აგროსიახლეები

საირიგაციო სისტემების დასაპროექტებლად კორეულ კომპანიასთან 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ ფარგლებში, სამხრეთ კორეულ კომპანიასთან „იოშინ საინჟინრო კორპორაცია“, საირიგაციო სისტემების პროექტირების მიმართულებით, 2 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და კომპანიის „იოშინ საინჟინრო კორპორაცია“ ვიცე პრეზიდენტმა, კიმ ჩონ ჰუანმა მოაწერეს ხელი. თენგიზ ნასარიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 27 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის გაუმჯობესდება წყალმომარაგების უზრუნველყოფა  და მოწესრიგდება სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.

„ცნობილ სამხრეთ კორეულ კომპანიასთან, რომელსაც საირიგაციო დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების დაპროექტებასა და ზედამხედველობაში უდიდესი გამოცდილება აქვს, გაფორმდა კონტრაქტი. ვფიქრობ, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის საირიგაციო სისტემა თვისობრივად სხვა დონეზე ავა. ჩვენ მივიღებთ მოდერნიზებულ, წყალდამზოგ და კლიმატგონივრულ სისტემებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს ჩვენს ფერმერებს; ეს მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კიდევ უფრო წარმატებულად წარმოებისთვის“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

ხელშეკრულებები ტაშისკარის, ტირიფონის ზედა არხის, ზემო ალაზნის საირიგაციო სისტემების, შავღელეს მასივის სადრენაჟე სისტემის და ნარეკავის წყალსაცავის დეტალურ საინჟინრო პროექტის/დიზაინის მომზადებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას მოიცავს. ორივე ხელშეკრულების საერთო ღირებულება 11 936 845 აშშ დოლარს შეადგენს.

კიმ ჩონ ჰუანის განცხადებით, ირიგაციის პროექტირების მიმართულებით, მათ დიდი გამოცდილება აქვთ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებენ.

„იოშინ საინჟინრო კორპორაცია“ (Yooshin Engineering Corporation) მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს; ის, 1966 წლიდან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიას განსაკუთრებით დიდი გამოცდილება წყალსაცავების და საირიგაციო სისტემების პროექტირებაში აქვს.