რაკონიერობა ასპინძაში: 61 კგ თევზი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელექტროშოკის გამოყენებისთვის
მდინარე მტკვარზე მორიგი ეკოციდი აღიკვეთა. ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუსთავის მიმდებარედ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და პოლიციის ერთობლივი ოპერაციით ბრაკონიერობის უმძიმესი ფაქტი გამოვლინდა.
ეს არ არის მხოლოდ სამართალდარღვევა – ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩვენს ბუნებრივ რესურსებზე, რასაც კანონი მაქსიმალური სიმკაცრით პასუხობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული და შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ასპინძის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ რუსთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 61 კგ თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს, შესაბამისად, ფაქტზე შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 368 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რაც შეეხება ელექტროიარაღით თევზჭერას, გასულ წელს ამ აკრძალული საშუალებით უკანონო თევზჭერის 59 ფაქტი დაფიქსირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
ციფრები საგანგაშოა: მხოლოდ გასულ წელს 800-ზე მეტი უკანონო თევზჭერის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საზოგადოების მაღალ პასუხისმგებლობასა და სახელმწიფო სტრუქტურების მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ელექტროიარაღის გამოყენება არა „თევზაობა“, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია, რომლის მიმართაც სახელმწიფოს მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობაა გამოცხადებული.

