აგროსიახლეებირეგიონები

რაჭული ლორი, კარაქი და ყველი საჩხერის გავლით დიდი ბაზრებისკენ აიღებს გეზს

სიტყვა ,,ბარტერი“, შეიძლება, მოგონილიც არ იყო, როცა შქმერელ სულთანიშვილებს, გაგნიძეებს, გლოველებს, დაუშვილებს საჩხერეში ჩამოჰქონდათ მაღალი კვებითი ღირებულების რაჭული ლორი, კარაქი, ყველი, კარტოფილი ღვინოსა და სხვა საჭირო პროდუქტებზე გასაცვლელად.

იოლი როდი იყო მეწყერ-ნადირ-ნამქერსაშიშროების პირობებში კლდოვან ფერდობზე თოკივით დაკიდებული ბილიკების დატვირთული ცხენებით ჩამოვაკება.

დღემდე მოქმედ ამ უძნელეს სავალს სულ მალე ექსტრემალებისა და ეგზოტიკის მოყვარულთ თუღა დაუტოვებს საჩხერე-ონის საავტომობილო ტრასა, რომელიც სამართლიანად არის შეფასებული საუკუნის პროექტად მრავალჯერადი მნიშვნელობის გამო.

გზა რაჭველებს 150 კილომეტრით შეუმცირებს მანძილს დედაქალაქამდე, ქვეყნის სხვა ქალაქებამდე და მუნიციპალიტეტამდე, აეროპორტებამდე.

რაჭა, ღვინო, გზა, საჩხერე, ლორი, ყველი

მიიზიდავს უფრო მეტ ტურისტს რაჭა-ლეჩხუმ-საჩხერის მთიანი ბუნების საოცრებებში. ბიძგს მისცემს აგროტურიზმის განვითარებას და ბიოპროდუქციის წარმოების გაფართოებას.

გაცილებით გაადვილდება ხილ-კენკროვანი პროდუქციის, ტყის სხვა რესურსების, წიაღისეულის დამზადება-გადაზიდვა.

ამბროლაურის, ონის, საჩხერის, ჭიათურის ბაზრებში უფრო ინტენსიურად შეენაცვლებიან ერთმანეთს გულითადი პატივისცემის, დაფასების გამომხატველი იმერული ,,გენაცვალე“ და რაჭული ,,ქვე-შენიჭირიმე“.

განვითარდება ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური, ადამიანური ურთიერთობებიც, რომელთაც არასდროს აკლდა უნიკალურობა.

და უმთავრესი: საგრძნობლად ინტენსიური გახდება მოსახლეობის დაბრუნების პროცესი, რამაც, შესაძლოა, მთლიანად მოუხსნას რაჭას პოეტის მიერ გულისტკივილით შერქმეული ეპითეტი – ,,კარზე ბოქლომდაკიდებული“.

რაჭა, ღვინო, გზა, საჩხერე, ლორი, ყველი

იგივე სიკეთის მოლოდინში არიან საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები: ქვემოხევი, ცხომარეთი, უზუნთა, მოხვა…

დღეს მოქმედთან შედარებით (ამბროლაური-ტყიბული-ქუთაისის გავლითი) ახალი გზით საათნახევრით მცირდება დრო თბილისში ჩასვლამდე.

51 კილომეტრი სიგრძის ტრასის დამკვეთი – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

მშენებლობაში სხვადასხვა დროს მონაწილე თორმეტი სამშენებლო ორგანიზაციის მიერ დაძლეულია ძირითადი რელიეფური სირთულეები: კლდეების გაკვეთა, ხიდების, ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულება. მთლიანად გზის მშენებლობაზე დახარჯულია 110 მილონ ლარამდე.

რაჭა, ღვინო, გზა, საჩხერე, ლორი, ყველი

გზა ექსპლუატაციაში უკვე გაიშვა და სრულად ემსახურება რეგიონის მოსახლეობას.

ზურაბ თურმანიძე,
ონი-საჩხერე, სექტემბერი,  2021წ.