რა ქმნის გლეხური მეურნეობიდან ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლის პრობლემას
ბიზნესი პერიფერიებში და შრომით ბაზარზე არსებული დისბალანსი – რატომ ფერხდება სოფლის მეურნეობის განვითარება?
საქართველოში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ შრომით ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის კომპონენტებს შორის სერიოზული დისბალანსია. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ჩვენს ქვეყანაში ბევრი სფეროს განვითარებას აფერხებს.
პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური რეგიონებშია, სადაც მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს მოსახლეობის მიგრაცია წარმოადგენს. რეგიონებში მოსახლეობის შემცირება და არსებული სამუშაო ძალის ამა თუ იმ სფეროში კვალიფიკაციის ნაკლებობა რეგიონებში ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.
ბოლო პერიოდში საქართველოს რეგიონებში კადრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა ტურიზმში, მომსახურების სფეროში, მშენებლობასა და სასოფლო-სამეურნეო მრეწველობაში. ამჟამად ჩვენ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ მდგომარეობას მიმოვიხილავთ. აღნიშნული დარგის განვითარება საქართველოს აბსოლუტურად ყველა რეგიონშია შესაძლებელი. სტატისტიკურადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა ამის ფონზე ამ დარგის პროდუქტიულობა მაინც დაბალია, არადა საქართველოს აქვს პოტენციალი არა მხოლოდ სრულად დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქციის ექსპორტი და განვითარებულ, კონკურენტუნარიან ბარზებზე თავი დაიმკვიდროს. არსებული მდგომარეობა კი ბევრ სფეროში პირიქითაა – არაერთ დარგში, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, ექსპორტი მნიშვნელოვნად სჭარბობდეს იმპორტს, ბაზარზე დეფიციტი გვექმნება და საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროდუქციით ვავსებთ. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტი გვაქვს, რაც მხოლოდ პროდუქციის წარმოების მიმართულებასა და დარგის სპეციფიკის ცოდნაში არ გამოიხატება. ბერმა ფერმერმა არ იცის როგორ აქციოს საკუთარი წარმოება ბიზნესად. ამას თან ახლავს სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამკვიდრება, რასაც ქართველმა ფერმერებმა ფეხი უნდა აუწყონ, თუკი სურთ პროდუქცია, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად აწარმოონ, არამედ შექმნან და გააფართოონ ბიზნესი, დაასაქმონ სხვა ადგილობრივები და ა.შ.
მოკლედ იმისათვის, რომ გლეხური მეურნეობიდან ფერმერულ მეურნეობაზე გადავიდეთ აუცილებელია, როგორც სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მხარდაჭერა, ასევე მომავლის პროფესიონალი კადრების მომზადება.
რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, კონკრეტულად რას სთავაზობს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, რით ეხმარება მათ, რომ გააფართოვონ ბიზნესი და იქცნენ მცირე ან საშუალო მეწარმეებად? _ ამ საკითხებზე „ბიზნესპოსტი” საქართველოს სოფლის მეურნეობის რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შალვა კერესელიძეს ესაუბრა.
_ საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს შორის, რამდენად სერიოზულია კვალიფიციური კადრების დეფიციტი?
_ ზოგადად სოფლის მეურნეობაში კადრების დეფიციტი არსებობს, კვალიფიციურის კი – კიდევ უფრო მეტად. ამის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დარგი არ იყო პოპულარული და ადამიანთა მიზერული რაოდენობა მიდიოდა ამ განხრით აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლებლად. შესაბამისად, მთელი 25 წლის განმავლობაში თაობათა მონაცვლეობა გაწყდა. უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე ახალგაზრდა უკვე არის 50 წლის, ამიტომ, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობაში კადრების დეფიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
_ რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრისას, თუ გამოიკვეთა კონკრეტული დარგები, სადაც აღნიშნული პრობლემა მწვავედ დგას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რომელიმე დარგის განვითარებას თუ აფერხებს მნიშვნელოვნად კადრების დეფიციტი?
_ ყველაზე დიდი დეფიციტი გვაქვს ვეტერინარიის მიმართულებით, რაც აფერხებს მეცხოველეობის განვითარებას, იწვევს რძის პროდუქტების წარმოების სიმცირეს და ასე შემდეგ. თუმცა ბოლო 5-6 წელია, რაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული გახდა და როგორც კი ხალხმა ეს დაინახა, არჩევანი ამ მიმართულებით გააკეთა და გადაწყვიტა, რომ განათლება ამ კუთხით მიიღოს. თუმცა ეს დროში გაწელილი პროცესია, რომ ადამიანებმა დაამთავრონ უნივერსიტეტი და დასაქმდნენ თავიანთი პროფესიით, სოფლის მეურნეობის დარგში, კერძო თუ სახელმწიფო სექტორში.
_ რა ხელშემწყობ პროექტებს ახორციელებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონკრეტულად რა კეთდება სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების კუთხით?
_ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა რეგიონში აქვს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური, რომელიც 4-5 კაცისგან შედგება და ის დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, ვისაც განათლება მიღებული აქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს არის: ვეტერინარია, აგრონომია, მცენარეთა დაცვა, მექანიზაცია, ტექნოლოგები და ა.შ. როდესაც ეს სამსახური იქმნებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში პირდაპირ ეწერა ვის შეეძლო კონკურსში მონაწილეობის მიღება. ამ სამსახურებში დასაქმებულ ადამიანთა ასაკობრივ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ძირითადად, ასაკიანებისგან შედგება, თუმცა არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც ჩვენთან უკვე 4-5 წელია მუშაობენ და ამ პერიოდში მიიღეს გამოცდილება. ამ ადამიანებს აქვთ არა მარტო პრაქტიკული გამოცდილება, არამედ ტრენინგები უტარდებათ სხვადასხვა მიმართულებით. ეს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და სულ ტრენინგების რეჟიმში არიან.
რაც შეეხება ფერმერებს, ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომ ძირითადად, საოჯახო მეურნეობები გვაქვს. ამ ადამიანებს საკმაოდ სჭირდებათ დახმარება, ცოდნის გადაცემა, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა. ბევრი ჯერ ისევ ამ მენტალიტეტით არის, რომ „ჩემი წინაპარი ასე აკეთებდა და მეც ასე უნდა გავაკეთო, ახალი რა უნდა მასწავლოთ” – მაგრამ ასე არ არის. გავიდა დრო, ყოველწლიურად ვითარდება ტექნოლოგიები და ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ძირითადი მიზანი და ვალდებულებაა, ფერმერს ცოდნა გადასცეს, კონსულტაცია გაუწიოს, გააცნოს ახალი ტექნოლოგიები გააცნოს, რომ ის ფერმერი ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და უფრო მეტი და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს. გარდა კონსულტაციებისა, ჩვენს თანამშრომლებთან ერთად, გვყავს ტრენინგებში ჩართული ფერმერებიც . ძალიან ბევრი ფერმერი ასეთ ტრენინგში სიამოვნებით იღებს მონაწილეობას. მაგალითად, დონორების დახმარებით მეფუტკრეობასთან და თხილთან დაკავშირებით ჩავატარეთ ტრენინგები და ფერმერები თვითონვე დარჩნენ განცვიფრებულები, ეგონათ იცოდნენ მეფუტკრეობა და თხილის წარმოება და აღმოაჩინეს, რომ თურმე არ სცოდნიათ, იმდენი ახალი რამ ისწავლეს.
ამ ყველაფერს კი ემატება პროფესიული განათლების ცენტრებიც, მართალია აქ უმაღლესი განათლების დიპლომი არ არის, მაგრამ ამ მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ბევრი ახალგაზრდა მიდის პროფესიულ სასწავლებლებში, რაც იმედისმომცემია.
_ ბიზნესმენს, რომელსაც უნდა რეგიონში რომელიმე მიმართულების ფერმის გახსნა და არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები, რაც ხელს უშლის მისი წარმოების გაზრდას, რა სახის დახმარების მიღება შეუძლია სახელმწიფოსგან?
_ ნებისმიერს, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, შეუძლია მივიდეს ჩვენს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურში და მიიღოს დახმარება, როგორც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდეს და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ასევე რომელ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთოს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა ხელშემწყობ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ფერმერს სწორედ ამაში, ანუ ბიზნესის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ეხმარება. მაგალითად მათგან ყველაზე პოპულარულია, რასაც ჰქვია ბუმი დგას პროგრამაზე „დანერგე მომავალი”, ასევე „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა”, „შეღავათიანი აგროკრედიტი”, „აწარმოე საქართველოში”, „აგროდაზღვევა”, „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი” და ა.შ.
_ არის თუ არა ფერმერებისთვის კოოპერატივებში გაერთიანება, როგორც წარმოების გაზრდის, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი საშუალება?
_ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ძირითადად პატარ-პატარა მონაკვეთებად არის დაყოფილი. მაგალითად, ფერმერის, რომელსაც აქვს 2 000 და 3 000 კვადრატი მიწის ნაკვეთი, განვითარების მაქსიმუმია, წლიდან წლამდე მოიყვანოს იმდენი მოსავალი, რომ მშიერი არ მოკვდეს, დანარჩენი უკვე უჭირს. კოოპერატივების მთელი ხიბლი კი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს ამ ფერმერების კონსოლიდირება და მათ ერთობლივი შრომით დაამუშაონ მიწის ნაკვეთები და მოიყვანონ ერთნაირი დანიშნულების პროდუქცია, რომელიც ბევრად უფრო კონკურენტული იქნება და უფრო იაფიც დაჯდება, რადგან სად მცირე ნაკვეთის დამუშავება და სად გამსხვილებულის. ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო იაფი ჯდება სათესლე და შესაწამლი მასალის შეძენაც და ნიადაგის დამუშავებაც.
_ ფერმერები როგორ უყურებენ ამ გაერთიანებებს, სკეპტიციზმი ხომ არ არსებობს მის მიმართ?
_ სამწუხაროდ, სკეპტიციზმიც არის ხშირ შემთხვევაში, ბევრს არ უნდა და არ უყვარს ერთად შრომა. ამბობენ – „მე ჩემსას მივხედავ”, მაგრამ ამ პრინციპით ვერ განვითარდება. თუ არ გაერთიანდა და არ გამსხვილდა თანამოაზრებთან ერთად, კოოპერაციის პრინციპით კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. ის კოოპერატივები რაც შეიქმნა, სულ სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგია, საინფორმაციო კამპანიის, რომელსაც ამ მიმართულებით ვატარებთ.