საკვები ელემენტების ბალანსი საქართველოს მიწათმოქმედებაში და მისი რეგულირების გზები
მიწათმოქმედების გარდაუვალი შედეგია ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების გატანა მიღებული მოსავლით და ნიადაგის ორგანული ნივთიერებების გარკვეული ნაწილის დაშლით; ამიტომ, თუკი მოსავლით გატანილი საკვები ელემენტები ისევ არ დაბრუნდა, მცირდება ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერების დონე, რასაც ადგილი ჰქონდა არცთუ ისე შორეულ წარსულში.
მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მინერალური სასუქების გამოყენებით, რომელთა შექმნა კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა. მხოლოდ სასუქების შეტანითაა შესაძლებელი ნივთიერებათა წრებრუნვაში ჩარევა მიწათმოქმედებაში, მოსავლის მკვეთრად გადიდება და ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლება იმაზე მეტად, ვიდრე ნიადაგწარმოქმნის ბუნებრივი პროცესებითაა განპირობებული.
ნივთიერებათა წრებრუნვა მიწათმოქმედებაში იღებს კომპლექსურ შეფასებას და მათემატიკურ გამოსახულებას საკვები ელემენტების ბალანსში.
ბალანსურ ანალიზს დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ აგროქიმიის ფუძემდებლები — ი.ლიბიხი — გერმანიაში, ჟ.ბ.ბუსენგო — საფრანგეთში, ლოოზი — ინგლისში, დ.ნ.პრიანიშნიკოვი — რუსეთში. ი.ლიბიხი თვლიდა, რომ მოსავლის მიერ მოხმარებული ნაცრის ყველა ელემენტი, მიუხედავად ნიადაგის უზრუნველყოფისა, უნდა დაბრუნდეს სასუქის სახით. კ.ა.ტიმირიაზევი მაღალ შეფასებას აძლევდა ი.ლიბიხის შრომას. იგი აღნიშნავდა: „სწავლება დაბრუნების აუცილებლობაზე, მიუხედავად ყოველგვარი ცდისა შეეზღუდათ მისი მნიშვნელობა, წარმოადგენს მეცნიერების ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვარს”.
ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი ბალანსური გაანგარიშება ეკუთვნის ჯონსტონსა და კამერონს ინგლისისთვის 1874 წელს. ეს იყო თანამედროვე გამოკვლევებისთვის სავსებით არაჩვეულებრივი გარესამეურნეო ბალანსი. ავტორებმა დაასკვნეს, რომ ინგლისის ნიადაგები თესლით, სასუქებითა და საკვები საშუალებებით მეტ ფოსფორს ღებულობდა, ვიდრე იგი სასაქონლო პროდუქციით გაიტენებოდა. მას შემდეგ ასოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინგლისში არსებობს ფოსფორის დადებითი ბალანსი, რაც უზრუნველყოფს მოსავლის სისტემატურ ამაღლებას.
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული არაერთხელ გამოქვეყნდა აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ბალანსი ყოფილი საბჭოთა კავშირის მიწათმოქმედებაში. სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოანგარიშებული იქნა ბალანსი რსფსრ, უკრაინის, ბელორუსიის და სხვა რესპუბლიკებში.
საკვები ელემენტების ბალანსის პრობლემაზე დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოში ცნობილი მეცნიერების შ.ჭანიშვილის, ი.სარიშვილის. ა.მენაღარიშვილის, ი.ნაკაიძის, მ.ბზიავას, ო.ზარდალიშვილის, ო.ონიანის, ვ.ცანავას და სხვ. მიერ.
საკვები ელემენტების ბალანსს საქართველოს მიწათმოქმედებაში ვსწავლობდით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ბალანსური გაანგარიშებების დამაჯერებლობის ხარისხი განისაზღვრება მისი შემოსავლისა და გასავლის სტატიების აღრიცხვის სიზუსტით. 70-80-იან წლებში ჩატარებული 650-ზე მეტი მინდვრის ცდის შედეგების განზოგადების საფუძველზე დადგენილ იქნა საკვები ელემენტების გამოტანა სხვადასხვა კულტურის მოსავლით და შეტანილი სასუქებიდან საკვები ელემენტების გამოყენების კოეფიციენტები, რომელიც გამოვიყენეთ ბალანსურ გაანგარიშებებში. მონაცემები ს/ს კულტურების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობაზე, მთლიან მოსავალსა და ნათეს ფართობებზე, აგრეთვე შეტანილი მინერალური და ორგანული სასუქების რაოდენობაზე აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური პუბლიკაციებიდან.
ბალანსური გაანგარიშება განსაკუთრებით ძვირფასია, როცა ის დგება დინამიკაში, რიგი წლების განმავლობაში, რადგან ერთწლიანი მონაცემები სრულად ვერ ასახავს ბალანსის საერთო მდგომარეობას.
საკვები ელემენტების ბალანსი საქართველოს მიწათმოქმედებაში გამოანგარიშებული იქნა ორი ვარიანტით: შეტანილი სასუქებიდან საკვები ელემენტების გამოყენების კოეფიციენტის გათვალისწინებით ე.წ. „ეფექტური” ბალანსი და მის გარეშე ე.წ. „საერთო” ბალანსი. ბალანსი საქართველოს მიწათმოქმედებაში გამოანგარიშებული იყო ოთხი-ხუთი წლის ინტერვალით — 1971-1975, 1976-1980, 1981-1985, 1986-1990, 1995-1999 და 2008-2012 წლებში (ცხრილი 1). როგორც ცხრილიდან ჩანს, 1971 წლიდან 1990 წლის ჩათვლით, 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მინერალური სასუქების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა, რამაც განაპირობა ს/ს კულტურების მოსავლიანობის ამაღლება და საკვები ელემენტების ბალანსის გაუმჯობესება. 1971-1990 წლების საშუალო მონაცემებით შეფარდება — N:P2O5:K2O მთლიან მოსავალში შეადგენდა — 1:0,5:1,2; მინერალური სასუქები კი კულტურების ქვეშ შეტანილი იყო შეფარდებით 1:0,45: 0,31 (N:P2O5:K2O); აზოტს, ფოსფორსა და კალიუმს შორის არსებულ ასეთ არახელსაყრელ შეფარდებას არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა აღნიშნული ელემენტების ბალანსზე ქვეყნის მიწათმოქმედებაში.
პირველი ცხრილიდან ჩანს, რომ 1971-1975 წლებში, საშუალოდ წელიწადში, ნიადაგში შეტანილი იყო 926 ათასი ცენტნერი აზოტი, 351 ათასი ც. ფოსფორი და 231 ათასი ც. კალიუმი. შესაბამისად გამოტანილი იყო — 735; 314 და 1056 ათასი ცენტნერი. ასეთ პირობებში აღინიშნა აზოტის და ფოსფორის დადებითი საერთო ბალანსი, რამაც შესაბამისად შეადგინა +14,0 და +3,0 კგ ჰექტარზე; დეფიციტი აღინიშნა მხოლოდ კალიუმის შემთხვევაში: -53,0 კგ/ჰა (78%); შემდგომ წლებში საკვები ელემენტების ბალანსი ყოველწლიურად უმჯობესდებოდა. 1986-1990 წლებში საშუალოდ წელიწადში ნიადაგში შეტანილი იყო 1262 ათასი ც. აზოტი, 514 ათასი ც. ფოსფორი და 359 ათასი ც. კალიუმი; გამოტანილი იყო 881 ათასი ც. აზოტი, 335 ათასი ც. ფოსფორი და 1105 ათასი ც. კალიუმი. ასეთ პირობებში აზოტის დადებითმა საერთო ბალანსმა შეადგინა +26,0, ხოლო ფოსფორის +12,0 კგ/ჰა; მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგში შეტანილი კალიუმიანი სასუქების რაოდენობა გაიზარდა, აღინიშნა ასევე ნიადაგიდან გამოტანილი კალიუმის რაოდენობის გაზრდაც. სხვაობამ შეადგინა — 51 კგ/ჰა; როგორც პირველი ცხრილიდან ჩანს, 20 წლის განმავლობაში აღინიშნებოდა კალიუმის ქრონიკული დეფიციტი.
თუკი მხედველობაში მივიღებთ შეტანილი მინერალური და ორგანული სასუქებიდან (ძირითადად ნაკელიდან) აზოტის, ფოსფორის და კალიუმის გამოყენების კოეფიციენტებს, აღნიშნული საკვები ელემენტების დეფიციტი ჩვენი ქვეყნის მიწათმოქმედებაში კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდება. როგორც პირველი ცხრილიდან ჩანს აზოტის, ფოსფორის და კალიუმის „ეფექტური” ბალანსი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანი ფართობისთვის დაკვირვების ყველა წელს უარყოფითია.
განსაკუთრებით საინტერესო იყო საკვები ელემენტების ბალანსის გამოანგარიშება საქართველოს მიწათმოქმედებაში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში სასუქების გამოყენება საქართველოს მიწათმოქმედებაში კატასტროფულად შემცირდა. 1995-1999 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად ნიადაგში შეტანილი იყო 75 ათასი ცენტნერი აზოტი+ფოსფორი+კალიუმი; მოსავლით გამოტანილი იყო 900 ათასი ცენტნერი (N+P+K); სამივე საკვები ელემენტის დეფიციტმა შეადგინა — 825 ათასი ცენტნერი, ანუ -103 კგ/ჰექტარზე.
2008-2012 წლებში გამოყენებული სასუქების რაოდენობის გაზრდასთან ერთად გაუმჯობესდა ბალანსის მაჩვენებლები. ნიადაგში შეტანილი იყო 231 ათასი ც. სასუქი; გამოტანილი იყო 467 ათასი ც.; სამივე საკვები ელემენტის დეფიციტმა მთელ ფართობზე შეადგინა — 236 ათასი ცენტნერი, ხოლო 1 ჰექტარ ფართობზე — 59 კგ.; სასუქები ს/ს კულტურების ქვეშ შეტანილი იყო ძალზე არახელსაყრელი შეფარდებით — N:(P2O5+K2O)=1:0,2; მაშინ, როცა საქართველოში სასუქების გამოყენების შესახებ არსებული რეკომენდაციების მიხედვით შეფარდება N:P2O5:K2O საშუალოდ უნდა შეადგენდეს 1:1:1;
მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენება საქართველოში ძალზე დაბალია (ორგანული სასუქების გამოყენება ბოლო 20 წლის განმავლობაში შემცირდა 100-ჯერ; მინერალური სასუქების — 13-ჯერ), რაც უარყოფითად მოქმედებს ნიადაგის ნაყოფიერებაზე. როგორც მეორე ცხრილიდან ჩანს, ს/ს კულტურების მოსავლით გამოტანილი საკვები ნივთიერებების N+P2O5+K2O 8%-ის ანაზღაურება ხდება ორგანული სასუქების ხარჯზე, 28%-ის — მინერალური სასუქების ხარჯზე, ხოლო 64% გამოიყენება ნიადაგის მარაგების ხარჯზე, რაც ნიადაგის გაღარიბებას და გამოფიტვას იწვევს.
ისმება კითხვა: შეიძლება თუ არა შევეგუოთ საკვები ელემენტების ასეთ დეფიციტს? პასუხი აღნიშნულ შეკითხვაზე დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ნიადაგური საფარის ამჟამინდელ მდგომარეობასთან. ს/ს სავარგულების დაახლოებით 60-65% ხასიათდება გაცვლითი კალიუმის დაბალი შემცველობით, ხოლო 70-80% უკიდურესად ღარიბია მოძრავი ფოსფატებით. განსაკუთრებით დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში შეინიშნება ნიადაგის ნაყოფიერების უმთავრესი მაჩვენებლის — ჰუმუსის მწვავე დეფიციტი და მისი ბალანსი უარყოფითია. პრაქტიკულად არ ხდება ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.
სწორედ ამიტომ იმატა ქვეყანაში დაუმუშავებელმა მიწის ფართობებმა და შესაბამისად იკლო ნათესმა ფართობებმა. მაგალითად, 2002 წელს სახნავი ფართობი 795,3 ათასი ჰექტარი იყო. ამ წელს ნათესმა ფართობმა შეადგინა 577 ათასი ჰა, ხოლო დაუმუშავებელმა — 218,3 ათასი ჰექტარი. შემდგომ წლებში იკლო ნათესმა ფართობებმა და 2012 წელს შეადგინა მხოლოდ 259,6 ათასი ჰა, დაუმუშავებელი ფართობები კი გაიზარდა 538 ათას ჰექტრამდე.
საქართველოს მიწათმოქმედებაში კალიუმის ქრონიკული დეფიციტი ერთ-ერთი მიზეზია აზოტიანი და ფოსფორიანი სასუქების დაბალი ეფექტურობისა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე სასუქის აზოტის დანაკარგის გადიდება და მათი მიზეზით წყალსაცავების, მდინარეების და ჭების დაბინძურება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მთლიანი მოსავლისა და საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის გადიდებისთვის, აგრეთვე სასუქების ეფექტურობის ამაღლებისთვის აუცილებელია საკვები ნივთიერებების დეფიციტის აღმოფხვრა და მათი შეფარდების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად ამაღლდეს მათი ეფექტურობა.
საქართველოს მიწათმოქმედებაში საკვები ელემენტების ბალანსის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ბალანსური გაანგარიშებების საფუძველზე გადიდდეს სოფლის მეურნეობისადმი მინერალური და ორგანული სასუქების ყოველწლიური მიწოდება.
აუცილებელია სასუქების გამოყენების რეკომენდაციების მკაცრი დაცვა. სასუქების ოპტიმალური დოზების, შეფარდებისა და შეტანის ვადების დაუცველობა არა მარტო ამცირებს მათ ეფექტურობას, არამედ ქმნის აგრეთვე გარემო არის დაბინძურების საშიშროებას.
მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ნიადაგის აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის დანაკარგი ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების მთელი კომპლექსის გატარებით და მორწყვის ტექნიკის გაუმჯობესებით. უნდა გაიზარდოს „ბიოლოგიური” აზოტის შემოსავალი პარკოსანი კულტურების მოსავლიანობის ამაღლების გზით; ამაღლდეს ნაკელის რაოდენობა და ხარისხი პირუტყვის ბაგური პერიოდის გახანგრძლივებით და ნაკელის შენახვის წესების გაუმჯობესებით.
გოგოლა მარგველაშვილი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“