საქართველოს ხორცისა და ხორცპროდუქტების ბაზარი – Galt&Taggart-ის კვლევა
Galt&Taggart-მა ხორცის და ხორცპროდუქტების მოხმარების შესახებ კვლევის მიხედვით, 2016 წლიდან ფრინველის ხორცის მოხმარებამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ღორის ხორცის მოხმარება ჩამოიტოვა. განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში ფრინველის ხორცზე მოთხოვნის ზრდა მის ხელმისაწვდომ ფასთანაა დაკავშირებული, ხოლო განვითარებული ქვეყნების შემთხვევაში ჯანმრთელობაზე გავლენასა და მომზადების სიმარტივესთან.
2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში მსოფლიოში 327 მილიონი ტონა ხორცი მოიხმარეს, საიდანაც 40% ფრინველის იყო, 34% ღორის, 21% საქონლის და დარჩენილი 5% ცხვრის ან თხის.
რაც შეეხება ხორცის ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების მაჩვენებელს – მაგალითად საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 38 კგ ხორცს მოიხმარს და ახლოსაა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან, რომელიც 34 კილოგრამს შეადგენს, თუმცა საგრძნობლად ჩამორჩება ევროპას და ამერიკას: ევროპაში ეს რიცხვი 63 კილოგრამს აღწევს, ხოლო ამერიკაში 99 კილოგრამს. რაც შეეხება აფრიკის და აზიის ქვეყნებს, აქ საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება – აფრიკაში ერთ სულ მოსახლეზე 13 კილოგრამ ხორცს მოიხმარენ, ხოლო აზიაში _ 26 კილოგრამს.
კვლევის მიხედვით, განსხვავების ძირითადი მიზეზი კულტურული და კლიმატური თავისებურებები, ტურიზმის განვითარების დონე და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაა.
წყარო: https://bm.ge