აგროსიახლეები

სანერგე მასალის სერტიფიცირება, ვის შეეხება ახალი კანონი?

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით, სანერგე მეურნეობებს წარმოებული ნერგების ბაზარზე გამოტანის პირობები ეცვლება,  სავალდებულო ხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება. ახალი კანონი დაარეგულირებს ნერგების ბაზარზე გატანასთან დაკავშირებულ საკითხებს, მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო, გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის გახდება და შეეხება ყველა სანერგე მეურნეობას, განურჩევლად სიდიდის და წარმოებული ნერგების რაოდენობისა.

ასევე შემოღებულია სასერტიფიკაციო სისტემა სარგავი და გასამრავლებელი მასალებისთვის, რომლის გავლაც სანერგე მეურნეობებს შეეძლებათ სათანადო კვალიფიკაციის მიღების შემდეგ და მათ მიერ ბაზარზე გასატან ნერგებს სერტიფიკატი მიენიჭება​.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებისგან განსხვავებით, ნერგების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება.

ზემოხსენებული საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო სისტემები გამომდინარეობს ევროპის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)-ს მოთხოვნებიდან და დაფუძნებულია CAC (Conformitas Agraria Communitatis) სისტემაზე.

CAC სტანდარტი განსაზღვრავს ხეხილის ბაღების მაღალი ხარისხისა და ფიტოსანიტარულად ჯანსაღი სარგავი მასალით უზრუნველყოფის მექანიზმებს. შესაბამისად, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სტანდარტის დანერგვა შედის არა მხოლოდ სანერგე მეურნეობების, არამედ მებაღე ფერმერების და მოყვარული მებაღეების ინტერესებშიც.

საქართველოში მებაღეობის, მევენახეობის და მეხილეობის დარგები დამოკიდებულნი არიან სანერგე სექტორის მიერ ყოველწლიურად მიწოდებულ მილიონობით ნერგზე.

ამჟამად სექტორი ნერგებთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს აწყდება, როგორიც არის: ჯიშობრივი სიწმინდე, არასათანდო შეფუთვა და მარკირება, ინფორმაციის/გამჭვირვალობის ნაკლებობა, ნერგების ვირუსებით და მავნებლებით დაბინძურება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ხარისხიანი, უსაფრთხო და გამჭვირვალედ წარმოებული ნერგების ბაზარზე გამოჩენა ხელს შეუწყობს, როგორც დარგის, ისე მთლიანად სასოფლო სამეურნეო სექტორის განვითარებასა და თანამედროვე დონეზე აყვანას.

აღნიშნული კანონი უზრუნველყოფს ბაზარზე ხარისხის სტანდარტების გაზრდას და ევროკავშირთან სავაჭრო კავშირების გაფართოებას, ქართულ საკანონმდებლო ბაზის ევროპულთან დაახლოებას.

ხსენებული პროგრამის მიზნების შესაბამისად შეიქმნა „საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია“_ ააიპ, ის პირველი ასეთი ასოციაციაა საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით თესლის და ნერგების მწარმოებლებს აერთიანებს.

ასოციაცია 10 თანადამფუძნებლის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია  (FAO) ინიციატივით 2020 წლის დეკემბერს შეიქმნა. ასოციაციის ჩამოყალიბება ევროკავშირის მიერ კერძო სექტორის განვითარებისთვის ინიცირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სანერგე და სათესლე მეურნეობების სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდას. 

ასოციაციის მთავარი მიზანია სანერგე მეურნეობებში საწარმოო სტანდარტების დანერგვა და ფერმერებისთვის ხარისხიანი, მაღალპროდუქტიული, ამოსაცნობი ჯიშების მიწოდება, რათა ფერმერების შრომა წყალში არ ჩაიყაროს, რადგან ხშირად ბაზარზე ხვდება სხვადასხვა ვირუსებით დაბინძურებული, გაურკვეველი წარმოშობის თესლი და ნერგი.

ასოციაცია ხელს შეუწყობს ყველა წევრ სანერგე მეურნეობას, რათა, რაც შეიძლება მალე შეუსაბამონ თავიანთი პროდუქცია შრომა საკვალიფიკაციო სტანდარტებს.

ასოციაციაში გაწევრიანებულნი არიან სანერგე მეურნეობები, რომლებსაც აქვთ სტანდარტების დაკმაყოფილების პერსპექტივა ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა კურკოვანი კულტურები, ვაშლი, მსხალი, კაკლოვნები, ყურძენი, კენკროვნები და სხვა.

ასოციაციის ფუნქციებში შედის, საერთო ხედვისა და მიზნების გათვალისწინებით ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული დაინტერესებული პირებისა და მათი რესურსების კონსოლიდირება, მათი ინტერესების სამთავრობო დონეზე წარდგენა, კერძო სექტორთან კავშირების გაუმჯობესება.

ასოციაცია ასევე ითვისებს კლასტერის მმართველი ორგანოს ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობა სცდება ღირებულებათა ჯაჭვის ერთ რომელიმე კონკრეტულ რგოლს და მოიცავს დამხმარე სექტორებსაც, სადაც შედიან ორგანიზაციები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

ასოციაცია არის ღია და დემოკრატიული, სადაც უმაღლეს მმართველობის ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება, ხოლო ნებისმიერ დაინტერესებულ სანერგე თუ სათესლე მეურნეობის წარმომადგენელს, რომელიც ჯერ არ არის წევრი, შევსებული განაცხადის წარდგენის, დირექტორთა საბჭოზე განხილვის და დამტკიცების საფუძველზე შეუძლია,  ასოციაციის წევრობა მოითხოვოს.

ასოციაცია ემზადება საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის (ISF) წევრობისთვის, რაც გზას გაუხსნის მის წევრებს ითანამშრომლონ და ინფორმაცია გაცვალონ პარტნიორებთან, პოტენციურ მყიდველებთან, მომწოდებლებთან და საერთაშორისო დონეზე დაინტერესებულ პირებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა, ისევე როგორც მთლიანად პროექტი, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოში მებაღეობის და მეხილეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.