საკვები ბალახების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია
მეცხოველეობისათვის საჭირო ყუათიანი და ვიტამინებით მდიდარი საკვები ბაზის შესაქმნელად ნათეს საკვებ ბალახებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საკვებ კულტურათა შორის ბალახები ყველაზე ეფექტურად გამოიყენება. მათგან მიიღება მაღალი კვებითი ღირებულების თივა, ვიტამინებით მდიდარი საუკეთესო საძოვარი და მწვანე საკვები, რომელიც დადებითად მოქმედებს ცხოველთა ზრდა-განვითარებასა და პროდუქტიულობაზე.
კვების რაციონში, ცილებით მდიდარი საკვების მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ბალახნარევებს. სუფთა ნათესთან შედარებით იგი იძლევა მაღალ და მყარ მოსავალს, უკეთესად იყენებს ნიადაგის საკვებ ნივთიერებებს.
ნათესი მარცვლოვნების ფესვები ნიადაგში 1-1,5 მეტრის სიღრმეზე ჩადის, ზოგჯერ უფრო ღრმადაც. მრავალწლოვანი პარკოსნები უფრო ღრმად ფესვიანდებიან, ვიდრე მარცვლოვანი ბალახები. ნათესი ბალახების ფესვების 50-70% განლაგებულია ნიადაგის ზედაპირის 20-30 სმ. ფენაში.
ბალახნარევების ძოვნადობა და გამოყენების კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე სუფთა ნათესის. ბალახების (მარცვლოვნები და პარკოსნები)ნარევად ნათესი უფრო გამძლე არის არახელსაყრელი პირობებისადმი და უკეთესად ებრძვის სარეველებს. ნათესში პარკოსნების გამეჩხერებისას თავისუფალ ადგილებს იკავებს უფრო გამძლე და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანი მარცვლოვნები. ბალახების არათანაბარი განვითარების გამო თითოეული ბალახნარევისათვის იქმნება შედარებით სასურველი პირობები ნიადაგის ტენისა და საკვები ნივთიერებების გამოყენების თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს თივის მაღალი მოსავლის მიღებას, გათიბვისა და გაძოვების შემდეგ ბალახნარის კარგ აქვიტს (წამონაზარდს). ბალახნარევები წლების განმავლობაში იძლევა უფრო სტაბილურ და მაღალ მოსავალს, ვიდრე ცალკეული ბალახების ნათესები.
ბალახნარევების შრობისას პარკოსნების (სამყურა, იონჯა) ფოთლების სრული შენარჩუნება ხდება მაშინ, როდესაც მათი (პარკოსნების) ცალკე შრობისას ფოთლების დიდი დანაკარგი აღინიშნება, რაც, შესაბამისად, იწვევს კვებითი ღირებულების შემცირებას.
ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ბალახნარევების შემადგენლობა სხვადასხვანაირია. ნარევში ითესება ადგილობრივი პირობებისათვის ყველაზე მოსავლიანი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბალახები. შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი დამოკიდებულება ნიადაგის, წყლის რეჟიმის, საკვები ნივთიერებების და სხვათა მიმართ. მაგალითად, მარცვლოვნები აზოტის მიმართ მომთხოვნი არიან, ამიტომ ისინი კარგად იზრდება აზოტით მდიდარ ნიადაგებზე. პარკოსნები კარგად იზრდება ფოსფორისა და კალიუმის შემცველ ნიადაგებზე. საშუალო ტენიანობის ნიადაგებზე კარგად იზრდება მდელოს წივანა, უფხო შვრიელა, მდელოს თივაქასრა, სათითურა, წითელი და თეთრი სამყურა. მაღალი ტენიანობის პირობებში კარგად იზრდება მდელოს ტიმოთელა, მდელოს მელაკუდა, თეთრი ნამიკრეფია, ვარდისფერი სამყურა და სხვა.
მრავალწლოვანი ბალახების ღერო ერთ წელიწადს ცოცხლობს, მაგრამ მათი ძირითადი ბიოლოგიური განსხვავება ერთწლოვანი ბალახებისაგან იმაში მდგომარეობს, რომ მთავარი ღეროს ფუძესთან, იმ ადგილას, სადაც ღერო უერთდება ფესვს და რომელიც მორფოლოგიურად მცენარის ფესვის ყელს წარმოადგენს, მეორე წელს წარმოიქმნება ახალი ყლორტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის დამახასიათებელია ვეგეტატიური განახლების თვისება.
მრავალწლოვანი ბალახების თესვა შესაძლებელია საფარი კულტურების ქვეშ და უსაფაროდ (ცალკე). უსაფაროდ თესვა სარწყავ ნიადაგებზე ხდება ზაფხულში ან ადრე შემოდგომით, წინამორბედი კულტურების მიერ ნიადაგის განთავისუფლებისთანავე. ნათესი დაზამთრებამდე ძლიერდება და შესაძლებელია ერთი ნათიბის მიღებაც კი.
საფარქვეშ დათესილი ბალახები პირველ წელს სუსტად ვითარდება და მცირე მოსავალს იძლევა, მაგრამ ამით მოიგება ერთი სავეგეტაციო წელი და, რაც მთავარია, იზოგება ხარჯები. საფარი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ მცენარე სწრაფად ვითარდება და იმავე წელს იძლევა 1-2 ნათიბს. ერთწლოვანი კულტურების საფარქვეშ ბალახების თესვა შესაძლებელია ადრე შემოდგომით ან საგაზაფხულოდ. ასევე შესაძლებელია ბალახების შეთესვა გაზაფხულზე სიმინდში, რომლის აღების შემდეგ კარგად იზრდება და წლის ბოლომდე 1-2 ნათიბს იძლევა, ხოლო მომდევნო წელს 4-5-ჯერ ითიბება. აქვე საყურადღებოა კულტურათა სწორად შერჩევა და თესვის ვადების დაცვა.
ბალახების გაზაფხულზე თესვისას ნიადაგი უნდა მოიხნას შემოდგომოთ (მშრალ რეგიონებში) მზრალად, წინსახვლენიანი გუთნით 22-25 სმ სიღრმეზე. მოხვნის წინ მიზანშეწონილია შევიტანოთ ორგანული და მინერალური სასუქები. ადრე გაზაფხულზე ხნული იფარცხება, ხოლო თესვის წინ ტარდება კულტივაცია და ფარცხვა.
ბალახების ზაფხულში ან ადრე შემოდგომით თესვისას ნიადაგის ძირითადი დამუშავება ხდება წინამორბედი კულტურისგან ნიადაგის განთავისუფლებისთანავე. ხნული თუ ბელტიანია, იშლება დისკოებიანი ფარცხებით, ზედაპირი მოსწორდება კულტივაციით და ფარცხვით, მოიტკეპნება საგორავებიანი სატკეპნელით, რაც უზრუნველყოფს თესლის თანაბარ სიღრმეზე ჩათესვას და შესაბამისად ნათესის თანაბარი აღმონაცენის მიღებას.
საკვები ბალახნარევის თესვის საუკეთესო ვადაა ადრე გაზაფხული და გვიანი ზაფხული. რაიონებში, სადაც ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ზაფხულის პირველ ნახევარში მაღალია — ბალახების თესვა მიზანშეწონილია გაზაფხულზე, ხოლო იქ, სადაც ნალექების რაოდენობა ზაფხულის მეორე ნახევარშია მეტი, საუკეთესო შედეგს იძლევა ზაფხულის ნათესი.
მრავალწლოვანი ბალახების თესვა წარმოებს შემდეგ ვადებში: აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ ზონაში 20 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე, ურწყავ ზონაში — 10 მარტიდან პირველ აპრილამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობის სარწყავ ზონაში — 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, ურწყავში — 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე.
ნათესი ბალახების პირველი გათიბვა ტარდება ნიადაგის ზედაპირიდან 5-6 სმ სიმაღლეზე, რითაც მნიშვნელოვნად მცირდება დანაკარგები და იქმნება ხელსაყრელი პირობები წამონაზარდის (აქვიტის) განვითარებისათვის.
ბალახნარევების თესვა ფართობის ერთეულზე ზრდის მონელებადი პროტეინისა და საკვები ერთეულების მოსავალს, უკეთ შეითვისება ცხოველის ორგანიზმის მიერ და მაღალია მათი ჭამადობის ხარისხიც.
მწვანე მასის მოსავლის აღება ხორციელდება პარკოსნების დაკოკრების ფაზაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ფაზაში იქნება მარცვლოვანი ბალახები.
საკვები ბალახების თესვისას ყურადღება უნდა მიექცეს: ნიადაგის თესვისწინა დამუშავებას, განოყიერებას, თესვის ვადებს, ხერხს, წესს, თესლის ჩათესვის სიღრმეს, თესვის ტექნიკისა და თესვის ნორმების დაცვას.ნიადაგის თესვისწინა დამუშავება საკვები ბალახების თესლის თანაბარი და კარგი აღმოცენების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
ბალახნარევის თესვა საფარქვეშ ხდება ჯვარედინად, რომლის დროსაც ჯერ ითესება საფარი კულტურა (ხორბალი, ქერი, შვრია ან სხვ.), ხოლო შემდეგ ბალახნარევი, დადგენილი ნორმითა და ჩათესვის სიღრმის მიხედვით.სხვა ვარიანტის მიხედვით ბალახნარევების თესვა ხდება მწკრივთაშორის, როდესაც საფარი კულტურების მწკრივთაშორის ითესება ბალახნარევი. აღნიშნული წესით თესვა წარმოებს სათესი მანქანით. საფარქვეშ მყოფი მრავალწლოვანი ბალახების დაჩაგვრის შესამცირებლად, მათი თესვის ნორმას ზრდიან, ხოლო საფარი კულტურებისას — ამცირებენ 20-30%-ით და იღებენ ადრეულ გაზაფხულზე (სათივედ, მწვანე საკვებად).
სათესი მანქანის უქონლობის შემთხვევაში, ბალახების თესვა დასაშვებია ხელითაც (მობნევით). ამ დროს პირველად ითესება მსხვილთესლიანი ბალახები 3-4 სმ-ის სიღრმეზე, ჩაფარცხვით (მდელოს წივანა, უფხო შვრიელა, სათითურა, კოინდარი, კაპუეტა, ჭანგა, ესპარცეტი და სხვ.), ხოლო მეორე რიგში წვრილთესლიანი ბალახები (სამყურა, იონჯა, ტიმოთელა, თივაქასრა, ნამიკრეფია), რომელთა ჩაკეთება ხდება მსუბუქი ფარცხით და ხის საგორავებით.
პარკოსანი ბალახები უფრო სწრაფად აღმოცენდება, ვიდრე მარცვლოვნები. მაგალითად, ლურჯ იონჯას განსაკუთრებული ბიოლოგიური თავისებურება ახასიათებს. მას თბილ ამინდში, ნაყოფიერ და ტენით უზრუნველყოფის პირობებში ერთ სავეგეტაციო პერიოდში შეუძლია მოგვცეს 6-8 ნათიბი. პარკოსნების თივის შრობისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან მათი ფოთლები გადაბრუნების, გადატანისა და დაზვინვის დროს ადვილად იმტვრევა და იკარგება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარისხს.
პარკოსანი ბალახების უმრავლესობა საუკეთესო საკვები მცენარეებია, როგორც საძოვარზე, ასევე თივის სახით. იმ ფართობებზე, სადაც ჭარბობს პარკოსნები, განსაკუთრებით ნამისა და წვიმის შემდეგ, პირუტყვის ძოვების დროს საჭიროა სიფრთხილე, რადგან მსხვილი რქოსანი პირუტყვი და ცხვარი შეიძლება მუცლის გაბერვით (ტიმპანიტით) დაავადდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ კურდღლისფრჩხილა, ესპარცეტი და თეთრი სამყურა გაბერვას არ იწვევს.
პარკოსნების ყველა სახეობა მაღალი ყუათიანობისა და კარგი მონელებადობის გამო საკვებ ბალახებს შორის პირველ ადგილზე დგას. პარკოსნებიდან უპირატესი გამოყენებით ხასიათდება ლურჯი ანუ სათესი იონჯა (Medicago sativa L.). სათანადო ტენისა და ტემპერატურის პირობებში გათიბვიდან 40-45 დღეში მისი ახალი ყლორტები ყვავილობას აღწევს და კვლავ გასათიბი ხდება.
კოკრობის ფაზაში აღებული ლურჯი იონჯას თივა 20% პროტეინს და 50 საკვებ ერთეულს შეიცავს. იგი კულტურაში შეტანილია 200 წლის წინათ. თივის საშუალო მოსავლიანობა 15-20 ტ/ჰა-მდე მერყეობს. კარგი მოვლისა და მაღალი აგროტექნოლოგიის პირობებში იონჯა ბალახნარში 25 წლამდე ძლებს. ჩვეულებრივ იონჯა სავეგეტაციო პერიოდში 2-3 ნათიბს იძლევა, სარწყავ პირობებში 5-7-ჯერ ითიბება. მას აქვს ღრმად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელიც ნიადაგში 8-10 მ სიღრმეს აღწევს. ყინვაგამძლეა. ბალახნარევებში ითესება როგორც სათიბად, ასევე საძოვრად გამოყენებისათვის.
იონჯას როგორც თივა, ასევე მწვანე ბალახი მაღალყუათიანია. ყვავილობის ფაზაში 100 კგ ბალახი შეიცავს 21,3 საკვებ ერთეულს და 4 კგ მონელებად პროტეინს, ხოლო თივაში შესაბამისად-50,2 და 13,7. იონჯას სუფთად თესვისათვის საჭიროა 18-20 კგ/ჰა, ხოლო ნარევში მარცვლოვნებთან თესვისას — 10-12 კგ/ჰა თესლი. მობნევით თესვისას თესვის ნორმა დიდდება 10-15%-ით.
იონჯა ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის მოითხოვს სასტარტო რაოდენობის აზოტს, რათა დააგროვოს მწვანე მასა. აზოტის გამოყენება აუცილებელია ახალგაზრდა აღმონაცენის გამოსაკვებად და ყოველი შემდგომი გათიბვის თუ არა ყოველი მეორე განათიბის შემდეგ. აზოტის ნორმა საშუალოდ სავეგეტაციო პერიოდში უდრის 60 კგ/ჰა (მოქმედი ნივთიერების ანგარიშით). სამაგიეროდ, იონჯას დიდი მოთხოვნა აქვს ფოსფორისა და კალიუმისადმი. 1 ტონა თივის მისაღებად მცენარე ითვისებს 6 კგ P2O5 და 17-20 კგ K2O. საუკეთესო შედეგს იძლევა ორგანული სასუქის შეტანა წინამორბედი კულტურის ქვეშ ფოსფორისა და კალიუმის ფონზე (ნაკელი 20 ტ + P-2-3 ც/ჰა და 1ც. K).
სიცოცხლის მომდევნო წლებში ნათესის მოვლა იწყება ადრე გაზაფხულიდან, როცა ნათესებში შეაქვთ სასუქები და NPK დაიფარცხება. ყოველი გათიბვის შემდეგ ნიადაგი უნდა მოირწყას, რათა ნიადაგში სრული წყალტევადობის 75-80% ტენი დავიცვათ, რაც უზრუნველყოფს მცენარის ენერგიულ აქვიტიანობას. იონჯას ნათესიდან მწვანე მასის მიღება შესაძლებელია აპრილის ბოლოს — მაისის პირველ რიცხვებში, ხოლო შემდეგში ყოველი 25-30 დღის ინტერვალით.
იონჯის მწვანე მასის საშუალო მოსავალი შეადგენს 30-30 ტ/ჰა, ხოლო მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის დაცვით მისი მოსავალი 50 ტონასაც აღწევს. სარგებლობის პირველ-მეორე წელს იონჯას ნათესი უნდა გაითიბოს, ხოლო შემდგომ წლებში დასაშვებია ძოვებაც. მსხვილფეხა პირუტყვის ძოვება შეიძლება მცირე ხნის განმავლობაში, თანდათანობით. ძოვების ჯერადობა სავეგეტაციო პერიოდში შეადგენს 7-8-ს. იონჯას ნათესი მწვანე მასის მაქსიმალურ მოსავალს იძლევა მე-3-მე-4 წელს.
მარცვლოვანი ბალახების კვებითი ღირსება მეტად მაღალია როგორც საძოვარზე, ასევე თივის დამზადებისას. მიღებული მასა კარგად ინახება, გადაზიდვისას ფოთლები არ იმტვრევა.
მარცვლოვანი ბალახების ზრდის წერტილი მუხლის არეში-ფოთლის ძირთან ახლოსაა მოთავსებული და ძოვებისას ეს ადგილი უმეტეს შემთხვევაში დაუზიანებელი რჩება მაშინ, როდესაც პარკოსნებისათვის დამახასიათებელია კენწრული ზრდა. გამომდინარე აქედან, ძოვებისას პარკოსნების სწორედ ეს ნაწილი ზიანდება და მცენარე ადვილადაც იღუპება, ხოლო მარცვლოვანი ბალახები შედარებით ადვილად იტანს ძოვებას.
პარკოსნებისაგან განსხვავებით მარცვლოვნებს დატოტვა არ ახასიათებთ, სამაგიეროდ ხასიათდებიან მძლავრი ბარტყობის უნარით.
ბოლო პერიოდში მარცვლოვნებიდან უმეტესად გამოიყენება სათითურა (Dactylis glomerata L). იგი ხასიათდება ნიადაგისადმი ნაკლები მოთხოვნით, მხოლოდ ვერ ეგუება ქვიშნარ ნიადაგებს. კარგად იზრდება მცირე ხნით ნარწყულ ადგილებში, მაგრამ ხანგრძლივ შეტბორვას ვერ იტანს, ასევე ვერ ეგუება დამლაშებულ ნიადაგებს. ბარტყობის ნასკვი შედარებით მაღლა აქვს, რის გამოც ვერ იტანს გაზაფხულის ყინვებსა და უთოვლო ზამთარს.
თესვის წელს სათითურა ნელა და სუსტად ვითარდება. სრულ განვითარებას სიცოცხლის მესამე წელს აღწევს. გათიბვის შემდეგ მცენარის განახლება სწრაფად ხდება. განვითარების გვიან ფაზებში (დათავთავებიდან) უხეშდება და პირუტყვი ნაკლებად ეტანება მწვანე მასას. სიცოცხლის პირველ წელს ინვითარებს მხოლოდ ვეგეტატიურ ნაწილებს, ფართო მოგრძო ფოთლებით. ტენის მოყვარულია, ადრე გაზაფხულზე აზოტით განოყიერების შემთხვევაში იძლევა მწვანე მასის საკმაოდ მაღალ (50 ტ/ჰა) მოსავალს. ხასიათდება მაღალი ზამთარგამძლეობით, ნაკლებად გვალვაგამძლეა. დატბორვას ვერ უძლებს. კარგად ხარობს თიხნარ და თიხიან-ეწერ და მჟავე ph — 4,7-5,5 ნიადაგებზე.
სათითურა ხასიათდება მაღალი ყუათიანობით — ყოველი 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 22,8 საკვებ ერთეულს და 0,9 მონელებად ცილას. დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს, რომ პარკოსნებისაგან განსხვავებით ნაკლები ფოთოლცვენა ახასიათებს შრობისა და ტრანსპორტირების დროს. 100 კგ თივა შეიცავს 54,5 საკვებ ერთეულს და 4,3კგ მონელებად პროტეინს. ბალახნარში 8-12 წელს ძლებს. გაზაფხულიდან ადრე იწყებს განვითარებას. ხელსაყრელ პირობებში ოთხჯერ ითიბება. მეორე ნათიბი პირველს არ ჩამორჩება და ბევრ ფოთოლს შეიცავს. ამ მხრივ ყველა მარცვლოვანს ჯობნის. ითიბება ყვავილობის ფაზაში, გვიან თიბვისას უხეშდება. პირველი გათიბვის შემდეგ აქვიტი არ ყვავილობს. დათავთავებისას სათითურა საუკეთესო საკვები ბალახია. ნედლი პროტეინის შემცველობა შეადგენს 6,2-24,3%-ს, საკმაოდ მაღალმოსავლიანია. ნორმალური აგროტექნოლოგიის პირობებში 6-7 ტ/ჰა თივას იძლევა, სასუქების გამოყენებით მოსავალიანობა 15 ტ/ჰა აღწევს.
როგორც მწვანე ბალახს, ასევე თივას ყველა ცხოველი კარგად ჭამს, მაგრამ უკეთ გამოიყენებს ცხენი და მსხვილი რქოსანი. წვრილფეხა ცხოველისათვის სათითურას თივა უხეშია, რადგან ფოთლის კიდის ხაო მათ საჭმლის მომნელებელ ორგანოებს უზიანებს. ნარევებში თესვისას, 10-20%-ის რაოდენობით გამოიყენება. სუფთად ითესება მხოლოდ სათესლედ და საძოვრული გამოყენებისათვის. მობნევით თესვისას თესვის ნორმა შეადგენს 20 კგ/ჰა, ხოლო მწკრივად თესვისას — 18 კგ/ჰა, ბალახნარევებში თესვისას — 10-12 კგ/ჰა.
ბალახნარევი გამოყენების ბოლო წლებში მათი ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, სათანადო მოვლისა და სარგებლობის ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებით, მინიმუმ 6-7 წლის სარგებლობის პირობებში იძლევა მაღალ მოსავალს, ხოლო განახლების (გაახალგაზრდავების) პირობებში მათი გამოყენების პერიოდი საგრძნობლად მატულობს.
იოსებ სარჯველაძე, სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
ჯემალ ჯინჭარაძე, სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
ნიკოლოზ მიქავა, აკადემიური დოქტორი