დარგებიმეცხოველეობა

რატომ ბიორძე და ბიოპროდუქტები?

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს ორგანული კვება, როგორც ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო. ბოლო დროს მაღაზიის დახლზე შეგვიმჩნევია საკვები პროდუქტები, წარწერით: ბიორძე, ბიოკეფირი, ბიოხორცი და ა.შ. ნატურალური ბიოპროდუქტები ძვირია, მაგრამ მასში გადახდილი თანხა ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიციაა.

ადამიანს ნორმალური ცხოველქმედებისათვის სჭირდება ცხიმები, მათგან აიგება უჯრედის მემბრანა, ისინი გამოიყენება ვიტამინების გასახსნელად და ორგანიზმში ასრულებს ბევრ სხვა ფუნქციას. ცხადია, რომ ყველა ცხიმი არ არის ჩვენთვის ერთნაირად სასარგებლო: ნაჯერი ცხიმმჟავები ზრდის ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარების რისკს, ხოლო უჯერი ცხიმმჟავები, პირიქით – იცავს ჩვენს გულსა და სისხლძარღვებს.

მეცნიერების მიერ ჩატარებული მრავალი კვლევა (ჟურნალი „British Journal of the Nutricia”) ადასტურებს, რომ ბიორძე და ბიოხორცი შეიცავს 50% -ით მეტ უჯერ ცხიმჟავებს, რომლებსაც ორგანიზმი დამოუკიდებლად თითქმის ვერ წარმოქმნის, და ამიტომ, ისინი ძირითადად შემოდის საკვებთან ერთად. მაგ.: 0,5ლ. ბიორძე საშუალოდ შეიცავს თითქმის 39მგ. ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმჟავებს ანუ ყოველდღიურად რეკომენდებული რაოდენობის 16%-ს, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი რძე მხოლოდ შესაბამისად 25მგ-სა და 10%-ს. ასევე, რძეში ლინოლის მჟავის კონიუგაცისას ეს მაჩვენებლები იმატებს 40%-ით მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ რძეში. ეს ნივთიერებები წარმოიქმნება მცოხნელთა ფაშვსა  და სარძევე ჯირკვალში.

ბიორძეში  ცხიმმჟავების ასეთი მაღალი მაჩვენებლები უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, ცხოველთა შენახვის განსაზღვრულ პირობებს, აგრეთვე მათ კვებას. იდეალურია, როცა ბიორძის დასამზადებლად ძროხები ჰყავთ ჯიშის შესაბამისად და საძოვარზე ბალახობენ წელიწადში არანაკლებ 200 დღისა, ან იღებენ საკვებს ბიოსათიბებიდან, ბიონაკვეთებიდან, რომლებიც არ მუშავდება არავითარი ქიმიური სასაუქებითა და პესტიციდებით, შხამქიმიქატებით, ანუ უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, არადაბინძურებული. ე.წ. ბიოძროხები გამოიმუშავებენ 20%-ით ნაკლებ რძეს, ვიდრე ჩვეულებრივი, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ის უფრო მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმჟავებით, აგრეთვე შეიცავს 50%-ით მეტ ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს.

თავისთავად  რძე რთული სასმელი სითხეა. დაჟანგვის სისწრაფით მცენარეული ზეთების შემდეგ მეორე ადგილზეა.

რაც შეეხება მაღაზიის რძესა და რძის პროდუქტებს. უმრავლესობა ჩვენგანი რძეს მაღაზიაში ყიდულობს, და არ მიუწვდება ხელი საკუთარი ძროხის ახალმოწველილ რძეზე, არც ბიორძეზე. რამდენ ხანს შეინახება სოფლის ახალი რძე და ბიორძე მაცივარში? სულ რაღაც 3-4 დღეს. მაშინ რატომ ინახება სუპერმარკეტში ძროხის რძე რამდენიმე თვე ოთახის ტემპერატურაზე? ბუნებრივია, საქმე კონსერვანტებშია. მაგრამ, თუ კონსერვანტები არ არის ინგრედიენტთა სიაში? მაშინ ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას. რა არის „ასეპტიკური შეფუთვა“? ეს არის ანტიბიოტიკების ან სხვა დამცავი ნივთიერებებით გაჟღენთილი შეფუთვა. რძე თუ რძის ნაწარმი, რომელიც მოთავსებულია ამგვარ შეფუთვაში, იძენს ამ ნივთიერებათა თვისებებს.

ახლა რაც შეეხება ხანგრძლივი შენახვის რძემჟავა პროდუქტებს, ცოცხალი მიკროორგანიზმები ვერ გაძლებს ერთ კვირაზე მეტს 0-დან 1 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ამიტომ, ერთ კვირაზე მეტი შენახვის მქონე  „იოგურტი“ არ არის იოგურტი.

როგორ ინახავენ კეფირს? მასში იმავე კონსერვანტებისა და ანტიბიოტიკების დამატებით, ან ახდენენ რადიაციით დამუშავებას.

მავნე საკვებდანამატების შემცველი რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებით თქვენ ანადგურებთ საკუთარ ბაქტერიებს, საკუთარ მიკროფლორასა და ფერმენტებს, აგრეთვე საკუთარ კუჭ-ნაწლავს და ფაქტობრივად, აუარესებთ სრულფასოვანი ცხოვრების შანსს.

ნაყოფიერ მიწაზე მოყვანილი მარცვლეული, სუფთა მდელოებზე მობალახე „ბედნიერი“ ძროხების რძე, ხილი, რომელმაც შეინარჩუნა მზის ენერგია – ბუნების ეს უნიკალური ძღვენი შეიცავს საშუალოდ 10-50%-ით მეტ ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს მოდერნიზებული ტექნოლოგიებით წარმოებულ პროდუქტებთან შედარებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები (BIO, Organic)  აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, აამაღლებს იმუნიტეტს. კვების შეცვლით ბიოპროდუქტზე ადამიანის სისხლში იზრდება დამცავი იმუნური უჯრედების რიცხვი, ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზმი უფრო ადვილად გაუმკლავდება ვირუსულ ინფექციებს. ბიოპროდუქტების მოხმარება ორსულობის პერიოდში აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს. მათ რძეში მეტია ღირებული ომეგა-3 ცხიმმჟავები და უჯერი ცხიმმჟავები.

რაც შეეხება ბიობოსტნეულსა და ბიოხილს, ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეული გაცილებით გემრიელია. ორი სახის ვაშლის გემოს შედარებისას მეცნიერული ექსპერიმენტის მონაწილეებმა უყოყმანოდ ამჯობინეს ეკოლოგიურად სუფთა პირობებში მოყვანილი ვაშლი. ეს აიხსნება იმით, რომ ბიოვაშლის რბილობი უფრო მაგარია, ხოლო მასში შაქრისა და მჟავის პროპორციები ბუნებრივი.

P.S. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 1000-მდე დაცარიელებული სოფელია, ხალხი ტოვებს პოტენციურად ეკოლოგიურად სუფთა ადგილებს და საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად მიგრირებენ დედაქალაქში. ფაქტობრივად, შემცირებულია ქვეყნისათვის დამახასიათებელი ოჯახური მეურნეობები, რომელიც ტრადიციულად საქართველოში ეკონომიკურ ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი იყო. განუვითარებელი ოჯახური მეურნეობები, უმეტესწილად ჩანასახის დონეზე დარჩენილი სუსტი ფერმერული ერთეულები ვერ უწევენ იმპორტირებულ დაბალფასიან და არახარისხიან საკვებ პროდუქტებს კონკურენციას, რომ არაფერი ვთქვათ შედარებით მაღალფასიანი ბიოპროდუქტების შესყიდვის შესაძლებლობებზე. ქვეყნის მომავლისთვის უპირველესია ერთ-ერთი პრიორიტეტული წარმოება უნდა იყოს ბიოწარმოება და მინიმუმ ქვეყნის სოფლის მეურნეობის საერთო შემოსავალში 20%-ს იკავებდეს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკოლოგიურად პრიორიტეტული სფეროს შექმნა, ბიოზონების შექმნა, ამის პოტენციალი გვაქვს და აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს ყველა ფერმერს, რომლებიც ბიოსაკვები პროდუქტების წარმოებით არიან დაკავებულნი.  

Bio (Organic) პროდუქციის მხარდაჭერით მონაწილეობას ვიღებთ ბუნებრივი წყლის რესურსების დაცვაში. ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობების მიმდებარე რაიონებში, წყლებში არ არის დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებები, ხდება აზოტის გამოტუტიანება, ჰერბიციდების შემცირება ნორმამდე. ეს ზომები ჯანსაღი ნიადაგის შექმნასთან და დაბინძურების პრევენციის სამუშაოთა ჩატარებასთან შეხამებით უზრუნველყოფს წყლისა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას.

ჩვენს განკარგულებაშია როგორც კარგი, ასევე ცუდი პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, ეკოლოგიურად სუფთა საკვების  წარმოების არჩევანი. ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, ვიყოთ ჯანმრთელები, თუ – არა.

მიხეილ ჭიჭაყუა,
ბიოლოგიის დოქტორი, „აგრო ექსპერტთა ასოციაცია“