ყავის ხე და მისი პოტენციალი საქართველოში
ყავა — მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ტროპიკული კულტურა — XXI საუკუნის გლობალური კლიმატური ცვლილებების გამო, სულ უფრო ხშირად განიხილება მისი არატრადიციულ რეგიონებში გაშენების შესაძლებლობა.
ჩვენთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევს მისი საქართველოში, განსაკუთრებით სუბტროპიკულ ზონებში, გავრცელების შესაძლებლობა.
წარმოდგენილ სტატიაში მიმოვიხილავთ ყავის მცენარის ბოტანიკურ თავისებურებებს, გავრცელებას, კულტივაციის შესაძლებლობებსა და მის ბიოლოგიურ პოტენციალს ჩვენი ქვეყნის პირობებში.
ყავის ხე და მისი ბიოლოგია
სიტყვა „ყავა“ აფრიკაში მდებარე აბისინიის (თანამედროვე ეთიოპიის) კაფას პროვინციას უკავშირდება, სადაც ეს მცენარე ჯერ კიდევ უძველეს დროში იზრდებოდა. ყავის გამოყენება სათავეს სწორედ ამ რეგიონიდან იღებს, სადაც ხალხი, ტყეში ველურად მზარდი ყავის ნაყოფს, საუკუნეების განმავლობაში აგროვებდა.
ყავა ეკუთვნის ენდროსებრთა ოჯახს. მისი ცნობილ წარმომადგენლებს შორისაა Coffea arabica — არაბული ყავა, რომელიც მსოფლიო ყავის წარმოების დაახლოებით 90%-ს იძლევა. იგი ხასიათდება თეთრი, არომატული ყვავილებით, რომლებიც ვიზუალურად და სურნელით ჟასმინს წააგავს. მისი ნაყოფი მწვანე ფერისაა, მომწიფებისას წითლდება, შემდგომ კი მურა შეფერილობას იღებს. ყავის ბუჩქი მსხმოიარობას მესამე ან მეოთხე წელს იწყებს და ნაყოფს პირველი რიგის ყლორტებზე იძლევა.
ლიბერიული ყავა (Coffea liberica), რომელიც დასავლეთ აფრიკაში 1830 წელს აღმოაჩინეს, 15 მეტრამდე სიმაღლის ხეა. იგი გამოირჩევა მსხვილფოთლიანობით, უფრო მაღალი მოსავლიანობით, უწყვეტი მსხმოიარობით და მაღალი ხარისხის ნაყოფით. არაბული ყავისგან განსხვავებით, რომლის მოსავალიც წელიწადში ერთხელ იკრიფება, ლიბერიული ყავა მოსავალს რამდენიმე ეტაპად იძლევა.
ყავის ზოგიერთი სახეობა და ფორმა გამოირჩევა განსაკუთრებული გვალვაგამძლეობით და თერმულ ამტანობით. მათ შორის მოიძებნება ისეთი ფორმებიც, რომლებიც -7°C-დან -10°C-მდე ყინვებს უძლებს, რაც სელექციური მუშაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
არაბული ყავა მოითხოვს საშუალო წლიურ ტემპერატურას +18 – +22°C ფარგლებში, თუმცა მისი გარკვეული ფორმები, მაგალითად არაბიკა, მშრალი კლიმატის პირობებშიც კარგად ხარობს.
სელექციის გზით შესაძლებელია ყინვაგამძლე ფორმების გამოყვანა, რაც პრინციპულად ახალ შესაძლებლობებს ქმნის მისი გახარებისთვის სუბტროპიკულ საქართველოში.
ყავა ოთახის პირობებში
დამწყები მემცენარეებისთვის ყავის ხე მიმზიდველი მცენარეა. ოთახის პირობებში იგი კარგად ეგუება მშრალ და სითბოსდაკლებულ გარემოს, არ ყრის ფოთლებს და მეორე–მესამე წელს ნაყოფსაც იძლევა.
მუქი მწვანე ფოთლები, სურნელოვანი თეთრი ყვავილები და ჟასმინის სუნი მას დეკორატიულ ღირებულებასაც სძენს.
ყავის ზრდა-განვითარება ოთახში ადასტურებს მის ადაპტაციის უნარს, რაც ბოტანიკურადაც და პრაქტიკულადაც შესაძლებელს ხდის ამ კულტურის ფართო დანერგვას დეკორატიული და პრაქტიკული მიზნებით. იგი შესანიშნავად ერწყმის ოთახის ლიმონს, ქმნის ლამაზ კომპოზიციას და ამავე დროს გვაძლევს ნაყოფს.
წარმოების და გამოყენების თავისებურებები
ნაყოფის მთავარი კომპონენტი კოფეინია (1.1%), რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენებულია როგორც ნერვული სისტემის სტიმულატორი. იგი ამაღლებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას და გულის მოქმედებას. ნაყოფში ასევე შემავალია შაქრები (8–18%), ცილოვანი ნივთიერებები (10%), ცხიმები (11.4%) და ეთეროვანი ზეთები, რომლებიც განაპირობებენ მის არომატს.
მოხარშული ყავის ნალექსაც კი გააჩნია სასარგებლო თვისებები – იგი ეფექტურად შთანთქავს შხამებს, თრგუნავს ბაცილების განვითარებას და კბილებისთვის ანტისეპტიკური საშუალებაა.
დღეს, როცა კლიმატური პირობები სწრაფად იცვლება, საქართველო შეიძლება ყავის კულტურისათვის საინტერესო აღმოჩნდეს. მისი უნიკალური ბიოლოგიური თვისებები — ყინვაგამძლეობა, გვალვაგამძლეობა, დეკორატიულობა და სამედიცინო ღირებულებები — ყავას უძვირფასეს მცენარედ აქცევს.
სათანადო სელექციური მუშაობისა და აგროტექნიკური ცოდნის პირობებში, ყავა შესაძლოა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურა გახდეს, როგორც ეკონომიკურად, ისე ეკოლოგიურად.
ქეთევან ჩიკაშუა, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,
მარიამ გობრონიძე, ბიოლოგი, მენტორი პედაგოგი