როგორ გამოვიყენოთ პესტიციდები უსაფრთხოდ?
პესტიციდები არის ქიმიური ნივთიერება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად იყენებენ. პესდიციდების მოქმედებას განაპირობებს ბიოლოგიური აქტივობა, შესაბამისად პესტიციდები ტოქსიკურად მოქმედებენ, როგორც მავნე, ასევე სხვა ორგანიზმებზეც მათ შორის ჩვენზეც, ადამიანებზე.
შესაბამისად მცენარეთა თანამედროვე დაცვის სავალდებულო მოთხოვნა და აუცილებელი პირობაა პესდიციდების სწორი და რაციონალური გამოყენება, რაც მათ მოხმარებას სხვა არაქიმიურ მეთოდებთან (აგროტექნიკური, სელექციური, მექანიკური, ბიოლოგიური) ერთად გულისხმობს, პლიუს ამას აუცილებელია უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვა პესტიციდების ტრანსპორტირების, შენახვისა თუ გამოყენების დროს.
პესტიციდები
პესტიციდების კლასიფიცირება ხდება დანიშნულების მიხედვით: ინსექტიციდები – მავნე მწერების საწინააღმდეგოდ, აკარიციდები – ტკიპების საწინააღმდეგოდ, როდენტიციდები – მავნე მღრღნელების საწინააღმდეგოდ, ნემატიციდები – ნემატოდების საწინააღმდეგოდ, ფუნგიციდები – სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ, ბაქტერიციდები – ბაქტერიოზების საწინააღმდეგოდ, ჰერბიციდები – სარეველების საწინააღმდეგოდ და ა.შ.
პესტიციდები – ორიგინალი და ჯენერიკი ალტერნატივა
ორიგინალი პრეპარატი – იგი შემუშავებულია მწარმოებელი კომპანიის მიერ და შეიცავს მოქმედ ნივთიერებას. კომპანიას გააჩნია საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე ლაბორატორიები და მაღალკვალიფიციური მეცნიერები. მათ მიერ წლების მანძილზე ხდება ახალი ნივთიერების შემუშავება და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში გამოცდა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ეფექტის შესწავლაზე, ეფექტურობაზე, რაზედაც იხარჯება დიდი მატერიალური რესურსი და დრო.
პატენტი ახლადშემუშავებულ ნივთიერებაზე, მისი გაყიდვის ექსკლუზივზე გრძელდება 15-20 წლამდე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ნივთიერება შეუძლია აწარმოოს სხვა კომპანიამაც. ამ მეთოდოლოგიით იქმნება ჯენერიკები. ჯენერიკში რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, პრეპარატული ფორმა და სხვა ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები იგივე უნდა იყოს რაც ორიგინალში, განსხვავებულია მხოლოდ დამხმარე ნივთიერებები (მიმწებებლები, ანტიდოტები, ემულგატორები, საფენერები და სხვა), ჯენერიკი უნდა იყოს ბიეკვივალენტური ორიგინალისა (ხარჯვის ნორმა, ეფექტურობა, გარემოსა და ადამიანზე გავლენა უნდა იყოს ანალოგიური).
განსხვავება ორიგინალსა და ჯენერიკს შორის
ჯენერიკს აქვს შედარებით დაბალი ფასი ვიდრე ორიგინალს, რაც განპირობებულია პრეპარატის მოქმედ ნივთიერებაზე წარმოებული კვლევების ხარჯების არარსებობით. რეკლამაზე გაკეთებული ეკონომით და წარმოების ტექნოლოგიური პროცესებით.
კომპონენტების სხვაობა – დამხმარე ნივთიერებებზე დამოკიდებულია პრეპარატის ეფექტურობა და რაც მთავარია, უსაფრთხოება.
ტექნიკური პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის განსხვავება (პატენტის გასვლის შემდეგ ორიგინალი ფირმა საიდუმლოდ ინახავს პრეპარატის წარმოების პროცესს და რეცეპტურას).
ევროპა მკაცრად აკონტროლებს ჯენერიკების წარმოების პროცესს, რეგისტრაციას ახდენს 1 დან 3 წლამდე. მკაცრად აკონტროლებს ხარისხს და მოქმედი თუ დამხმარე საშუალებების ქიმიურ შემადგენლობას. საქართველოში ჯენერიკები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულები ЕС ქვეყნებში და OECD სახელმწიფოებში, გადიან ერთ-ორწლიან სარეგისტრაციო გამოცდებს მინდვრის პირობებში და დოკუმენტურ, ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ და ტოქსიკოლოგო-ჰიგიენურ ექსპერტიზას. აგრეთვე ხდება ნიმუშის აღება და მათი ხარისხის შემოწმება.
პესტიციდის არასწორი გამოყენებით გამოწვეული ზიანი
არასწორის მოხმარების დროს პესტიციდები დიდ ზიანს აყენებენ როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე გარემოს. საშიშროების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა, ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაციის საგულდაგულოდ გაცნობა, რომელიც აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს შეძენილ პრეპარატს. თავდაპირველად უნდა შეფასდეს ნაკვეთის მდგომარეობა და დადგინდეს, რა მავნე ორგანიზმით არის დაზიანებული მცენარეები, რისთვისაც საჭიროა მიმართოთ კონსულტაციისთვის სპეციალისტს!
ლოდინის პერიოდის (პერიოდი ბოლო შესხურებიდან მოსავლის აღებამდე) გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია უვნებლობის მიზნით. პესტიციდის შერჩევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს, გამართლებულია თუ არა მის შესაძენად საჭირო ხარჯის გაწევა. კარგად უნდა შეფასდეს, რა უფრო მომგებიანია: ქიმიური წამლობის ღირებულების გაღება და ამით მოსავლიანობის გაუმჯობესება თუ თანხის დაზოგვა წამლობაზე და შედარებით ნაკლები მოსავლის მიღება?
ლოგიკურად ქიმიური წამლობის ჩატარება მაშინ არის გამართლებული, თუ მისი ფასი ნაკლებია შენარჩუნებული მოსავლის ფასზე. პესტიციდის შეძენისას მნიშვნელოვანია მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმისა და წამლობის ჯერადობის გათვალისწინება.
პესტიციდით მოწამვლა
პესტიციდის ორთქლის შესუნთქვის შემთხვევაში დაზარალებული უნდა მოერიდოს სამუშაო ადგილს ექიმის მოსვლამდე, ხოლო კანზე მოხვედრისას პესტიციდების უმრავლესობა სწრაფად შეიწოვება, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ჩამორეცხვა გამდინარე წყლის ჭავლით. დამწვრობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად უნდა გამოირეცხოს თვალი 10 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლით და შემდეგ მიმართოთ ექიმს აუცილებლად.
პესტიციდის გადაყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად. როდესაც ადამიანი იმყოფება უგონო მდგომარეობაშიდაუშვებელია პირღებინების პროვოცირება, პესტიციდის შეფუთვის ეტიკეტი შეინახეთ და აუცილებლად გადაეცით ექიმს.
პესტიციდები –გამოყენების ზოგადი რჩევები
გამოცდილი სპეციალისტის ან აგრონომის რჩევის შემდეგ უნდა წავიდეთ სპეციალიზებულ მაღაზიაში და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევიძინოთ ის წამალი რაც გვესაჭიროება, ასევე შეამოწმეთ ის ჭურჭელი (შეფუთვა), რომელშიც პესტიციდია მოთავსებული;
ჭურჭელზე უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და უნდა ჰქონდეს სპეციალური დამცავი რგოლი. ჭურჭელზე (შეფუთვაზე) ქართულ ენაზე მიკრული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: დასახელება, რეკომენდაციები უსაფრთხო მოხმარების შესახებ, შენახვის პირობები, ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, მოქმედი ნივთიერება და კონცენტრაცია, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი;
დაუშვებელია პესტიციდის შეძენა ეტიკეტის გარეშე, ან გაურკვეველ შეფუთვასა თუ ჭურჭელში მოთავსებული პესტიციდის შეძენა;
არ შეიძლება ქიმიურ პრეპარატებთან დაუფარავი ხელებით (ხელთათმანის გარეშე) მუშაობა არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ფხვნილი თუ ხსნარი;
ქიმიური წამლობის დროს გამოყენებულ უნდა იქნას სპეც. ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს სხეულს.
წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში, უქარო ამინდში;
აკრძალულია დაბინძურებული ხელებით სიგარეტის მოწევა ან საკვების/სასმელის მიღება;
შეწამვლის დასრულების შემდეგ უნდა მიიღოთ შხაპი;
არ შეიძლება პესტიციდის ჭურჭლის საყოფაცხოვრებო საქმიანობაში გამოყენება, რაც არ უნდა კარგად გარეცხოთ ის;
სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა გარეცხოთ გამოყენებული ტექნიკა/აპარატურა, ხოლო ნარეცხი წყალი გამოიყენოთ დამუშავებულ ნაკვეთში;
შეწამვლის დროს გამოყენებული ტანსაცმელი უნდა გარეცხოთ ძალიან კარგად.
დამატებითი რჩევები პესტიციდების საწყობებისა და მათი პერსონალისთვის
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე საწყობის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა უნდა აიკრძალოს;
აკრძალულია მოწევა და ღია ცეცხლით მუშაობა სასაწყობო სათავსოებში;
სპეციალური სამუშაოები ღია ცეცხლის გამოყენებით (შედუღება, აირით ჭრა და ა.შ), აგრეთვე სამუშაოები რომელთა შესრულებამ შეიძლება წარმოქმნას ნაპერწკლები დაიშვება ხელმძღვანელის მხოლოდ წერილობითი თანხმობით
საწყობის თანამშრომლებმა უნდა იზრუნონ სამუშაო ადგილზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე, მოახსენონ ხელმძღვანელობას რისკფაქტორებისა და შესაძლო უბედური შემთხვევის შესახებ;
საკვების მიღება და მოწევა უნდა მოხდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
ფრთხილად უნდა მოეპყროთ საწყობში შენახულ მასალებს და მოერიდოთ ფუთის დაზიანებას, პრეპარატის გადმოყრას ან გადმოღვრას;
აუცილებლად ყოველთვის თავისუფალი გქონდეთ საევაკუაციო გზები, საავარიო გასასვლელები და სახანძრო მანქანებისთვის მოსასვლელი გზები;
დაუშვებელია პესტიციდებთან მუშაობა დაევალოს არასრულწლოვანს, ფეხმძიმე/მეძუძურ დედას ან ავადმყოფს.
წყარო: http://ihow.ge