რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი: ახალი შესაძლებლობები სატყეო მეურნეობასა და ეკოტურიზმში
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად რეგიონს ესტუმრა და სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების განვითარების პროცესს პირადად გაეცნო.
დღეს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურში 104 თანამშრომელი მუშაობს, მათ შორის 11 მეტყევე და 57 ტყის მცველი. სააგენტოს მომსახურებით რეგიონში დაახლოებით 250 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.
მინისტრის თქმით, „რაჭას ტურისტული პოტენციალის განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს, რის გამოც მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, კერძო სექტორის წახალისება ტყის არამერქნული რესურსების ათვისებასა და ეკოტურიზმის განვითარებაში, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი მიმართულებაა.“
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში ტყის აღდგენის ღონისძიებები 100,6 ჰა ფართობზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ტყის ინვენტარიზაციას, 2021-2024 წლებში რეგიონში ჩატარდა სრული კვლევა, რის შედეგადაც განახლდა მონაცემები ტყეების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მდგომარეობაზე. მომდევნო 10-წლიანი პერიოდისთვის 268 000 ჰექტარზე მომზადებულია ტყის მართვის გეგმა.
რეგიონის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პროექტი რაჭის ეროვნული პარკია, რომელიც 2023 წელს, ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და მისი ფართობი 50 835 ჰა-ს შეადგენს. პარკს 11 რეინჯერი იცავს.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა რეინჯერებს და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფაა. უკვე შეძენილია 4 კვადროციკლი, 2 მაღალი გამავლობის ავტომობილი, 3 ტრაქტორი, ბაგი და თოვლის მანქანა, რაც რეინჯერების პატრულირების პროცესს საგრძნობლად აადვილებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის აშენება, საფეხმავლო ბილიკების, ტურისტული თავშესაფრებისა და სარეინჯერო პუნქტების მოწყობა. ინფრასტრუქტურის განვითარებას მხარს უჭერენ გერმანიის განვითარების ბანკი (KfW) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). პროექტის ნაწილია სოციალური და ეკონომიკური აქტივობებიც, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
გარდა ამისა, უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებას ითვალისწინებს.
მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტარი გოჩა ენუქიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაგეგმილი ღონისძიებები ასახავს სახელმწიფოს ხედვას – ბუნებრივი რესურსების დაცვა და განახლება უნდა ერწყმოდეს ეკოტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.