საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია განვითარებული ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე უნდა შემუშავდეს

სასოფლო-სამეურნეო მიწა ქვეყნის ის ძირითადი საწარმოო საშუალებაა, რომელმაც მისი სასურსათო უსაფრთხოება და სოფლის მოსახლეობის დასაქმება უნდა უზრუნველყოს.

სამწუხაროდ საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. მიწის რეფორმის ეგიდით 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილებით ქვეყანაში მიწის ფონდის დანიავებას დაუდო სათავე. შედეგად დაინგრა სპეციალიზებული, გამსხვილებული მეურნეობები, სანაშენე, სათესლე, სანერგე სადგურები, ათასობით ჰექტარი ნაყოფიერი სახნავი მიწა გაუდაბნოვდა, დაჭაობდა და ეროზიამ გაანადგურა.

სასოფლო სამეურნეო პროდუქციასა და საწარმოო საშუალებებს შორის ფასთა უთანასწორობა (ერთი ტონა დიზელის შესაძენად 4-5 ტონა მარცვლეულია საჭირო, ერთი ტონა აზოტოვანი სასუქისთვის კი_ ორ ტონა მარცვალი, ხოლო საშუალო სიმძლავრის ტრაქტორის შესაძენად _150 ტონა მარცვლი.) განვითარებულ ქვეყნებს აიძულებს სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ. აშშ-ბი სოფლის მეურნეობაში 30%-ით მეტს ხარჯავს, ვიდრე სხვა დარგებში. ასევე იქცევა ყველა სახელმწიფოს გონიერი ხელისუფლება, რადგან სხვანაირად სოფლის მეურნეობა ვერ იარსებებს.
საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ, დრაკონული, დაუსაბუთებელი საგადასახადო წნეხით და სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობის პოლიტიკით იქამდე მიგვიყვანა რომ, ქვეყნის მარჩენალი მიწა, კეთილდღეობის უზრუნველყოფის ნაცვლად, სოფლის მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა.

1989 წელს პირად სარგებლობაში არსებულ მიწაზე მოყვანილი მოსავლის 82 % გლეხს ბაზარზე გაჰქონდა. 1998 წელს ეს ციფრი 22%-მდე შემცირდა. 2010 წელს კი _ მხოლოდ 18% შეადგენდა, მაშინ, როცა გლეხის პირად სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი ამ პერიოდისთვის უკვე 0.25 ჰა -დან, საშუალოდ 1 ჰა-მდე იყო გაზრდილი, ანუ მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა და გლეხის კეთილდღეობა არ გამოუწვევია, პირიქით ბოლო წლებში შიგა ბაზარი მთლიანად უცხოეთიდან შემოტანილმა პროდუქციამ დაიკავა.

აგროსექტორის დეპრესიულობა დაეტყო დარგში განხორციელებულ კაპდაბანდებებსაც, რომელმაც ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მხოლოდ 1,8 % შეადგინა. გაზრდის ნაცვლად, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, 7-ჯერ შემცირდა შრომის ნაყოფიერება. ერთი გერმანელი ან პოლონელი ფერმერი 20-30 კაცს თუ კვებავს, ქართველ გლეხს თავის გამოკვებაც ვერ მოუხერხებია.

1992-98 წლებში განხორციელებული პრივატიზაციის შედეგად მოსახლეობას საკუთრებაში ყველაზე ნაყოფიერი, მათ შორის, სარწყავი მიწები გადაეცა. წლების განმავლობაში ამ მიწებიდან სარგებლის მიუღებლობისა და შექმნილი მძიმე ეკონომიური პირობების გამო 2012 წლის ივლის-დეკემბერში მოსახლეობამ ამ მიწების მასობრივად გაყიდვა დაიწყო და დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით 3000 ჰა-მდე საუკეთესო სახნავი მიწა უცხოელებს ხელში ჩალის ფასად ჩაუვარდათ. სამწუხაროდ, პროცესს არც ახალი ხელისუფლება აფერხებს. მიწების გაყიდვის პროცესი დღემდე გრძელდება.

დღეს ყოფილი ხელისუფლების მიზეზით ეკონომიურად დაუძლურებული გლეხი თუ ფერმერი ოჯახის, შვილების გადასარჩენად მიწას ყიდის, რადგან ადგილობრივებს ამ მიწის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ. ქართველი გლეხი ჯერ დაუბადებელ შვლილიშვილს უყიდის მიწას და საარსებოდ სივრცეს აღარ უტოვებს. ამიტომ ეს პროცესი წარმოების სფეროს სცდება.

როდესაც რომელიმე ახლომხედველი ფინანსისტი დღევანდელ ბიუჯეტს გეგმავს, უნდა შეიგნოს, ბიუჯეტის შესავსები გასაყიდი მიწა ქვეყანას აღარ აქვს, რომ დღეს მიწაში ფულის ჩადების დროა.

საქართველოს დონორი ინსტიტუტები, მიწიდან მიღებული ფინანსების სოფლის მეურნეობის კვლავწარმოებაში გამოყენებას არ მიესალმებიან და უცხოეთიდან მზა პროდუქციის შემოტანის პოლიტიკას თითქმის ახალისებდნენ. ასეთმა ცხრაწლიანმა ექსპერიმენტმა სოფლის მეურნეობის დარგი ქვეყანაში საბოლოოდ დაასამარა და მის 90-იანი წლების დონემდე ამოყვანას, ჩვენი გათვლებით 3-4 წელიწადი ამდენივე მილიარდი ლარი მაინც დასჭირდება, რადგან მთელ საქართველოში აღსადგენია საკომუნიკაციო სისტემები: მიწის ნაყოფიერება და სტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიებითაა მოსაწყობი შიდა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები (როგორც ღია ისე დახურული), აღსადგენია შიდა სამინდვრე გზები, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი უჭირს გადაადგილება და ნებისმიერი ძვირად ღირებული კომბაინი ან ტრაქტორი ერთ წელიწადში გამოვა მწყობრიდან.

ჩასატარებელია მიწების რეკულტივაცია, მოსაწყობია პროდუქციის შესანახი სასაწყობო და სამაცივრო მეურნეობა, თუნდაც მოსავლიანობის განსაზღვრის მიზნით ჩასატარებელია მიწის ბონიტირება, შესამცირებელია და ზოგან გასაუქმებელია მიწის გადასახადი, სარწყავი წყლისა და ტრასაზე ცხვრის ფარების გადარეკვის მოსაკრებელი და სხვა.

დაქცეულ სოფლის მეურნეობაში კაპ-დაბანდების ჩადების და დახმარების ნაცვლად, ნაცმოძრაობამ საგადასახადო წნეხითა და სხვადასხვა ფანდებით ფინანსების გამოწურვა დაიწყო, თუმცა აგრალურ სექტორს წურბელები მანამდეც არ აკლდა. 1996 წლიდან -2012 წლამდე საქართველოში მიწის გადასახადებით ასობით მილიონი ლარია ამოღებული. ეს თანხა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წ. 11 თებერვლის 166-ე ბრძანებულებით სოფლის მეურნეობასვე უნდა მოხმარებოდა, თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ 15 წლის განმავლობაში რესპუბლიკაში მიწის გადასახადით შეგროვილი ასობით მილიონი ლარი, მიწების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებებისა ნაცვლად: პენსიებს, ხელფასებს, გამგეობის სხვა ხარჯებს ხმარდებოდა. მოუვლელობით კი ნაყოფიერი სავარგულები უნაყოფო სავარგულებად იქცა.

ვითარების შესაცვლელად საქართველოს „ნაციონალურ“ მთავრობასაც არაფერი გაუკეთებია, პირიქით, ცეცხლს ნავთი დაასხა: იმის მაგივრად რომ მთელ ქვეყანაში (სავარგულების გამოფიტვის გამო) მიწის გადასახადი შეემცირებინა ან საერთოდ გაეუქმებინა ( რასაც ახლა გვპირდება საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი), 2010 წლის 23 დეკემბრის 394-ე დადგენილებით, სოფლის მოსახლეობას საახალწლო საჩუქარი მიართვა და სრულიად დაუსაბუთებლად სასოფლო სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადი 300-400 % -ით გაუზარდა, სახნავ ფართობებზე საშუალოდ ჰექტარზე 30 ლარიდან -100 ლარამდე, ხოლო საძოვარზე, 2- 3 ლარიდან _ 16 ლარამდე, ანუ _ 500% -ზე მეტად. თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ 2005-2012 წლებში დიზელის საწვავზე ფასი 0,80-დან,- 2,5 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სასუქებისა (50 კგ. ტომარა) _ 20 ლარიდან _40-80 ლარამდე, ნათელი იქნება რა დღეში ჩავარდა გლეხი _ ფერმერი. მიწის დამუშავებისა და მოსავლის მოვლა-მოყვანის ხარჯების ზრდას, მარცვლეულზე ფასების მნიშვნელოვანი მატება არ გამოუწვევია. (მაგალითად 2005 წელს ხორბლის შესასყიდი ფასი მოსავლის აღების პერიოდში 28-30 თეთრის, 2011-2012 წელს – 35-37 ფარგლებში მერყეობდა, ანუ ფასი მხოლოდ 25 % -ით გაიზარდა, მაშინ როცა დანახარჯებმა 200-300 %-ით მოიმატა. სამაგიეროდ მკვეთრად გაიზარდა პურის, ხორცის და სხვასა პროდუქტის ფასი, ანუ შემოსავალმა წარმოების სფეროდან მკვეთრად გადამუშავებისა და რეალიზაციის სექტორში გადაინაცვლა. ამ სფეროს კი მთლიანად სახელისუფლებო კლანი აკონტროლებდა.

მმართველმა გუნდამა ყველაფერი იღონა, რათა ამ ღონისძიებებით ადგილობრივი გლეხი, ფერმერი მიწის, როგორც უძრავი ქონების მფლობელი პროცესიდან მთლიანად გამოეთიშა, რათა ქონება უცხოელებზე ადვილად მიეყიდა, კომპაქტურად დაესახლებინა ისინი რეგიონებში, მიეცა მათთვის მოქალაქეობა და იმ რაიონებიდან საარჩევნო ხმების სამუდამოდ თავის სასარგებლოდ გაენაღდებინა.

დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა დგას. უნდა შემუშავდეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია, განისაზღვროს სურსათზე მოთხოვნისა და ჩვენი აგროსექტორის მიერ მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობის პარამეტრები.

მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო, რათა მარცვლეულსა და სხვა ძირითადი პროდუქტებით ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს ქვეყნის მოთხოვნა, რადგან მსოფლიო სასურსათო ბაზარზე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, მისაღებ ფასად, შიგა ბაზრის სურსათით უზრუნველყოფა მოხერხდეს.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასთან მიბმული კომპონენტების დანერგვისთვის, ჩვენი ახალგაზრდობის განათლების დონის, მათ შორის საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, ამაღლებისთვის, და არა იმ სურსათის შემოტანისთვის, რის წარმოების საშუალებას ჩვენი მიწა-წყალი იძლევა. უნდა გაუქმდეს საექსპორტო გადასახადი. ყველა დანარჩენი ძირითადი პროდუქციის წარმოება დაფინანსდეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, როგორც ამას განვითარებული ქვეყნები აკეთებენ.

ევროკავშირში სოფლის მეურნეობის სუბსიდირებამ 1992 წლიდან ბიუჯეტის 49% შეადგინა. აქ ფერმერების წარმოებული სასაქონლო პროდუქციის 45-50%-ს ფაქტობრივად ბიუჯეტი აფინანსებს.

ზოგიერთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სუბსიდირება (ნაკლებად დაცული ქვეყნების ბაზარზე შეღწევისა და საწყის ეტაპზე დაბალფასიანი პროდუქციით დამკვიდრების მიზნით) ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საბაზრო ღირებულებას 1,5-2- ჯერ აღემატება. ეს საკითხი სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს!

ამგვარად უნდა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც დღეს მსოფლიო აგრარულ ბაზარზე ძირითადი მიმწოდებლები არიან (ა შ შ, კანადა, ევროკავშირი), სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა.
დედამიწის მოსახლეობის გლობალური ზრდა, ბიოსაწვავზე გადასვლა, სავარგულების დეგრადაცია და სხვა უარყოფითი ფაქტორები მარცვლეული კულტურების წარმოებას ამცირებს და მთელ მსოფლიოში სურსათზე ფასების მატებას იწვევს. ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან დედამიწაზე 2007-2009 წლების მონაცემებით, ეროზიის, დაჭაობებისა და დამლაშების გამო 8 მილიონი ჰა. სავარგული გამოუსადეგარი გახდა. მარტო ჩრდილო ჩინეთში ბოლო წლებში სარწყავი ფართობების გაუდაბნოვების მიზეზით ყოფილი მარცვლის მწარმოებელი რაიონებიდან 24 ათასი სოფელი აიყარა. იგივე ტენდენციაა მრავალმილიონიან ინდოეთში. ჰიდროლოგიური რეჟიმების გაუარესების შედეგად, ბევრ ქვეყანაში (საუდის არაბეთი, სირია, ერაყი, იემენი), სადაც მელიორაცია მიწისქვეშა ჭა-ბუღილებზე იყო დამყარებული, წყლის დონე მკვეთრად დაეცა. არაბეთს ჰე-ზე 60 ცენტნერი მარცვალი მოჰყავდა. ქვეყანა მარცვლეულის წარმოებას, ზემოთ მოცემული მიზეზების გამო, საერთოდ წყვეტს. ეს მსოფლიო ბაზარზე დამატებით 10 მილიონი (ხორბალი 3 მილიონი, ქერი 7 მილიონი) ტონა მარცვლის მოთხოვნას წარმოშობს. განვითარებულ ქვეყნებში რეზერვი თითქმის აღარ არსებობს. იაპონიაში ბრინჯის მოსავალი 2005 წლიდან ერთ დონეზეა და ჰა-ზე 52 ცენტნერს შეადგენს. ევროპაშიც მარცვლის წარმოების მხრივ ასეთივე მდგომარეობაა. საფრანგეთში ჰა-ზე მოსავლიანობა შეადგენს 70-72 ცენტნერს. გერმანიაში _ 58 ცენტნერს. ზედა ზღვარი მიღწეულია რძის წარმოებაშიც (10000 ლიტრი ერთ ძროხაზე), ღორების წონამატში, ქათმების კვერცხდებაში… ეს ნიშნავს რომ განვითარებულ ქვეყნებში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაფართოვებას ვეღარ შეძლებენ, უკეთეს შემთხვევაში ამ დონეს შეინარჩუნებენ. მოსავლის ზრდის პოტენციალი აქვთ ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებს, მაგრამ დღემდე ჩვენს მთავრობას ეს საკითხი არ აინტერესებდათ.

ზემოაღნიშნული გლობალური საფრთხეები, რის შედეგადაც შეიძლება მოსავლიანობა მკვეთრად შემცირდეს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის წინაშე დადგეს, (რომელის არანაკლებ საშიშია ვიდრე სამხედრო აგრესია), აიძულებს განვითარებულ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად დიდი ხარჯები გაიღონ. ევროკავშირის ერთიანი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა [Common Agricyltural Polici] პირდაპირ სუბსიდირების, ფასების მხარდაჭერის თუ სხვა საშუალებით, იმ მიწების ათვისებასაც ითვალისწინებს, რომელთა დამუშავებაც შესაძლებელია. ევროკავშირის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობაზე 40-45 მილიარდი ევროა გათვალისწინებული, რომლის დიდი ნაწილი, 11 მილიონი ფერმერის დოტაციაზე იხარჯება. ფაქტობრივად ევროკავშირი თავის ძველ ქვეყნებს ერთ ძროხაზე დღეში 2 ევროს უხდის. 11 მილიარდი ევროთი სუბსიდირდება მარცვლის წარმოება, 2 მილიარდი ევროთი _ ზეითუნისა და სხვა.

ერთიანი ევროპის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ამა თუ იმ ფერმერს გარკვევით ავალებს რა და რამდენი უნდა აწარმოონ.ზოგიერთი სახის საქონელზე მოთხოვნა მიწოდების ბალანსის დარღვევისა და ფასის მკვეთრი შემცირების თავიდან ასაცილებლად (ჭარბწარმოება) ჯერ კიდევ 90- იან წლებში, ფერმერს მარტო წარმოებულ პროდუქციაზე კი არა, იმ საქონელზეც დაუწესეს ანაზღაურება, რომელიც არ უწარმოებია: თუ ფერმერმა მიწა დაასვენა ან საქონლის სულადობა შეამცირა,-სახელმწიფოდან იღებს კომპენსაციას.

გარკვეული კულტურების: პომიდვრის, ჟოლოს, ლუდის წარმოებისათვის ვარგისი ქერის, მეცხოველეობისათვის საჭირო საკვები ბალახების და სხვა წარმოების გაზრდას EC-ი პროგრამებით ახალისებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფერმერს. იგი ავსებს მარტივი ტიპის განაცხადს, რომელიც ბიზნეს გეგმას წააგავს, სადაც ჩამოითვლება ფინანსური და ტექნიკური საშუალებები, წარმოების მოცულობის მონაცემები. როგორც წესი 100%-იან დაფინანსებას ვერავინ ვერ იღებს. ფერმერი ვალდებულია 40-50% თვითონ დააფინანსოს პროექტი.

აღსანიშნავია რომ ევროკავშირის ქვეყნებში ფერმერული მეურნეობები 10-20 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. 50 ჰექტრიან მეურნეობები მხოლოდ 10%-ს შეადგენს, მაშინ როცა ამერიკული ფერმების ნახევარს 50 ჰა-ზე მეტი მიწა აქვს.

მეურნეობის ეფექტიანობის მხრივ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი (ოპტიმალურ სიდიდემდე) მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს, მთავარია მაღალი ენერგოაღჭურვილობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია, რაშიც სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი უჭირავს, რადგან გაფართოვებული კვლავწარმოების პროცესის მართვა გარედან დახმარების გარეშე შეუძლებელია.

აგრარულად განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, როგორც პირდაპირი სახელმწიფო კომპენსაცია-დანამატი, რაც გამოიხატება სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, სათესი ფართობების შემცირებით, საქონლის იძულებით დაკვლით და აშ., ისე არაპირდაპირი სახელმწიფო რეგულირება, რაც ითვალისწინებს სურსათის ბაზარზე კვოტების ტარიფებში ჩარევას, ექსპორტ-იმპორტზე გადასახადების დაწესებას, დანახარჯების: სასუქების, შხამქიმიკატების, ცხოველის საკვების, კრედიტების პროცენტის, დაზღვევის გადახდის კომპენსაციას, პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირების სუბსიდირებას და სხვა;

სახელმწიფო მხარს უჭერს საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ხანგრძლივ სუბსიდირებას, რომელიც გამოიყენება საირიგაციო პროექტების დასაფინანსებლად, მიწების რეკულტივაციის ჩასატარებლად, ფერმერთა გაერთიანებების შესაქმნელად.

სახელმწიფო, სუბსიდიების სისტემაში, დიდ ადგილს იკავებს ფასების მხარდაჭერის პროგრამები.

ამერიკის შეერთებული შტატებში სახელმწიფო მხარდაჭერით ფასების, გასაღების დაკრედიტების, მიწის დაცვის, საერთაშორისო ვაჭრობის, უაღრესად ქმედითი მობილური პროგრამები მოქმედობს, რომლებიც აგროსამრეწველო კომპლექსის ყველა მონაწილის, განსაკუთრებით კი მწარმოებლის, მძლავრ მატერიალურ დაინტერესებას უზრუნველყოფს.

ამ საქმეს აშშ-ში ოთხი უწყება უძღვება, რომელშიც უმთავრესი როლი სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს ეკისრება. აქ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ორი სახის ფასები არსებობს: მიზნობრივი გარანტები, რომელიც ყველა მნიშვნელოვან სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ვრცელდება. იგი ისეა გათვლილი, რომ საშუალო და დაბალ შემოსავლიანი ფერმის თვითდაფინანსება უზრუნველყოს. ამ დროს ფერმერის პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება საბაზრო ფასით, რომელიც შეიძლება იყოს მაღალი, დაბალი ან მიზნობრივი ფასის ტოლი. წლის ბოლოს ან სხვა დროს ფერმერი მიზნობრივ ფასსა და სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობას იღებს. თუ სარეალიზაციო ფასი დაბალია, ამ შემთხვევაში, ფერმერი სახელმწიფოსაგან მიზნობრივ (გარანტირებულ) ფასს იღებს.

საგირავნო ფასი: ამ (ფიქსირებული) ფასით ფერმერი მოწეულ პროდუქციას მთლიანად სასაქონლო საკრედიტო კორპორაციას გირაოში აბარებს. იმ შემთხვევაში თუ საბაზრო ფასები საგირავნო ფასზე დაბალია, ფერმერს 9 თვის განმავლობაში თავისი პროდუქციის გამოსყიდვა შეუძლია, თუ არ გამოისყიდა იგი გადადის კორპორაციის საკუთრებაში, ხოლო ფერმერი საგირავნო ფასის ფარგლებში, შენახვის ხარჯების გამოკლებით, ფულად კომპენსაციას იღებს, ევროპის ქვეყნებში  გარანტირებული  ფასების მექანიზმი ყველა სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე მოქმედებს. ფინეთში სამი სახის ფასია: მიზნობრივი, დოტაციური და დამატებითი. ყოველწლიურად ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტრო ( ერთი სისტემაა) მიზნობრივ ფასებს საზღვრავს და სასოფლო სამეურნეო საქონლის მწარმოებელთა ცენტრალურ ორგანიზაციასთან ათანხმებს. ეს ფასი წლის განმავლობაში ინფლაციის გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს. მიზნობრივი ფასის ბაზისად აღებულია მოდელი, რომელიც დამუშავებულია სამხრეთის რაიონების (უკეთესი საწარმოო პირობების ) წარმოების თვითღირებულების მოდელიდან. ცუდი პირობების მცოდნე რაიონებისათვის გათვალისწინებულია დოტაციური ფასები. თუ პროდუქციის ღირებულება დოტაციურ ფასს გადააჭარბებს, ზარალს ფერმერს არ უნაზღაურებენ. დოტაციური ფასები ასევე გათვალისწინებულია საექსპორტო პროდუქციაზე.

აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას გამოკვლევებით საქართველოს სამომავლოდ სასურსათო პროდუქტების დიდი დეფიციტი შეექმნება და რომლის შესავსებად მნიშვნელოვანი სავალუტო რესურსი გახდება საჭირო, ეს დრო უკვე დადგა ჩვენი ქვეყანა საარსებო პროდუქტის დიდ ნაწილს საზღვარგარეთ ყიდულობს.

აგრარულ სფეროში მსოფლიო ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია.

სახელმწიფო დახმარებების პროგრამებიდან უნდა ავიღოთ ჩვენი ქვეყნისათვის გამოსადეგი მოდელი და დავიწყოთ ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად.

თამაზ ბურდულაძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი