აგროსიახლეები

სახელმწიფოს მხარდაჭერილი თევზის და ჩაის საწარმოები გურიაში

გურიის რეგიონი სოფლის მეურნეობის წარმოების განვითარების თვალსაზრისით  მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და აქვს ქვეყნის აგრარული დარგის განვითარებაში.  
სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით გაძლიერებული საწარმოები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი ფერმერების აქტიურობა რეგიონსი დარგის განვითარების კარგ პირობას  ქმნის.

სწორედ  ამიტომაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რეგიონში რამდენიმე წარმატებული მეურნეობა დაათვალიერა, ფერმერებს შეხვდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა  სახელმწიფოს მიზანმიმართული მხარდაჭერა დივერსიფიცირებული, ინოვაციური ადგილობრვი აგროწარმოებისადმი.

ვაკიჯვრის კალმახი _  ადგილობრივი წარმოების წარმატების მაგალითი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მოქმედი საკალმახე მეურნეობა „ვაკიჯვრის კალმახი“ მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამებმა ხელი შეუწყონ რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და არაერთხელ უსარგებლია პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

მეურნეობა წელიწადში დაახლოებით 200 ტონა კალმახს აწარმოებს და 40 ადამიანს ასაქმებს. პროდუქცია წარმატებით იყიდება ქსელურ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, რაც საწარმოს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ მხოლოდ მეთევზეობის მიმართულებით 155 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის _1 694 სესხია გაცემული,  ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 23 მილიონ ლარს აღემატება.

გურიის რეგიონში გაცემულია 20 მილიონი ლარის სესხი, საიდანაც დაახლოებით 2 მილიონი ლარი სააგენტოს თანადაფინანსებაა.

მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით, მსგავსი ინიციატივები აუცილებელია აგროწარმოების სრული პოტენციალის ასამოქმედებლად:

„ჩვენი მიზანია, ყველა ფერმერს ჰქონდეს შესაძლებლობა, განავითაროს წარმოება, შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.“_ ამბობს მინისტრი.

გრინგოლდი_ ეკოლოგიურად სუფთა ჩაის ახალი სტანდარტი

გურიის აგროსფეროში წარმატებულ მაგალითებს შორისაა ოზურგეთის ჩაის საწარმო „გრინგოლდი“, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურითა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მიდგომით გამოირჩევა.

კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ბენეფიციარია და არაერთხელ მიუღია მხარდაჭერა პროექტებიდან „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“. გარდა ამისა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიამ 28 ჰა ჩაის პლანტაციის აღსადგენად მიიღო თანადაფინანსება.

საწარმო სეზონზე 65 ტონა ჩაის ფოთოლს ამუშავებს, ხოლო პროდუქციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ყიდის. კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული, დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო წარმოება ფლობს „Organic“ სერტიფიკატს.

ამჟამად გრინგოლდიდაახლოებით 20 სახეობის, მათ შორის პრემიუმ და ნატურალური ხაზის ჩაის აწარმოებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს თანახმად, მხოლოდ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით ქვეყნის მასშტაბით, 132 მილიონ ლარზე მეტით, დაფინანსებულია 287 საწარმო, მათ შორის გურიაში, 13 საწარმო 5,7 მილიონი ლარის ოდენობით.

გურიის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობა სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

ვაკიჯვრის კალმახისა“ და „გრინგოლდის“ მსგავს საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციები არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ აძლიერებს რეგიონების სოციალურ სტაბილურობას, აჩერებს მოსახლეობის მიგრაციას და ამაღლებს ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობას.