რას ემსახურება საქართველოში სურსათის უსაფრთხოების სამსახური
სურსათის მრავალფეროვნება წარმოშობს იმის საჭიროებას, რომ როგორც მისი წარმოების, ისე გადამუშავებისა და შენახვის ხერხებიც მრავალნაირი იყოს. ამასთან ბევრი ამ ხერხთაგან სრულყოფილი არ არის, ე. ი. სურსათის ვარგისიანობის თვალსაზრისით არასასურველ ელემენტებს შეიცავს.
ამ არასრულფასოვნების წარმომშობი მიზეზებიც ბევრნაირია:
- ზოგიერთი ამ ხერხთაგან მეტად მოძველებულია, ე. ი. შექმნილია დიდი ხნის წინ და არ ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნებს;
- ზოგიერთი კი, რომლებიც შეიქმნა შედარებით ახლო წარსულში, მაინც გამოუსადეგარია. მაგალითად, xix საუკუნის დასაწყისში ჰერცფელდმა შექმნა შაქრის ჰიდროლიზის ხერხი მჟავური კატალიზატორების გამოყენებით. დღეს უკვე ცნობილია, რომ ამ ხერხით მიღებული პროდუქტების სასურსათოდ გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ამის მიუხედავად, თითქმის მიმდინარე საუკუნის დასაწყისამდე გრძელდებოდა საწარმოებში ამ ხერხით შაქრის ჰიდროლიზი, თუმცა გასული საუკუნის შუა პერიოდში უკვე ცნობილი იყო ფერმენტული კატალიზის ტექნიკური და ჰიგიენური უპირატესობა.
აქედან ის დასკვნა უნდა გაკეთდეს, რომ წარმოების თანამედროვე, უფრო სრულყოფილი საშუალებების გამოყენება საწარმოებში არაორგანიზებულ, შემთხვევით ხასიათს ატარებს. ნათქვამი ნაკლებად მართებულია საწარმოო თვალსაზრისით განვითარებული ქვეყნების მიმართ, ხოლო ტექნიკურად ჩამორჩენილ, განვითარებად ქვეყნებში ეს ცხოვრების ჩვეულებრივი წესია. მთელი უბედურება იმაშია, რომ ამ ქვეყნებში რომც იცოდნენ, მაინც პრინციპულად არ იცვლება საკითხისადმი მიდგომა, რაც სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად ამ ჩამორჩენილობას კვებავს. საქართველოს მაგალითი ამ შემთხვევაში დამახასიათებელია, რომელიც ზღუდავს ქვეყნის შესაძლებლობებს მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ.
ავტორი ვერ დაიტრაბახებს ამ სფეროში ღრმა ცოდნით, თუმცა მიაჩნია, რომ ქვემოთმოტანილი მასალა, რომელიც ეხება მხოლოდ სოფლის მეურნეობის შედარებით ვიწრო სფეროებს-მეფუტკრეობისა და მეხილეობის პროდუქტების გადამუშავებასა და შენახვას, ეს მოკრძალებული ცოდნა საკმარისია ზოგიერთ საჭირბოროტო საკითხში გარკვეული დასკვნების გამოტანისათვის. აქვე მოტანილია ზოგიერთი წინაპირობა ამ დასკვნებისათვის.
ცნობილია, რომ მარტივი შაქრების წყალხსნარში მჟავების შემცველობისას მაღალ ტემპერატურაზე წარმოიქმნება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერება – 5-ჰიდროქსიმეთილფურფურალი (ჰმფ), ამასთან ერთად იჟანგება მეორე ჯგუფი ნივთიერებებისა- ფლავონოიდები. ამ ნივთიერებების შესახებ როგორც ქიმიის სახელმძღვანელოებიდან, ისე ინტერნეტის მასალებიდან ცნობილია: 5-ჰმფ-ს აქვს გენ-ტოქსიკური, კანცეროგენური. დნმ-საშიშროების, ორგანოტოქსიკური და ფერმენტული აქტივობის შემზღუდველი მოქმედება (Ummay Mahfuza & et al. Chemistry Central Journal 12. Article number: 35, 2018). რაც შეეხება ფლავონოიდებს, იმავე წყაროებიდან ცნობილია, რომ კაპილარების კედლებს ანიჭებენ სიმტკიცეს, რა თვისებასაც დაჟანგული ფლავონოიდები კარგავენ. ჯანსაღ თაფლში ჰმფ-ს შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 40მგ/კგ, თუმცა მაღალხარისხოვან თაფლში ეს მაჩვენებელი მცირდება 20 მგ/კგ-მდე. დაჟანგული ფლავონოიდები ხსნარს აძლევენ მოშავო ფერს,რაშიც ადვილად დავრწმუნდებით, თუ ღია ფერის, გამჭვირვალე ყურძნის ბადაგს შევათბობთ 50-550C-მდე.
ანალოგიური მდგომარეობაა ხილის პროდუქტების გადამუშავებისას. როგორც ვიცით, მურაბებისა და ხილფაფების მომზადების დროს ამ პროდუქტებს კრისტალურ შაქართან ერთად აცხელებენ მაღალ ტემპერატურამდე (>700C), ხოლო შენახვის წინ ასტერილებენ, რაც ხდება დაახლოებით 1000C-ზე. ანალოგიური მდგომარეობაა ჩურჩხელის მომზადების საქმეშიც.
ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ჩვენ შევიმუშავეთ ფუტკრის საკვებად ინვერსიული სიროფის მომზადების ხერხი, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება აღიწეროს: სასურსათო შაქრის წყალხსნარს ამატებენ ფერმენტ ბეტა-ფუქტოფურანოზიდაზას, რომელიც შაქარს (საქაროზა) შლის მარტივ შაქრებად (ფრუქტოზა+გლუკოზა). პროცესის ბოლოს ხსნარი შესქელდება 65-680C-ზე თაფლის კონსისტენციამდე (78-82%-მდე), მასში 5-ჰმფ-ს შემცველობა არ აღემატება 5მგ/კგ-ს, განსხვავებით სხვადასხვა საწარმოთა მიერ დამზადებული მურაბებისა და ხილფაფებისაგან, სადაც ამ ნივთიერების შემცველობა მერყეობს 300-დან 713 მგ/კგ-მდე, ხოლო თუ საწყისი მასალა წარმოდგენილია მკრთალი (მოთეთრო-მოყვითალო) ფერის ნაყოფით, მზა ნაწარმის (მურაბა ან ხილფაფა) ფერი პრაქტიკულად არ იცვლება, ნარჩენი წყლის შემცველობა -18%-მდე, რაც მის შენახვას უზრუნველყოფს. შემუშავებული ტექნოლოგია აუმჯობესებს ნაწარმის სასაქონლო სახეს, ზრდის მისი ექსპორტირების შესაძლებლობას იმის გამოც, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით, უცხოურ პრაქტიკაში ჯერჯერობით ანალოგიური ტექნოლოგიები არ არსებობს. ქვემოთ მოტანილია მზა პროდუქციის ნიმუშები, ახალი (ჩვენი) და ტრადიციული (დღეს არსებული) ტექნოლოგიების მიხედვით შექმნილი.
ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტები
2) თეთრი ბლის მურაბა; 4) ატმის მურაბა; 5) მისი საწყისი ნედლეული
მსხლის მურაბა ვაშლის მურაბა
კომშის ნახევრადმშრალი მურაბა ხენდროს ნახევრადმშრალი მურაბა ხილფაფები:
მსხალი კომში ვაშლი
პროდუქტები ტრადიციული ტექნოლოგიების მიხედვით:
თეთრი ბლის მურაბა კომშის ხილფაფა
დღეს ბევრი მასალა ქვეყნდება სამეცნიერო პრესაში საკვებ პროდუქტებში დამატებული შაქრის რაოდენობის შემცირების თაობაზე, თუმცა ავტორები ძირითადად ვერ აღწევენ დამაჯერებელი ხერხების ჩვენებას. ჩვენ მივაღწიეთ სამურაბე მასალიდან ინვერსიული სიროფით ჭარბი წყლის ჩანაცვლებას, ხოლო პროცესის ბოლოს – ნახევრადმშრალი, შესანახი მურაბის მიღებას. ნაკლებპერსპექტიულად მიგვაჩნია ხილისგან ჩირის დამზადება, რადგან: პროცესი საჭიროებს მაღალი ტემპერატურის ( >1000C) გამოყენებას (მავნე ნივთიერებების წარმოქმნის საფრთხე) და დიდძალ ენერგეტიკულ დანახარჯებს.
რა კეთდება საქართველოში სურსათის ხარისხის უზრუნველსაყოფად
ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვებით, ამ საკითხით სრულებით არ არიან დაინტერესებულნი როგორც მეწარმეები, ისე სამთავრობო სტრუქტურები. მეწარმეების აზრით, როგორი მდარეც არ უნდა იყოს მზა პროდუქტი, მას მაინც ჰყავს ქვეყნის შიგნით მომხმარებელი, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ხელოვნურად იქმნება ხარისხიანი, დაბალი ფასის მქონე პროდუქციის დეფიციტი. ამითვე უნდა აიხსნას პროდუქციის ფასის საზღაპრო ტემპებით ზრდა.
რაც შეეხება სამთავრობო სტრუქტურებს, მათ მიაჩნიათ, რომ ეს არ არის მათი საქმიანობის სფერო, ე. ი. მათ არ სურთ მეწარმის საქმიანობაში ჩახედვა, ეს კი უზრუნველი, დალხინებული ყოფის საწინდარია. მათი წარმოდგენით, ასეთი მიდგომა ხელისუფლების დემოკრატიულობის მაჩვენებელია, მაგრამ მინდა, შევახსენო ამ ბატონებს: წინა საუკუნის ბოლოს (პრეზიდენტ ბ.კლინტონის ზეობა) აშშ-ს მთავრობამ ამ ქვეყანაში საერთოდ გააუქმა საწარმოები, რომლებიც თავის პერსონალს საათში ერთ კაცზე 5 დოლარზე ნაკლებ ხელფასს უხდიდნენ. ნუთუ ამ ბატონებს სჯერათ, რომ მათ ეს ქმედება სერიოზულ საქმედ ჩაეთვლებათ?
სავალალო მდგომარეობაა საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ათვისების მხრივაც
მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შექმნა მხოლოდ უცხო ქვეყნებშია შესაძლებელი, რაც მხოლოდ ჩვენი სიზარმაცისა და უქნარობის დამადასტურებელია. ამას ის ფაქტიც მათქმევინებს, რომ არ არსებობს შემთხვევა, საქართველოში შექმნილი რომელიმე გამოგონება უცხოეთში გაყიდულიყო. არადა ეს საქმე ჩვენს ქვეყანას გარკვეულ სარგებლობას მოუტანდა, რაც „საქპატენტის“ მესვეურებს, ალბათ, სიზმარშიც ვერ წარმოუდგენიათ. ამითვე უნდა აიხსნას, რომ პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა სამეცნიერო-კვლევითი ქსელი, რომლის წილად (საერთაშორისო გამოკვლევებით) განვითარებულ ქვეყნებში მოდის ყველაზე პერსპექტიული ტექნიკური მიღწევების 90%, როცა უნივერსიტეტების წილი ამ საქმიანობაში მხოლოდ 10%-ს შეადგენს. 1991 წლიდან მთლიანად შეწყდა ახალი სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელო ლიტერატურის შემოტანა ყოფ. საჯარო ბიბლიოთეკაში. ასეთ პირობებში მწარე სიცილის მომგვრელია ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდა თაობის გაზრდის ილუზია.
დასკვნა: სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმე უნდა გადაწყვიტონ კომპლექსურად როგორც ნედლეულის მწარმოებელმა, ისე მეწარმემ და სახელისუფლებო ორგანოებმა. რომელიმე რგოლის უმოქმედობამ შეიძლება მთლიანად ჩააგდოს ეს საქმე და ქვეყანას ის მწირი შემოსავალიც მოუსპოს, რასაც საექსპორტო პროდუქტების რეალიზაციით ღებულობს. აღარაფერს ვლაპარაკობთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.
ავტორი გ. მაძღარაშვილი