რა ვიცით ნიტრატებით გაჯერებულ, გენური ინჟინერიით მიღებულ და ფალსიფიცირებულ პროდუქტებზე
ადამიანის ჯანმრთელობას რეალური საშიშროება ემუქრება. თუ დაუყოვნებლივ არ გატარდება უაღრესად საჭირო კონკრეტული ღონისძიებები, შეიძლება კატასტროფის წინაშეც კი აღმოვჩნდეთ. ყოველივე ეს მოსახლეობის შეშფოთებისა და სამართლიანი გულისწყრომის საბაბი გახდება, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული საფუძველი აქვს. აქ იგულისხმება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში – ბოსტნეულში, ბაღჩეულში, ხილში და სხვ.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნაერთების – ნიტრატების, შხამქიმიკატების მომეტებული შემცველობა. ფაქტები მეტყველებენ, რომ დღეს მოყვანილი ხილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის და სხვათა უდიდესი ნაწილი ტოქსინებითაა სავსე. ამიტომაა რომ ხილმა, ბოსტნეულმა, ბაღჩეულმა და სხვამ დაკარგა ჩვეული გემო, არომატი, მიწიერება და ვიტამინების ნაცვლად ჯანმრთელობისთვის მავნე ნიტრატებით გამდიდრდა.
დადგენილია, რომ სხვადასხვა მცენარე ნიტრატების დაგროვების მკვეთრად განსხვავებული უნარით ხასიათდება. მაგალითად: ცერცვი, ბადრიჯანი, ნიორი, მჟაუნა, ნესვი, კიტრი, საზამთრო, ყაბაყი – ნიტრატების შედარებით მცირე (500 მგ/კგ) შემთვისებლები არიან; ლობიო, ხახვი, კარტოფილი, სტაფილო, გოგრა – საშუალო მაჩვენებლების მქონე (1000-1500 მგ/კგ) ბოსტნეულია, ხოლო მწვანილი, ბოლოკი, კომბოსტო, ჭარხალი, ისპანახი – ნიტრატების დიდი რაოდენობით (1500 მგ-ზე მეტი კგ) შემთვისებლებია.
საბედნიეროდ, ნიტრატები ხორბლისა და სიმინდის მარცვალში, ასევე, ხილის, კურკასა და თესლში არ გროვდება, მავნე ნივთიერებები მხოლოდ მათ ფოთლებში კონცენტრირდება. უნდა ითქვას, რომ შხამქიმიკატები, გენური ინჟინერიით მიღებული თესლი, მომეტებული რადიაციული ფონი, ფალსიფიცირებული პროდუქტები – ამ ყველაფრის ფონზე სრულიად უიმედო მომავალი კიდევ ერთხელ გვახსენებს თავს, როცა ბაზარში საკვებად გამოსადეგ ბოსტნეულს, ხილს ვეძებთ.
ვპოულობთ კი?! ამაზე პასუხის გაცემა ძალზე რთულია.
როგორც ცნობილია, იმპორტირებული კარტოფილით მდიდარია ჩვენი ბაზარი, რომელზედაც ვერავინ იტყვის, რამდენად ხარისხიანი კარტოფილი იყიდება, შეიცავს თუ არა ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს, ურევია თუ არა მასში გენური ინჟინერიით მოყვანილი პროდუქცია, არის თუ არა ნიტრატებით მდიდარი. გარდა კარტოფილისა, საქართველოში ხომ დიდი რაოდენობით შემოდის პომიდორი, სოია, სიმინდი და სხვა, მაშინ როდესაც აღნიშნული ნედლეული საქართველოშიც მოჰყავთ დიდი რაოდენობით, მაგრამ რეალიზაცია ძნელია.
გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართული ციტრუსი (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი და სხვა) მრავალი ქვეყნის მომხმარებელთა დიდ მოწონებას იმსახურებდა. ასევე, იყო დრო, როდესაც საქართველოს საკონსევრო მრეწველობის პროდუქტები იგზავნებოდა საზღვარგარეთ: ინგლისში, კუბაში, იაპონიაში, პოლონეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში და იყვნენ ვალუტის შემომტანი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემვსებნი. დღესდღეობით უცხო ქვეყნებმა დაიკავეს საკონსერვო პროდუქციის ბაზარი – პომიდვრის პროდუქტებმა (როგორიცაა ტომატ-პასტა, ტომატ-პიურე), ტომატის საწებელმა – კეტჩუპმა, რომლებიც მდიდარია ემულგატორებით, საღებავებით, კანცეროგენული შემავსებლებით, და კიდევ უამრავი დასახელების საკონსერვო ნაწარმმა.
ქვეყნის შიგა ბაზარზე მომრავლდა დაბალი ღირებულების მქონე ფალსიფიცირებული უცხოური თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, რამაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. დღეს ჩვენი მოსახლეობა არა მარტო ნიტრატებით მდიდარი პროდუქტებით, არამედ გენური ინჟინერიით წარმოებული პროდუქციით დაავადების საშიშროების წინაშე დგას.
რა არის გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტები?
– როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდესი შემართებით დაუჭირეს მხარი გენეტიკოსთა ჰუმანურ იდეას, სწრაფად და იაფად დაეპურებინათ პლანეტის ყველა მშიერი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. სწორედ მაშინ გაისმა პირველად ბრძნულ სიტყვათა წყობა – გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები ან ტრანსგენები.
ყველასათვის საკმარისი სიდიდის პროდუქტების მისაღებად დაიწყეს ერთი მცენარის გენში სხვა მცენარეებისა და ცხოველების გენების გადანერგვა.
უნდა ითქვას, პროდუქტის გენური ინჟინერიით მოყვანა გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ გენურად მოდიფიცირებული პროდუქტების საწინააღმდეგოდ უთვალავი მეცნიერული არგუმენტის მოყვანაა შესაძლებელი. მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ არ ჭამოს კარტოფილი, რომელშიც ბაქტერიის გენია.
ტრანსგენური პროდუქტი დღეს საკმაოდ უხვადაა ჩვენს რაციონში – სუფთა სახით ან კომბინირებულ პროდუქტთა შემადგენლობაში, როგორიცაა წითელლოყება პომიდორი, რომელშიც არქტიკული ყინვაგამძლე თევზის გენია ჩანერგილი. სიმინდში, სოიაში, ცხოველური ან ბაქტერიული გენია და მოიყვანება საშიში შემადგენლობის პროდუქტი. მოსახლეობას ამისი შემოწმება არ შეუძლია, ის უძლურია, ამიტომ არსებობს ლაბორატორიები, მათი ვალია, ამასთანავე ჩვენი ვალიცაა, არ დაუშვან აღნიშნული პროდუქტების წარმოება-შემოტანა, რეალიზაცია.
საქართველოში მოიხმარება გენური ინჟინერიით მიღებული შაქრის შემცველები – მათ შორის თუნდაც ასპარკამი. დღეს ლიმონათში და სხვა ტკბილ, გამაგრილებელ სასმელებში გამოიყენება ისინი, ასეთი ლიმონათის დალევისას ყელის არეში აუცილებლად შევიგრძნობთ სიმწარეს.
განა საქართველოში არ არის – აგარის შაქრის ქარხანა? ის ხომ შაქარს სოფლის მეურნეობის ნედლეულის – შაქრის ჭარხლის გადამუშავებით ღებულობს. მაშინ რა არის ამის მიზეზი? – პასუხის გაცემა აქ ადვილია, მიზეზი ის არის, რომ 100 დკლ ლიმონათის დასამზადებლად თუ საჭიროა 90-120 კგ შაქარი, აღნიშნულის ნაცვლად მეწარმე 38-50 კგ შაქრის შემცველს მოიხმარს. მეწარმეს შაქრის შემცვლელების გამოყენებით ლიმონათის წარმოება გაცილებით იაფი უჯდება, ვინაიდან მისი შესყიდვა უფრო იაფი ჯდება.
კარგი და მისასალმებელიცაა ის, რომ დღეს დარჩენილ მოქმედ საკონსერვო ქარხნებში მურაბის, ჯემის, ხილფაფის და სხვა პროდუქტების დასამზადებლად შაქრის ნაცვლად შაქრის შემცველს არ იყენებენ.
ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობის დღის რაციონი ღარიბია ხორცით, რძით, რძის პროდუქტებით, თევზით, ხილით, ბოსტნეულით. რაციონის ენერგეტიკული ღირებულების კომპენსაცია გარკვეულწილად პურის ხარჯზე ხდება – მთელი რაციონის 50-60%. ცნობილია, რომ პური უცხოეთიდან შემოტანილ საფუარს შეიცავს, ხშირ შემთხვევაში იაფფასიანს, უხარისხოს საფუარი კი შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. მაგრამ განა მარტო საფუარი? თვით ფქვილიც ხომ ზოგიერთი გენური ინჟინერიით მიღებული მარცვლის ნაწარმია. ამგვარად, პურის დიდი რაოდენობის მოხმარებით – მოსახლეობა ორმაგი ნორმით ორჯერ მეტ ასეთ ნივთიერებებს იღებს, ამას ამტკიცებს საქართველოში ბოლო დროს გავრცელებულ დაავადებთა სტატისტიკა.
ახლა მივუბრუნდეთ ჩაის პროდუქტს – განსაკუთრებით ერთჯერად ჩაის ფუთულებს, პაკეტებს. მართალია, სახელწოდება გვიჩვენენს, რომ ის ერთჯერადად უნდა მოიხმარებოდეს, მაგრამ ზოგიერთი ახლანდელი ერთჯერადი ჩაის პაკეტები განა ერთის ნაცვლად 5 ჭიქა ცხელ წყალსაც არ აფერადებს? არ არის გამორიცხული, რომ ის მდიდარი იყოს საღებავებით, მაგრამ როგორი საღებავებით, ესეც საკითხავია.
ასევე ითქმის ზოგიერთ ალკოჰოლიან სასმელზე. დადგენილია, რომ საქართველოში მომრავლდა სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი, ყველა ასაკისა და მათ შორის ბავშვების; და რა მტკივნეულია სიტყვა – პატარებში თანდაყოლილი სიმსივნე, ლეიკემია და სხვა.
ბავშვებში ასეთი დაავადება რას უნდა მივაწეროთ, თუ არა და, ალბათ, უმეტეს შემთხვევაში, დედის ორგანიზმიდან, დედის რძით გადასული ნიტრატებით მდიდარი, თუ გინდ გენური ინჟინერიით წარმოებული პროდუქციისა და პროდუქტების მიღების შედეგად შეძენილ დაავადებას. აქვე ისიც უნდა დავძინოთ, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მოხმარების გამო ადამიანი ანტიბიოტიკების მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, რის გამოც, დანიშნული ესა თუ ის ანტიბიოტიკი მკურნალობის დროს უეფექტოა, შედეგი ვეღარ შველიან ტუბერკულოზს და სხვა დაავადებებს.
ხილ-ბოსტნეული და ბაღჩეული თუ მდიდარია ნიტრატებით, მაშინ როგორ უნდა მოხდეს ბოსტნეულში მომეტებული ნიტრატების შემცირება? ყველაზე საიმედო საშუალებაა სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს:
პირველ რიგში, სასუქების მინიმალური, მკაცრად დოზირებული რაოდენობით შეტანას ნიადაგში; უმჯობესია ყოველივეს თავიდან აცილება აზოტოვანი მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების ნაცვლად წუნწუხისა და სხვადასხვა დანამატების გამოყენებით (მაგრამ ამ საქმეს საგრძნობლად აფერხებს შესაბამის ტექნიკურ საშუალებათა უქონლობა); კარგად მოწეული მოსავლის აღებას, დაბინავებას და სხვ.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები – საკვები და მკურნალი“
(პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები)
აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია