებისა და ქვეშსაფენის კონტროლი– მხოლოდ მაღალი ხარისხის და უსაფრთხო საკვების გამოყენება, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ქვეშსაფენის დეზინფექცია.
- დროული ვაქცინაციასაუკეთესო გზაა დაავადებისგან დასაცავად (გამოიყენება La Sota , H შტამების ცოცხალი ვაქცინები და სხვა).
ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგოდ გამოყენებული ყველა ვაქცინა შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად: ინაქტივირებული; ცოცხალი, ლაბორატორიული მეთოდებით დასუსტებული; ბუნებრივად დასუსტებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ ცოცხალი ვაქცინების ნაკლოვანებას წარმოადგენს მათი მგრძნობელობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოზარდ ფრინველში ერთგვაროვნების დარღვევა, ბროილერებში ხორცის გამოსავლიანობის და ზრდასრული ქათმების კვერცხის დების შემცირება. ვაქცინაციის ყველაზე ეფექტური მეთოდია – ინდივიდუალური ინტრანაზალური მეთოდი.
ფრინველებში იმუნიტეტის ინტენსივობა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია კვებისა და მოვლის ფაქტორებზე. ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდგომ 3-5 დღის განმავლობაში აუცილებელია A, D და B ვიტამინების ჯგუფის შემცველი დანამატების მიცემა, ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ AD3E ვიტამინი, ჩიკტონიკი, განამინოვიტი, მულტივიტი და სხვა.
დაავადების გამოვლენისას, ფერმა ან საოჯახო მეურნეობა ცხადდება ნიუკასლის დაავადებისთვის არახელსაყრელ ადგილად (საკარანტინო ზონა) .
დაავადებული ფერმიდან (მეურნეობიდან) კარანტინი იხსნება ფრინველის ნიუკასლით ბოლო დაინფიცირების შემთხვევიდან 30 დღის შემდეგ, ხდება ფერმის შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიის დეზინფექცია.
ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და უზრუნველყოფს ფრინველებისთვის ჯანმრთელი გარემოს შენარჩუნებას.
მიხეილ ჭიჭაყუა _ ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი,
აგრო ექსპერტთა ასოციაცია