როგორ გავსხლათ ჰორტენზია _ მარტივი გზამკვლევი ფერმერებისა და მებაღეებისთვის
დაზამთრდა, ბევრ მებაღეს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, უნდა გაისხლას თუ არა ჰორტენზია გაზაფხულამდე?
არასწორად გასხვლა ის მიზეზია, რის გამოც გაზაფხულზე ხშირად ვერ ვიღებთ ისე უხვ და ფუმფულა ყვავილობას, რასაც ველოდებით.
დღეს მოგაწვდით ყველა საჭირო რჩევას ჰორტენზიას სწორად გასასხლავათ, როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე.
შემოდგომის გასხვლის მიზანი
შემოდგომის გასხვლა სანიტარული და მსუბუქი მოვლის პროცედურაა.
მისი მიზანია არა ბუჩქის ფორმის შეცვლა, არამედ მცენარის მომზადება ზამთრისთვის.
მთავარი ამოცანებია:
- ყველა გამხმარისა და დაავადებული ტოტის მოცილება, რათა ზამთარში არ განვითარდეს სოკოვანი ინფექციები;
- ბუჩქის გამოხშირვა, რათა თოვლმა ტოტები არ ჩამომტეხოს;
- მცირედი გაახალგაზრდავება, განსაკუთრებით ძველი ჰორტენზიების შემთხვევაში.

ოქროს წესი: თუ ზუსტად არ იცით, რომელი ჯიშის ჰორტენზია გაქვთ, არ ჩაატაროთ მძიმე გასხვლა შემოდგომაზე! ამ დროს ჯობს ჩაატაროთ მსუბუქი გასხვლა, ხოლო ძირითადი ფორმირება გაზაფხულზე, როცა კარგად გამოჩნდება გამოტანილი კვირტები.
რომელი ტიპის ჰორტენზია გაქვთ?
ჰორტენზიის გასხვლის პრინციპი დამოკიდებულია მხოლოდ ერთ რამეზე _ რომელ ტოტებზე ყვავის მცენარე:
წინა წლის ტოტებზე თუ მიმდინარე სეზონისებზე.
ამ ნიშნით ჰორტენზია ორ დიდ ჯგუფად იყოფა:
I ჯგუფი _ ყვავილობს წინა წლის ტოტებზე
ამ ჯგუფში შედის:
- დიდფოთლიანი (ბაღის) ჰორტენზია _ დიდი, მრგვალი, ვარდისფერი, ცისფერი ან იისფერი ყვავილებით;
- დაკბილული ჰორტენზია (Hydrangea serrata);
- მუხისფოთლოვანი (quercifolia);
- მცოცავი (petiolaris).
მათ ახალი ყვავილის კვირტები სწორედ ამ წლის ბოლოს ტოტების ზედა ნაწილში უვითარდებათ.
თუ მათ ახლა მოაჭრით _ მომავალ წელს ყვავილობას ვეღარ მიიღებთ.
საშემოდგო და ზამთრის გასხვლა:
- ამოიჭრას ყველა გატეხილი და გამხმარი ტოტი;
- მოიჭრას მხოლოდ გამხმარ ყვავილები _ ზუსტად ყვავილის ქვეშ, ზედა კვირტების დაზიანების გარეშე;
- სურვილისამებრ, მოხდეს 1-2 ძველი ტოტის ძირიდან ამოჭრა ბუჩქის გასაახალგაზრდავებლად.
შემდგომი ნაბიჯი: იქ სადაც ყინვები იცის, ეს ჯიშები ზამთარში აუცილებლად უნდა შეიფუთოს, რათა ზედა კვირტები არ გაიყინოს.
II ჯგუფი _ ყვავილობს მიმდინარე წლის ტოტებზე
ამ ჯგუფში შედის:
- მტევნისებრი ჰორტენზია (Hydrangea paniculata) _ გრძელი, თეთრი ან ვარდისფერი „ყვავილებით“;
- ხისებრი ჰორტენზია (Hydrangea arborescens) _ მათ შორის ცნობილი ჯიში Annabelle.
ეს ჰორტენზიები ყვავილის კვირტებს გაზაფხულზე ივითარებენ, ამიტომ შემოდგომაზე შეიძლება თავისუფლად მოიჭრას.
შემოდგომის სწორი გასხვლა:
- უნდა მოიჭრას ყველა გამხმარ ყვავილი;
- ამოიკვეთოს სუსტი, დახრილი ან შიგნით მზარდი ტოტები;
- Annabelle-ის ტიპის ჰორტენზია შეიძლება მოკლედ მოიჭრას, დატოვეთ 15-20 სმ სიმაღლის ძირები, რათა გაზაფხულზე ძლიერი ახალი ტოტები გაიზარდოს;
- მტევნისებრი ჰორტენზიას ტოტები დაამოკლეთ დაახლოებით ერთ მესამედამდე და თითოეულზე 2-5 ძლიერი კვირტი დატოვეთ.
ეს ჯიშები გამძლეა სიცივისადმი და ჩვეულებრივ დამატებით შეფუთვა არ სჭირდება.
როგორ ამოვიცნოთ ჰორტენზიის ტიპი თუ არ ვიცით რა ჯიშია?
ეს ხშირად ხდება, მაგრამ არ ინერვიულოთ _ მცენარის გარეგნობითაც შეიძლება ამოცნობა:
- თუ ყვავილები მრგვალი და ფერადია (ვარდისფერი, ცისფერი, იისფერი) _ ეს ბაღის (დიდფოთლიანი) ჰორტენზიაა.
- თუ ყვავილები თეთრი და ძალიან მსხვილია, ბუჩქი კი მაღალი (1–1,5 მ) _ ეს ხისებრია (Annabelle).
- თუ ყვავილები გრძელი, მტევნისებრი აქვს და შემოდგომისკენ ვარდისფერდება _ ეს მტევნისებრი ჰორტენზიაა.
საერთო რჩევა:
თუ მაინც ვერ ხვდებით, უბრალოდ მოაჭერით გამხმარი ყვავილები და აშკარად გამხმარი ტოტები. ძირითადი ფორმირება გაზაფხულზე გააკეთეთ, როცა კვირტები გამოინასკვება.
გაზაფხულის გასხვლის სამი ძირითადი ეტაპი
1️. სანიტარული გასუფთავება — ამოიჭრას ყველა გამხმარი და სუსტი ტოტი.
2️. გაახალგაზრდავება — ძველი, სქელი ტოტები მოიჭრას ძირამდე, რომ ახალი ტოტებისთვის დგილი გასუფთავდეს.
3️. ყვავილობის სტიმულაცია — ძირითადი ტოტების შემოკლება 2-4 ძლიერი კვირტის დონეზე.
ასე მცენარე ახალ ტოტებს გამოიღებს და ზაფხულში მიიღებთ მსხვილ და ხასხასა ყვავილებს.
დამატებითი რჩევები ფერმერებისთვის
- შემოდგომაზე, განსაკუთრებით მშრალ ამინდში, მორწყვეთ ჰორტენზიები, რაც მცენარეს დაეხმარება ზამთრის გადატანაში;
- ფესვის გარშემო მოაყარეთ ნეშომპალა ან კომპოსტი, რაც ერთდროულად გათბობისა და ორგანული კვების წყაროა;
- ხისებრ და მტევნისებრ ჰორტენზიებს გაზაფხულზე შეგიძლიათ ჩაუტაროთ მსუბუქი ფორმირება, ეს ხელს შეუწყობს ყვავილების დამსხვილებას.
ჰორტენზია ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და მადლიერი ბაღის მცენარეა თუ სწორად მიოუვლით, ძალიან გაგახარებთ.
შემოდგომით ჰორტენზია არ უნდა გაისხლას ძლიერად, არამედ მიზანმიმართულად, რაც დაიცავს მცენარეს და მოამზადებს მას ახალი სეზონისთვის.
გაზაფხულზე კი თქვენ მიიღებთ მძლავრ, უხვად მოყვავილე ბუჩქს, რომელიც მორთავს ბაღს.

