რა ფაქტორები ახდენს გავლენას ხორბლის მოსავლიანობასა და მარცვლის ხარისხზე, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად?!
უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში (6-8 წელი), ხორბლის წარმოების ძირითად რეგიონებში ცალკეული ფერმერების მიერ საგრძნობლად გაიზარდა ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა, მაგრამ მიღებული მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლები, განსაკუთრებით პურცხობადობა, უმეტეს შემთხვევაში ძალზე დაბალია, რაც დიდ გავლენას ახდენს მიღებული მოსავლის ღირებულებაზე და ხშირად ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი თვითღირებულებაზე დაბალია, რაც უარყოფითად მოქმედებს ფერმერების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ისმის კითხვა: რატომ ვერ მოგვყავს სათანადო კონდიციის ხორბალი? რა ფაქტორები განაპირობებს უხარისხობას?
ცნობილია, რომ ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურის, მათ შორის ხორბლის მოსავლიანობაზე და მის ხარისხზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თავის დროზე, კალენდარული ვადების მიხედვით მუშავდებოდა არსებული ხორბლის ჯიშების (მეცნიერული, მრავალფაქტორიანი ცდები) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური რუკა _ ნიადაგურ-კლიმატური პირობებით დაწყებული, მოსავლის აღება-დაბინავებით დამთავრებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიურ რუკაში შესაბამისი პერიოდისთვის ცვლილებების შეტანა იმაზეა დამოკიდებული, ხორბლის რომელი ჯიშებია (დარაიონებული) გასავრცელებლად კატალოგში შეტანილი, რადგან დღევანდელი სელექციური მუშაობის შედეგად გამოიკვეთილია ხორბლის უხვმოსავლიანი ჯიშები — როგორც სასურსათე, ასევე საფურაჟე მიმართულების.
შესაბამისად, მწარმოებელმა დღევანდელი მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა იხელმძღვანელოს, რადგანაც ცნობილია: რაც უფრო მაღალია ხორბლის ჯიშის მოსავლიანობა, მით უფრო დაბალია მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები (პურცხობადობა). ამიტომ ფერმერმა თავიდანვე უნდა იცოდეს, ხორბლის რომელ ჯიშს თესავს _ საფურაჟეს თუ სასურსათეს, და ამის შესაბამისად დაგეგმოს შესაბამისი ჯიშისათვის აგროტექნიკით გათვალისწინებული სამუშაოები და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოში საწარმოო დანიშნულებით ძირითადად უცხოეთიდან შემოტანილი ხორბლის ჯიშები ითესება, რომელთა გამოცდა ჯიშთა გამოცდის სამსახურის მიერ ხორციელდება და ამის შემდეგ ხდება მათი კატალოგში შეტანა.
საყურადღებო და უარყოფითი ფაქტორია ის, რომ ადგილზე, საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში არ მიმდინარეობს ამ ჯიშების სრულყოფილად, მეცნიერულ დონეზე, აგროტექნიკის თვალსაზრისით შესწავლა. ძირითადად ვარაუდით, ჯიშის ავტორის მონაცემებზე ან კიდევ მოვლა-მოყვანის მოძველებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით დგინდება მათი ტექნოლოგიური რუკა (თესვის ნორმები, თესვის ვადები, განოყიერების დოზები, მოსავლის აღების ვადები და სხვ.).
ამიტომ, მიზანშეწონილად და აუცილებლად მიმაჩნია, რომ უცხოეთიდან შემოტანილი, გასავრცელებლად კატალოგში შესატანი ხორბლის ჯიშები აგროტექნიკური შევისწავლოთ რეგიონების მიხედვით _ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მეტიც, ქვეყანაში აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისმა განყოფილებამ ან უშუალოდ ჯიშთა გამოცდის სამსახურში შექმნილმა მეცნიერთა ჯგუფმა.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია სრულყოფილად ვიმსჯელოთ და დავადგინოთ ამა თუ იმ ხორბლის ჯიშის მოსავლიანობაც და ხარისხიც.
როგორც ზემოთ ვთქვი, ხორბლის მოსავლიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხორბლის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური რუკითა და კალენდარული ვადების დაცვით გათვალისწინებული, მეცნიერულად დასაბუთებული სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას _ ნიადაგის მოხვნიდან დაწყებული, მოსავლის აღებასა და მის დაბინავებამდე დამთავრებული.
წინამდებარე სტატიაში კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარმოებაში გავრცელებული, დარაიონებული ხორბლის ჯიშების რეგიონების მიხედვით შერჩევასა და მეთესლეობის დარგის სწორად განვითარებას.
შემდგომ ეტაპზე ასევე უდიდეს მნიშვნელობას იძენს და გადამწყვეტ როლს ასრულებს დარაიონებული, შერჩეული ჯიშების სწორი მეთესლეობა და წარმოებაში გავრცელება.
რაც არ უნდა კარგი ჯიში ან ჰიბრიდი იყოს, თუ მისი მეთესლეობა სწორად არ დაიგეგმება, ის ძალიან სწრაფად გაქრება წარმოებიდან _ ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ასეთი არასახარბიელო პრაქტიკა დღესაც გრძელდება.
მეთესლეობა მეცნიერების დარგია, რომლის ძირითად ამოცანას ჯიშთა გამოცდისა და ჯიშთა განახლებისთვის მაღალხარისხიანი სათესლე მასალის გამრავლება წარმოადგენს.
მეთესლეობის სწორად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჯიშის ჯიშობრივი ნიშანთვისებების შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება.
მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა ჯაჭვში, მაღალხარისხოვანი, ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.
მაღალი სათესი ღირსებისა და უხვმოსავლიანი ჯიშიანი თესლის მიღება მხოლოდ მიწათმოქმედების მაღალი კულტურის პირობებში, მეცნიერულად დასაბუთებული აგროწესების დროული და კომპლექსური გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი.
ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ქვეყანაში მეთესლეობის დარგის განვითარების კუთხით თამამად შეიძლება ითქვას, ბევრი არაფერი გაკეთებულა _ რაც არსებობდა, ის დაინგრა, ახლის ჩამოყალიბებაზე კი დღემდე არავის უზრუნვია, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ფერმერს, რომლებიც ინდივიდუალურად და უსისტემოდ მუშაობენ.
დღეს ქვეყანაში ვინ აწარმოებს ამა თუ იმ ჯიშის პირველადი (სუპერელიტური, ელიტური ან პირველი რეპროდუქციის) თესლს და საიდან შემოაქვთ ის _ გაუგებარია.
მოდით, განვიხილოთ ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურის _ ხორბლის _ მეთესლეობის საკითხი: როგორი მდგომარეობაა ამჟამად ქვეყანაში?
ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ხორბალი 120-140 ათას ჰექტრამდე ფართობზე დაითესოს, რისთვისაც დაახლოებით 20-24 ათასი ტონა ხორბლის ხარისხიანი თესლია საჭირო, შეუძლებელია თავთავიანი კულტურების მეთესლეობის სისტემა გამართული არ იყოს?!
ეს საქმე რთულად მოსაგვარებელი არ არის. მეტიც, ამისათვის ქვეყანაში ყველანაირი წინაპირობა არსებობს: შესაბამისი სამსახურები, ჯერ კიდევ არიან მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი სპეციალისტები და ფერმერები, რომლებსაც ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი აქვთ.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ მეთესლეობა _ თესლის წარმოება _ მომგებიანი საქმეა, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან სავალუტო რესურსს დაუზოგავს (უცხოეთიდან სათესლე მასალის შემოტანა აღარ იქნება საჭირო) და დიდ შემოსავალს მოუტანს. თუნდაც ამიტომ ღირს მეთესლეობის დარგის განვითარება!
მისასალმებელია, რომ ქვეყანაში შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჯიშთა გამოცდის სამსახური, ამოქმედდა კანონი მეთესლეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დრო გავიდა, არავინ ინტერესდება, თუ რა კეთდება მეთესლეობის მიმართულებით.
აქვე ისმება მარტივი კითხვა: ჯიშთა გამოცდაში გამოცდილი ხორბლის ჯიშები, რომლებსაც წარმოებაში გავრცელების რეკომენდაცია ეძლევა, ვინ უნდა აწარმოოს მათი პირველადი მეთესლეობა და შესაბამისი კონდიციის ხორბლის თესლი ვინ უნდა მიაწოდოს ფერმერს?
აღნიშნულ საკითხებზე მრავალჯერ გვიმსჯელია სპეციალისტებთან, უშუალოდ ფერმერებთან, შესაბამის ხელმძღვანელობასთან. გამოქვეყნებული მაქვს სტატიები ჟურნალ-გაზეთებში, სადაც დეტალურად არის აღწერილი (პროექტის დონეზე), დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად, რეგიონების მიხედვით, ფერმერულ მეურნეობებში როგორ უნდა განვითარდეს ხორბლისა და სხვა იმ კულტურების მეთესლეობის სისტემა, რომელთა წარმოებაც ჩვენს პირობებში თავისუფლად არის შესაძლებელი.
ამ დარგის აღორძინება იმითაც იქნება კარგი, რომ შერჩეულ ფერმერულ მეურნეობებში ამაღლდება მიწათმოქმედების კულტურა, ნიადაგის ნაყოფიერება, დაინერგება თესლბრუნვის სისტემა.
ხორბლის კულტურის მეთესლეობის პარალელურად განვითარდება ზონისთვის მისაღები სხვა კულტურების მეთესლეობაც.
ასეთი მიდგომით რეგიონებში შექმნილი კერძო მეთესლეობის ფერმერული მეურნეობები ჩამოყალიბდება საჩვენებელ აგროსაწარმოებად, რაც მაგალითი და მისაბაძი იქნება სხვებისთვისაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ხორბლის მწარმოებელი მსხვილი ფერმერები (რომლებიც არც თუ ისე ბევრნი არიან) აღნიშნული საკითხის მოგვარებას ნაწილობრივ თავიანთი ძალებით ახერხებენ ქვეყანაში არსებული ყოველგვარი კანონისა და წესის გარეშე.
ხოლო რაც შეეხება წვრილ ფერმერებს (გლეხებს), იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს მეთესლეობის გამართული სისტემა, იძულებულნი არიან, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ დათესონ ან დათესონ ის, რაც იშოვეს _ აღარავინ აქცევს ყურადღებას, რა ჯიშია, რა კონდიციის თესლია, რომელი რეპროდუქციაა და სხვა.
ქვეყანაში სწორედ ასეთი მიდგომებია ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ხორბალი დაბალმოსავლიანია და, შესაბამისად, უხარისხო, რის გამოც შემდეგ ვკითხულობთ: რატომ ხდება ასე?
ამიტომ, აუცილებელ პირობად მიმაჩნია, ქვეყანაში შეიქმნას მეთესლეობის სისტემა!
როგორც ზემოთ აღინიშნა, საამისოდ ჯერ კიდევ არსებობს შესაბამისი წინაპირობა. სისტემის ასამოქმედებლად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური ნება.
იმის გამო, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება წლების განმავლობაში ჭიანურდება, სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე მოკრძალებულად მინდა ვთხოვო პარლამენტის აგრარული კომიტეტის ხელმძღვანელობას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ დავით სონღულაშვილს, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, გაიმართოს მსჯელობა სპეციალისტებთან და მიღებულ იქნას შესაბამისი, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.
ადოლი ტყეშელაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი აგრონომი

