როგორ დავიცვათ თავი ნიტრატებისაგან
დღეს დედამიწაზე 100% ჯანმრთელი ადამიანი ბევრი არ იქნება. ამის მიზეზი უამრავია. მათ შორის მთავარი ადგილი ქიმიური ნივთიერებებით – დაბინძურებულ საკვებს უკავია. სამწუხაროდ, არათუ ბაზარზე ნაყიდი, საკუთარ ნაკვეთებზეც ვერ ვახერხებთ ჩვენი ოჯახისთვის სუფთა პროდუქციის მიღებას.
საქმე ის არის, რომ ნაკვეთზე დარგულ ბოსტნეულს თუ ბაღჩეულს მიწისქვეშა წყლები ასაზრდოებენ, რომლებიც გინდა თუ არ გინდა, სხვა გარემოდან მოტანილი ნიტრატებით ავსებს მათ და მარტივი ლაბორატორიული გამოკვლევითაც დგინდება მათში ნიტრატების ჭარბი რაოდენობა. კარგად არის გამოკვლეული თუ როგორი უნდა იყოს საკვებში ცილების რაოდენობა.
ამ დროს გარეგნულად მიმზიდველი ხილ-ბოსტნეული, როგორც წესი, ქიმიური ნივთიერებით არის გაჟღენთილი, მაგრამ როგორ გავარჩიოთ კარგია თუ ცუდი?
არსებობს ინდიკატორები, რომლებიც სწრაფად ადგენენ ხილ-ბოსტნეულის სისუფთავეს, მაგრამ ყოველწლიურ პრაქტიკაში ეს თითქმის შეუძლებელია. ამიტომ მომწამვლელი ნიტრატები თანდათან გვიგროვდება ორგანიზმში, განსაკუთრებით ღვიძლში, თირკმლებში, ნაწლავებში, კუჭში და ერთ მშვენიერ დღეს თავსაც შეგვახსენებს.
რით ვუშველოთ თავს?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად სუფთა მცენარეული საკვები არ არსებობს. დასაშვები ნორმით მათი მიღება შეიძლება და სიცოცხლისთვის საშიში არც არის. მაშასადამე, მთავარია შევძლოთ მათი შენარჩუნება დასაშვებ ნორმამდე. ასეთი დოზა დღეისათვის დადგენილია.
მოწიფული ადამიანისათვის ნიტრატების დასაშვები ნორმა დღეში 400 მგ-ია. ცხადია, ბავშვებისთვის უფრო ნაკლები. პროდუქციის ვიზუალური დათვალიერებითაც კი შეიძლება გამოვიცნოთ მისი ვარგისიანობა.
თუ კარტოფილი მწვანეა, იცოდეთ, რომ ის შხამს – სოლანინს შეიცავს. ხშირად ვამბობთ მოხარშული ბოსტნეული არ არის საშიში. საკვების თერმული გადამუშავება მართლაც სპობს მრავალ მიკრობს, პარაზიტების კვერცხებს, მაგრამ ნიტრატებს ვერ შლის. მით უფრო, რომ მრავალი ბოსტნეული აუცილებლად ნედლი უნდა მივიღოთ. მაგალითად, ნიტრატების დიდი რაოდენობაა ბოლოკში, სალათში. ნესვი და საზამთრო ხომ ნიტრატების საწყობია.
შედარებით ნაკლებია ბადრიჯანში, ხახვში, ნიორში. მათი გავრცელება მცენარეში სხვადასხვანაირია, მაგალითად, სტაფილოში იგი გულში გროვდება, რის გამოც გული თეთრდება. კიტრი ჭამამდე უნდა გაიფცქვნას და მოიჭრას ის ადგილი, რითაც ის ღეროზეა მიმაგრებული. კიტრში ნიტრატები ყველაზე ნაკლებია შუა ადგილში.
თერმული დამუშავების დროს (წიწაკა) ნიტრატების მხოლოდ ნაწილი იშლება. მათი დაშლა ძირითადად პირველ თხუთმეტ-ოც წუთში ხდება. ამის შემდეგ წყალი უნდა გადავღვაროთ. ეს ძლიერ უწყობს ხელს ნიტრატების შემცირებას, თუმცა ამ დროს სასარგებლო მიკროელემენტებიც იკარგება, მაგრამ სხვა გზა არ არის.
ექიმები გვირჩევენ, რომ საკვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხარშო ალუმინის ჭურჭელში.
ალუმინი აჩქარებს ნიტრატების ორგანიზმისათვის საზიანო ნიტრატებად გარდაქმნას.
ნიტრატები ადვილად უერთდება სისხლში ჰემოგლობინს, ირღვევა უჯრედთა სუნთქვა, ე.ი. ნივთიერებათა ცვლა.
ცხადია, ყველაფერს ვერც დაიმახსოვრებთ და პრაქტიკულად ვერც შეძლებთ, მაგრამ თუ მოინდომებთ, შეიძლება ჩვენი რჩევა ჩვევად იქცეს. ეს კი ნიშნავს გადაარჩინოთ თქვენი ჯანმრთელობა, გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე და 90-100 წლის იქეთ გადასწიოთ სიბერე. ასე რომ ნამდვილად ღირს თავის შეწუხება.
როგორ გავანეიტრალოთ შხამი პროდუქტებით ზოგიერთ პროდუქტში არსებობს ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებენ. მათ შორისაა კანცეროგენები.
მიჩნეულია, რომ ეს ნივთიერებები შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნის აღმოცენების მიზეზი გახდეს. კანცეროგენები წარმოიქმნება ღია ცეცხლზე შეწვის, მცენარეული ზეთის ხანგრძლივად წვის და გამოყენებული ზეთის ხელმეორედ გაცხელების დროს. ამიტომ შემწვარ პროდუქტებს ნუ მიეძალებით.
როგორ ვებრძოლოთ? საკვები მოამზადეთ ორთქლზე ან პროდუქტი მოხარშეთ. თუ შემწვარის გარეშე არ შეგიძლიათ, ზეთს ისეთ ტემპერატურამდე ნუ გააცხელებთ, რომ ბოლვა დაიწყოს. ყოველ ჯერზე ახალი ზეთი გამოიყენეთ. კანცეროგენებს მჟავე მარინადების „ეშინიათ”.
ამიტომ თუ მწვადის შეწვა გსურთ, არ დაგავიწყდეთ, ძმრით ან ღვინით გულმოდგინედ დანამოთ.
რა მივატანოთ?
პომიდორი – ის შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნისაგან იცავს. ბოლოკი, ნიახური, პირშუშხა შეიცავს ინდოლს – ძლიერ ანტიკანცეროგენულ ნივთიერებას. ეფექტი მიიღწევა, თუ ყოველდღიურად 50-60 გრამ ამ პროდუქტებს მიიღებთ.
გენმოდიფიცირებული პროდუქტები. გენშეცვლილ პროდუქტებზე კამათი მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გასაკეთებლად არც მომხრეებსა და არც მოწინააღმდეგებს საკმარისი არგუმენტები არ გააჩნიათ. და მაინც, ზოგიერთი სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგები დამაფიქრებელია.
პოტენციურად საშიშ პროდუქტებს მიეკუთვნება – ხორცის პროდუქტები (კატლეტებში, სოუსებში, ძეხვსა და პელმენებში ხშირად უმატებენ სოიოს, რომელიც შეიძლება გენშეცვლილი იყოს), კანფეტები (მათ შემადგენლობაში გვხვდება სოიას ლეციტინი), სიმინდი, კარტოფილი, ჭარხალი, ბრინჯი.
როგორ ვებრძოლოთ? სამწუხაროდ, იმის განსაზღვრა, პროდუქტმა განიცადა თუ არა გენეტიკური მოდიფიკაცია, მხოლოდ გარეგნული შესახედაობით შეუძლებელია, მაგრამ მწარმოებლები ვალდებულნი არიან, ეტიკეტზე შესატყვისი აღნიშვნა მიუთითონ. ამიტომ წარწერის წაკითხვას ნუ დაიზარებთ.
რა მივატანოთ? პროდუქტები, რომლებიც გენშეცვლილ პროდუქტებს გააუვნებელყოფს, არ არსებობს. მარილი. მარილი ძირითადად ორი ელემენტისგან – ნატრიუმისა და ქლორისაგან და მცირე რაოდენობის მინარევებისაგან შედგება.
ნატრიუმი აუცილებელია ორგანიზმისთვის წყლის ბალანსის დასაცავად, ასევე ნერვული იმპულსების გადასაცემად და კუნთების ნორმალური მუშაობისთვის, მაგრამ ჯანმრთელობასთან პრობლემები რომ არ შეგვექმნას, დღეში დაახლოებით 1 მილიგრამი ნატრიუმი ან ჩაის კოვზის მეოთხედი მარილი გვესაჭიროება.
ამ ნორმის ზევით მიღებულ ორგანიზმს არსებითად ვნებს.
შეიძლება თირკმლები ვერ გაუმკლავდნენ ჭარბ მარილს, რომელიც თანდათან გროვდება, სისხლძარღვებში წყალს აკავებს და შეშუპებასა და არტერიული წნევის მომატებას იწვევს. მარილი ორგანიზმში მხოლოდ სამარილედან ხვდება. მაგალითად, ორი ჰამბურგერი თქვენი მარილის „დღიურ ლიმიტს“ ამოწურავს. ბევრ მარილს შეიცავს ქათმის ბულიონის კუბიკები, მზა სოუსები, ჩიპსები, ხორცის ნახევარფაბრიკატები.
როგორ ვებრძოლოთ? წაიკითხეთ ეტიკეტები. ჩვეულებრივ, მათზე მითითებულია ნატრიუმის შემცველობა. მარილის რაოდენობა რომ გამოთვალოთ, ნატრიუმის აღმნიშვნელი ციფრი 2,5-ზე გავამრავლოთ, თუ რაოდენობა მითითებულია გრამებში. თუ აღნიშნულია მილიგრამებში – მიღებული შედეგი 1000-ზე გაყავით. მარილის ნაცვლად გამოიყენეთ სანელებლები. მაგალითად, ვაშლის ძმარი მარილს ბოსტნეულის კერძებში ცვლის, პირშუშხა და მწვანე ხახვი – კარტოფილის პიურეში, როზმარინი – ხორცის კერძებში, ესტრაგონი – ფრინველის ან თევზის კერძებში.
რა მივატანოთ? კიტრი და საზამთრო. ისინი თითქმის 90% წყლისგან შედგება და ორგანიზმიდან ზედმეტ მარილს რეცხავს.
ჭარხალს შარდმდენი ეფექტი აქვს, მაშასადამე, ორგანიზმიდან ზედმეტი მარილი გამოაქვს.
ქოლესტერინი. ქოლესტერინი ორი სახისაა. ე.წ. სასარგებლო ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებს სხვადასხვა დაზიანებისგან იცავს, ახალი უჯრედების „აგებას“ ეხმარება, საჭიროა ზოგიერთი ჰორმონის გამოსამუშავებლად. მავნე ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებზე ილექება, სისხლის მიმოქცევას არღვევს და ათეროსკლეროზს იწვევს. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც სისხლში მომატებული მავნე ქოლესტერინი აქვთ, ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, მაღალი არტერიული წნევითა და ხანდაზმულობის ასაკში მეხსიერების დაქვეითებით იტანჯებიან.
ქოლესტერინი საკმაოდ ბევრია თევზში, ხიზილალაში, კვერცხის გულში, მაგრამ საკვებისმიერი ქოლესტერინი სისხლში მავნე ქოლესტერინის მომატებას სრულებით არ იწვევს. ამიტომ ზღვის პროდუქტებისა და კვერცხის გულის უარყოფას აზრი არ აქვს. უფრო საშიშია ე.წ. ნაჯერი ცხიმები. სწორედ ისინი არიან ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნაში მთავარი დამნაშავენი.
ყველაზე მეტ ნაჯერ ცხიმებს შეიცავს ნაღების კარაქი, ღორის ქონი, ცხიმიანი ხორცი, თუმცა არც მათი ხელაღებით უარყოფა შეიძლება, ვინაიდან აუცილებელია ფარისებური ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის. მთავარია ზომიერად მოიხმაროთ.
2000 კ/კალორიის რაციონის დროს ორგანიზმს დაახლოებით 15 გრამი ნაჯერი ცხიმები ესაჭიროება. ამ ნორმის ზევით უკვე მავნეა.
როგორ ვებრძოლოთ? წონას თვალყური ვადევნოთ. რაც მეტია თქვენი სხეულის მასა, მით მეტ ქოლესტერინს ამზადებს ღვიძლი.
თამბაქოს მოწევას თავი დაანებეთ. დადგენილია – მწეველებში ქოლესტერინის დონე სისხლში ბევრად მომატებულია. ჭამის შემდეგ ფიზიკური სავარჯიშოები ცხიმებისგან სისხლის გაწმენდის უნარს ამაღლებს.
რა მივატანოთ? ბარდა, ლობიო, პარკოსნები. ეს პროდუქტები ბევრ უჯრედისს შეიცავს და ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინი გამოაქვს. ლიმონი, კომბოსტო, შავი მოცხარი, ასკილი, ვიტამინი C – სისხლძარღვებს ქოლესტერინის ფოლაქებისგან იცავს.
ხაჭო, კეფირი – სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები – საკვები და მკურნალი
(პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები)