ნიდერლანდები – მსოფლიოში აგრარული პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებელი
ნიდერლანდები მჭიდროდ დასახლებული პატარა ქვეყანაა, რომლის ტერიტორია 41 543 კვადრატული კილომეტრია, თუმცა მსოფლიში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის მხრივ აშშ შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს.
პატარა ქვეყანა, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს არ უნდა იყოს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მაშტაბური მწარმოებელი, როგორ აღწევს ასეთ შედეგს?
როგორ და ამგვარად: ათასობით პატარ-პატარა, მიწის ნაკვეთებზე მეცნიერების, აგრონომების, ზოოტექნიკოსების, ვეტერინარების თუ სხვა სპეციალისტთა ერთობლივი, შეთანხმებული შრომით იქმნება იმდენი პროდუქტი, რომელიც ქვეყნის მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს და ექსპორტზე დედამიწის ყველა კუთხეშიც იყიდება.
ბოსტნეული კულტურების მესამედი მთელ მსოფლიოში ჰოლანდიაში წარმოებული თესლით მოჰყავთ, ე.ი. ყოველ მესამე ბოსტნეული კულტურების თესლი, რაც დედამიწაზე ითესება, „დამზადებულია ჰოლანდიაში“.
ქვეყანა, რომელიც ჩრდილოეთ პოლარული წრიდან 1600 კილომეტრით არის დაშორებული, ისეთი სითბოსმოყვარული კულტურის, როგორიც პამიდორია, წარმოების და ექსპორტის მხირვ, მსოფლიოში ლიდერობას არავის უთმობს.
ჰოლანდიელები პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში კარტოფილის და ხახვის ექსპორტითაც, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გაყიდვით მერე ადგილი უჭირავთ.
ნიდერლანდები, ინოვაციური აგროტექნოლოგიების დანერგვის მხრივ, მემცენარეობასა და მეცხოველეობაში მსოფლიო ლიდერები არიან.
2000 წლიდან ჰოლანდიელმა ფერმერებმა, თითქმის მთლიანად უარი თქვეს პესტიციდებზე, ხოლო 2009 წლიდან მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება 60%-ით შეამცირეს.
დღეს ნიდერლანდებს მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობით, მას მხოლოდ აშშ-ი უსწრებს, ქვეყანა რომლის ტერიტორია ნიდერლანდებისას 270-ჯერ აღემატება.
ქათმის ხორცზე მოთხოვნილების გაზრდის შემდეგ, ჰოლანდილმა მეფრინველეებმა მეცნიერებთან ერთად შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ფრინველის ხორცის წარმოების მაქსიმალურად გაზრდის პარალელურად ფრინველთა მიმართ ჰუმანური მობყრობაც ყოფილიყო დაცული.
საკვები ელემენტების და სასმელი წყლის ნორმების ზუსტად განსაზღვრის შედეგად ქვეყანაში კარტოფილის მოსავლიანობა 2-3 ჯერ არის გაზრდილი და ამ მხრივაც.
ნიდერლანდებში შექმნილი სპეციალური ლაბორატორია მუზეუმი, სადაც მსოფლიოში არსებული ნიადაგების 1200-ზე მეტი ნიმუშია დაცული. კოლექცია დიდ როლს ასრულებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების კვლევებში და ეფექტიანი ტექნოლოგიების შემუშავებაში.
ქვეყნის აგრარული სექტორის ესოდენი წარმატება სოფლის მეურნეობის განვითარების ახალმა პოლიტიკამ განაპირობა, რომელიც ქვეყანამ ორი ათეული წლის წინათ მიიღო და რომლის დევიზია_ აწარმოე ორჯერ მეტი ნახევარი რესურსით.
და კიდევ, სოფლის მეურნეობის სფეროში ასეთ გრანდიოზულ წარმატებას ქვეყანა ვაგინინგენის უნივერსიტეტს უნდა უმადლოდეს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო აგრარული და სასურსათო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაა. სწორედ ეს უნივერსიტეტია ჰოლანდიის „სურსათის ველის“ ჯაჭვის საკვანძო რგოლი, სადაც მუდმივად იქმნება ახალი ტექნოლოგიები, ტექნოლოგიური აგროსტარტაპები და ექსპერიმენტული ფერმები, ახალი ჯიშები და სხვ. უნივერსიტეტის ინტერესთა არეალი მოიცავს, როგორც პირველადი წარმოების და გადამუშავების, ისე რეალიზაციის სფეროსაც.
ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის მომავალი მსხვილ კორპორაციებს კი არა, არამედ ათასობით მცირე მაღალტექნოლოგიურ ფერმერულ მეურნეობებს ეფუძნება.
ტიპიური საოჯახო მეურნეობა აერთიანებს სასათბურე კომპლექსს, სადაც პამიდორი, ან სხვა კულტურა იზრდება სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიებით. მათი პროდუქცია არაფრით ჩამოუვარდება მსხვილი კორპორაციების მიერ შექმნილ პროდუქტს არც ხარისხით და არც სხვა მაჩვენებლით.
მაგალითად, სამხრეთ ჰოლანდიაში დიუჟვესტენების საოჯახო მეურნეობაში, რომელიც რამდენიმე ათეულ ჰექტარ სასათბურე კომპლექსს მიცავს, 15 ჯიშის პომიდორი მოჰყავთ.
2015 წელს საოჯახო სასათბურე კომპლექსი საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ მსოფლიოში პამიდვრის მომყვან ყველაზე ინოვაციურ მეურნეობად აღიარა.
ეს არის სრულიად უნარჩენო წარმოება. აქ პომიდვრის გამხმარ ღეროებსაც არ ყრიან. ნარჩენებისგან გადამმუშავებელ საწარმოში და პამიდვრის ჩასალაგებელი მაღალი დონის შესაფუთი მასალა მზადდება.
ინოვაციური ფერმა მავნებლების საწინააღმდეგოდ ქიმიურ საშუალებებს არ იყენებს, აქ ამრავლებენ ისეთი ტკიპებს, რომლებიც პამიდორს არ აზიანებენ, თუმცა ანადგურებენ მავნებელ მწერებს. ეს ბიოტექნოლოგია მხოლოდ ამ ფერმაში არ არის დანერგილი, იგი მთელ ნიდერლანდებშია პოპულარული.
ნიდერლანდები განთქმულია ბოსტნეული კულტურების უხვმოსავლინი და მაღალტექნოლოგიური თესლების წარმოებით. შარშან ქვეყანამ მსოფლიო ბაზარზე 1,7 მილიარდი ევროს ღირებულების თესლები გაყიდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, _ ჰოლანდია ბაზარს არ აწვდის გენმოდიფიცირებულ პროდუქციას!
ნიდერლანდური ფერმერული მეურნეობები ქმნიან, აწარმოებენ და ბაზარს სთავაზობენ ბოსტნეულის ისეთ ჯიშებს, რომლებსაც თვითონ შეუძლიათ ძირითადი მავნებელი მწერებისგან თავს დაცვა.
მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ აქ გამოყვანილი მაღალტექნოლგიური სათბურის პამიდვრის ერთი 50 ცენტიანი თესლისგან 68 კილოგრამი პომიდვრის ნაყოფის მიღება შეიძლება.
ნიდერლანდელი სპეციალისტები ცდილობენ ბოსტნეულით მარტო საკუთარი სამშობლო კი არა, განვითარებადი ქვეყნებიც მოამარაგონ.
ქვეყანას წელიწადში ექსპორტზე, დაახლოებით 90 მილიარდი ევროს ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააქვს.
ჰოლანდიელებისთვის მარტო რაოდენობა კი არა, ხარისხიც ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ქვეყნის აგროსექტორის განვითარების ახალი კონცეფცია წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად ხარისხის ამაღლებასაც ითვალისწინებს, რაშიც სახელმწიფო უზარმაზარ თანხებს ხარჯავს. ნიდერლანდებისთვის რომ აგროსექტორი უპირველესად მაღალი ტექნოლოგიებია, ამას აგრო სამეცნიერო კვლევებში დახარჯული უზარმაზარი თანხებიც მოწმობს. მაგალითად სამეცნიერო კვლევებს და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მომუშავე ერთი ჩეულებრივი ორგანიზაციის, სადაც 10-12 კაცი მუშაობს, დაფინანსება წელიწადში 160-200 და ზოგჯერ მეტი მილიონი ევროა.
სამეცნიერო კვლევებზე გამოყოფილი თანხების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. საერთოდ კი, ნიდერლანდების ეკონომიკის სხვა სექტორებისთვის ინვესტიციის ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 11%-ია.
რამდენიმე წლით ადრე, ჰოლანდიამ ინვესტიცების გლობალური ინდექსით აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, ხოლო 2017 წლის მონაცემებით მან ინოვაციების გლობალური G2 ინდექსით ერთი საფეხურით წინ წაიწია, შვედეთს გაუსწრო და შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ეს კი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მსოფლიოში თუ ვინმე შეძლებს მომავლის სოფლის მეურნეობის შექმნას, ესენი ჰოლანდიელები იქნებიან.
და კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი. თუ 1990 წელს ნიდერლანდებში ერთ ჰექტარზე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე მეტი, საშუალოდ 500 კილოგრამი სასუქი გამოიყენებოდა, 2014 წლისათვის ეს ციფრი 2-ჯერ და მეტად შემცირდა, სათბურებში კი სასუქები საერთოდ აღარ გამოიყენება.
სოფლის მეურნეობის და არა მარტო სოფლის მეურნეობის მხრივ, ამ ქვეყნის მიღწევა მართლაც გაოცებას იწვევს. ნიდერლანდები ჩვეულებრივი ხალხია. ისინი ბუნებასთან საუკუნოვან ჭიდილში, მიწების უმეტესი ნაწილი ზღვას გამოსტაცეს, სასწაულებს ახდენენ.
საქართველოს, ჩრდილოეთის ამ პატარა ქვეყნისგან განსხვავებით ბუნებრივი, კლიმატური, ნიადაგობრივი თუ სხვა მაჩვენებლებით, შეუდარებლად უკეთესი პირობები აქვს, მაგრამ საექსპორტო კი არა, საკუთარი საკმარი პამიდორი ვერ მოგვიყვანია.
ამიტომ, ერთ მშენიერ დღეს, ხომ შეიძლება ქართველსაც გაგვიჩნდეს ჯანსაღი ამბიცია _ რაც შეძლეს ჰოლანდიელებმა, შევძლოთ ჩვენც? ვითომ აუხდენელი ოცნებაა?!