დარგებიმეფუტკრეობა

რა სამუშაო უნდა ჩატარდეს საფუტკრეში გაზაფხულის დასაწყისში

ფუტკრის ოჯახისთვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდი გაზაფხულია. ამ დროს სწორად ჩატარებული სამუშაოები ფუტკრის ოჯახის ნორმალური განვითარების საწინდარია.

პასიური პერიოდის შემდეგ იწყება ოჯახის განვითარება, რაც დაკავშირებულია ფუტკრის ოჯახში ბარტყის გაჩენასთან. მოზამთრე თაობა, თავისი ჰორმონალური მდგომარეობით, წარმოადგენს ძიძა ფუტკრებს. მათ ორგანიზმში საკმაოდ მაღალია ცხიმოვანი სხეული, რომლის ხარჯზეც უნდა მოხდეს ახალი თაობის გამოზრდა.

კვებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში თერმორეგულაციის შენარჩუნებას, რადგან ბარტყს სრულფასოვნად განვითარებისათვის ესაჭიროება ოპტიმალური ტემპერატურა: 35°C.

მარტში აქტიურად მიმდინარეობს ფუტკრის ოჯახის განვითარება, ოჯახში იმატებს ბარტყის რაოდენობა. ამ პერიოდში აუცილებელია ბუდიდან ზედმეტი ჩარჩოების მოშორება (უვარგისი, შავი, დეფორმირებული ჩარჩოების ამოღება და ცვილად გადადნობა), რათა ფუტკარს გაუადვილდეს თერმორეგულაცია.

აუცილებელია საფუტკრე მეურნეობის სრული მონიტორინგი:

ვაკეთებთ სკების რევიზიას, უდედო და სუსტი (განვითარების პოტენციის არ მქონე) ოჯახების გაერთიანება, ოღონდ დარწმუნდით, რომ ისინი დაავადებულები არ არიან;

ბუდის შევიწროება (ცვალებადი ამინდების გამო იზრდება ბარტყის გაციების ალბათობა);

მარტის შუა რიცხვებიდან ვიწყებთ მასტიმულირებელ კვებას. ფუტკრის ოჯახების გამოკვება ინვერსირებული საკვებით ან შაქრის სიროფით (კონსისტენცია: 0.7 კგ შაქარი და 1 ლიტრი წყალი. საკვების მიცემის შორის ინტერვალი შეადგენს 3-5 დღეს, ხოლო მოცულობა 300-500 გრამს (დამოკიდებულია ოჯახის სიძლიერეზე). კვების დროს გარემო ტემპერატურა უნდა შეადგენდეს +15°C-ს; თუ გვაქვს თაფლიანი ჩარჩოები შენახული მივცემთ ოჯახებს;

ტენის კონტროლი შესაძლებელია მარტივი მეთოდით – საფარი ტილოს გადაკეცვით დაახლოებით 5 სმ-ით, სკის უკანა მხარეს, ისეთ ნაწილში, სადაც ფუტკარი არ იმყოფება;

აუცილებელია ტკიპის კონტროლი. ოჯახში ტკიპის რაოდენობის განსაზღვრის მარტივი მეთოდი:

100 ცალამდე ან ცოტა მეტი ფუტკარი ჩაყარეთ პლასმასის ჭურჭელში, დააფარეთ მავთულბადიანი ხუფი და ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა. ფუტკრის მასა მთლიანად უნდა ამოიგანგლოს პუდრაში, ამიტომ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ატრიალეთ პლასმასის ჭურჭელში მოთავსებული ფუტკრები და შემდეგ თეთრ ჭურჭელზე გადმოაპირქვავეთ. შაქრის პუდრასთან ერთად დაიყრება ტკიპები. 100 ცალ ფუტკარზე თუ 3 ტკიპაზე მეტი აღმოჩნდა, საჭიროა მკურნალობის დროული დაწყება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანული მჟავები, რომლებიც მაღალეფექტურია და არ აბინძურებს პროდუქციას.

ვაროატოზზე ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია გაეცნოთ პრეპარატების ინსტრუქციას და დაიცვათ მისი გამოყენების დოზები და პერიოდი. მეფუტკრემ ხშირად უნდა ცვალოს ვაროატოზის საწინააღმდეგო პრეპარატები (მოქმედი ნივთიერების მიხედვით), რადგან თავიდან აიცილოს მდგრადი ტკიპის ვარიაციების წარმოქმნა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრი