რომელი ჯიშის ძროხა მოვაშენოთ?
ძროხის ყოლით და გარკვეული სარგებლის მიღებით დაინტერესებული ადამიანები, ფერმერები, უბრალოდ სოფლად მცხოვრებნი, არცთუ იშვიათად სვამენ კითხვას რომელი ჯიშის პირუტყვი მოვაშენოთ? . . ., რომელზეც პასუხი თითქოსდა მარტივია და ასე ჟღერს: „რა თქმა უნდა უფრო პროდუქტიული“; ამავე კითხვაზე, ხშირად, პასუხად მოისმენთ: „რა თქმა უნდა ადვილად შესანახი…“, რაც აშკარად მცდარია როგორც საოჯახო (პირადი დამხმარე) მეურნეობის მეპატრონის, ასევე ამ სფეროში ბიზნესით დაინტერესებული პირის შემთხვევაში.
მაგრამ დავიწყოთ თავიდან:
თითოეული ჩვენთაგანის კონტაქტი ცხოველთან, უბრალოდ მასზე ცქერაც კი, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობადი გარემოებების გავლენით იწვევს დადებით ემოციებს, როგორც წესი კი განაპირობებს სულიერ სიმშვიდესა და ფსიქიკურ წონასწორობას, არც თუ ისე იშვიათად დაგვაფიქრებს კიდეც სიცოცხლის მშვენიერებაზე…;
სხვა თემაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველების მოშენების ინტერესები, რამეთუ ის არ და ვერ შემოიფარგლება მხოლოდ:
- ცხოველ(ებ)თან სიახლოვით სულიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან გუნება-განწყობის გაუმჯობესების სურვილით;
- ცხოველთა როლზე წაკითხული ლამაზი ნაწარმოების გავლენით შექმნილი განცდებით;
- ბავშვის სულიერ აღზრდასა თუ გონებრივ განვითრებაში გამოყენების მიზნებით;
- უბალოდ ასეთი სულდგმულის ყოლის ინტერესით.
ნებისმიერ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა და/ან ფრინველისგან ადამიანი მოითხოვს გაწეული შრომის, საკვების, მოვლა-შენახვის და სხვ. „ხარჯების საფასურად“ აწარმოოს რძე, წონამატი/ხორცი, კვერცხი, მატყლი . . ., ან კიდევ ძნელად მისადგომ ადგილებსა თუ უგზოობისას გამოიყენოს ის სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო და სხვ. სამუშაოების შესასრულებლად და ამით მიიღოს სარგებელი;
გარეულ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლების შემოჩვევა-მოშინაურებისა და მიზნობრივი გამოყენების რამოდენიმე ათასწლეულის მანძილზე ადამიანის მიერ გამოყვანილი და სასოფლო-სამეურნეო ცხოველებად წოდებული, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გარეგნული ფორმის, პროდუქტიული მიმართულების, გარემოსადმი შეგუების უნარის, დავადებებისადმი მდგრადობის (იმუნურობის, რეზისტენტობის) ათასობით ჯიში. აღიარებულია, რომ ეს ჯიშები ასახავენ კონკრეტული ცივილიზაციების, მის ფარგლებში კი ცალკეული სოციუმების განვითარების დონეს, ამა თუ იმ სახეობების დანიშნულებისადმი მათ მოთხოვნებსა და შეხედულებებს.
ზოოლოგიური კლასიფიკაციით ჯიში არის ყველაზე დაბალი ტაქსონომიური ერთეული და ის გვხვდება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, პლანეტაზე აღრიცხულია ძროხისებრთა (Bos) გვარის პირუტყვის, მათ შორის ევროპული (B.taurus) და აზიური ძროხის, იგივე ზებუს (B. taurus indicus) 1036 ჯიში, ღორის 600-მდე [1] , ცხვრის 200-მდე [2], თხის 570 [3] და კამეჩის 75 ჯიში [4].
რას ეწოდება ჯიში? ტერმინში გარკვევის მიზნით, სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურაში მოტანილი განმარტებების რამოდენიმე ათეული ვარიანტიდან მოვიტან ერთ-ერთს:
ჯიში არის ადამიანის ხანგრძლივი შრომით გამოყვანილი, ერთი სახეობისა და ერთიანი წარმოშობის, მსგავსი სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებების მქონე ცხოველთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს მყარად გადასცემენ შთამომავლობას.
ზოგადად, ჯიშის ძირითადი მახასიათებლებია:
- ერთგვაროვნება (ყველა ინდივიდი ხასიათდება მსგავსი მორფო-ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით),
- განსხვავებულობა (ნიშან-თვისებებით განსხვავდებიან ამავე სახეობის სხვა ჯიშებისგან), და
- სტაბილურობა (ჯიშის ფარგლებში, ანუ ხალასად მოშენებისას, შთამომავლობა თაობების მანძილზე ინარჩუნებს დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს).
და კიდევ, ჯიში არ არის რაღაც ამორფული და უცვლელი ცხოველთა ჯგუფი. კლასიკური გაგებით, დროთა განმავლობაში ყველა ჯიში იცვლება ე.წ. „სელექციური წნეხის და გარემო პირობების გავლენით; ამასთან, მას აქვს გარკვეული სტრუქტურა, ანუ მასში გვხვდება კონკრეტული ხაზის, ოჯახის, ჯიშსშიგნითა და/ან ზონალური ტიპის ჯგუფები.
განმარტებისთვის:
- ჯიშის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია „ხაზი“, რომელსაც უწოდებენ, ღირებული ნიშან- თვისებ(ებ)ის მქონე ერთი მწარმოებლის („ხაზის ფუძემებლის“) მონაშენს – შვილებს, შვილიშვილებს, მათი შვილებს და ა.შ.), რომლებშიც მაღალი სიხშირით ვლინდება ხაზის ფუძემებლისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები; თავის მხრივ, ოჯახი არის, ასევე გამოჩენილი ფურის მონაშენი, შთამომავლობა, რომლებიც იმეორებენ ოჯახის ფუძემდებლისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს.
- ზონალური ტიპს მიეკუთვნება ჯიშის ის ნაწილი, რომელსაც თაობების მანძილზე აშენებდნენ კონკრეტულ ეკოლოგიურ გარემოში და ამავე ჯიშის სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, შეგუებული არიან ამ გარემოს; ამის მაგალითდ გამოდგება ჰოლშტინური ჯიშის ძროხა, რომელშიც გვხვდება მრავალი ზონალური, იგივე ეკო-ტიპი, მათ შორის: კანადური, ამერიკული, ჰოლანდიური, ავსტრალიური, ისრაელის და ა.შ.
ამდენად, კონკრეტული ეკოლოგიური თუ სამეურნეო პირობებისთვის ჯიშის შერჩევისას გასათვალისწინებელია არა მარტო მისი ზოგადი მახასიათებლები, არამედ ჯიშსშიგნითა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელთა ბიოლოგიური თავისებურებები, რამდენად შეესაბამისობაშია ის მოვლა-შენახვისა და კვების დაგეგმილ (განსაზღვრულ) ტექნოლოგიურ პირობებთან და რა თქმა უნდა ჩვენ მიერ დასახულ მიზანთან.
ნებისმიერ შემთხვევაში ძროხის ჯიშის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ როგორც დაგეგმილი საქმიანობის მიმართულება, ასევე შესაძლებლობები:
- რა სახის პროდუქციის წარმოებაზე ვართ ორიენტირებული, რძის თუ ხორცის და როგორია მათ ხარისხზე ბაზრის მოთხოვნის პროგნოზი;
- მოვლა-შენახვის რა პირობები იქნება უზრუნველყოფილი ცხოველებისთვის;
- საკვები ბაზის რა რესურსები გვაქვს და რა შეთავაზებებია ბაზრის მხრიდან;
- ჯიშის და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ძლიერი და სუსტი მხარეები, მათ შორის: ახალ გარემოში ცხოველთა ადაპტაცია-აკლიმატიზაციის და აღწარმოების უნარი, სამეურნეო გამოყენების ხანგრძლივობა, დაავადებებისადმი მდგრადობა და სხვ;
- გვყავს თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსები.
ყველა ამ პირობის გათვალისწინება გადამწყვეტ გავლენას ახდენს ბიზნესის ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობაზე, რაც წარმოების მდგრადობის საფუძველია.
დღეისთვის, ქართველი ფერმერების დიდი ნაწილი დაინტერესებული არის მოაშენონ საზღვარგარეთიდან, უპირატესად დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემოყვანილი მაღალპროდუქტიული, ე.წ. „ჯიშიანი პირუტყვი“. თავის მხრივ, ექსპორტიორი ქვეყნები, იცავენ რა ევროსაბჭოს მუდმივმოქმედი ზოოტექნიკური კომისიის მიერ შემუშავებულ, ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეგულაციის ნორმებს [Regulation (EU) 2016/1012], გვთავაზობენ, მათ შორის, სარძეო პროდუქტიული მიმართულების, საკმაოდ მაღალი გენეტიკური პოტენციის ჯიშების სანაშენე მოზარდს.
ასე, მაგალითად, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან შემოყვანილი ჰოლშტინური ჯიშის უშობლების ერთი ჯგუფის მოდგმის ნუსხის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მათი დედების საშუალო ლაქტაციური მონაწველი იყო 9767 კგ, ხოლო მამის დედების (ბებიების) 13195 კგ რძე; თავის მხრივ, გერმანული წარმოშობის წაბლა შვიცური ჯიშში ეს მაჩვენებლები შესაბამისად იყო: 7438 და 9954 კგ, ხოლო სიმენტალურ ჯიშში – 7091 და 10359 კგ (ცხრილი 1);
იმპორტირებული უშობლების გენეტიკურ პოტენციალზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათი მამები (კურო-მწარმოებლები) შეფასებული არიან მონაშენის ხარისხით და მერძეულ მეძროხეობაში მიღებული სელექციური სტანდარტით (TPI)Ý მინიჭებული აქვთ გამაუმჯობესებლის კატეგორია; ამ ფაქტზე ყურადღებას ვამახვილებთ იმიტომ, რომ ასეთი მწარმოებლების მონაშენი ხასიათდება, დედებთან შედარებით უფრო მაღალი სარძეო პროდუქტიულობით.
სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე იმპორტირებული სანაშენე უშობლების პირველადი დათვალიერება, მათი ჰარმონიული ჰაბიტუსი, დიდი ცოცხალი მასა და სხვა ნიშან-თვისება მნახველში ჰქმნის საკმაოდ დადებითი ემოციურ ფონს; იმავდროულად, ჯიშის კარგად მცოდნე სპეციალისტის დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება, რომ ერთი ნაკადით შემოყვანილი ჯგუფის ფარგლებშიც კი, ექსტერიერის ტიპით და განვითარებით ცხოველები საკმაოდ არაერთგვაროვნები არიან; რაც შეეხება მათი გენოტიპის სხვა ნაკლოვან მხარეებს, ისინი ვლინდება რამდენადმე გვიან, მეორე-მესამე მოგების ფურებში.
საქართველოში იმპორტირებული ჰოლშტინური, შვიცური და სამიენტალური ჯიშის ფურების სარძეო პროდუქტიულობის შესწავლამ დაგვანახა, რომ ლაქტაციის მანძილზე მათ მოიწველეს 37,5; 25,8 და 35,1%- ით ნაკლები რძე, ვიდრე დედებმა (სამშობლოში), ხოლო მამის დედებთან (ბებიებთან) შედარებით 53,8; 44,6 და 55,6%- ით ნაკლები. მსგავსი ტენდენცია აღინიშნება რძეღალიანობის მაჩვენებლებშიც, ხოლო რაც შეეხება სიცოცხლისუნარიანობას, აღწარმოების უნარს და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, სასურველზე ბევრად დაბალია.
ცხრილი 1. იმპორტირებული უშობლების წინაპრების სარძეო პროდუქტიულობა | |||||
ჯიში | ექსპორტიორი ქვეყანა | წარმომავლობა (წინაპრები) | სარძეო პროდუქტიულობა | ||
მონაწველი, კგ | რძეში ცხიმის % | რძეში ცილის % | |||
ჰოლშტინური | გერმანია | დედა | 10005 | 3,91 | 3,25 |
მამის დედა | 13369 | 4,04 | 3,5 | ||
ჰოლანდია | დედა | 9530 | 4,45 | 3,42 | |
მამის დედა | 13021 | 4,07 | 3,38 | ||
შვიცური | გერმანია | დედა | 7438 | 4,38 | 3,72 |
მამის დედა | 9954 | 4,38 | 3,75 | ||
სიმენტალური | გერმანია | დედა | 7091 | 4,06 | 3,44 |
მამის დედა | 10359 | 4,03 | 3,59 |
ცხრილი 2. საქართველოში იმპორტირებული ჯიშების სარძეო პროდუქტიულობა | |||
ჯიში | |||
ჰოლშტინური | შვიცური | სიმენტალური | |
ლაქტაციური მონაწველი, კგ | 9729 | 8479 | 5330 |
მონაწველი ლაქტაციის 305 დღეში, კგ | 6339 | 5330 | 4363 |
რძეში ცხიმის % | 3,9 | 4,25 | 4,05 |
რძეში ცილის % | 3,25 | 3,4 | 3,54 |
არსებული მდგომარეობის შეფასება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ე.წ. “ჯიშიანი პირუტყვის” მომწოდებლები გვთავაზობენ, ანუ ბაზარზე გამოჰყავთ ის მოზარდეული, რომელთა ადგილზე დატოვება მიაჩნიათ არასასურველად, მათთვის ნაკლებად სარგებლიანად.
ამის გათვალისწინებით, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმპორტიორ კომპანიებს/ ფირმებს, რომლებმაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ შემოთავაზებული სანაშენე მოზარდეულის მომწოდებელთა ნახირების ყოველმხრივ შეფასებას, ხოლო შესაძენი სანაშენე მოზარდეულის გადარჩევა მიანდონ კონკრეტული ჯიშის სამეურნეო-ბიოლოგუირი თავისებურებების საფუძვლიანად მცოდნე, მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილ სელექციონერ-ზოოტექნიკოსს. სხვა თემაა ევროპული ჯიშებში აღწარმოების დაბალი უნარის, სუსტი საყრდებ-მამოძრავებელი აპარატის, მანქანური წველისადმი მორგებული ცურის ფორმის, დაბალი პროდუქტიული სიცოცხლისუნარიანობა და სხვა პრობლემები. ამაზე ყურადღებას საკმაოდ ხშირად ამახვილებენ თავად ევროპის ქვეყნების ჯიშის მომშენებელთა ასოციაციები, ხოლო სელექციონერები და მეცნიერები აღიარებენ, რომ სანაშენე მუშაობის პროცესში დაშვებული იქნა ხარვეზი, რადგან ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მონაწველის გადიდებაზე და პრაქტიკულად იგნორირებული იყო სხვა ნიშან-თვისებით ცხოველთა გადარჩევა და შერჩევა.
და კიდევ, დღეისათვის ჩვენში ყველაზე “აქტუალური ჯიშების” მოკლე დახასიათებაზე გადასვლამდე პრაქტიკოსი მეცხოველეების ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ მომენტზე: ჯიშთა ასოციაციების სარეკლამო ბუკლეტებში, მაღალი პროდუქტიულობისადმი მიძღვნილ “ქება-დიდებასთან” ერთად, როგორც წესი წაიკითხავთ, რომ:.. „ეგუება განსხვავებულ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში მოშენებას, რეზისტენტულია, ან იმუნურია დაავადებებისადმი“ და სხვ. ჩვენი მხრიდან განვმარტავთ, რომ მსგავსი სამეურნეო ბიოლოგიური მახასიათებლების ჯიში, ჯერჯერობით, არცერთი ქვეყნის მომშენებლებს არ გამოუყვანიათ.
აქ მოვიშველიებთ ცნობილ ქართულ ანდაზას: “ადგილის კურდღელს, ადგილის მწევარი დაიჭერსო”; ამ ანდაზის კავშირი წინამდებარე ნაშრომში განხილულ თემასთან ცალსახაა, რამეთუ: ყველა ჯიში შეგუებულია იმ გარემოში არსებობას, რომელშიც ჩამოყალიბდა, გარემოს ცვალებადობაზე კი ის რეაგირებს ადექვატურად, მათ შორის პროდუქტიულობის შემცირებით, გამრავლების ფუნქციისა და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებით და ა.შ., რაც მომშენებლის, უბრალოდ ამცირებს ფერმერის საქმიანობის ეფექტურობას.
დაბოლოს, გთავაზობთ სარძეო პირუტყვის მსოფლიო ბაზარზე აღიარებული იმ სარძეო პროდუქტიული მიმართულების ძროხის ჯიშების მოკლე დახასიათებებს, რომლებიც იმპორტირებული არიან საქართველოში:
ჰოლშტინური ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სარძეო პროდუქტიული მიმართულების ჯიშია. გამოყვანილია აშშ და კანადაში ჰოლანდიური შავჭრელი ჯიშის პირუტყვის ხალასად მოშენებით. სარძეო პროდუქტიულობის თითქმის ყველა მსოფლიო რეკორდი (დღიური და ლაქტაციური მონაწველი, სიცოცხლის მანძილზე მოწველილი რძისა და ლაქტაციის მანძილზე წარმოებული რძის ცხიმის საერთო რაოდენობა) ეკუთვნის ამ ჯიშს;
ძირითადი ფერი შავ-ჭრელია, მაგრამ გვხვდება წითელჭრელი ჰოლშტინებიც. ცხოველები საკმაოდ დიდიტანიანები არიან: კუროების სიმაღლე მინდაოში 155-160 სმ ფურების კი 142-145 სმ-ა; ზრდასრული ფურების ცოცხალი მასა 600-750 კგ, კუროების 950-1300 კგ, ახალშობილი ხბოს კი 30-35 კგ; ფურების საშუალო ლაქტაციური მონაწველი 7200–9000 კგ- რძეა 3,5-3,6% ცხიმით და 3,2-3,3% ცილით [6];
სურ. 1. ჰოლშტინური ჯიშის ფური და კურო-მწარმოებელი
მალმწიფადი ჯიშია; დეკეულები ფიზიოლოგიურ სიმწიფეს აღწევენ 15 თვის ასაკში, ხოლო პირველი მოგების სასურველი ასაკად მიჩნეულია არა უმეტეს 24-27 თვე.
ნაკლოვანი მხარეებია: სამეურნეო გამოყენების შეზღუდული პერიოდი, ჩლიქებისა და ცურის პრობლემები; საკვების ხარისხისადმი მაღალი მოთხოვნილება, (მიკრო)კლიმატის ცვალებადობაზე მკვეთრად რეაგირება და სხვ;
სურ. 2. შვიცური ჯიშის ფური და კურო–მწარმოებელი
წაბლა შვიცური ჯიში: გამოყვანილია აშშ-ში კომბინირებული მიმართულების შვეიცარიული შვიცური ჯიშის ხალასად მოშენების პირობებში, სარძეო პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად სანაშენე-სასელექციო მუშაობით. ძირითადი ფერია ღიადან მუქ წაბლიფერამდე; ცხვირის სარკის ირგვლივ და ზურგის ხაზზე, აგრეთვე კიდურების შიგნითა მხარეს და მუცელზე ბალნის საფარი უფრო ღიაა, ვიდრე სხეულის დანარჩენ ნაწილებზე. დიდტანიანი ცხოველია. სიმაღლე მინდაოში 131-135 სმ. ცოცხალი მასა: ფურების: 560-800 კგ, კურო-მწარმოებლის 780-1000 კგ, ახალშობილი ხბოს კი 32-40 კგ. სარძეო ჯიშებს შორის, მონაწველის რაოდენობით ის ჩამორჩება მხოლოდ ჰოლშტინურ ჯიშს, მაგრამ სჯობს მას რძეში ცხიმისა და ცილის შემცველობით. ლაქტაციური მონაწველი 6000-8000 ლ რძეა, 3,8-4,0% ცხიმით და 3,4-3,5% ცილით. გამოირჩევა მაგარი კონსტიტუციით და კარგი ჯანმრთელობით. ჰოლშტინურთან შედარებით ნაკლებად პრეტენზიულია მოვლა-შენახვის პირობებისადმი, და უკეთ ეგუება ახალ გარემოს.
სურ. 3. ჯერსიული ჯიშის ფური და კურო-მწარმოებელი
ჯერსიული ჯიში: გამოყვანილია ჯერსის კუნძულზე, ნორმანდიული ჯიშის იზოლირებულად და რაოდენობრივად შეზღუდული პოპულაციის (≈12 ათასი სული) მიზანმიმართული ხალასჯიშიანი მოშენებით. ფურები ფერად ჩალისფერ-ჟღალაა, კურო მწარმოებლები კი მუქი-მოშავო ელფერისაა. სელექცინირებულ სარძეო ჯიშებს შორის ყველაზე პატარატანიანი და მალმწიფადია. ფურების სიმაღლე მინდაოში 120 სმ, ცოცხალი მასა კი 450-480 კგ-ა; კურო-მწარმოებლების მასა 600-800 კგ-ა, ახალშობილი ხბოს კი 22-25 კგ-ს არ აღემატება; დეკეულები ფიზიოლოგიურ სიმწიფეს აღწევენ და მაკდებიან 12-13 თვის ასაკში. ფურების საშუალო მონაწველი 4500-5000 კგ-ს შეადგენს; ცალკეულ ფერმებში წველიან 7-9 ათასი, რეკორდისტი ფურებიდან კი 11-12 ათას კგ რძეს; ჯიშის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად ითვლება რძეში ცხიმისა (5,3-5,5%-მდე) და ცილის (3,9-4,1%) მაღალი შემცველობა, ნაყოფიერება და ადვილად შობადობით. შედარებით კარგად ეგუება ზომიერ კლიმატს, იშვიათად ვლინდება მასტიტის შემთხვევები. პროდუქტიული სიცოცხლისუნარიანობა კი საშუალოდ 5-6 წელია (3,5-4 მოგება).
სურ. 4. სიმენტალური ჯიშის ფური და კურო-მწარმოებელი
სიმენტალური ჯიში. ჩამოყალიბებულია შვეიცარიის ალპებში, მდ. სიმის ხეობაში, საიდანაც წარმოდგება მისი სახელი. კომბინირებული, სარძეო-სახორცე პროდუქტიული მიმართულებისაა, აშშ-ს სელექციონერები კი მას თვლიან სახორცე მიმართულების ჯიშად. ცხოველები წითელ-ჭრელი ფერისანი არიან. ექსტერიერის თავისებურებიდან აღსანიშნავია ფართო შუბლი და მასიური, კარგად დაკუნთუ-ლი სხეული. ზრდასრული ფურების მასა 550-650, კურო-მწარმოებლების – 900-1200, ახალშობილი ხბოსი კი 35-45 კგ-ა. ლაქტაციური მონაწველი 4500-5000 ლ რძეა, 3,7-3,9% ცხიმით. ამ ჯიშის ბაზაზე საფრანგეთში გამოიყვანეს მონბელიარდული, გერმანიაში ფლეკფიი, რუსეთში კი სიჩევური ჯიში.
საქართველოს საზოგადოებრივ მეურნეობებში სიმენტალური ჯიშის პირუტყვი შემოჰყავდათ გასული საუკუნის 50-იან წლებიდან, მაგრამ ცხელ კლიმატისადმი ცუდად შეგუების, აგრეთვე საკვებით უზრუნველყოფაში პრობლემების გამო ვერ ჰბოვა გავრცელება.
აღნიშნულ ჯიშებთან ერთად, ცალკეული ფერმერების დაკვეთით ჩვენში ევროპიდან შემოყვანილი იქნა მონბელიარდული, ნორმანდიული და დანიური წითელი ჯიშის პირუტყვი. ეს ჯიშები გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი სარძეო პროდუქტიულობით და წამყვანი ადგილი უკავიათ თავიანთი ქვეყნების რძის სექტორის ნედლეულით მომარაგებაში; რაც შეეხება საქართველოს პირობებში მათი გამოყენების ეფექტურობას, ჯერჯერობით, ერთსახოვანი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
იმპორტირებულ ჯიშების სამეურნეო-ბიოლოგიურ თავისებურებებზე საუბარი არ იქნება სრული თუ არ ავღნიშნავთ, რომ ისინი პროდუქტიულობის პოტენციალს ავლენენ მხოლოდ ყველა კომპონენტით დაბალანსებული ულუფებით კვების, აგრევე მოვლა-შენახვის კომფორტული პირობებით უზრუნველყოფის შემთხვევაში.
სურ. 5. (მარცხნიდან) დანიური წითელი, ნორმანდიული და მონბელიარდული ჯიშის ფურები
2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს საქართველოში აღრიცხულია 861.1 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვი, მათ შორის 396.3 ათასი ფური და ფურკამეჩია. მათგან, გათვლებით, დაახლოებით 13-15 ათასი სული იმპორტირებული ჯიშებისაა, დანარჩენი კი წარმოდგენილია ქართული მთის, მეგრული წითელი და კავკასიურ წაბლა ჯიშის, აგრეთვე უსისტემო შეწყვილებით მიღებული, ადაპტირებული, ე.წ. „გაუმჯობესებული“ ნაჯვარი სულადობით (საერთო რაოდენობის »10-12% და 80-83%, შესაბამისად).
ადგილობრივი ჯიშების უსისტემოდ მოშენებისას მაღალია მათი დააკარგვის საფრთხე. არადა ისინი არა მარტო ეკონომიკურად არიან საინტერესო; საქმე ის არის, რომ თაობების მანძილზე ბუნებრივი თუ ხელოვნურად გადარჩევის წყალობით მათ გენოტიპში „დაგროვდა“ გარემოს ცვალებადობისადმი მდგრადობის, დაავადებებისადმი რეზისტენტობის და სხვა ძვირფასი თვისებების განმსაზღვრელი მემკვიდრული საწყისები, რაც, პრაქტიკულად ყველა სელექცინირებულ ჯიშში არ არის, ან მეტად მცირე დოზით გვხვდება. ამასთან ერთად, ეს ჯიშები წარმოადგენენ რა ქართველი გლეხკაცის შემოქმედებითი აზროვნებისა და მუხლჩაუხრელი შრომის ნაყოფს, მისი მსოფმხედველობისა და ტრადიციების ანარეკლს, ზოგადად კი ქვეყნის ისტორიის განუყოფელ ნაწილს, რაც გვავალდებულებს ისეთივე სიფრთხილით მოვეკიდოთ და დავიცვათ ისინი, როგორც მატერიალური კულტურის სხვა ძეგლები [6, 7, 8];
სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, მათ შორის ძროხის ადგილობრივი გენოფონდის დაცვა-აღდგენა გაუმჯობესებასა და გავრცელებაზე ზრუნვა, დაარსების დღიდან, 2014 წლიდან, დაიწყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა. შემუშავებული პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ექსპედიციური კვლევებით დადგენილია, რომ მცირე კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის, აგრეთვე მთავარი კავკასიონის სამხრეთი ფერდობისა და კოლხეთის ბარის ფერმერულ მეურნეობებში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია ადგილობრივი: კავკასიური წაბლა, ქართული მთის და მეგრული წითელი ჯიშების ტიპიური (ექსტერიერულად), ასე ვთქვათ „პირობითად ხალასჯიშიანი“ ცხოველების წილი.
ამ ჯიშების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლის მიზნით შერჩეული იქნა რამოდენიმე მეურნეობა, სადაც ტრადიციული ბაგურ-საძოვრული შენახვის პირობებში მიმდინარეობს მათი სანაშენე და პროდუქტიული ღირსებების შესწავლა, ჯიშური თვისებების მემკვიდრულობისა და ცვალებადობის ხარისხის დადგენა და სხვ. კვლევები.
გასული ათი წლის კვლევებმა გვიჩვენა, რომ ადგილობრივ ჯიშებს, არსებულთან შედარებით, სარძეო და სახორცე პროდუქტიულობის გაზრდის საკმაოდ მაღალი პოტენცია გააჩნიათ, მაგრამ მათ გამოვლენას, სხვა გარემოებებთან ერთად აფერხებს:
- საკვები ბაზის მოუწესრიგებლობა და ნორმირებული კვების მოთხოვნების იგნორირება;
- ორგანიზმის ბიოლოგიურ თვისებურებასთან მოვლა–შენახვის პირობების შეუსაბამობა;
- სანაშენე საქმის, მათ შორის ცხოველთა გადარჩევა–შერჩევის და აღწარმოების წესების იგნორირება და სხვ.
და ბოლოს, ჩვენ სარძეო მეძროხეობაში და ზოგადად მეცხოველეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზია დაბალი და საშუალო რგოლის კვალიფიციური კადრების ქრონიკული დეფიციტი; საქმე ის არის, რომ ზოოტექნიკურ-სავეტერინარო და აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებისა და სიმბოლურ ფასად „გაყიდვის“ შემდეგ, მეპატრონის გადაწყვეტილებით შეწყდა მეცხოველეობის დარგის მართვის საშუალო რგოლის სპეციალისტების, ზოოტექნიკოსების მომზადება; ამავე პერიოდს ემთხვევა საშუალო პროფესიული განათლების სისტემაში გატარებული ე.წ. რეფორმები, რამაც საფუძველი გამოაცალა ქვეყნის მეცხოველეობის წინსვლას.
უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა რამდენადმე გამოსწორდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოინჟინერინგის ფაკულტეტზე მეცხოველეობის პროფილის უმაღლესი განათლების სპეციალისტების სახელმწიფო დაფინანსებით მომზადების დაწყებით (2016 წ);
ამასთან, მიგვაჩნია, რომ მეცხოველეობის მდგრადი განვითარების მისაღწევად ეს არ არის საკმარისი. ერთ-ერთი გაგაუდებელი ამოცანაა, ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ქვეყანაში აღდგეს 2010 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ გაუქმებული კანონი სანაშენე მევცოველეობაზე და მეცხოველეობაში სანაშენე მუშაობის სტრუქტურები, საკუთარი სანაშენე ბაზის შექმნით.
ამის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების დეპარტამენტში შემუშავებულია მსოფლიოს გამოცდილებასა და ბოლო წლების მიღწევების შესაბამისი, ევროსაბჭოს 2016 წლის N 1012 რეგულაციასთან ადაპტირებული მარეგულირებელი დოკუმენტებისა და აღრიცხვიანობის მოსაწერიგებელი ფორმების სამუშაო ვერსიები, ხოლო საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარეობს კანონპროექტზე „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“, აგრეთვე ფერმის მართვის ელექტრონული სისტემის შექმნაზე მუშაობა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა გახდება აგრარული სექტორის ერთიან სისტემაში კონკურენტუნარიანი მეცხოველეობის დარგის ჩამოყალიბების და მისი მდგრადი განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი.
გ. გოგოლი, რ. ბარკალაია, თ. ფირცხალაიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა:
-
-
- Jian Miao, Zitao Chen, Zhenyang Zhangall. A web tool for the global identification of pig breeds. Genetics Selection Evolution, 2023,V. 55, No 18, https://gsejournal.biomedcentral.com/articles/10.1186/s12711-023-00788-0
- https://www.britannica.com/animal/sheep-breeds
- https://www.sciencedirect.com/;
- გ. გოგოლი, ე. კალანდია. უსამართლოდ მივიწყებული კამეჩის რძე და მისი პროდუქტები. „ახალი აგრარული საქართელო“, 2025, N 9 (144), გვ. 23-28;
- https://www.sciencedirect.com/topics/agricultural-and-biological-sciences/holstein;
- თ. ფირცხალაიშვილი. ძროხის მეგრული წითელი ჯიშის გენოფონდის შენარჩუნების შესახებ. „მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლების თანამედროვე პრობლემები, შრომათა კრებული, „უნივერსალი“, თბილისი, 2009, ტ. 4 (5), გვ. 119-123;
- რ. ბარკალაია, ც. ქილიფთარი, თ. ფირცხალაიშვილი, თ. ჟღენტი. კლიმატის ცვლილება და მეძროხეობის ადაპტაციის მეთოდები. ჟ. მოამბე 2023, N 1 (49). გვ. 81-86.
- გ. გოგოლი. სასოფლო–სამეურნეო ცხოველების ადგილობრივი ჯიშების როლი სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტაში. საერთაშორისო კონფერენცია, „აგრობიომრავალფეროვნების დაცვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“, 24-25 ნოემბერი 2010; შრომათა კრებული, თბილისი, 2010, გვ. 242-245;
-
Ý TPI – ამ აბრავიატურით მერძეულ მეძროხეობაში აღინიშნება სელექციური სტანდარტი: Total Performance Index, ანუ მწარმოებლურობის ეფექტიანობის ინდექსი.