ქვევრის ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი შეუძლია დაიკავოს
ქართული ღვინის ხარისხის და მაღალი სეგმენტის საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბებისთვის მევენახემ, მეღვინემ და სახელმწიფომ შეთანხმებულად უნდა იზრუნონ. ამ სამი მთავარი აქტორის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება, არადა ქართულ ღვინოებს, ქართულად ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, მათ შორის ქვევრის ღვინოებს შეუძლია განსაკუთრებული ადგილი დაიჭიროს საერთაშორისო ბაზარზე.
ამ რთულ და შრომატევად გზაზე მთავარი ცოდნაა, საჭიროა პროფესიონალი მევენახეები და მეღვინეების გაზრდა, რომლებიც შეძლებენ ყურძნის და ღვინის წარმოებაში თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე პროგრესული ტექნოლოგიური მიღწევები დანერგონ.
მისასალმებელია რომ ამ მიმართებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება. ამ ცოტა ხნის წინათ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმადაც, ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოებს საშუალება ექნებათ შეღავათიანი კრედიტი აიღონ, როგორც ყურძნის გადამუშავების, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად.
ქართული მეღვინეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს, ქართული ღვინო ნიშური სეგმენტიდან საყოველთაო ხელმისაწვდომ კატეგორიაში გადავიდეს.
ქართული ღვინო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ძირითადი გაყიდვის არხებში, როგორიც არის, ე.წ., on trade, ჰორეკა სექტორი და ქსელური მაღაზიები, რითეილი. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს როგორც ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება, ისე ექსპორტი.
ქართულმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ღვინის ცნობილ მწარმოებელ თუ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის.
2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში, 376 ქართული კომპანია ახორციელებდა ექსპორტს. 2021 წელს 100 მილიონი ბოთლის რეალიზაციაა ნავარაუდევი.
10 წლიანი გეგმის მიხედვით კი 2030 წლისთვის, ღვინის სექტორის საექსპორტო შემოსავლებმა ქვეყანაში 1 მილიარიდი დოლარი უნდა შეადგინოს, რაც ამ სეგმენტიდან არსებული შემოსავლების გასამმაგებას გულისხმობს.