საფრანგეთმა ბუნებრივი ღვინო საკანონმდებლო დონეზე აღიარა! რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?
2020 წლის მაისში, საფრანგეთში დასრულდა მრავალწლიანი საკანონმდებლო ბრძოლა და საბოლოო ჯამში შემუშავდა კანონი, რომელიც ოფიციალურად აღიარებს და კონვენციურისგან მიჯნავს ბუნებრივ ღვინოს. ეს არის ფრანგული მცირე მარნების მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომლებიც მრავალი წელი იბრძოდნენ ამ აღიარებისთვის.
ბუნებრივი ღვინის დაყენების მეთოდი და ფილოსოფია მთელს მსოფლიოში ეფუძნება მეურნეობაში არსებული განახლებადი რესურსების ფართო გამოყენებას, ბუნებრივი სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას, ბიოპროდუქტის გადამუშავებისას მისი ორგანული მთლიანობისა და აუცილებელი სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას. ეს მეთოდი სრულად გამორიცხავს სინთეზური საშუალებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტის გამოყენებით ღვინის წარმოებას და შეესაბამება წინასწარ წესებით დადგენილ მოთხოვნებს.
2020 წელს საფრანგეთში მიღებული ,,ისტორიული კანონის’’ მიხედვით, ბუნებრივი ღვინოების მისაღებად ყურძნის დაკრეფა უნდა მოხდეს მხოლოდ ხელით ორგანოს მიერ უნდა დადასტურდეს, რომ ვენახი არ იწამლება პესტიციდებით, ჰერბიციდებითა და სხვა ნივთირებებით, რომელსაც ბუნებრივი მეღვინეობა სრულად გამორიცხავს.
ამავე კანონის მიხედვით, ღვინოს ,,ბუნებრივი ღვინო“ რომ ეწოდოს, მასში არ უნდა იყოს გამოყენებული არანაირი დამატებითი მინარევი, არ უნდა ხდებოდეს ღვინოში რაიმე სახის ქიმიური ნივთიერებების შერევა, არ უნდა გამოიყენებოდეს ენზიმები, ხელოვნური საფუარი, ანტილექური ხსნარები. ე.წ. ფლეშ-პასტერიზაცია, თერმოვინიფიკაცია და სხვა.
წყარო: https://tinyurl.com/sxvzzy48
მხოლოდ ამის შემდეგ ღვინოები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ბუნებრივი ღვინისთვის აუცილებელ ყველა კრიტერიუმს, შექმნიან ახალ ე.წ. ნომინალს და საფრანგეთის ღვინის ბაზარზე გაიყიდებიან ტერმინი -, „vin méthode nature“-ს გამოყენებით.
ამ ყველაფერს მალევე მოჰყვა ის, რომ უკვე 2020 წლის შემოდგომაზე საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ხარისხის ეროვნულ ინსტიტუტის ინიციატივით შეიქმნა „ბუნებრივი ღვინის კავშირი“, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბუნებრივი ღვინის აღიარებისთვის ერთ-ერთი მებრძოლი ლუარელი ბუნებრივი მევენახე-მეღვინე ჟაკ კაროგე. გაერთიანებამ ჩამოაყალიბა კრიტერიუმთა სია, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელი აქვთ იმ მეღვინეებს, რომლებიც ბუნებრივი ღვინის სეგმენტში არიან ან მომავალში აპირებენ ოპერირებას.
ფრანგი ბუნებრივი ღვინის მწარმოებელთა აზრით, არსებული ევროპული რეგულაციები ჯერ კიდევ დაუხვეწავია და კრძალავს ეტიკეტზე ტერმინის “ნატურალური” ღვინის გამოყენებას. ამიტომ „ბუნებრივი ღვინის კავშირმა“ შეიმუშავა ტერმინი “vin méthode nature“, რომელზეც ვერავინ მოედავება, მით უმეტეს, რომ უკვე საფრანგეთის კანონმდებლობითაც არის აღიარებული. დასახელება ექვემდებარება სამწლიან საცდელ პერიოდს და შესაძლებელია სამომავლოდ საბოლოოდ დამკვიდრდეს. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდიარე, ეს დამოკიდებულია იმაზეც, მომხმარებელი რამდენად კარგად მიიღებს ასეთ ახალ ტერმინს და ეს როგორ აისახება ბუნებრივი ღვინის გაყიდვებზე.
ღვინის ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს თვეებში 100 -ზე მეტი ფრანგული ღვინის მარანი გამოჩნდება ღვინის ბაზარზე, როგორც “vin méthode nature“-ს მწარმოებელი და მათ სულ მალე ესპანელი და იტალიელი მეღვინეეებიც შეუერთდებიან.
წყარო: https://tinyurl.com/w65pwb
საქართველოში კანონმდებლობის კუთხით ბუნებრივი ღვინო ჯერ კიდევ არაა აღიარებული, როგორც ღვინის ცალკეული და მასობრივი წარმოების ღვინისგან მკვეთრად გამიჯნული სეგმენტი. თუმცა, მეღვინეებმა უკვე ჩამოაყალიბეს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც აერთიანებს ქართულ მცირე მარნებს, რომლებიც ვენახსაც და ღვინოსაც ბუნებრივი ღვინის წესების დაცვით უვლიან. ასოციაციამ შექმნა შიდა კონტროლისა და ინსპექტირების ორგანო, რომელიც მასში გაერთიანებულ მარნებს მუდმივად ამოწმებს და ახდენს როგორც ვენახის მოვლის, ასევე უშუალოდ ღვინის წარმოების კონტროლს.
საქართველოს მეღვინეობაში , სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კანონით (რეგლამენტით) დაშვებული უამრავი ნივთიერების გამოყენებით (რამდენიმე მათგანი აკრძალულიც კი არის ზოგ წამყვან ქვეყანაში) ხდება ღვინის ორგანოლეპტიკისა და შემადგენლობის კორექცია ქარხნებსა და არაბუნებრივი მეღვინეობის მიმდევართა მარნებში „სტანდარტული” ღვინოების მისაღებად.
ბუნებრივი მეღვინეობის მიმდევრები, ცხადია ამას არ აკეთებენ და ამიტომ “სტანდარტული” ღვინისაგან თვისობრივად განსხვავებულ ბუნებრივ ღვინოებს იღებენ. ასეთი ბუნებრივი ღვინის აღქმა კი ცოტა ძნელია მათთვის, ვისაც არ აქვს ამგვარ ღვინოსთან ურთიერთობის გამოცდილება. თუმცა ფაქტია, რომ მთელს მსოფლიოში ბუნებრივ ღვინოზე (მათ შორის ქართულ ბუნებრივ ღვინოზე) მოთხოვნა წლიდან -წლამდე იზრდება. ეს ტენდენცია მხოლოდ გლობალური პანდემიის პირობებში, შეფერხდა, რაც იმედია მხოლოდ დროებითია.
ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ საქართველოც აუწყობს ფეხს ევროპულ ტენდენციას და პირველყოვლისა ეს სათანადო კანონმდებლობით უნდა გამყარდეს.
წყარო: nwa.ge