დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქვევრების  განლაგება  მარანში

მარანში ქვევრების განლაგება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფერის ღვინის დაყენებაზეა გათვლილი მარანი. არის ღვინის მწარმოებელი ფირმები, რომლებიც ერთი რომელიმე ფერის ღვინის დაყენებაზეა ორიენტირებული. არის მარნები, სადაც ორივე ფერის ღვინოს აყენებენ (ასეთია საქართველოში ღვინის დამყენებელ მარანთა უმრავლესობა).

ცნობილია, რომ თეთრი და წითელი ღვინის დაყენების არა მარტო ტექნოლოგიაა განსხვავებული, არამედ, ისინი სხვადასხვა ტემპერატურაზე უნდა დადუღდეს. ამას ემატება მესამე გარემოება, მარნის მეპატრონის ინტერესი, რაც შეიძლება ეკონომიურად გამოიყენოს მარნის ფართობი და რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ქვევრი ჩადგას მარანში. ამიტომ როცა მარანში ქვევრების განლაგებას გეგმავთ -სად, როგორ და რამდენი -სამივე ეს გარემოება უნდა გაითვალისწინოთ.

თეთრი ღვინო, სასურველია, 14-160C-ზე დადუღდეს, არა უმეტეს 18 გრადუსისა. დუღილის ასეთი ტემპერატურა მადუღარ ტკბილს ქვევრმა თვითონ უნდა შეუქმნას. ქვევრი კი მით უკეთ შექმნის ამ ტემპერატურას, რაც  უფრო მეტი მანძილით იქნება დაშორებული მეზობელი ქვევრიდან, ანუ რაც მეტი მიწა იქნება მის გარშემო შემოყრილი და კარგად დატკეპნილი. ამიტომ ქვევრების (რომლებშიც თეთრ ღვინოს ადუღებთ) მუცლებს შორის მანძილი 40-50 სმ. მაინც უნდა იყოს. თეთრი ტკბილის სადუღარი ქვევრები, სასურველია, დაკირვის გარეშე ჩაიდგას მიწაში, რადგან კირი სითბოს ინახავს, ამიტომ მადუღარი ტკბილის მიერ გამოყოფილ სითბოს ქვევრის გარშემო შემოყრილი მიწისკენ ნაკლები რაოდენობით გაუშვებს და უმეტეს ნაწილს ქვევრის კედელში დატოვებს, რის გამოც, ქვევრში ტემპერატურა ნორმაზე მაღლა აიწევს.

წითელი ღვინის ნორმალურად დადუღებისთვის კი საჭიროა 25-28ºC სითბო, ამიტომ წითელი ღვინის სადუღარი ქვევრები, მიწაში დაკირული უნდა ჩადგათ და მათი მუცლები ერთმანეთისგან საშუალოდ 20 სმ-ით დააშოროთ. ამ შემთხვევაში ქვევრებს შორის მცირე რაოდენობის მიწა იქნება, ამიტომ ნაკლებ სითბოს წაართმევს მადუღარ ქვევრს და წითელი ტკბილის დუღილი მაღალ ტემპერატურაზე წარიმართება, ასევე, ქვევრების მუცლები ახლოს იქნებიან ერთმანეთთან და ერთმანეთს გაათბობენ.

როგორც ხედავთ, წითელი და თეთრი ღვინის სადუღარი ტემპერატურა, სხვადასხვაა. ამის გამო, მარანში მათი სადუღარი ქვევრების ქვის კედლით გამიჯვნის საშუალება თუ არ არის, მაშინ მუცლები ერთმანეთისგან არანაკლებ ერთი-ერთნახევარი მეტრით უნდა დააშოროთ. ის ქვევრები კი, რომლებშიდაც დასავარგებელ და ხანგრძლივ შენახვაზე დაყენებულ ღვინოს ინახავთ, მადუღარი ქვევრებიდან კედლით უნდა გაიმიჯნოს ან ცალკე შენობაში უნდა განათავსოთ, რათა ტკბილის დუღილმა ძველი ღვინის პროვოცირება არ გამოიწვიოს.

მარანს აუცილებელია 10-15 დღეში ერთხელ კარგი დეზინფექცია ჩაუტარდეს, განსაკუთრებით შემოდგომაზე, მაჭრის დუღილის დროს, რადგან ამ დროს მარანში ბევრი მუმლი და ტკბილის მოყვარული მწერი იყრის თავს. დღემდე დეზინფექციას გოგირდის კვამლით ახდენდნენ, დღეს კი უფრო სუფთა და ეფექტური საშუალება გვაქვს ოზონაირის სახით, რომლის აქტიურობა სულ მცირე, 10-ჯერ აღემატება გოგირდისას და ერთი საათის შემდეგ უკვალოდ ქრება. გოგირდი კი ნაშთად რჩება. მარნის დეზინფექცია უკეთესია საღამოს, მარანში სამუშაოს დასრულების შემდეგ გააკეთოთ, დილას კი სუფთა მარანში შეუდგებით მუშაობას.

მცირე ზომის საოჯახო მარნის მშენებელმა მასში ქვევრების განლაგების დროს ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ: უპირველესად, ის, თუ როგორი მოსავლის პატრონია, რამდენი ჯიშის და რა რაოდენობის ვაზი უდგას ვენახში. ყველა ჯიშის ყურძენი ღვინოდ ცალ-ცალკე უნდა დააყენოს თუ მხოლოდ თეთრი და წითელი ფერის ყურძნის წვენი უნდა დაადუღოს ცალ-ცალკე. არის შემთხვევა, როცა ორივე ფერის ყურძენს, ანუ მთელ მოსავალს ერთად ადუღებენ. თუ ამ უკანასკნელს აირჩევთ, მაშინ ერთი ისეთი ზომის ქვევრი უნდა შეიძინოთ, რომელიც ყურძნის მთელ მოსავალს დაიტევს. თუ ორივე ფერის ყურძენს ცალ-ცალკე დაადუღებთ, მაშინ ორი სადუღარი ქვევრის შეძენა მოგიწევთ. მათთან ერთად უნდა შეიძინოთ ამავე ტევადობის პატარა ქვევრები (ქოცოები), რათა დიდ ქვევრებში დადუღებული ღვინის გადაღების შემდეგ, ღვინო დაუბინავებელი არ დაგრჩეთ.

საოჯახო მარანში დიდი ქვევრი, თაღართან ახლოს  უნდა ჩაიდგას იმ ანგარიშით, რომ თაღარსა და ქვევრს შორის, მხოლოდ ქვევრის მომსახურის ადგილი დარჩეს. ქოცოები კი მეორე მხარეზე უნდა განლაგდეს. ასევე, აუცილებელია სახარჯო (ყოველდღიურად მოსახდელი) ღვინის ქვევრი, ისეთ ადგილზე ჩაიდგას, რომ ღვინის ამოღების დროს სხვა ქვევრებმა ხელი არ შეგიშალოთ. საერთოდ კი, სახარჯო ღვინის ქვევრი, მარნის შესასვლელ კართან ახლოს უნდა ჩადგათ, რადგან მასთან ღვინის ამოსაღებად მისვლა ხშირად მოგიხდებათ და ამ დროს, სხვა ქვევრებს არ „შეაწუხებთ“.

ესაა ძირითადი და არასრული სია, იმ დაბრკოლებებისა, რომელთა გადაწყვეტა ახლად აშენებულ მარანში ქვევრების განლაგების დაგეგმვის დროს მოგიხდებათ.

ჟორა გაბრიჭირძე