რთველი კახეთში აქტიურად მიმდინარეობს – მინისტრი დავით სონღულაშვილი პროცესს ადგილზე გაეცნო
კახეთში 2025 წლის რთველი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი გურჯაანში მდებარე რთველის საკოორდინაციო შტაბს ეწვია და რთველის მიმდინარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია პირადად მოისმინა.
მინისტრის განცხადებით, რთველი მევენახეებისა და მეღვინეობის დარგისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან დიდი წილი კონდიციური და ჯანსაღია, რაც დადებითად აისახება მომავალ წელს ქართული ღვინის ხარისხზე.
2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო. მევენახეებმა იცოდნენ, რომ ხარისხიან ყურძენში მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა. რთველი ახლა იკრეფს ძალას და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე სწორედ ხარისხზე გადის, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა უკვე გადაამუშავეს დაახლოებით 12 ათასი ტონა ყურძენი. აქტიური რთველი განსაკუთრებით დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. რთველის პროცესში მონაწილეობს 300-მდე ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
მოსავლის ორგანიზებულად და წარმატებით დაბინავებისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა შტაბის წევრებსა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი რთველი კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული ღვინის პოზიციებს საერთაშორისო ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რთველთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი ყურძნის შემთხვევაში შესყიდვას განახორციელებს სახელმწიფო საწარმო – შპს „მოსავლის მართვის კომპანია“. საფერავის ჯიშის ყურძენი 1.50 ლარად, სხვა ნებადართული საღვინე ჯიშები – 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციური ყურძენი 1.00 ლარად იბარება. წლევანდელ რთველში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
მოსახლეობას რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღბა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501, ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე – 0322 193 283 შეუძლია.
„საქართველო ღვინის სამშობლოა და ქართული ღვინო – უნიკალური. ჩვენი მიზანია, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი იყოს მაღალი ხარისხის, მოთხოვნადი და ღირსეულად წარდგენილი მსოფლიო ბაზრებზე,“ – აღნიშნა მინისტრმა.