დარგებიმემცენარეობა

როგორ და როდის გავსხლათ ვარდები: მასტერ-კლასი სახეობების მიხედვით

ვარდებმა რომ სილამაზით უხვად დაგვაჯილდოვონ, წელიწადში სამჯერ სხლავენ: გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ვარდებს გასხვლა, პირველ რიგში, გაახალგაზრდავებისა და ჯანმრთელობისათვის სჭირდება, და ასევე ბუჩქის ფორმირებისა და უხვი, ხანგრძლივი ყვავილობისათვისაც.
იმისთვის, რომ ეს პროცესი სწორად ჩავატაროთ, დაგვჭირდება ძალიან კარგი ინსტრუმენტები:

სეკატორი – ორი ტიპისა: დანის პირით – ახალგაზრდა და მობერებული ტოტებისათვის; ბაღის მაკრატელი გრძელი ტარით – ძნელად მისაწვდომი ადგილებისათვის;

  • ხერხი ძალიან მსხვილი ტოტების მოსაჭრელად;
  • სქელი, გრძელსახელოებიანი ხელთათმანები ხელების დასაცავად;
  • ბაღის მალამო მოჭრილი ადგილების დასამუშავებლად.

გასხვლა უნდა დავიწყოთ მკვდარი, ავადმყოფი და ყინვით დაზიანებული ტოტების მოცილებით. ასევე ვაცილებთ ძალიან სუსტ და წვრილ ამონაყარს. ამას სანიტარული სხვლა ეწოდება, რის შემდეგაც განასხლავი ტოტები, უმჯობესია, დაიწვას, ხოლო ინსტრუმენტები სპირტიანი ტამპონით დამუშავდეს, რათა დაავადებები ჯანმრთელ მცენარეებზე არ გადავიტანოთ.

არსებობს სხვლის რამდენიმე ტიპი:

ძლიერი (მოკლე სხვლა) – ტოტს ვტოვებთ განშტოებიდან 2-4 კვირტზე. როგორც წესი, ასე ისხვლება ვარდები გაზაფხულზე დარგვისას, მობერებული ბუჩქები გაახალგაზრდავების მიზნით, ან ჩაის ჰიბრიდული ვარდები – როგორც უკანასკნელი შანსი მათი გადარჩენისათვის.

საშუალო (ზომიერი) სხვლა – ტოტს ვტოვებთ განშტოებიდან 5-7 კვირტზე. ეს სტიმულს აძლევს ნაადრევ ყვავილობას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ დეკორატიულობას.
სუსტი (გრძელი) სხვლა – გამოიყენება ზაფხულში დაყვავილებული ბუტონების მოცილების მიზნით. ნიადაგმფარავი ვარდებისათვის რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ამ ტიპის სხვლა გამოიყენება.
კომბინირებული სხვლა – ამ მეთოდით გამოცდილი მებაღეები ვარდების ფაქტობრივად უწყვეტ ყვავილობას აღწევენ.

გასხვლის ვადები
როგორც ზემოთ ვთქვით ვარდები წელიწადში სამჯერ ისხვლება.

გაზაფხულის სხვლა ყველაზე მნიშვნელოვანია და მთავარი. უნდა ჩატარდეს ყოველ წელს. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ბუჩქზე კვირტი გაღვიძებას აპირებს, ესე იგი, გასხვლის დროა.

ზაფხულის სხვლისას ბუჩქს უნდა მოცილდეს უკვე დაყვავილებული ღეროები პირველ კვირტამდე ან ფოთლამდე.

შემოდგომაზე სხვლა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.
თუ თქვენს რეგიონში საკმარისად თბილი კლიმატია და ვარდებს შეფუთვის გარეშე ტოვებთ, საშემოდგომო გასხვლა არ არის აუცილებელი. ხოლო თუ ყინვებია მოსალოდნელი და მცენარე უნდა შეფუთოთ, მაშინ ვარდების დამოკლება მოგიწევთ.

ჩაის ჰიბრიდულ ვარდები
ჩაის ჰიბრიდულ ვარდებს დარგვის წინ, გაზაფხულზე, სჭირდება ძლიერი სხვლა, ხოლო შემოდგომაზე – ზომიერი.

ეს ვარდები ყვავილებს მიმდინარე წლის ამონაყარზე იკეთებენ, ამიტომ ყოველწლიურ ზომიერ სხვლას საჭიროებენ. ეს უზრუნველყოფს მათ კარგ დატოტვას და ახალი ამონაყარის გაჩენას.
ამ სახეობის კარგად განვითარებული ბუჩქები ვერ იტანენ ძლიერ სხვლას და შესაძლოა ამის შემდეგ აღარ იყვავილონ. ამასთან, მუდმივმა მსუბუქმა სხვლამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს ბუჩქის ყვავილობაზე. ამიტომ მხოლოდ ძალიან გადაბერებული ტოტები ამოჭერით ბოლომდე, ახალი ტოტები კი ყოველწლიური სხვლისას ზომიერად გასხალით.

ფლორიბუნდა ვარდები
ეს ვარდები ბევრად უფრო დატოტვილია. სანიტარული სხვლისას შეგიძლიათ მთლიანად მოაცილოთ ის ტოტები, რომლებიც ცენტრისკენ იზრდება.

ძირითად ტოტებს ძლიერად სხლავენ, ხოლო ნაწილს – ზომიერად.
ძირითადი ტოტების გარე განშტოებები ისხვლება 2-4 კვირტზე.
ამ ტიპის ვარდებისათვის კომბინირებული სხვლა ყველაზე კარგი გამოსავალია.

მსხვილყვავილიანი ხვიარა ვარდები
მსხვილყვავილიანი ხვიარა ვარდები ძირითადად სანიტარულ სხვლას ითხოვენ. ხოლო ფორმირებისათვის შეგიძლიათ გვერდითა ტოტები 2-4 კვირტზე გასხლათ.

ზაფხულში დაყვავილებულ ტოტებს აცილებენ უახლოეს ფოთლამდე.

ხვიარა რამბლერები ყვავის მიმდინარე წლის ამონაყარზე, ხოლო უკვე მეორე წლის ტოტები მკვეთრად ამცირებს ყვავილობას.
გასხვლის აუცილებელი პირობაა ახალი ტოტებისათვის ზრდის შესაბამისი პირობების შექმნა. ამ მიზნით ორ წელზე მეტი ხნის ტოტებს ძირზევე ამოჭრიან დაყვავილებისთანავე, ხოლო ახალ ტოტებს შემოდგომაზე 3-4 კვირტამდე ამოკლებენ.
ზაფხულში სანიტარული სხვლის შემდგომ შეაფასეთ, რამდენად გეზედმეტებათ ტოტების რაოდენობა, რადგან ძლიერ ჩაბურდული ბუჩქი ცუდად ყვავილობს და უფრო სუსტიცაა. შესაბამისად, ადვილადაც ავადდება. ამიტომ მებაღეები გვირჩევენ, დავტოვოთ:

  • ახალი ტოტი – 5-7 ცალი;
  • ორწლიანი – 3-4 ცალი;
  • დანარჩენები კი მთლიანად ამოვჭრათ.

ორწლიან ტოტებზე გვერდითი განშტოებები 15 სანტიმეტრამდე უნდა დამოკლდეს.

ნიადაგმფარავი ვარდები
ნიადაგმფარავი ვარდები არ საჭიროებენ მუდმივ სხვლას, გარდა სანიტარულისა. მათი უმეტესობისათვის საკმარისი იქნება მსუბუქი, გამოსახშირი სხვლა.

ასევე იჭრება ის ტოტები რომელთაც ვერტიკალური მიმართულება აქვთ.
ამ ტიპის ვარდების განახლება ხდება 4-6 წელიწადში ერთხელ და მაშინ ვარდები იჭრება ნიადაგიდან 20-30 სმ-ის სიმაღლეზე.

შტამბიანი ვარდები
შტამბიანი ვარდების სხვლის წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვარდია დამყნობილი შტამბზე ზემოთ ჩამოთვლილი სახეობებიდან. დარგვის წინ, ყველა შემთხვევაში, ხდება ძლიერი გასხვლა.

გასხვლის შემდგომ არ დაგავიწყდეთ ბაღის მალამოს გამოყენება. იგი მრავალი დაავადებისგან დაიცავს თქვენი ბაღის დედოფლებს!

თამარ ხონელიძე