აგროსიახლეებიმედიასტატიები

საქართველოს აგრარული სექტორის მაჩვენებლებისა და გამოწვევების ანალიზი

საქართველოს აგრარული სექტორი პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში ხშირი განხილვის საგანია, თუმცა მისი აკადემიური ანალიზი და შემდეგ ამ ანალიზის პოლიტიკაში გადატანა არცთუ ისე გავრცელებული პრაქტიკაა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მეტი აკადემიური, ფაქტებზე და რიცხვებზე დაფუძნებული დებატის დამკვიდრება, რაც ნაკლებ სივრცეს დაუტოვებს პოპულიზმს და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებს მინიმუმამდე დაიყვანს.
აგრარული სექტორი, იგივე სოფლის მეურნეობის სექტორი, მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, მეცხოველეობას და თევზჭერას. ის კვების სექტორის ერთადერთი წყაროა და მოცემულ სექტორზეა დამოკიდებული თუ როდის, რამდენს, რა ხარისხის, რა ფასის საკვებ და სასმელ პროდუქტს მიიღებს საბოლოო მომხმარებელი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 70 წლის მანძილზე, ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას მთავრობა ცენტრალიზებულად იღებდა, ხოლო მისი დაშლის შემდეგ, ქვეყანას დროის მოკლე პერიოდში მოუწია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, რასაც გზად უამრავი მტკივნეული შედეგი მოჰყვა. მიზეზი, პირველ რიგში,  ეკონომიკურად, სისტემურად და მორალურად უსამართლო და არასწორი ტოტალიტარული სისტემა იყო, ხოლო მეორე მხრივ, ტრანზიციის პერიოდში და შემდეგ, მრავალი არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

სექტორის სრულფასოვნად გასაანალიზებლად ძალიან ბევრი ფაქტორი გამოიყენება, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია:

  • სექტორის მიერ შექმნილი სიმდიდრე და მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში;
  • სექტორის რეალური ეკონომიკური ზრდა წლიდან წლამდე;
  • სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და შემოსავლები;
  • სექტორის ეფექტიანობა სხვა სექტორებთან შედარებით;
  • საშუალო ფერმის ზომა.

შექმნილი სიმდიდრე და წილი ქვეყნის ეკონომიკაში

აგრარულ სექტორს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი უკავია. 2022 წელს სექტორის მთლიანმა გამოშვებამ 7.1 მლრდ ლარი შეადგინა, მშპ-ში შექმნილმა სიმდიდრემ კი 4.4 მლრდ ლარი. აღნიშნული, ქვეყნის მშპ-ის 7% იყო.

გრაფიკი 1: მთლიან შიდა პროდუქტში აგრარული სექტორის ნომინალური და პროცენტული მაჩვენებლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკიდან ჩანს, რომ მშპ-ში აგრარული სექტორის გამოშვება 2010-2022 წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და საშუალო ზრდამ 7.8% შეადგინა, თუმცა ამ რიცხვის ნომინალში დათვლა აკადემიურად ნაკლებად გამართლებულია და მნიშვნელოვანია ფასების ზრდით გათვალისწინებული (იგივე ინფლაციით გათვალისწინებული) რიცხვების აღება. 2015 წლის ფასებში გამოსახულ მშპ-ში, აგრარული სექტორის კონტრიბუციის საშუალო ზრდის ტემპმა მხოლოდ 2.7% შეადგინა.

გრაფიკი 2 ნათლად აჩვენებს, რომ ეკონომიკაში აგრარული სექტორის წილი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა იმაზე, თუ განვითარების რა ეტაპზეა ქვეყანა. რაც ნაკლებია წილი, მით მეტად განვითარებულია ქვეყანა.

გრაფიკი 2: აგრარული სექტორის წილი მშპ-ში და მშპ ერთ სულზე (PPP), 2021

წყარო: მსოფლიო ბანკი, ავტორის გამოთვლები

გრაფიკ 2-ზე მოცემულია მსოფლიოს 185 ქვეყნის ერთ სულზე სიმდიდრისა და მშპ-ში აგრარული სექტორის წილების დამოკიდებულება 2021 წელს. მოცემულ ორ ცვლადს შორის სტატისტიკური კორელაცია -0.60.1%-ია, რაც ძლიერ კორელაციას წარმოადგენს. ამ შედეგს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა ის, რომ რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით ნაკლებია მის მიერ საკვებზე დახარჯული თანხა პროცენტულად მთლიან შემოსავალთან. აგრეთვე, აგრარულ სექტორში მუშაობა გაცილებით რთულ სამუშაო პირობებს უკავშირდება, ხოლო სიმდიდრესთან ერთად, ქვეყანაში ჭარბობს მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილები. მესამე ძირითად მიზეზს ურბანიზაცია წარმოადგენს. დროთა განმავლობაში, სხვა თანაბარ პირობებში, ქვეყნების ურბანიზაციის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე (PPP) 17 000 აშშ დოლარი იყო, ხოლო აგრარული სექტორის წილი ეკონომიკაში 6.5%. ერთ სულზე მსგავსი სიმდიდრის ქვეყნები ასევე მსგავსი მდგომარეობით გამოირჩევნიან. მაგალითად, ბოსნია და ჰერცოგოვინა 5.2%, ჩრ. მაკედონია 7.2%, კოლუმბია 7.4%, მექსიკა 3.9%. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სურათი შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 1: საქართველო და რეგიონის ქვეყნები

წყარო: მსოფლიო ბანკი

სექტორის რეალური ეკონომიკური ზრდა წლიდან წლამდე

აგრარული სექტორის განვითარებას წლიდან წლამდე, ყველაზე ნათლად რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპი აღნიშნავს, რადგან გამოკლებულია ინფლაციის ტემპი და ასახავს რეალურად რამდენით მეტი იწარმოება წლების მიხედვით.

ცხრილი 2: მშპ და მშპ-ში აგრარული სექტორის რეალური ზრდა, 2011-2022 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 2 აჩვენებს, რომ 2011-2022 წლებში აგრარული სექტორი საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა 1.7-ჯერ მეტით, – 4.7%-ით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აგრარული სექტორი გაცილებით წარუმატებლად ფუნქციონირებს, ვიდრე საქართველოში არსებული სხვა სექტორები საშუალოდ. მოცემული ტენდენცია 2021 და 2022 წელსაც გაგრძელდა. მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა 2021 წელს 10.5%-ით გაიზარდა, აგრარული სექტორის ზრდა 7-ჯერ ნაკლები, 1.5% იყო, ხოლო 2022 წელს 3.5-ჯერ ნაკლები.

გარდა საშუალო ზრდისა, აგრარული სექტორის ზრდა მაღალი ფლუქტუაციით გამოირჩევა. მაგალითად, 2017 წელს 7.7%-იან ვარდნას 13.8%-იანი ზრდა მოჰყვა 2018 წელს, რაც სექტორის მცირე ზომაზე და არასტაბილურობაზე მიუთითებს. სექტორის რეალური ეკონომიკური ზრდის სტანდარტული გადახრა 2011-2022 წლებში 6.6 პროცენტული პუნქტი იყო.

სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და შემოსავლები

2022 წელს, საქართველოში სამუშაო ძალა 1.55 მლნ ადამიანი იყო. აქედან დასაქმებული 1.28 მლნ. აგრარულ სექტორში დასაქმება მთლიანი დასაქმების 19%-ს წარმოადგენდა, რაც 230 ათასი ადამიანი იყო.

ცხრილი 3: დასაქმებულთა განაწილება ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, 2021 წელი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

დიაგრამა 1: სექტორული დასაქმება, 2021 წელი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

როგორც ცხრილი 3 და დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ აგრარული სექტორი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია დასაქმების ბაზარზე. სექტორი უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე ვაჭრობა (50 000 ადამიანით მეტს).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგროდასაქმება მაგალითად, 2019 წელს, 43%-ს შეადგენდა და ამ მხრივ გაცილებით რთული მდგომარეობა იყო, ვიდრე დღეს. სტატისტიკის სამსახურმა მეთოდოლოგიის განახლების შემდეგ, სამუშაო ძალიდან ასიათასობით ადამიანი ამოიღო და შესაბამისად, აგროდასაქმება მკვეთრად შემცირდა. 2019 წელს თვითდასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში 49.7% იყო, ხოლო 2020 წელს 30.7%-მდე შემცირდა.

სხვა ქვეყნების შედარებისას, ისევე როგორც აგრარული სექტორის წილი ეკონომიკაში, აგრარულ სექტორში დასაქმება მცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენად მდიდარია ესა თუ ის ქვეყანა ერთ სულზე.

გრაფიკი 3: აგროდასაქმება (%) და მშპ ერთ სულზე (PPP)

წყარო: მსოფლიო ბანკი

გრაფიკი 3 აჩვენებს, რომ 175 ქვეყნიდან, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა ერთ სულზე, პროცენტულად მით ნაკლები ადამიანია დასაქმებული აგრარულ სექტორში. კორელაცია ორ ცვლადს შორის 64%-ია, რაც სტატისტიკურად ძლიერ ურთიერთკავშირად ითვლება.

იმ ქვეყნებში, რომელთა მშპ სულზე (PPP) საქართველოს მსგავსია, აგროდასაქმება მცირედით, მაგრამ მაინც დაბალია. ბოსნია და ჰერცოგოვინა 18%, კოლუმბია 15.8%, ჩრ. მაკედონია 14% და სხვა. რეგიონის ქვეყნების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი 4: ერთ სულზე მშპ (PPP) და აგროდასაქმება

წყარო: მსოფლიო ბანკი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა დასაქმებისა, სექტორის წარმატებულობას ხაზს უსვამს ისიც, თუ რამდენია საშუალო შრომის ანაზღაურება და მისი შედარება სხვა სექტორებთან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, აგრარულ სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წელს 950 ლარი იყო და სიმცირით მე-5 ადგილზე იყო დანარჩენ 18 დასაქმების სექტორს შორის. საშუალო მედიანური ხელფასი აგრარულ სექტორში კიდევ უფრო დაბალი იყო – 800 ლარი.

ცხრილი 5: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახეების მიხედვით, 2014-2021 წლები (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 6: დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით, 2018-2021 წლები (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 5 და ცხრილი 6 აჩვენებს, რომ აგრარული სექტორი სხვა სექტორებთან შედარებით არ გამოირჩევა მაღალი ანაზღაურებით დაქირავებით დასაქმებულებში. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სოფელში დასაქმებულების 49% თვითდასაქმებულად ითვლება და საშუალო შემოსავლების დონეც შესაბამისად დაბალია. 2022 წელს სოფლად 259.7 ათასი თვითდასაქმებული ადამიანი იყო, ხოლო ქალაქში 152.3 ათასი ადამიანი.

სექტორის ეფექტიანობა სხვა სექტორებთან შედარებით

მე-4 ცხრილმა აჩვენა, რომ აგრარული სექტორი გაცილებით ნაკლები ტემპით იზრდება, ვიდრე საშუალოდ ქვეყნის ეკონომიკა. კერძოდ, 2011-2022 წლებში, აგრარული სექტორის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, ხოლო მშპ-ის საშუალო ზრდის ტემპმა ამავე პერიოდში 1.74-ჯერ მეტი – 4.7%.

2022 წელს, ეფექტიანობის თვალსაზრისით, მკვეთრი დისბალანსი ჩანდა აგროდასაქმების და მშპ-ში აგრარული სექტორის წილის თანაფარდობითაც. კერძოდ, ქვეყანაში დასაქმებულების 19%, რომელიც აგრარულ სექტორში დასაქმებულებს წარმოადგენდნენ, მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 6.5%-ს ქმნიდნენ, ხოლო დანარჩენი დასაქმებულების 81% მშპ-ის 93.5%-ს ქმნიდა. მოცემული რიცხვებიდან გამომდინარე, საშუალოდ, სხვა სექტორები 3.4-ჯერ უფრო ეფექტიანი იყო, ვიდრე აგრარული სექტორი.

აგრარული სექტორის არაეფექტიანობასა და ქვეყნის განვითარების დონეს შორის კავშირი თითქმის არ არსებობს. სტატისტიკური კორელაცია მოცემულ ორ ცვლადს შორის მხოლოდ 13%-ია. არსებობს მდიდარი ქვეყნები, სადაც აგროსექტორი გაცილებით ეფექტიანია და მდიდარი ქვეყნები, სადაც პირიქით. მაგალითად, ლუქსემბურგი პირველ ადგილზეა მშპ სულზე 133 330 აშშ დოლარით და აგროსექტორის არაეფექტიანობა 3.5-ია, ხოლო სინგაპური, რომელიც მე-2 ადგილზეა მშპ სულზე 116 486 აშშ დოლარით, აგროეფექტიანობა 0.89-ს უდრის. ილუსტრაციისთვის, ცხრილი 5 და ცხრილი 6 აჩვენებს ტოპ 10 და ბოლო 10 ქვეყანას მშპ სულზე (PPP) და აგროეფექტიანობის მიხედვით.

ცხრილი 7: ტოპ 10 ქვეყანა. მშპ სულზე (PPP), 2021 და აგრარული სექტორის არაეფექტიანობა

წყარო: მსოფლიო ბანკი, ავტორის გამოთვლები

ცხრილი 8: ბოლო 10 ქვეყანა. მშპ სულზე (PPP), 2021 და აგრარული სექტორის არაეფექტიანობა

წყარო: მსოფლიო ბანკი, ავტორის გამოთვლები

აღსანიშნავია ისიც, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ეფექტიანობის რიცხვების ერთმანეთთან შედარება ნაკლებად გამოსადეგია, რადგან ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ადამიანი ქვეყნის სიმდიდრის რა ნაწილს ქმნის. მაგალითად, სომალიში აგრარული სექტორი უფრო ეფექტიანია, ვიდრე სხვა სექტორები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოცემული სექტორი უფრო მეტ პროდუქტს და სიმდიდრეს ქმნის ვიდრე ირლანდიის აგრარული სექტორი, რომელიც 4.5-ჯერ უფრო არაეფექტიანია, ვიდრე სხვა სექტორები.

საშუალო ფერმის ზომა

ქვეყნის ეკონომიკაში, ნებისმიერი სექტორის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ წარმოების რა მასშტაბებზე შეუძლია გავიდეს და რამდენად გააჩნია შეფარდებითი უპირატესობა სხვა ქვეყნებთან. აგრარულ სექტორში, მიწის ფართობს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა უჭირავს. იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწაზე დასამუშავებლად ვარგისი მიწა მთლიანი ფართობის მხოლოდ 10.7%-ია, არსებობენ ქვეყნები, სადაც დასამუშავებლად ვარგისი მიწა დიდი რაოდენობითაა და ქვეყნები, სადაც პირიქით. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიხედვით, ბანგლადეშს (61%), უკრაინას (59%), ინდოეთს (52%), მოლდოვას (52%) და ტოგოს (49%) მთლიან მიწასთან მიმართებაში დასამუშავებლად ვარგისი მიწის პროცენტული ოდენობა ყველაზე მაღალი აქვთ. საქართველოში იგივე მაჩვენებელი 4.5%-ია, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, დაბალი რიცხვია.

დასამუშავებლად ვარგისი მიწის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს აგროეფექტიანობას ქვეყანაში საშუალო ფერმის ზომაა. საქართველოში 546.6 ათასი მეურნეობაა, რომელსაც მიწის ნაკვეთი გააჩნია. აქედან, მეურნეობების 79.6%-ს სარგებლობაში ერთ ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწა, 93.6%-ს ორ ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწა და 96.4%-ს სამ ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწა გააჩნიათ. მეურნეობების მხოლოდ 0.1%-ს გააჩნია 100 ჰა და მეტი.  რაც ნაკლებია მეურნეობის მფლობელობაში არსებული მიწის რაოდენობა, მით მაღალია ერთეულზე დანახარჯი მასშტაბის ეკონომიურობიდან გამომდინარე  და შესაბამისად, წარმოებაც უფრო მეტად არაეფექტიანია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო ფერმის ზომა 2021 წელს 180 ჰექტარი იყო, კანადაში 327 ჰა, ავსტრალიაში 4 331 ჰექტარი. ევროპის კავშირში, 2016 წელს, საშუალო ფერმის ზომა 15.2 ჰა იყო , რაც საქართველოს 2021 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 15-ჯერ მეტია. 2013 წლის მონაცემებით, ევროპის კავშირის ქვეყნების საშუალო ფერმის ზომები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

ცხრილი 9: ევროპის კავშირის ქვეყნებში ფერმის საშუალო ზომა, 2013 წელი

წყარო: The Past, Present and Future of CAP – the Hungarian Viewpoint, Tamaz Mizik

დასკვნა

აგრარული სექტორის შესაფასებლად მრავალი ფაქტორი გამოიყენება. მათ შორის, ძირითადი ფაქტორებია სექტორის მიერ გამოშვებული სიმდიდრე, მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში, რეალური ზრდის ტემპი, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, მათი შემოსავლები, სექტორის ეფექტიანობა და საშუალო ფერმის ზომის მაჩვენებლები.

საქართველოში აგრარული სექტორის მიერ შექმნილი ნომინალური სიმდიდრე ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ეკონომიკაში მისი წილი წლიდან წლამდე მცირდება და 2022 წელს 6.5%-ს მიაღწია. რაც მეტად იზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მით ნაკლებია აგრარული სექტორის ზომა ეკონომიკაში, რადგან სხვა – უფრო ეფექტიანი სექტორები გაცილებით მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევიან. შესაბამისად, საქართველოში აგრარული სექტორის წილის შემცირება ქვეყნის ეკონომიკაში ნორმალური პროცესია და სწრაფ განვითარებასთან ერთად მეტად სწრაფად შემცირდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი რეალური ზრდის ტემპია. საქართველოში სოფლის მეურნეობა 2011-2022 წლებში საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა 4.7%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოზე 1.74-ჯერ წარუმატებლად ვითარდებოდა მოცემული სექტორი.

აგრარული სექტორი საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და შემოსავლების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი საქმიანობის სახეა. დაქირავებით მომუშავე ადამიანების  საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2021 წელს 950 ლარი იყო, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 37%-ით მეტი – 1305 ლარი. რიცხვები შედარებით დამაიმედებლად გამოიყურება, თუ მედიანურ ხელფასს ავიღებთ. კერძოდ, აგრარულ სექტორში საშუალო მედიანური შემოსავალი 800 ლარია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი 12.5%-ით მეტი – 900 ლარი.

ეფექტიანობის თვალსაზრისით, აგრარული სექტორი საქართველოში საკმაოდ მაღალი არაეფექტიანობით ხასიათდება. 2022 წელს იგი 3.4-ჯერ უფრო არაეფექტიანი იყო, ვიდრე სხვა სექტორები გასაშუალოებული და ერთად აღებული. მსოფლიოს მასშტაბით, აგრარული სექტორის არაეფექტიანობას ძალიან მცირე კავშირი აქვს ქვეყნის განვითარების დონესთან. შესაბამისად, არსებობენ მდიდარი ქვეყნები არაეფექტიანი აგრარული სექტორით და ღარიბი ქვეყნები სხვა სექტორებთან შედარებით ეფექტიანი სექტორით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბი ქვეყნის „ეფექტიანი“ აგრარული სექტორი უფრო ეფექტიანია, ვიდრე მდიდარი ქვეყნის „არაეფექტიანი“ აგრარული სექტორი.

საქართველოში აგრარული სექტორის და ზოგადად ქვეყნის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი მცირე ფერმის ზომაა, რომელიც საშუალოდ დაახლოებით 1 ჰექტარს წარმოადგენს. წარმატებული ქვეყნების უმეტესობაში მოცემული რიცხვი გაცილებით მაღალია. მაგალითად, ევროპის კავშირში საშუალო ფერმის ზომა 2016 წელს 15.2 ჰექტარი იყო.

აგრარული სექტორის წარმატება დამოკიდებულია საშუალო ფერმის ზომის გამსხვილებაზე, რაც ყველაზე ეფექტიანად ბუნებრივად მიიღწევა და საჭიროა ქვეყანაში ერთი მხრივ, დიდი რაოდენობით ახალი ინვესტიციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, სტიმულის გაჩენა აგროსექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ჩაერთონ და დასაქმდნენ უფრო ეფექტიან სექტორებში, ვიდრე აგრარული სექტორია.

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში:

ავტორი

ზვიად ხორგუაშვილი (კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise („გნომონ ვაიზი“), საქართველოს უნივერსიტეტი. e-mail: z.khorguashvili@ug.edu.ge)

წყარო: https://gnomonwise.org