რა უნდა გავაკეთოთ საშემოდგომოდ ბაღში?
ხილის მოსავლიანობის გზრდის და ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია ხეხილის ბაღებში აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული სამუშაოების სისტემატური ჩატარება.
აგროტექნიკურ ღონისძიებათა ჩატარების ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია ღონისძიებების კომპლექსურად ჩატარებაზე. ცალკეული აგროღონისძიებების დამოუკიდებლად ჩატარება, სხვა სამუშაოებთან შეუთავსებლად, არაეფექტურია და, ზოგიერთ შემთხვევაში, საზიანოცაა. მაგალითად, სასუქების გამოყენებისას ეფექტს ვერ მივიღებთ, თუ კონკრეტული ნიადაგი არ არის საკმარისად ტენიანი — სასუქების შეტანისას ნიადაგი საკმარისად უნდა იყოს ტენით გაჯერებული და ეფექტიც მეტი იქნება. ასევე, ხილის კრეფის წესების დაცვით, ვერ მივიღებთ ხარისხოვან ხილს, თუ არ ჩავატარეთ მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები.
სხვადასხვა პერიოდის აგროტექნიკურ სამუშაოებთან ერთად, ხეხილოვანი კულტურებისთვის მნიშვნელოვანია შემოდგომა-ზამთრის სამუშაოების აგროვადებში ეფექტურად ჩატარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ნიადაგის დამუშავებაა. ხეხილის ბაღებს ხშირად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სრულიად დაუმუშავებლად ტოვებენ და ფართობები მთლიანად გაკორდებულია; ასეთ პირობებში მცენარისათვის მეტად არახელსაყრელი პირობებია შექმნილი, კერძოდ, კვებისა და წყლის რეჟიმის მხრივ. ასევე გაუარესებულია ნიადაგში აერაციის პირობები, შესუსტებულია აერობული მიკროორგანიზმების მოქმედება, რაც მცენარის მიერ საკვები მარაგების შეთვისებას ართულებს. აგროწესების გათვალისწინებით ნიადაგი სისტემატიურად უნდა მუშავდებოდეს. განსაკუთრებით დაუშვებელია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხეხილის ბაღების დაუმუშავებლად დატოვება.
შემოდგომით დამუშავებულ ნიადაგში, პირველ რიგში, უმჯობესდება კვებისა და წყლის რეჟიმი, ასევე ეფექტურია მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისათვის, რომლებიც ზამთარს ნიადაგში ატარებენ. ნიადაგის დამუშავების შედეგად ცხვირგრძელების, ხვატარების, მზრომლების და სხვა მავნებლების ბუდეები იშლება, შიგ მყოფი მატლები და ჭუპრები ღრმად ხვდებიან ნიადაგში და გაზაფხულზე ვეღარ გამოდინ, ხოლო მავნებლების ნაწილი, რომლებიც მიწის ზედაპირზე მოხვდა, ყინვისაგან იღუპებიან.
ხეხილოვანი კულტურები ვეგეტატიური მასის შექმნისათვის ნიადაგიდან ყოველწლიურად დიდი რაოდენობით საკვებ ელემენტებს ითვისებენ; ნიადაგი რომ არ გამოიფიტოს, აუცილებელია მას სისტემატიურად დაუბრუნოთ აღნიშნული ელემენტები, აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და სხვა მიკროელემენტების სახით (გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი). სასუქები უნდა შევიტანოთ: ახალგაზრდა ბაღებში ხის ძირების ირგვლივ. ასაკოვან ბაღებში მთელ ფართობზე მობნევით.
შემოდგომით ნიადაგში უნდა შევიტანოთ გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი, ფოსფოროვანი, კალიუმიანი და ნაწილი აზოტოვანი სასუქი.