აგროსიახლეები

რომი _ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესია

რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიას მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია, სასურსათო უსაფრთხოების და კვებითი ღირებულების მხრივ არსებული სიტუაციის განხილვა იყო.

სესიაზე საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სიტყვით გამოვიდა.

311437157_480125070818055_1215270469968517022_n

ოთარ შამუგიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე ყველა სახელმწიფო პროექტი და პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი და წარმოების დინამიკა იყოს მზარდი.

„ვმუშაობთ, რომ პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ფერმერებსა და მეწარმეებს სახელმწიფო აძლევს იაფ ფინანსურ რესურსს, მათთვის ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ახალი ტექნოლოგიები; სახელმწიფო ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას. მხარს ვუჭერთ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული FAO-ს მიერ ორგანიზებული სასურსათო სისტემების ეროვნული დიალოგების ჩატარების პროცესში, მომზადდა შესაბამისი ანგარიში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარედგინა.

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერისთვის.

სესიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.