ყურძნის ჭია

ყურძნის ჭია და ბრძოლის ღონისძიებები:

ყურძნის ჭიის პეპელა პატარა ზომისაა, ზედა მხრიდან მურა ნაცრისფერია, გვერდებიდან და ქვედა მხრიდან, ღიანაცრისფერი. მონაცრისფრო წინა ფრთები დაწინწკლულია, ყვითელი, ნაცრისფერი და მოლურჯო ლაქებით. უკანა ფრთები ღია ნაცრისფერია, ხოლო ფრთებს უკანა მხარეს ფოჩები აქვს. ულვაშები ძაფისებრია, შედარებით მსხვილი და უბეწვოა.

ფრთებგაშლილი პეპლის სიგანე 10-13 მმ-ია, სიგრძე _ 4-5 მმ.

ყურძნის ჭიის პირველი თაობის მატლი ყვავილედს აზიანებს — მას მატლი აბლაბუდის თხელ ძაფებში ახვევს, შიგ ექცევა და ისე იკვებება. ყვავილობის დამთავრების შემდეგ მატლი ახალგამონასკვულ ნაყოფს და კლერტს აზიანებს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება.

ივლისის დასაწყისში მეორე თაობის მატლი ვითარდება და მწვანე მარცვლით იკვებება. ახალგამოჩეკილი მატლი მარცვლის ზედაპირზე მცირე ნაწილს ღრღნის, მოზრდილი კი მარცვალში იჭრება და მის რბილობს სპობს. ძლიერ დაზიანებული მარცვალი ძირს ცვივა, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებული სიმწიფემდე აღწევს, მაგრამ უმრავლესობა სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებით იღუპება.

მესამე თაობის მატლი შეთვალებული და მწიფე მარცვლის რბილობით იკვებება. ამ თაობის მატლების მიერ სუსტად დაზიანებული მარცვალი წვიმიან ამინდში სიდამპლის გამომწვევი სოკოების დასახლების გამო ლპება, რაც მოსავლის 40-50%-ის განადგურებას იწვევს.

მნიშვნელოვანია ვაზის დროული გაფურჩქვნა, რადგან მავნებლის კვერცხების დიდი ნაწილი მზის სხივების პირდაპირი  ზემოქმედებით კვდება.

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“