როგორ მოვუწყოთ შინაურ ფრინველებს საბუდარი
გინდათ კარგი საოჯახო საქათმე მოაწყოთ?! შეიძინეთ ყოჩაღი მამალი და ის საქათმეში იდეალურ წესრიგს დაგიმყარებთ.
ქათმებისთვის კვერცხების დასადებად შედარებით ჰიგიენური საბუდარი მავთულის ბადისგნ მზადდება, მაგრამ ქათმებს რატომღაც, ფიცრის თივაჩაფენილი ყუთები ან მოწნული კალათები მოსწონთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თურმე ქათამს ინსტიქტი კარნახობს, ბუდე უცხო თვალისგან შეუმჩნეველ ადგილზე გაიკეთოს, რომ კვერცხები ყოველთვის გადამალული და კარგად დაცული ჰქონდეს. მავთულბადის საბუდარი, სადაც კვერცხი ჩანს ჩანს, დედლებს არ მოსწონთ.
ამიტომ, საბუდარი სასურველია მოეწყოს, მყუდრო, მოფარებულ ადგილზე, დაბალ ყუთში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მაღალ ყუთზე შეფრენის დროს ფრინველი შეიძლება დაშავდეს ან კვერცხები დაამტვრიოს და დამტვრეული ნაჭუჭისა და გულის აკენკვას მიეჩვიოს.
საბუდარისთვის მოსაწყობად მნიშვნელოვანია იოლად მისადგომი, დაცული ადგილის შერჩევა, რადგან დედალიც მშვიდად იყოს და მომვლელს კვერცხის შეგროვება-გასუფთავება და საფენის გამოცვლა არ გაუჭირდეს. ერთი საბუდარი საშუალოდ სამი დედლისთვის, სამი ინდაურისთვის და ორ იხვის ან ბატისთვის არის საკმარისი. დედლებისათვის მათი რაოდენობის მიუხედავად, საბუდრები შეიძლება ერთ ან ორ იარუსად მოეწყოს. საბუდარი და კვერცხები რომ არ დაისვაროს, საჭიროა ასაფრენი ჯოხების დადება, რომელიც კვერცხდების დასრულების შემდეგ, რაც მთავრდება დღის 4-5 საათზე, უნდა ავიღოთ და საბუდრის შესასვლელი ჩავკეტოთ. დილით კი ის კვლავ საბუდარს უნდა მივაყუდოთ.
საბუდრის გაწმენდა რომ გავიიოლოთ, სასურველია მას ფანერის მოსახსნელი ძირი გაუკეთოთ.
იხვი და ბატი, ქათმისგან განსხვავებით კვერცხის დასადებად ბუდეში მაღლა არ ფრინდება. ისინი უპირატესობას იატაკზე მოწყობილ ბუდეს ანიჭებენ. დიდხანას ფიქრი საჭირო არ არის, როგორ მოუწყოთ მათ ბუდე. უბრალოდ საქათმეში შეგიძლიათ კედლის გასწვრივ ორ რიგად დააწყოთ აგურები, მათ შორის თივა ან ნამჯა ჩაფინოთ და საბუდარიც მზად იქნება. ასეთი საბუდარი გამოდგება ციცრებისათვისაც, რომლებსაც ზოგჯერ კვერცხის დადება პირდაპირ ეზოშიც უყვართ.
საბუდრის სატყუარა
საბუდარში თუ კვერცხ-სატყუარას ჩადებთ, ამით თქვენ ქათმებს უკარნახებთ, სად დადონ კვერცხი. ეს განსაკუთრებით უმამლო მეურნეობაში და ფრინველებისთვის ბინის ან საბუდარის შეცვლის შემთხვევაშია საჭირო. თუ საქათმეში ყოჩაღი მამალია, მაშინ სანერვიულოც აღარაფერია, ის თავის სამფლობელოში იდეალურ წესრიგს დაამყარებს, საბუდარსაც მოუვლის, თივისა თუ ნამჯის უხეშ საგებელსაც მოთელავს, ლამაზად, ჩააღრმავებს, კვერცხები რომ არ მიმოიფანტოს და წვრილ-წვრილი მტაცებლებისგანაც (ვირთხა, კატა, დედოფალა) დაიცავს.
სატყუარა კი მრავალგვარი შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორც თაბაშირისგან, ისე ცარცის ან სხვა მასალისგან. სატყურარა კვერცხის წონა-ზომისა უნდა იყოს, რომელიც ასე კეთდება:
კვერცხი გახვრიტეთ და გამოაცალეთ გული, შიგ კი თხლად გახსნილი თაბაშირის ხსნარი ჩაასხით, შემდეგ გამოაქციეთ და კვლავ ჩაასხით. ეს პროცედურა გაიმეორეთ მანამდე ვიდრე სატყუარა კვერცხის წონისა არ გახდება. ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან, დამერწმუნეთ, ქათმები ქვისა და ნატურალურ კვერცხს ერთმანეთისგან კარგად არჩევენ. ასეთი სატყუარა კი მათ ეჭვს ნაკლებად აღუძრავთ.
გისურვებთ წარმატებას!
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“