დარგებირეგიონებირუბრიკებისტატიები

როგორ გამოვაცოცხლოთ ქართული სოფელი

საქართველოში სოფლის განვითარება დღეს მეტად მწვავე და სტრატეგიული საკითხია.
ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, რომ საქართველოს სოფლები იცლება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ახალგაზრდები ტოვებენ მშობლიურ კერას და ქალაქებში გადადიან. როდესაც სოფელში მხოლოდ ხნიერ მოსახლეობას ხვდები და ახალგაზრდა არ ჩანს, ეს უკვე სტატისტიკა კი არა, პულსის გარეშე დარჩენილი სივრცეა. მართალია, ეს არ არის დასასრული, მაგრამ დასაწყისს ითხოვს. საქართველოში სოფლები ქრება არა მხოლოდ დემოგრაფიულად, არამედ როგორც იდეა. რთული სანახავია სოფელი ცარიელი ეზოებითა და უფუნქციო ჭიშკრებით.

რა უნდა განვითარდეს საქართველოს სოფლებში, რომ იქ დაბრუნება გახდეს პერსპექტიული არჩევანი? როგორ გამოვაცოცხლოთ და გადავარჩინოთ ქართული სოფელი? სოფლის გადარჩენა არ გულისხმობს მხოლოდ საკუთარი ეზოს მოვლას. დღევანდელ დღეს ეს ნიშნავს სოფლის, როგორც ეკონომიკური და კულტურული სტრუქტურის ხელახალ გამოგონებას. სოფელი უნდა გახდეს შესაძლებლობების სივრცე.

სოფლის გამოცოცხლება კონკრეტულ რეგიონში ლოკალურ ბუნებრივ რესურსებზე, კლიმატზე, მოსახლეობის ცოდნასა და ბაზრის ხელმისაწვდომობაზე უნდა აიგოს. შეგვიძლია შევადგინოთ რეგიონების მიხედვით კონკრეტული პროდუქტების/დარგების ჩამონათვალი, რომელიც არა უბრალოდ ტრადიციული სოფლის მეურნეობაა, არამედ საშუალებას იძლევა შევქმნათ დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მიგრაციის შეჩერებას და შემოსავლიან მიკროეკონომიკას შექმნის.

მაგალითად, კახეთის დამატებითი სტრატეგია შეიძლება იყოს ბიოინდუსტრიის შექმნა: ყურძნის გადამუშავებაზე ორიენტირებული, ცხვრის ხორცის, ბროწეულის სიროფის, ღია სივრცეში გაზრდილი ქათმის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება; სხვადასხვა მარცვლეულისა და ბაღჩეულის მოყვანა. კახეთის უპირატესობაა მისი სიახლოვე თბილისთან.

სამცხე-ჯავახეთში ბიოპროდუქტების წარმოება: კარტოფილი, ინდაურის ნატურალური ლორი და ბატის ხორცი, რისთვისაც მაღალმთიანი მიკროკლიმატი იდეალურია. ინდაურისა და ბატის ხორცს ნაკლებად კონკურენტული ბაზარი აქვს და მდგრადი ექსპორტის პოტენციალს იძლევა სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით.

რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, რთული რელიეფის გამო, ფართომასშტაბიანი მიწათმოქმედება ძნელია. საუკეთესო პოტენციალი აქვს ადგილობრივი ჯიშების მერძეული საქონლის განვითარებას, განსაკუთრებით კი რძის პროდუქტების წარმოებას ძველი რეცეპტებით. ასევე ეფექტური იქნება თხისა და ცხვრის სელექციური მომრავლება.

შიდა ქართლი იდეალურია მემცენარეობისა (ატამი, ვაშლი, ყურძენი, მარწყვი, კიტრი, პომიდორი) და მეფრინველეობისთვის (კომბინირებული ფერმები). აქ შესაძლებელია ბოსტნეულის ნარჩენებით მეფრინველეობის მხარდაჭერა.

ქვემო ქართლი, როგორც საქართველოს ერთ- ერთი მნიშვნელოვანი აგრარული რეგიონი მრავალმხრივი სოფლისმეურნეობის პოტენციალით გამოირჩევა. მისი ბუნებრივი კლიმატური და გეოგრაფიული პირობები ხელსაყრელია, როგორც ტრადიციული სოფლის მეურნეობის, ასევე ბიოპროდუქტების წარმოებისათვის. განსაკუთრებით პერსპექტიული ბიომიმართულებებია: მეცხოველეობა, მეხილეობა, ბოსტნეული, მარცვლეული, თაფლის წარმოება.

რეგიონში დამკვიდრებული ოჯახური მეურნეობის სტრუქტურა ბუნებრივად ერგება მცირე, მაგრამ მაღალი ღირებულების ბიოწარმოებებს.

ბუნებრივი რესურსი ქვემო ქართლში უკვე არსებობს – საჭიროა მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერა, სერტიფიცირების ხელშეწყობა და სწორი მარკეტინგული მიმართულება, რათა რეგიონი იქცეს არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბიობაზრის ღირსეულ მოთამაშედ. გეოგრაფიულად ახლოსაა ლოჯისტიკურ კვანძებთან – თბილისი,აზერბაიჯანი, სომხეთი.

გურია — უნიკალური მიკროკლიმატი საშუალებას იძლევა აღდგეს ჩაისა და ციტრუსების კულტურა . ამავე დროს, გურიაში ტრადიციულად გავრცელებულია მეფრინველეობა, განსაკუთრებით ადგილობრივი ჯიშების მოშენება, რაც შეიძლება ბრენდადაც ვაქციოთ, მაგალითად „გურული ქათამი“.

იმერეთში – შესაძლებელია ბაღჩეულის ფართომასშტაბიანი მოყვანა და მეფრინველეობის განვითარება. აგრეთვე სასურველია ტყის, როგორც ღორის ბუნებრივი კვების არეალის გამოყენება და ეკომეურნეობების შექმნა.

სამეგრელოში – შესაძლებელია მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება. რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ბრენდირება, მათი გამორჩეული გემოვნური თვისებებით. სამეგრელოს ბიომიმართულებები შეიძლება იყოს – ბიოჩაი, ბიოთხილი, ბიოკვერცხი, ბიოქათამი, ბიორძე და ყველი.

აჭარა — ნოტიო ჰავა და გეოგრაფიული მრავალფეროვნება აჭარას უნიკალურ რეგიონად აქცევს. მაღალმთიანი ზონები (ხულო, შუახევი, ქედა) იდეალურია მთაში თხისა და ცხვრის მოშენებისთვის. მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების წარმოება, არა მხოლოდ ნედლეულის გაყიდვა. ზღვისპირა ზონებში შესაძლებელია ადგილობრივი თევზის ბრენდირება. აჭარაში (ისევე როგორც გურიაში, სამეგრელოსა და კახეთში) შეიძლება განვითარდეს ეკოლოგიურად სუფთა სამკურნალო მცენარეების ფერმერული მეურნეობები, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

ყველა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია გადამმუშავებელი დარგების განვითარება, რომლებიც გაამდიდრებენ სოფლის ეკონომიკას:

• ხილისა და ბოსტნეულის კონსერვაცია (ჯემები, კომპოტები, სოუსები);
• სპეციალური საწარმოები, რომლებიც საბოლოო სახეს მისცემენ ნედლეულს;
• ეთერზეთების წარმოება (ლავანდა, ოხრახუში, პიტნა, მანდარინი, ევკალიპტი და სხვა);
• სამკურნალო ბალახების მოყვანა და დამუშავება;
• ბიოპროდუქტებისა და ორგანული სასურსათო პროდუქტების წარმოება (ორგანული ფქვილი, ზეთი, თხილი და სხვა);
• რძის პროდუქტების გადამუშავება (ყველის, იოგურტის, ხაჭოს წარმოება);
• რეგიონული ტიპიური პროდუქციის შექმნა („იმერული ყველი“, მეგრული და სვანური სულგუნი, სვანური მარილი, მეგრული აჯიკა, გურული ტყემალი, კახური ზეთი);
• თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება (თაფლის ხარისხის გაუმჯობესება, თაფლის პასტები, სოუსები, სასმელები);
• ხილის საშრობი და მარცვლეულის დამუშავება (თხილის, მარცვლეულის, ხილის შრობა და შეფუთვა);
• ხის ნაკეთობების წარმოება (მცირე ხის გადამმუშავებელი საწარმოები, ხელნაკეთობების დამზადება);
• ბუნებრივი ტექსტილის წარმოება (ქართული ტრადიციული ქსოვილების დამზადება და გადამუშავება).

ეს დარგები არამხოლოდ ეკონომიკურად მომგებიანია, არამედ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას და რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. გასათვალისწინებელია, რომ ეკო და ბიოპროდუქტების ბაზარი იზრდება. ბუნებრივი ტექსტილის წარმოება ქმნის დასაქმების შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, ხელს უწყობს ტრადიციული კულტურის აღდგენასა და პოპულარიზაციას. იქმნება ეროვნული და რეგიონული ბრენდები, რაც შეიძლება ტურიზმის განვითარების საფუძვლად იქცეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგიული შეფასება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს და საჭიროებს სიღრმისეულ, რაციონალურ და ციფრებზე დაფუძნებულ მიდგომას. ზრდის მაქსიმალური პოტენციალის მისაღწევად აუცილებელია დარგობრივი დივერსიფიკაცია:
• გადამმუშავებელი მიმართულებების დამატება;
• ტექნოლოგიების ინტენსიური დანერგვა (ციფრული ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია, ბიოპესტიციდების გამოყენება);
• სოფლის მეურნეობის გადაქცევა ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სექტორად;
• სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სოფლის მოსახლეობის ერთობლივი სტრატეგიის შექმნა.

ზრდის ძირითადი ბერკეტებია:

• გადამმუშავებელი დარგები და ბიოპროდუქტები;
• ტექსტილი (თექა, შალი) და ბუნებრივი საღებავები;
• ციფრული სოფლის ეკოსისტემა (აგროდრონები, მონაცემთა ანალიტიკა, ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები);
• საგანმანათლებლო და პროფესიული ტრენინგები (სოფლის მეწარმეობა, აგროტექნოლოგიები);
• კოოპერატივებისა და მიკროინდუსტრიების ქსელი (ერთიანი შესყიდვა, ბრენდინგი, ექსპორტი).

საჭირო ინვესტიციების შემთხვევაში ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიებში, განათლებასა და ტრენინგებში მივიღებთ შედეგს, რომელშიც სოფლის მეურნეობა გახდება ქვეყნის მშპ-ის წამყვანი სექტორი. ეს გამოიწვევს 300, 000-ზე მეტი ადამიანის ეკონომიკურ გააქტიურებას (როგორც ტრადიციულ დარგებში, ასევე ბიომიმართულებით), ქართული საექსპორტო ბრენდების ჩამოყალიბებას, მიგრაციის შემობრუნებას ქალაქიდან სოფლისკენ და სოფლის გამოცოცხლებას.

საქართველო ფლობს უნიკალურ კლიმატურ, გეოგრაფიულ და კულტურულ რესურსებს. სწორი სტრატეგიით, სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელია სოფლის მეურნეობის გარდაქმნა და 10 წელიწადში მისი წლიური ბრუნვის 15 მილიარდ ლარამდე გაზრდა.

გამოვაცოცხლოთ სოფელი, რათა ის იქცეს მომავლის სივრცედ, მრავალმხრივი თვითრეალიზაციისთვის და არა წარსულის სიმბოლოდ. სოფლად დაბრუნება უნდა გახდეს არა ნაბიჯი წარსულისკენ, არამედ გზა საკუთარი მომავლისკენ.

მიხეილ ჭიჭაყუა
„აგრო ექსპერტთა ასოციაცია“
ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი