სამარცვლე საფურაჟე კულტურები
ფერმის მარცვლეულის მეურნეობა მაღალპროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველია. სამარცვლე საფურაჟე კულტურების როლი საკვები ბაზის განმტკიცებაში მეტად მნიშვნელოვანია. ფერმერმა უნდა განასხვაოს ერთმანეთისგან მარცვლეული კულტურების ორი ძირითადი ჯგუფი: მარცვლეული პურეული და მარცვლეული პარკოსნები.
პირველს ეკუთვნის სამარცვლე პურეული მარცვლოვანთა ოჯახიდან: ხორბალი, ჭვავი, სიმინდი, ქერი, შვრია, სორგო.
სამარცვლე პარკოსნებს კი მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახის კულტურები: ბარდა, საკვები ცერცვი, უგრეხელი, სოია, ხანჭკოლა, ცულისპირა, მუხუდო, ვიგნა, დოლიხოსი და სხვ.
მარცვლოვანი მცენარეების უმრავლესობა გამოიყენება კომბინირებული საკვების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად. ღორისა და ფრინველის ულუფაში მას ყველა სახის საკვების 75%-ზე მეტი უჭირავს. ასევე დიდი ხვედრითი წონა აქვს ამ კულტურებსა და მათ ანარჩენებს მაღალპროდუქტიული ძროხების ულუფაშიც.
თემის შესწავლის ძირითადი მიზანია სამარცვლე საფურაჟე მარცვლეული კულტურების ნათესების სტრუქტურის სრულყოფა, აგრეთვე მათი ნარჩენების გადამუშავებულ საკვებად გამოყენება.
აქედან გამომდინარე, ფერმერმა კარგად უნდა იცოდეს მარცვლოვანი და საფურაჟე კულტურების კვებითი ღირებულება. მათი გავრცელების ზონები, ბიოლოგიური თავისებურებანი (მოთხოვნილება სითბოს, ტენის მიმართ, ნიადაგის ძირითადი საზრდო ნივთიერებისადმი დამოკიდებულება) პოტენციური მოსავლიანობა, მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა, აგრეთვე ეკოლოგიურად სუფთა, ინტენსიური, ორგანული/ბიო, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (კულტურების) და ბიოლოგიური მიწათმოქმედების ტექნოლოგიები.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საფურაჟე მარცვლეული კულტურების ეკონომიკურ ეფექტიანობას, რომელიც სწორი აგროტექნიკის პირობებში შედარებით მაღალ მოსავალს და იაფფასიან ენერგეტიკულ საკვებ ერთეულს იძლევა. წარმოდგენა უნდა გვქონდეს მარცვლეული კულტურების შენახვის, მის კომბინირებულ საკვებად გადამუშავებისა და პირუტყვის საკვებად გამოყენების მნიშვნელობაზე.
სამარცვლე პარკოსნები პროტეინის, ცილისა და ამინომჟავების შემცველობით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. მცენარეული ცილის პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა ცილით მდიდარი საკვები კულტურების ნათესების გაფართოება. მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის, ზოგიერთი მათგანი ნიადაგის აზოტის ფიქსაციით დაახლოებით 200 კგ-მდე აზოტს აგროვებს ჰა-ზე. ამიტომ ფერმერმა კარგად უნდა იცოდეს სამარცვლე პარკოსანი კულტურების საერთო დახასიათება და მათი მოყვანის ძირითადი რაიონები. სამარცვლე პარკოსანი კულტურების ძირითადი წარმომადგენლები, მათი ბიოლოგია და თესვა-მოყვანის თავისებურებანი სამარცვლე საფურაჟე მიზნით გამოსაყენებლად, მათ შორის წვნიანი საკვების დასამზადებლად შუალედურ და ნარევ ნათესებში.
სასილოსე კულტურები
ყურადღებას იმსახურებს სასილოსე კულტურების ნარევი ნათესები პარკოსან მცენარეებთან ერთად, რომლებიც იძლევიან მონელებადი პროტეინით მდიდარ და უფრო ყუათიან სილოსს. ფერმერი უნდა გაეცნოს ამ კულტურათა აგროტექნიკას, მათგან მიღებული მოსავლის რაციონალურად გამოყენების ხერხებს, კერძოდ, დაკონსერვებული საკვების – სილოსის, სილაჟისა და სენაჟის დამზადების ტექნოლოგიას.
ტრადიციულ სასილოსე კულტურებთან ერთად საჭიროა გავეცნოთ პერსპექტიულ სასილოსე კულტურებს — დიყს, სილფიას, ლაშქარას, მატიტელას, ჯიჯილაყას ბიოლოგიას და მოყვანის ტექნოლოგიას, მათ ყუათიანობასა და დასილოსების თავისებურებებს.
სასილოსედ გამოიყენება ერთწლოვანი საკვები კულტურებიც: კომბოსტო, რაფსი, მდოგვი. ფერმერმა უნდა იცოდეს მათი მოვლა-მოყვანის თავისებურებანი, განსაკუთრებით შუალედური კულტურების სახით გამოყენების შემთხვევაში.
დასილოსების ტექნოლოგიის შესწავლის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მცენარეთა აღების ვადებს, აღების საუკეთესო ფაზებს, როგორადაც, სიმინდის შემთხვევაში, ითვლება მარცვლის რძისებრ-ცვილისებრი ფაზა, მზესუმზირის შემთხვევაში სასილოსედ აღება უნდა მოხდეს ყვავილობის დასაწყისში, პარკოსანი კულტურებისათვის საუკეთესოდ მიიჩნევა ქვედა ორ იარუსზე პარკების ცვილისებრი სიმწიფის ფაზა.
უფრო ადრე მათი აღება დასაშვებია მხოლოდ წაყინვების დაწყებამდე. ფერმერმა უნდა იცოდეს კომბინირებული სილოსის დამზადების ტექნოლოგია სხვადასხვა სახის პირუტყვისათვის, ხოლო სილოსის ხარისხის შესაფასებლად უნდა ერკვეოდეს მისი ხარისხის შეფასების მეთოდებში — ვიზუალურად და ლაბორატორიული წესით განსაზღვრის მეთოდიკებში.