აგროსიახლეებიდარგებიმეცხოველეობა

ქვევრის იმერული ყველი

 საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე, ყველის სახლისა და მუზეუმის დამფუძნებელი,  ანა მიქაძე-ჩიკვაიძე იყო, რომელმაც იმერეთის სოფელ „ხანში“ შემონახული ყველის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს.

„პირველად ჩემი 15 წლიანი მუშაობის მანძილზე, მხვდა წილად ბედნიერება მოვსწრებოდი იმერული ყველის ნამდვილ „სახეს“. იმ უამრავ სახეობას შორის, რომელიც გვაქვს საქართველოში და ბევრმა არც იცის ჩვენი ქვეყნის რეალური რესურსები, იმერული ყველი ყოველთვის გამორჩეული იყო, თუმცა არასოდეს გამოკვლეულა იმერული ყველის ნამდვილი ტრადიციები. გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა, ზემო იმერეთის სოფელ „ხანში“ არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთა ერთ-ერთი ექსპედიციის დროს. ეს აღმოჩენა ქვევრში შენახული ყველია და სოფელ „ხანის“ ყველა ოჯახში არის ქვევრი სადაც ინახავენ ყველს.

ეს ტრადიცია მხოლოდ ამ სოფელმა შემოინახა. ყველაზე აღმაფრთოვანებელია ის ფაქტი, რომ ყოველ წელიწადს, ყველიერის კვირის დასაწყისში, სოფელ „ხანში“ ჩადის ყველა ვინც კი არის ხანელი და მხოლოდ მაშინ ეხდება ქვევრს თავი. ყოველთვის მიმაჩნდა რომ, იმერული ყველი იყო დაჩაგრული და უსამართლობაა მისი „პლასტმასის“ ჭურჭელში გაკეთება, სწორედ ამიტომ, ეს აღმოჩენა გახდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იმერეთმა დაიბრუნა თავისი ყველის ნამდვილი სახე.

რაც შეეხება გემოს, ეს არის საოცრება, წარმოუდგენელ გემოს იღებს ქვევრში შენახული ყველი, მიუხედავად იმისა რომ არის მარილიანი, აქვს ძალიან ტკბილი გემო და სულ სხვა შრეები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ და ღირს რომ ამ სოფელში ექპედიციის გაკეთება, მეცნიერებისა და ეთნოგრაფების ჩართვა. სოფელმა „ხანმა“ ფაქტობრივად შემოგვინახა იმერული ყველის ფასდაუდებელი ტრადიცია და მას გაუჩინა საკუთარი ემბლემა „ქვევრში შენახული ყველი“.

ავტორი: ანი გიგაური

წყარო: რადიო კომერსანტი