რუსთავში ჭალის ტყეების აღდგენა დიდი ეროვნული საქმეა
ჭალის ტყე არის ტყის ტიპი, რომელიც მდინარეების და ტბების ნაპირებზე, პერიოდულად დატბორილ ადგილებში ვითარდება. ასეთ ტყეებს ახასიათებთ ნესტიანი ნიადაგი, მდიდარი მცენარეული საფარი და მრავალფეროვანი ფაუნა.
ჭალის ტყეები ბუნებრივად ასრულებს ფილტრის ფუნქციას – ისინი შთანთქვს ზედმეტ ტენს, ამცირებენ წყლის ნაკადის სისწრაფეს და იცავენ ტერიტორიებს დატბორვისა და ეროზიისგან.
რუსთავის ჭალის ტყე, რომელიც მდინარე მტკვრის ხეობაშია განლაგებული ქვემო ქართლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემაა.
ენდემური სახეობები – ესენი არიან მცენარეები ან ცხოველები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში გვხვდება და მსოფლიოში სხვაგან არ გვხვდება.
ენდემური სახეობები განსაკუთრებული დაცვას ექვემდებარება, რადგან მათი გადაშენება ნიშნავს, რომ დედამიწა ამ უნიკალურ ბიოლოგიურ რესურსს სამუდამოდ კარგავს.
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისას დარგული ენდემური ხეები, მაგალითად, კავკასიური მუხა, ველური მსხალი და თელა სწორედ იმ სახეობებს მიეკუთვნება, რომლებიც საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს.
რუსთავში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც ქალაქის მთავარი ბუნებრივი სიმდიდრის, ჭალის ტყეების აღდგენა და განახლებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ერთობლივი ინიციატივა უკვე მოიცავს როგორც სპეციალისტების ჩართვას, ასევე ადგილობრივი საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას. პროექტი დაფინანსებულია გარემოსდაცვითი ფონდის მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნაბიჯს რეგიონის ეკოსისტემის გასაძლიერებლად.
პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის ჭალის ტყეში მოხალისეთა მომზადება დაიწყო. მონაწილეებმა პროფესიონალ მებაღეებთან ერთად 300 ძირი ენდემური ხე–მცენარე დარგეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. თითოეულ მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი, რაც მათ გარემოსდაცვითი განათლებისა და ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავებაში ახალ საფეხურად იქცა.
გაშენების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიკა კობახიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათ აღნიშნეს, რომ პროექტი არა მხოლოდ გამწვანების კამპანიაა, არამედ რუსთავის ეკოლოგიური მდგრადობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.
რუსთავის ჭალის ტყის განვითარების პროექტი მიზნად ისახავს დაზიანებული მიწების აღდგენას, ნიადაგის ეროზიის თავიდან აცილებას და ქალაქის მიკროკლიმატის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ტურიზმის განვითარებას და ტყის და მწვანე საფარის აღდგენაში ადგილობრივი მოსახლეობის ფართოდ ჩართვას.
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურებმა, მუნიციპალიტეტებმა და მოქალაქეებმა ერთობლივი ძალით განახორციელონ მდგრადი ეკოლოგიური ინიციატივა. მოხალისეთა ჩართულობა აჩვენებს, რომ გარემოს დაცვა მხოლოდ სახელმწიფო საქმე არ არის, ეს საერთო პასუხისმგებლობაა, რომელიც მომავალ თაობებს მწვანე და სუფთა საქართველოს შესანარჩუნებლად გვაერთიანებს.

