აგროსიახლეები

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და იაპონიის სააგენტოს (JICA) თანამშრომლობა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს ვაკუი ჯუნჯის შეხვდა.
მხარეებმა ცენტრის წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი.  აქცენტი გაკეთდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და იაპონიის სააგენტოს თანამშრომლობაზე, მეხორბლეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის განხორციელების მნიშვნელობაზე.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით ერთობლივი კვლევა, ასევე, სელექციის მეთოდების გამოყენება ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს დარგობრივი ტრენინგების ჩატარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების იაპონიაში სასწავლო ტურების ორგანიზების მიმართულებით.

შეხვედრას JICA-ს საქართველოს ოფისის პროგრამების ოფიცერი კონსტანტინე წერეთელი, სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურისა და ცენტრის სხვადასხვა კვლევითი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე განთავსებულ ამპელოგრაფიულ კოლექციას გაეცნენ, დაათვალიერეს წილკნის ბაზაზე განთავსებული პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია და თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია.