როჟე დელონის თუ დადანის რვაჩარჩოიანი სკა?
უკანასკნელი 20-30- წელია სხვადასხვა გამოცემაში ძალიან გარეკლამებულია როჟე დელონის ალპური სკა. ამ სკას მიაწერენ არაჩვეულებრივ თვისებებს, რომ იგი ხის ფუღუროს ანალოგიურია, მასში ფუტკრის ოჯახი უკეთ გრძნობს თავს, უკეთ ვითარდება ცივი გაზაფხულის პირობებში, უფრო ტექნოლოგიურია, ადვილად ფართოვდება და ა.შ. რაც მთავარია, რეკლამის მიხედვით, ასეთ სკებში მოთავსებული ფუტკრის ოჯახი იძლევა გაცილებით მეტ მოსავალს, ვიდრე იმავე პირობებში სხვა ტიპის სკებში მცხოვრები ოჯახები.
თავისთავად, მეფუტკრეობაში გამოყენებული სკის ტიპი არ შეიძლება მაღალი მოსავლის საწინდარი იყოს. თუ თქვენ თავის დროზე არ გააფართოებთ ბუდეს, რა თქმა უნდა, ძლიერი ოჯახი ნაყარს გაუშვებს. თუ თქვენ ავადმყოფი ფუტკრის ოჯახები გყავთ და არ მკურნალობთ, ვერანაირ სკაში ვერ მიიღებთ მაღალ მოსავალს. როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, თუ თქვენ შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე ფუტკრის ოჯახში საკვები (იგულისხმება თაფლი და ჭეო) არ გაქვთ და არც მის შევსებაზე ზრუნავთ, ვერანაირი სკა ვერ იხსნის ფუტკრის ოჯახს დაღუპვისგან. მარტო სკის კონსტრუქციის შეცვლა ვერ დაგიგროვებთ დიდი რაოდენობის, ხარისხიან და ჯანმრთელ ფუტკარს მთავარი ღალიანობისთვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა ამჟამად არსებულ სკებში შეიძლება მივიღოთ მაღალი მოსავალი. თუმცა არჩეული სკის ტიპს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შრომითი და მატერიალური რესურსების დანახარჯების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არჩეულ ტიპს დიდი გავლენა აქვს ამ სკაში მიღებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. განვიხილოთ ალპური სკა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით.
დელონი ალპურ სკას იყენებს მთიან ალპებში 1000-1200 მეტრზე ზღვის დონიდან. მისი საფუტკრეები სტაციონარულია. სკები იდგმება ბეტონის ან ხის კოჭებზე ზომით 12х8 х240 სმ. სკებს დგამენ ამ სადგამებზე ჯგუფურად და მიჯრით, რათა ქარმა არ წააქციოს. ალპური სკები, მისი კორპუსების მცირე მოცულობის გამო, ხშირად 1,5-2 მეტრ სიმაღლეს აღწევს და ფუძის შედარებით მცირე ფართობის გამო (34х34 სმ) შეიძლება ადვილად გადაბრუნდეს.
ალპური სკები ტიპური მრავალკორპუსიანი სკებია, ოღონდ კორპუსის უფრო მცირე მოცულობით. მისი კორპუსის შიგა ზომებია 30 х30 х23 =20700 კუბური სმ, ან დაახლოებით 20 კუბური დმ. ჩვენში გამოყენებული მრავალკორპუსიანი სკის შიგა ზომებია 45 х37,5 х24=40500 კუბური სმ. ანუ დაახლოებით 40 კუბური დმ. როგორც ვხედავთ, მრავალკორპუსიანი სკის კორპუსის მოცულობა ორჯერ მეტია როჟე დელონის სკის მოცულობაზე.
ალპურ სკებში, ისე როგორც მრავალკორპუსიან სკებში, ფუტკრის ოჯახის გაფართოება-შევიწროება, ახალი ოჯახების ფორმირება, თაფლიანი ფიჭების ამოღება ხდება კორპუსებით და არა ჩარჩოებით. ორივე ზემოთ ნახსენები სკის კორპუსი უნარიმანდოა, რაც ძალიან აადვილებს კორპუსებით მანიპულირებას. ორივე სკა თხელკედლიანია, კედლის სისქე 20-22 მმ-ია. შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის სხვაობა კორპუსების მოცულობაშია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალპური სკის მოცულობა დაახლოებით 20 კუბური დმ, ხოლო მრავალკორპუსიანის – 40. სხვანაირად რომ ვთქვათ, მრავალკორპუსიანი სკის მოცულობა ორჯერ მეტია ალპური სკის მოცულობაზე. ცხადია, ადრე გაზაფხულზე უფრო მცირე მოცულობის კორპუსებით გაფართოება გაცილებით უმტკივნეულოა ფუტკრის ოჯახებისთვის. თუ უფრო მეტი მოცულობით გაფართოების საჭიროება იქნება, შეიძლება ერთის მაგივრად ორი კორპუსით გავაფართოოთ ბუდე.
თუ მხოლოდ გასაფართოებელი კორპუსების მცირე მოცულობაა ალპური სკის უპირატესობა, მაშინ ჩვენი აზრით, ალპური სკის მაგივრად უმჯობესია ვიხმაროთ 8-ჩარჩოიანი დადანის სკა, რომლის გასფართოებლად დადანის საკუჭნაოს სტანდარტულ- ჩარჩოებიან კორპუსებს ვიხმართ. ასეთი 8-ჩარჩოიანი საკუჭნაოს შიგა ზომებია 45 х30,5 х15,5=21270 სმ კუბი, ანუ მისი მოცულობა 21 დმ კუბის ტოლია. როგორც ვხედავთ, ასეთი კორპუსის მოცულობა ალპური სკის კორპუსის მოცულობაზე სულ 5%-ით მეტია. ეს, ცხადია, მთელი კორპუსით სარგებლობის თვალსაზრისით დიდად არაფერს ცვლის. სამაგიეროდ, არ მოგვიხდება უკვე არსებული დადანის ბუდის და საკუჭნაოს ჩარჩოების გადაჭრა-გადაკეთება. არც სპეციალური ზომის ხელოვნური ფიჭის გამოჭრა, არც ახალი თაფლის საწური ციბრუტის ყიდვა, ან ძველის გადაკეთება. არ მოგვიხდება ახალი ზომისა და ფორმის ჩარჩოების კეთება, რომელიც როჟე დელონის შემთხვევაში საკმაოდ რთული გასაკეთებელია. მიუხედავად გარეგნული სიმარტივისა, როჟე დელონის ჩარჩოები საკმაოდ რთული გასაკეთებელი და კიდევ უფრო რთული მოსახმარი აღმოჩნდა.
აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი. საქმე ეხება სკის კორპუსის შესაჭედი ფიცრის დანახარჯს. რვაჩარჩოიანი სკის სკუჭნაოსთვის ეს 25 კვადრატულ დმ-ს შეადგენს. ხოლო როჟე დელონის კორპუსისთვის ეს 29 კვადრატული დმ-ია, ანუ 15%-ით მეტია. იმ დროს, როცა კორპუსების მოცულობა თითქმის ერთნაირია. ესეც 8-ჩარჩოიანი საკუჭნაოს სასარგებლოდ მეტყველებს.
ასეთ 8-ჩარჩოიან დადანის სკებს ჩვენ თითქმის 40 წელია საკმაოდ ეფექტურად ვიყენებთ ჩვენს (თეიმურაზ ღოღობერიძის) საფუტკრეებში. მისი ბუდის კორპუსში ჩვეულებრივი დადანის ბუდის 8 ჩარჩო ეტევა. აქედან გამომდინარე, ბუდის კორპუსი დადანის 12-ჩარჩოიანი ბუდის კორპუსისგან მხოლოდ სიგანით განსხვავდება. კორპუსიც და საკუჭნაოც თხელკედლიანი (20-22 სმ) და უნარიმანდოა. ასევე, უნარიმანდოა სკის ფსკერიც და თავსახურავიც.
გაზაფხულზე დედებს მხოლოდ დადანის 8-ჩარჩოიანი ბუდით არ ვზღუდავთ, ისინი საკუჭნაოებშიც აგრძელებენ კვერცხვას. ჩვეულებრივ, ბუდის კორპუსის გარდა ორი საკუჭნაოს კორპუსიც ივსება კვერცხითა და ბარტყით. მთავარი ღალიანობის დაწყებიდან ფუტკრები დამატებულ საკუჭნაოებს სწრაფად ავსებენ თაფლით. ჩვენი დაკვირვებით, საკუჭნაოს ჩარჩოები უფრო სწრაფად ივსება თაფლით, ვიდრე იმავე პირობებში დადანის ბუდის ჩარჩოები რომ გვეხმარა. თაფლიანი საკუჭნაოები შედარებით მსუბუქი და ადვილი მოსახსნელია. 15 სმ. სიმაღლის საკუჭნაოდან ფუტკრის გარეკვა ჩვეულებრივი საბოლებლითაც შეიძლება, რაც, სამწუხაროდ, არ ხერხდება 23 ან 30 სმ. სიმაღლის კორპუსებში. 8-ჩარჩოიანი სკები ადვილი გადასატანია სამთაბაროდ, ამასთან 30%-ით ნაკლებ ფართს იკავებს მანქანის ძარაში, ვიდრე 12- ჩარჩოიანი დადანის სკა. 8-ჩარჩოიანი სკა ერთი საკუჭნაოთი, რომლის მოცულობა 12-ჩარჩოიანი დადანის მოცულობის ტოლია, ადვილად გადააქვს ერთ მეფუტკრესაც. ამავე დროს, დადანის 12- ჩარჩოიანი სკის გადატანას ორი ადამიანი სჭირდება, მით უმეტეს, თუ მას საკუჭნაოც ადგას.
მაგრამ 8-ჩარჩოიანი უნარიმანდო სკის მთავარი სიკეთე საკუჭნაოს კორპუსებით მისი ადვილად გაფართოების შესაძლებლობაა. კორპუსებით მანიპულირება მრავალკორპუსიან სკაშიც შეიძლება, მაგრამ მრავალკორპუსიანი სკის კორპუსი, მოცულობით ორჯერ მეტია, ვიდრე 8-ჩარჩოიანი სკის საკუჭნაო. მცირე მოცულობის კორპუსებით გაფართოება ან შევიწროება ნაკლებად მტკივნეულია ფუტკრის ოჯახისთვის.
8-ჩარჩოიანი სკის საკუჭნაოს შედარებით მცირე მოცულობის გამო ბუდის გაციების საშიშროება ნაკლებია. სწორედ მრავალკორპუსიანი სკის დიდი მოცულობა აშინებთ იმ მეფუტკრეებს, რომლებიც ჩარჩოებით გაფართოებას არიან მიჩვეული. ისინი მრავალკორპუსიან სკებშიც ჩარჩოებით იწყებენ მანიპულირებას, რითაც, ფაქტობრივად, იკარგება მრავალკორპუსიანი სკების უპირატესობა.
8-ჩარჩოიანი სკების გაფართოება იწყება, როცა სკაში 7 ჩარჩო მაინცაა ფუტკრით დაფარული. გაფართოება ყველანაირ ტიპის სკაში უნდა მოხდეს წინსწრებით, რათა თავიდან ავიცილოთ ფუტკრების მოცდენა და სანაყარე მდგომარეობაში გადასვლა. 8-ჩარჩოიანი საკუჭნაოს კორპუსებში წინასწარ იწყობა 8 აშენებული (თუ ღალა არ არის მოსალოდნელი), ან 6 მშრალი და ორი ხელოვნურფიჭიანი ჩარჩო. ასეთნაირად დაკომპლექტებული საკუჭნაო კორპუსები მიგვაქვს საფუტკრეში და ვდგამთ გასაფართოებელ ოჯახთან. მეფუტკრე ხსნის სკას თავსახურს და საფარტილოს, ფუტკრიან კორპუსს ზემოდან ადგამს ფიჭებით დაკომპლექტებულ საკუჭნაოს. საკუჭნაოს ზემოდან ედება კანდის 2-4 კილოგრამიანი ნაჭერი, ეფარება საფარტილო და ეხურება სახურავი. ბუდის გაფართოება დამთავრებულია. შემდეგი გაფართოება 10-12 დღის შემდეგ ტარდება. აქაც პროცედურა იდენტურია; ფიჭებით სავსე კორპუსი ისევ ზემოდან ედგმება ფუტკრის ოჯახს. თუ ზემოდან დადგმულ კორპუსს თავზე 2-4 კილო კანდი ადევს, სხვაობა ზემოდან გადადგმულ და კორპუსებს შორის ჩადგმულ საკუჭნაოს ათვისებაში არ შეგვიმჩნევია. ამ დროს ზემოდან დადგმული კორპუსი გაცილებით ნაკლებ შრომას მოითხოვს, ვიდრე კორპუსებს შორის ჩადგმული.
მთავარი ღალიანობის დაწყებისას აუცილებელია ერთჯერადად მინიმუმ ორისამი საკუჭნაოს დამატება. შემდგომში კორპუსები ღალიანობის სიძლიერის მიხედვით ემატება. ყველა საკუჭნაო კორპუსი ემატება ზემოდან, რაც ძალიან აადვილებს ოჯახის გაფართოების პროცესს. ჩვეულებრივ, ერთ ოჯახს 6-8 საკუჭნაო კორპუსი ედგმება, თუმცა ზოგჯერ მეტიც გამოგვიყენებია.
„მეფუტკრეობა“
თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი, ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი