საძოვრების აღდგენის წარმატებული საპილოტე მოდელი დმანისში
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საპილოტე საძოვრების მოწყობა წარმატებით ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორ სოფიკო ახობაძესთან ერთად, სოფელს სტუმრობდა, სადაც მოინახულეს საპილოტე საძოვრები, გაესაუბრნენ ადგილობრივ ფერმერებს და ადგილზე გაეცნენ განხორციელებული პროექტის შედეგებს.
აღნიშნული აქტივობები მოეწყო პროექტის: „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“, ფარგლებში, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობაში მდგრადი პრაქტიკების დანერგვა და ეკოსისტემების გაჯანსაღებაა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააგრძელებს ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერას როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, რათა მდგრადი ძოვების პრაქტიკა და საძოვრების მართვის ეფექტიანი მოდელები დაინერგოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში,“ – აღნიშნა ლაშა დოლიძემ.
პროექტით, რომელიც კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ ხორციელდება, სოფელ განახლებაში უკვე თვალსაჩინო შედეგები დადგა, კერძოდ:
-
268 ჰა ფართობის საძოვარზე დაინერგა კონტროლირებადი ძოვების სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ბალახოვანი საფარის აღდგენას;
-
40 ჰა ფართობი დაიყო 8 ნაკვეთად – დაინერგა ნაკვეთმორიგეობითი ძოვება, რომლისთვისაც შეიქმნა სპეციალური ძოვების კალენდარი;
-
მოეწყო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და საჩრდილობელი სივრცეები;
-
დაირგო 40 ერთეული ადგილობრივი ხის ნერგი (იფანი და პანტა);
-
გაიწმინდა 16 ჰა მიწის ფართობი, რაც ხელს უწყობს საძოვრების ეკოლოგიურ გაუმჯობესებას.
„სოფელ განახლებაში შექმნილი საძოვრები მაგალითია იმისა, რომ ინტეგრირებული სოფლის მეურნეობის გზით შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების აღდგენა და ფერმერთა ეკონომიკური გაძლიერება,“ – აღნიშნა სოფიკო ახობაძემ.
მისი თქმით, პროექტით შეიქმნა ერთ-ერთი პირველი საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანება, რომლის წევრებს გადაეცათ რძის ჰიგიენური წარმოებისა და ცხოველთა მოვლისთვის საჭირო აღჭურვილობა. ამასთან ერთად, ჩატარდა ტრენინგები მეცხოველეობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და რძის პროდუქტების წარმოების მიმართულებებით.
როგორც ფერმერი შიო ზვიადაური ამბობს, ის პროექტში აქტიურად არის ჩართული,_ „საძოვრების მოწყობამ მნიშვნელოვნად შეამცირა როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსების ხარჯვა. საქონელი მთელი დღე საძოვარზა, უზრუნველყოფილია წყლითა და ჩრდილით. შედეგად, გაიზარდა როგორც ხორცის გამოსავლიანობა, ისე პირუტყვის რაოდენობა.“
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის მასშტაბით საძოვრების მდგრადი მართვისა და სოფლის მეურნეობის ეკოლოგიური ტრანსფორმაციისკენ. სოფელ განახლებაში განხორციელებული პროექტი შეიძლება იქცეს სამაგალითო მოდელად საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც.