რატომ არის საქართველოსთვის მერძეული მეძროხეობის დარგი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
მეძროხეობა საქართველოში მეცხოველეობის უმნიშვნელოვანესი დარგია. სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის სტრუქტურაში (ფაქტობრივად არსებულ ფასებში) მეცხოველეობის წილად 50%-ზე მეტი მოდის, მათ შორის მსხვილფეხა პირუტყვზე _ 70%. ეს დარგი გვაძლევს ძვირფას საკვებ პროდუქტებს _ ხორცსა და რძეს, ასევე ტყავის ნედლეულს. შეუცვლელია მსხვილფეხა პირუტყვის, როგორც ორგანული სასუქის უმნიშვნელოვანესი წყაროს როლი.
რძე კვების სრულფასოვანი და კალორიული წყაროა. ქიმიური შემადგენლობითა და კვებითი თვისებებით მას არა აქვს ანალოგი ბუნებრივი საკვების სხვა სახეებს შორის. მის შემადგენლობაში შედის ყველაზე სრულფასოვანი ცილები, რძის ცხიმი, რძის შაქარი, აგრეთვე სხვადასხვაგვარი მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები, დიდი რაოდენობით ფერმენტები და სხვა ბიოლოგიური ნაერთები, რომლებიც ადვილად მოინელება და კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ. რძე შეიცავს 200-ზე მეტ სხვადასხვა ნივთიერებას. საშუალოდ რძის ათვისებადობა შეადგენს 95%-ს, რძის ცხიმისა და რძის შაქრისა – 98%-ს. რძეს ფართოდ იყენებენ როგორც ნატურალური სახით (მოუხდელი რძე), ისე სხვადასხვა რძემჟავა პროდუქტების, ყველისა და კარაქის დასამზადებლად.
მერძეული მეძროხეობის ძირითად ამოცანათა მნიშვნელობა ძლიერ იცვლებოდა სოფლის მეურნეობის ისტორიული განვითარების პროცესში. განვითარების პირველ საფეხურზე – სასაძოვრო მეძროხეობა – მეცხოველეობა (მათ შორის მერძეული მეძროხეობა) იყო ერთადერთი გზა, რაციონალურად გამოგვეყენებინა დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შრომის მცირე დანახარჯებით, იმ ხანად ჯერ კიდევ განუვითარებელი ტექნიკის გამოყენების გარეშე. მეცხოველეობის ეს ფორმა დღემდე შენარჩუნებულია იმ რეგიონებში, სადაც წარმოების თანამედროვე საშუალებათა გამოყენება გაძნელებულია ტექნიკურად (მაგალითად, მთის საძოვრები), ან ეკონომიკურად (ფასები, გასაღება, საწარმოთა ფინანსური მდგომარეობა, ეკონომიკის განვითარება და ა.შ.).
განვითარების შემდგომ საფეხურზე მეცხოველეობა (მათ შორის მერძეული მეძროხეობა) ხდება „მიწათმოქმედების დედა“, არის რა სახნავის ნაყოფიერების გაზრდის წყარო. მრავალი საუკუნის განმავლობაში მეცხოველეობა წარმატებით ასრულებდა ამ ამოცანას, სანამ მისი ნაწილი თავის თავზე არ აიღო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგად შექმნილმა წარმოების ქიმიურმა და ტექნიკურმა საშუალებებმა. ამ ყველაფერმა ერთად კი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების დარგების ინტეგრირების საფუძველი შექმნა. ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, ალტერნატიული სოფლის მეურნეობის საწარმოებს, რომლებიც ორგანიზებულია მეცხოველეობისა და მემცენარეობის დარგების ურთიერთშევსების პრინციპით, მიწის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით წარმოების ქიმიური და სხვა საშუალებების რაციონალური გამოყენებით.
მეძროხეობა დღეს გასცდა საკუთარი საკვები ბაზის ფარგლებს. შეიქმნა სხვა საწარმოებისაგან საკვების ყიდვისა და იმპორტირების (მაგალითად, სოიოს შროტი, ხორბალი) აუცილებლობა. ამასთან ერთად, მესამე საფეხური ხასიათდება საკვების წარმოების ინტენსიფიკაციით, სელექციის მიღწევათა ინტეგრაციით (ეს საზღვარგარეთ, ჩვენთან სამწუხაროდ, სასელექციო მუშაობა თითქმის არ ხორციელდება), ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტების შენახვის სისტემის ტექნიკური განვითარებით.
მომავალში, ტექნიკის შემდგომი განვითარების პროცესში, ფასებისა და დანახარჯების შესაბამისი შეფარდების პირობებში, მექანიზაციისა და ინტენსიფიკაციის განვითარება მეცხოველეობასა და საკვების წარმოებაში გაგრძელდება. ასევე, დიდი მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის, ცხოველთა შენახვის პირობებისა და ეთიკის საკითხთა გათვალისწინებას.
მერძეული მეძროხეობის დარგს აქვს თავისებურებები, რომლებიც მას მეცხოველეობის სხვა დარგებისაგან განასხვავებს:
– მერძეული ძროხები არიან წარმოების ძირითადი საშუალებები და მონაწილეობენ ბევრ საწარმოო ციკლში. ცხოველთა შენახვა და კვება უნდა უზრუნველყოფდეს მათ მაღალ პროდუქტიულობას სამეურნეო გამოყენების მთელი ვადის განმავლობაში. გამოზრდა-გასუქებაზე მყოფი ცხოველები მონაწილეობენ მხოლოდ ერთ ციკლში, როგორც საბრუნავი საშუალებები;
– ხარვეზები ძროხების კვებაში დაღს ასვამს ცხოველთა პროდუქტიულობას და ვერ ხერხდება მათი კომპენსირება შემდგომი უხვი კვებით, რადგანაც რძე უკვე მიღებულია და გასულია მეურნეობიდან;
– სუქებაზე მყოფ ცხოველების რაციონში პროტეინის ნაკლებობისას, წონის მატებაში შეიძლება იყოს უმნიშვნელო ცვლილება. მერძეულ მეძროხეობაში კი რძის მონაწველი მკვეთრად მცირდება;
– მერძეულ მესაქონლეობაში ძირითადი პროდუქცია შემოდის, მუშავდება, ინახება და რეალიზდება ყოველდღე, ამიტომაც მისი დანაკარგები, თუნდაც ერთი რგოლის დარღვევისას მნიშვნელოვანია და აქვეითებს პროდუქციის ხარისხს.
ამას გარდა, მერძეული ძროხები სხვა სახის პროდუქტიულ ცხოველებთან შედარებით ეკონომიურად გვიბრუნებენ საკვების ხარჯს პროდუქციით:
მაგალითად, თუ ერთი ძროხის წლიური მონაწველი, შეადგენს 4500 კგ რძეს ( დღიური საშუალო წველადობა 15-17ლ.) ის შეიცავს 600 კგ-მდე მშრალ ნივთიერებას, [1] რაც უდრის მშრალ ნივთიერებას 450-500 კგ ცოცხალ მასის 6 ნასუქი მოზვრის ხორცში.[2] ამ ოდენობის ხორცის მიღებას ანუ მოზვრის გამოზრდა-გასუქებას სჭირდება 20 000-22 000კგ მ.ნ.[3], მაშინ როდესაც ძროხის ერთ ლაქტაციაზე ,ზემოთ აღნიშნული ოდენობის რძის მისაღებად საჭიროა თითქმის 4-5 ჯერ ნაკლები კგ. საკვები მშრალი ნივთიერება (დაახლოებით იგივე თანაფარდობაა საკვების ერთეულზე გაანგარიშებითაც) ანუ შემოსავლის მიხედვით, ერთი მერძეული ძროხა 4500-5000კგ რძის მონაწველით, თითქმის იგივე შემოსავალს იძლევა რასაც 6 სახორცედ გამოზრდილი მოზვერი.
მერძეულ მეძროხეობაში ძირითად პროდუქციასთან ერთად იღებენ გვერდითს _ ნაკელს ან წუნწუხს. ნიადაგში ნაკელის შეტანისას საგრძნობლად მცირდება მინერალური სასუქების დამატებითი შეძენის დანახარჯები. ნაკელის რაციონალური გამოყენება ყოველთვის ანაზღაურდება მემცენარეობის და შემდეგ მეცხოველეობის პროდუქციით.
მერძეული მეძროხეობის ეკონომიკური მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დარგი უზრუნველყოფს შემოსავლების სტაბილურ და თანაბარ მოდინებას წლის განმავლობაში, აგრეთვე ხელს უწყობს შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ათანაბრებს შრომის გამოყენების სეზონურობას სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, გვინარჩუნებს სოფელს, მაღალმთიანეთში საძოვრებს და ა.შ.
საგულისხმოა ერთი ფაქტი, რომ ტურისტული სექტორის გაზრდამ ზოგადად გამოიწვია ქვეყანაში გადახდისუნარიანი მომხმარებლის ზრდა, რაც ნაწილობრივ აისახა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასებზეც. თუ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ინვესტიციების გაზრდა სოფლის მეურნეობაში, ახალგაზრდების წახალისება, სოფლის როგორც სოციალ-ტერიტორიული ერთეულის ჩამოყალიბება, გაძლიერება და განსაკუთრებით, პოტენციური ფერმერის ცნობიერების ამაღლება, კიდევ უფრო დაშორდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდება მოთხოვნას, გაიზრდება იმპორტი.
უნდა აღინიშნოს მერძეული მეძროხეობის არცთუ მცირე მნიშვნელობა სოფლად მოსახლეობის შესანარჩუნებლად. თუ ერთი მხრივ მსხვილფეხა პირუტყვის დარგი არის ყველაზე ძვირადღირებული და გრძელვადიანი საინვესტიციო მიმართულება, მეორე მხრივ მეცხოველეობა უზრუნველყოფს ადამიანთა ფართო მასების დამაგრებას მიწაზე და სიტუაციის სტაბილურობას.
მსხვილფეხა პირუტყვი მოითხოვს დიდ ფართობებსა და უხეშ საკვებს, რომელსაც შორიდან ვერ ჩამოვიტანთ. მაგრამ, სწორედ მერძეული მეცხოველეობა, საჭიროებს რა დიდი რაოდენობით მუშახელს, საშუალებას გვაძლევს იმავე ფართობზე დასაქმდეს შედარებით მეტი ადამიანი ვიდრე მემცენარეობაში.
საქართველოში მერძეული მეძროხეობა იყო და იქნება მეცხოველეობის პერსპექტიული დარგი. მერძეული მეძროხეობის წვლილმა მეცხოველეობის პროდუქციის მთლიან წარმოებაში 2017 წ. შეადგინა 50%. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მერძეული მეძროხეობის დარგის წარმართვის პირობებმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. სამწუხაროდ , დაწყებულია ძროხების სულადობისა და რძის პროდუქციის წარმოების შემცირება. დარგი მუშაობს გაზრდილი იმპორტთან კონკურენციის პირობებში.
ბოლო წლებში სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, გრძელდება ძროხების სულადობის შემცირების პროცესი. მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში ის შემცირდა 38,8 ათასი სულით .
გრაფიკი 1: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ყველა კატეგორიის მეურნეობაში (წლის ბოლოსათვის, ათასი სული)
წყარო: https://www.geostat.ge
საქართველოში რძის წარმოების მოცულობამ 2018 წლისთვის შეადგინა 532 ათასი ტონა, 2017 წლისთვის 528,4 ათასი ტონა, მათ შორის აჭარის არ – 32,5 ათ. ტ (2017 წ.), გურია – 24,5 ათ. ტ. (2017 წ.) იმერეთი 110,7 ათ. ტ. (2017 წ.), კახეთი 53 ათ. ტ. (2017 წ.), მცხეთა-თიანეთი 19,4 ათ. ტ. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 7,1 ათ. ტ (2017 წ.), სამეგრელო-ზემო სვანეთი 64,8 ათ. ტ. (2017 წ.) სამცხე-ჯავახეთი 71,7 ათ. ტ. (2017 წ.), ქვემო ქართლი 103,2 ათ. ტ. (2017 წ.), შიდა ქართლი 39,0 ათ. ტ. 2008 წელს რძის წარმოება შეადგენდა 645,8 ათ. ტ, 2013 წელს 604,7 ათ. ტ. რძის წარმოების შემცირების მიუხედავად, გაუმჯობესდა მერძეული მესაქონლეობის მუშაობის მაჩვენებლები – საშუალო წლიური მონაწველი მთლიანად ქვეყანაში გაიზარდა – 2013 წელთან შედარებით 150კგ-ით
რძის წარმოების მოცულობებისა და რძის წარმოების ეფექტიანობის შემცირების ფაქტორები შეიძლება დაიყოს შიდა და გარე ფაქტორებად. გარე ფაქტორებს განეკუთვნება სამრეწველო (შედარებით ინდუსტრიული) და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასთა დისბალანსი, სახელმწიფოს არასაკმარისი მხარდაჭერა, (ერთ-ერთი მათგანია მერძეული ძროხების სასელექციო მუშაობის მხარდამჭერი პროგრამის არ ქონა) არარაციონალური ფასწარმოქმნა, დაულაგებელი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკა, მეძროხეობის პროდუქციისა და ნედლეულის ბაზრის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, შეცდომები და სოფლის, როგორც სოციალური და ტერიტორიული ერთეულის სისტემური ხედვის და გამოყოფილი რესურსების ხარჯვაზე არაეფექტიანი კონტროლი.
რძის წარმოების მოცულობის შემცირების შიდა მიზეზებს, თუმცა ისინი დაკავშირებულია გარე მიზეზებთან, განეკუთვნება: საწარმოო რესურსების, მათ შორის მიწის, არარაციონალური, ხშირად კი უყაირათო გამოყენება, აგროტექნიკურ და ზოოვეტერინარულ ღონისძიებათა ვადების დარღვევა, ფერმერთა და სპეციალისტთა დაბალი კვალიფიკაცია.
ფერმერულ მეურნეობებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის კონცენტრაციის დონის შემცირება იწვევს საწარმოო დანახარჯების ზრდას, პირობითად მუდმივი ხარჯების მატებას და, მაშასადამე, ფინანსური შედეგების გაუარესებას. თუმცა ბოლო წლებში მერძეული მიმართულებოს ფერმერთა წამგებიანობის მთავარი მიზეზი არის რძის თვითღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა მატერიალურ-ტექნიკური საშუალების წინმსწრები გაძვირების გამო, რძის პროდუქციაზე ფასთა ზრდასთან შედარებით.
მერძეული მეძროხეობის პროდუქციის წარმოების ეფექტიანობის შიდასამეურნეო მიზეზთა მესამე ჯგუფს განეკუთვნება ფერმერთა სამეწარმეო აქტიურობის დაბალი დონე. მათი სამეურნეო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეურნეობის მოგება ყალიბდება არა იმდენად საწარმოო რგოლში, რამდენადაც პროდუქციის რეალიზების ეტაპზე. ამიტომ ფერმის მენეჯერის მთავარი ამოცანა არის მისი გასაღების ყველაზე მომგებიანი არხების მოძიება. ისინი დიდად დამოკიდებულია საქონლის ხასიათზე. მალფუჭებადი პროდუქცია, მათ შორის რძე, მოითხოვს წარმოებიდან მომხმარებლამდე მისი ტრანსპორტირების მინიმალურ ვადებს. ამასთან, ამ პროდუქტმა რეალიზების წინ უნდა გაიაროს მინიმალური დამუშავება.
თუმცა საწარმოო ძალთა არასაკმარისი განვითარებისა და ფერმერთა დაბალი ინიციატივობის გამო ბევრი ჩამოთვლილი ოპერაცია არ ხორციელდება. რძე ცივდება არა ყველა ფერმაში მაცივარ-დანადგარების არარსებობისა თუ აღჭურვილობის გაუმართაობის გამო.
ამიტომ სარეალიზაციოდ რძის მომზადების სტადიაზე საწარმოებს შეიძლება ჰქონდეთ ზარალი. ჯერ ერთი, მისი ტრანსპორტირებისას დანაკარგების გამო; მეორე, სარეალიზაციოდ მოუმზადებელი რძის უფრო დაბალი ფასების გამო; მესამე, დამატებითი პროდუქტის ვერმიღების გამო, რომელიც იქმნება პროდუქციის დამუშავების სტადიაზე, ღირებულების ამ ნაწილის ნებაყოფლობით გადაცემით სასურსათო კომპლექსის სხვა რგოლებში – გადამამუშავებელ მრეწველობასა და ვაჭრობაში.
დღევანდელი ანალიზით ჩანს, რომ მხოლოდ კომპლექსური მიდგომა მერძეული მეძროხეობის ორგანიზებისა და მისი პროდუქციის გასაღებისადმი დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო საქონელმწარმოებლებს წარმოების დასტაბილურებასა და გაზრდაში, აგრეთვე მისი ეფექტიანობის მომატებაში.
როგორც ვხედავთ, მიღებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის კლების დინამიკა შემცირებულია, მაგრამ შეჩერებული არ არის, რაც მოწმობს მერძეული მეცხოველეობის განვითარების მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებში ცვლილებების აუცილებლობას.
სავარაუდოდ, უახლოეს პერსპექტივაში ძროხების რაოდენობა პირად -დამხმარე თუ ძირითად საოჯახო ფერმერულ მეურნეობებში შემცირდება, ამას ხელს უწყობს სოფლის მოსახლეობის დაბერება.მომავალ თაობას კი მთელი წლის განმავლობაში უქმე დღეების გარეშე და ამასთანავე სოფლად მოუწესრიგებული ინფრასტრუქტურის ფონზე აღარ სურთ მუშაობა. მით უმეტეს, რომ ფერმერობა ცხოველებთან ყოველდღიური ურთიერთობას მოითხოვს.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ნათლად ჩანს საქართველოს მოსახლეობის, მრპ-ს სულადობისა და რძის წარმოების შემცირების ტრენდები. გრაფიკული გამოსახულება გვაძლევს ასევე იმის თქმის საშუალებას რომ, მრპ-ს სულადობა შემცირებასთან ერთად, მცირდება რძის წარმოებაც ანუ ადგილი არ აქვს პროდუქტიულობის ზრდას.
გრაფიკი 2 : საქართველოს მოსახლეობა, მრპ-ს სულადობა, რძის წარმოება 1990-2017წწ.
წყარო: https://www.geostat.ge
მომავალ თაობას უნდა დავანახოთ, რომ მერძეული მეცხოველეობა ეს არის რენტაბელური და სტარტეგიული ბიზნესი, რომელიც მოითხოვს განათლებასა და ინტელექტს. საქართველოს ზოგადად აქვს სოფლის მეურნეობის და კერძოდ მერძეული მეცხოველეობის განვითარების პოტენციალი.
საქართველო საოცარი ქვეყანაა (სამწუხაროდ, ღარიბი მოსახლეობით). მის შესანარჩუნებლად აუცილებელია ტერიტორიის ათვისება და ეფექტიანი გამოყენება. სახელმწიფოს მიერ მერძეულ-მეცხოველეობის რეგიონალური განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
თუ დღეს არ შევინარჩუნებთ და არ განვავითარებთ მერძეულ-მეძროხეობის დარგს, ქვეყანას ემუქრება მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება და ტერიტორიების დაცარიელება.
მიხეილ ჭიჭაყუა, აგროექსპერტთა ასოციაცია, ბიოლოგიის დოქტორი
[1] რძის მშრალი ნივთიერებებია -რძის ცხიმი, რძის შაქარი, რძის ცილა, ფერმენტები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები. ანუ ის სასარგებლო ნივთიერებები, რომელიც რჩება თუ განსაზღვრული რაოდენობით რძიდან ამოვიღებთ სითხეს და მის ძირითად შემადგენელ ნაწილს -წყალს.
[2] ხორცში მშრალი ნივთიერება: ცილა, ცხიმი, მინერალები , ვიტამინები. ანუ ყველა სასარგებლო ნივთიერება
[3] საკვების მშრალი ნივთიერება საკვების ის ნაწილია, რომელიც რჩება 103 °C ტემპერატურაზე ოთხი საათის განმავლობაში გამოშრობის შემდეგ. მშრალი ნივთიერების შემცველობის გამოსათვლელი ფორმულა შემდეგია მნ%= (მასა გამოშრობის შემდეგ, გ*100)/ახალი საკვების მასა, გ. მაგალითად: მშრალი ნივთიერება 1 კგ ახალ ბალახში, ყვავილობის დასაწყისი შეადგენს 200გ.