რაჭაში რთველი გააქტიურდა
12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში 1000 ტონამდე ყურძენია უკვე დაბინავებული.
რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.
შტაბში, ამ ეტაპზე, 30-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველში ერთვებიან.
ყურძნის მიმღები პუნქტები 17 ლოკაციაზეა გახსნილი, რაც მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, მეღვინეობის განვითარებული ინდუსტრიის მქონე ქვეყნებში, გადამმუშავებელი საწარმოების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა შემცირებულია.
მევენახე ფერმერთა მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ, არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 7 ლარს გადაუხდის.
სუბსიდიის თანხა შეადგენს 3 ლარს 1 კგ როგორც ალექსანდროულის, ისე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რაჭის რეგიონის შესასვლელებში სპეციალური საკონტროლო პუნქტებია გახსნილი.
მოწმდება რეგიონში შემოსული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან რაჭის რეგიონში შემტანა. ამავე მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკადასტრო ამონაწერი 1700-მდე მევენახეს აქვს აღებული.
წყარო: რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე