აგრარული განათლებადარგებიმეთევზეობა

საკალმახე მეურნეობების ტიპები

საკალმახე მეურნეობის რამდენიმე ტიპი არსებობს: საკალმახე ტბორები, საკალმახე  გამდინარე აუზები, ტივტივა ცხაურები. გავნიხილოთ ყოველი მათგანი ცალ-ცალკე.
საკალმახე ტბორები

საკალმახე ტბორები რეკომენდებულია მოეწყოს მდგრად გრუნტზე. აუცილებელია წყლის გადინების შესაძლებლობის გათვალისწინება, რომ არ შეიქმნას ჩაგუბებული უბნები. ტბორს უნდა ჰქონდეს მართკუთხედი ფორმა – სიგრძისა და სიგანის თანაფარდობით არანაკლებ 4-1 მ და წყლის საფარის სიღრმით არანაკლებ 1 მ.

ტბორების ზომები დამოკიდებულია შემავალი წყლების სიმძლავრეზე. ტბორში წყლის მთლიანი ცვლა შესაძლებელი უნდა იყოს 1 სთ-ს განმავლობაში.

სატბორე მეკალმახეობა ერთ-ერთი ტრადიციული მიმდინარეობაა თევზის წარმოებაში. ტრადიციული ორწლიანი ციკლის ფერმებისთვის მიღებულია შემდეგი ნორმები: ერთწლამდე თევზების ჩასმის სიმჭიდროვე – 600-700 ცალი/მ³ (პირველ წელს ისინი იზრდებიან 20-30 გრამამდე). სასაქონლო თევზის ჩასმის სიმჭიდროვე – 120-200 ცალი/მ³-ში (სასაქონლო წონა 200-300 გრ და ზემოთ).

თევზის პროდუქტიულობა სატბორე მეურნეობებში შეიძლება იყოს 20 კგ/მ³-მდე. თუმცა, გამოცდილი მეკალმახეებიც კი ხშირად 5-10 კგ/მ³-ზე მეტ შედეგს ვერ აღწევენ. პროდუქტიულობის ასამაღლებლად აუცილებელია აერატორებისა და ინტენსიფიკაციის სხვა მეთოდების გამოყენება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. პროდუქტიულობა დამოკიდებულია ასევე, გარე პირობებზე, როგორიცაა: ამინდი, ქარი და სხვა. ამიტომ, თუ გინდათ, რომ ერთი ფართობიდან მიიღოთ უფრო მეტი სასაქონლო თევზი, მიზანშეწონილია გადახვიდეთ საკალმახე აუზის მოწყობაზე.

საკალმახე  გამდინარე აუზები

გამდინარე აუზები თევზის მოშენებისათვის ძალიან პერსპექტიული სისტემაა, განსაკუთრებით, მაღალმთიან რაიონებში, რადგან მისი მოწყობა ეფექტურია მიწის მცირე ფართობებზე.

გამდინარე აუზის მიმართ მთავარი მოთხოვნაა წყლის დინებამ უზრუნველყოს კალმახისთვის საჭირო გახსნილი ჟანგბადის ოდენობა, ასევე, აუზში შემავალი წყაროდან მოხვედრილი და სხვა ნარჩენების გატანა.

საკალმახე მეურნეობა

1 გრამამდე მასის მქონე მოზარდეულისთვის წყლის დინების სიჩქარე უნდა იყოს 0,5-1 სმ/წმ-ში, ხოლო 1 გრ-ზე მეტი მასის მქონე თევზებისთვის 1-3 სმ/წმ-ში ფარგლებში.

რეკომენდებულია მართკუთხოვანი აუზების მოწყობა შემდეგი პარამეტრებით: სიგრძე – 10-30 მ; სიგანე – 2-3 მ; სიღრმე – 0,9-1,2 მ. შეიძლება ეკონომიის გაკეთება აუზის საერთო კედლების ხარჯზე. თუ უბნის დახრისა და წყლის რაოდენობა ამის საშუალებას იძლევა, შეგვიძლია მოვაწყოთ უფრო დიდი აუზი.

საკალმახე მეურნეობის აუზის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა მრავალწლიანი პერსპექტივით, ამიტომ, პროექტირებისა და მშენებლობისათვის უმჯობესია მოიწვიოთ ინჟინერი და არ დაკავდეთ თვითმშენებლობით.

გასათვალისწინებელია, რომ წყლის ყოველი კუბური მეტრი დაწოლას ახდენს აუზის კედლებზე, ხოლო მისი ფსკერზე დაწოლის ძალა 1 ტონის ტოლია. აუზი ისე უნდა აშენდეს, რომ არ ჟონავდეს წყალი, რადგან ამ პრობლემის შემდგომ გამოსწორება ძალიან ძნელია.

შეგახსენებთ, რომ აუზის ფორმისა და ზომის არჩევისათვის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს შემომავალი წყლის ხარისხისა და მოცულობის მახასიათებლები.

შესაძლებელია შეიძინოთ მზა აუზები ან ააშენოთ დამოუკიდებლად. მნიშვნელოვანია გქონდეთ საშუალება არეგულიროთ შემავალი და გამავალი წყლის რაოდენობა. შედარებით მცირე შემავსებელი წყლის სათავეებთან, აუცილებელი არ არის აშენდეს რაიმე სპეციალური მოწყობილობა, ამისათვის გამოიყენება ონკანები (თუ წყალი მილებით მიეწოდება აუზს). ხოლო, მაგისტრალურ არხებზე, მდინარეებსა და ნაკადულებზე, რომლებიც აუზში შეედინებიან, აშენებენ მცირე შემაკავებელ ბეტონის კედლებს (არხს) წყლის მაკონტროლებელი (ჩამკეტი) ფარით. ამ არხში მაკონტროლებელი ფარის წინ თავსდება ცხაურა, წყლის დინების მიმართულებით 45º დახრილობით, რომელიც აჩერებს შემავსებელი წყლიდან მცურავ თევზს ან/და სხვა ნივთებს.

პრაქტიკულია მრგვალი აუზების გამოყენება საკალმახე მეურნეობაში, რადგან ისინი უზრუნველყოფენ წყლის კარგ მოცულობას (თუ წყლით მომარაგების ღრუ ცენტრშია). მრგვალ აუზებში ნაკლებად რაციონალურად ხდება ფართობის ზედაპირისა და წყლის გამოყენება მართკუთხოვან აუზებთან შედარებით (მიწოდებული წყლის დაახლოებით 30% სწრაფად გამოდის აუზიდან), მაგრამ კარგად ნარჩუნდება წყლის ხარისხი.

ტივტივა ცხაურები

 წყალსატევებში, სადაც დაგუბებული ან ნელა გამდინარე ცივი წყალია და რომელთა სიღრმე არაუმეტეს 2 მეტრია, შესაძლებელია კალმახის მოშენება ტივტივა ცხაურებში. ეს მოწყობილობა ბადისებრი მასალისაგან არის დამზადებული, ტომრის ფორმისაა, გადაჭიმულია ჩარჩოზე და წყლის ზედაპირზე ტივტივებს.

ფაქტობრივად, ცხაურა არის წყალსატევის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ბადით. ცხაურის მეშვეობით ხდება წყლის მუდმივი ცვლა, რის ხარჯზეც ხდება ბადურის შიგნით წყლის კარგი ჰიდროქიმიური ხარისხის შენარჩუნება. ამასთანავე, საჭმლის ნარჩენები ცვივა ბადურიდან და ილექება წყალსაცავის ფსკერზე.

საკალმახე ცხაურები

ცხაურის მოწყობისას, ძირითადი მოთხოვნაა დავიცვათ ოპტიმალური მანძილი ცხაურის ფსკერსა და და წყალსაცავის ფსკერს შორის (არანაკლებ ერთი მეტრისა). ამ დროს წყალი ნარჩენებით არ ბინძურდება. 1 მ მანძილი ოპტიმალურია მომცრო ტბორებში, ხოლო 5 მ და მეტი სიღრმის მქონე წყალსატევებისა და ტბებისთვის ასეთი დაშორება საკმარისი არ არის

თვითონ ცხაურების სიღრმე შეიძლება იყოს 1-დან 10 მეტრამდე; მოცულობა კი შეიძლება იყოს 1-2 მ³-დან 30 მ³-მდე და ზემოთ.

მცირე ცხაურები (10მ³) შესაძებელია თავად გააკეთოთ, ხოლო დიდები უმჯობესია შეიძინოთ მეთევზეობის მოწყობილობების მწარმოებლებთან. ცხაურები შეიძლება გაკეთდეს ტბებში, მდინარეებში, წყალსატევებსა და მტკნარი წყლის სხვა წყალსაცავებში. საკალმახისთვის ცხაურების ადგილის შერჩევის დროს საჭიროა ყურადღება მიექცეს შემდეგ ფაქტორებს:

♦ წყალსატევში წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 18-20°С-ს;

♦ გახსნილი ჟანგბადის შემცველობა წყალში არ უნდა იყოს 7 მგ/ლ-ზე ნაკლები;

♦ pH -ის დონე უნდა იყოს 6,5-7,5 ფარგლებში, ხოლო მჟავიანობა – არაუმეტეს 10 მგ 0,2/ლ;

♦ ცხაურის მოწყობის ადგილი უნდა იყოს დაცული 0,2 მ-ზე მეტი სიმაღლის ტალღისაგან;

♦ ცხაურები უნდა მოვაწყოთ ღია ადგილებში, ახლოს არ უნდა იყოს უმაღლესი წყალმცენარეების აღმონაცენები;

♦ წყალსატევში უნდა იყოს წყლის ცირკულაცია, მაგრამ წყლის დინების სიჩქარე მოწყობის ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მ/წმ-ს;

♦ წყალი არ უნდა იყოს დაბინძურებული საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით.

ფერმის მოწყობამდე, წყლის წლიური მჟავიანობის დინამიკის განსაზღვრის მიზნით, უმჯობესია მოვიწვიოთ ჰიდროქიმიის სპეციალისტი, რადგან მაღალი მჟავიანობის დროს ორგანული ნივთიერებები წყალში ბევრია და წყალში გახსნილ ჟანგბადს შთანთქავს.

ცხაურები შეიძლება იყოს მრგვალიც და მართკუთედიც. მასალად იყენებენ ხელოვნური ბოჭკოსგან დამზადებულ ბადეს (ძაფის დიამეტრი – 1მმ და ზემოთ). შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალგამძლე ლითონის და პლასტმასის ბადეები. მნიშვნელოვანია ბადის თვალის ზომა, რადგან ცხაურიდან არ უნდა გაძვრეს თევზი. ასევე, მნიშვნელოვანია ბადის სიმტკიცე, ის არ უნდა გაიხეს ფიზიკური დატვირთვის შედეგად.

 რაც უფრო ნაკლები ზომისაა თევზი, მით უფრო ნაკლები უნდა იყოს ბადის თვალის ზომა. 1გრ-იანი ლიფსიტების ჩასამელად საჭიროა 3,5 -5 მმ-იანი, ხოლო 10-12 მმ მასის მქონე თევზისთვის – 12 მმ-იანი ბადის თვალი. რაც უფრო პატარაა ბადის თვალი, მით უფრო ჩქარა ივსება მისი ქსოვილი ნარჩენებით და საჭიროებს ხშირ წმენდას. გარღვეული ნაწილების აღსადგენად შეიძლება გარსიანი მავთულის გამოყენება.

ცხაურის კარკასის დამზადება შეიძლება ფოლადისაგან, პლასტმასის მილებისა და სხვა წყალგამძლე მასალისაგან. პატარა ცხაურებისთვის შეიძლება მზა 1მ-ზე მეტი დიამეტრის რგოლების გამოყენება, როგორც ზემო, ისე ქვემო ჩარჩოსთვის. მესამე რგოლი თავსდება შუა ნაწილში, რათა ცხაურას მიეცეს ცილინდრის ფორმა და კარკასი მყარად დაფიქსირდეს.

ცხაურის ფსკერი, უმჯობესია მოაწყოთ ბადის ორი ფენისაგან – კარგად შეკრული ნაკერით. ცხაურებზე რეკომენდებულია გაკეთდეს სახურავი, რომლის მოხსნა მარტივად იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თევზსაჭერი ბადე, რომელიც მოქსოვილი იქნება სქელი ბოჭკოვანი ძაფით დიამეტრით – 1მმ და მეტი (და არა 0,5 მმ).

„ცისარტყელა კალმახი _ წარმოების ტექნოლოგია“

თბილისი 2017 წელი