საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები
წყალმოხმარების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა საქართველოში წყლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ამ სექტორში წყლის უდიდესი რაოდენობა სარწყავი მიზნებისათვის გამოიყენება.
მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს, რასაც ტერიტორიის მთიანი რელიეფი, უხვი ატმოსფერული ნალექები, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში, განაპირობებს იმას, რომ მის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ფორმირებული მტკნარი წყლის ფენის საშუალო სიმაღლით საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს წყალუხვ ქვეყნებს შორის, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან იგი მხოლოდ ნორვეგიას, შვეიცარიას და ავსტრიას ჩამორჩება.
საქართველოში 26 060 მდინარეა და მათი საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათას კმ-ს შეადგენს.
შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18 109 მდინარე, ხოლო კასპიის ზღვის აუზს _ 7 951, რაც საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 30%-ია. საქართველოს მდინარეთა დიდი ნაწილი მთის მდინარის ტიპს მიეკუთვნება. აქ რელიეფის ზედაპირის დიდი დანაწევრების შედეგად არ გვხვდება დიდი სიგრძისა და აუზის დიდი ფართობის მქონე მდინარეები. მდინარეთა საშუალო სიგრძე 2,3 კმ-ია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მდინარეები თავისი სიგრძისა და წყალშემკრები აუზების მიხედვით მცირე ზომებით გამოირჩევიან, ისინი საკმაოდ უხვწყლიან მდინარეებს წარმოადგენენ, განსაკუთრებით კი შავი ზღვის აუზში. საქართველოს ტერიტორიაზე მდინარეები არათანაბრად არის განაწილებული. საქართველოს წყლის რესურსების 75% ფორმირდება დასავლეთ საქართველოში. საქართველოს მდინარეების ჯამური წლიური ხარჯი 61.45 მლრდ მ²-ია, საიდანაც დაახლოებით 86% (52.77 მლრდ მ³) ქვეყნის ტერიტორიაზე ფორმირდება, დანარჩენი კი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოედინება.
საქართველო პატარა ტბების ქვეყანაა. აქ სულ დაახლოებით 856 ტბაა. ტბების ნახევარზე მეტის ფართობი 0,1 კმ²-ზე ნაკლებია, ამის გამო, საქართველოს ტბების ჯამური ფართობი მხოლოდ დაახლოებით 170 კმ²-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მთელი ტერიტორიის 0,24%-ია.
სულ საქართველოში 734 მყინვარია აღრიცხული, რომელთა საერთო ფართობი 511,12 კმ2– ია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,73%-ს შეადგენს. მყინვართა უმეტესი ნაწილი თავმოყრილია დასავლეთ საქართველოში (67,3%, ფართობის მიხედვით – 81,2.%). მყინვარებში მოქცეული წყლის მარაგი წარმოადგენს მყინვარული რესურსების მნიშვნელოვან მახასიათებელს. საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარებში აკუმულირებულია 30 130 მლნ. მ3 ყინული.
უახლოეს წარსულში საქართველოში ჭაობებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობზე. ჭაობებს მიეკუთვნება ამოუშრობადი ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომლებიც არანაკლებ 30 სმ სისქის ტორფის ფენით არის დაფარული. ტორფის სტრუქტურა განაპირობებს მის შესაძლებლობას, თავის თავში მოიქციოს წყლის დიდი რაოდენობა (თავისი მოცულობის 95%-ზე მეტი). საკუთრივ ტორფიანი ჭაობები საქართველოში ცოტა იყო, მაგრამ ჭარბტენიან მიწებთან ერთად მათი ფართობი 256 ათას ჰექტარს შეადგენს, აქედან დასავლეთ საქართველოზე მოდიოდა 225 ათასი ჰექტარი. ამჟამად ჭაობებისა და ჭარბტენიანი მიწების ნაწილი ამოშრობილია. ჭაობები გვხვდება მხოლოდ კოლხეთის დაბლობის დასავლეთ, ზღვისპირა ნაწილში და მათი საერთო ფართობი დაახლოებით 627 კმ²-ია. ჭაობები მოქმედებენ კლიმატზე, ჰიდროლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმზე და ამდენად, წარმოადგენენ ტერიტორიის ეკოლოგიური წონასწორობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს.
საქართველო მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რასაც მის ტერიტორიაზე მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები, გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური თავისებურებები განაპირობებს. უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები 573 მ³/წმ-ს შეადგენს. ეს წყლები სასმელად გამოსადეგია და საერთო მინერალიზაციის სიდიდის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს 0.2 გ/ლ-მდე მინერალიზაციის წყლები მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანი ქიმიური შედგენილობისაა. ამ წყლების მნიშვნელოვანი რესურსი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში ფორმირდება. მეორე ჯგუფი 0.2-1.0 გ/ლ მინერალიზაციის მქონე მიწისქვეშა წყლებია, რომელიც სხვადასხვა ქიმიური შედგენილობით ხასიათდება და არათანაბრად, მაგრამ საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე არის გავრცელებული.
მტკნარი მიწისქვეშა წყლების გარდა, საქართველოს ტერიტორია მდიდარია ასევე მინერალური წყლებით. მინერალური მიწისქვეშა წყლის ჭაბურღილებისა და წყაროების რაოდენობა 2000 აჭარბებს. ასევე მნიშვნელოვანია თერმული წყლების ცალკეული და ჯგუფური გამოსავლები (ჭაბურღილები, წყაროები).
საქართველოში მთავარ წყალმომხმარებლებს სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და საყოფაცხოვრებო სექტორი წარმოადგენს.
წყალმოხმარების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა საქართველოში წყლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ამ სექტორში წყლის უდიდესი რაოდენობა სარწყავი მიზნებისათვის გამოიყენება, ხოლო საყოფაცხოვრებო სექტორი საქართველოში სიდიდით მეორე წყალმომხმარებელია. ეს სექტორი წყალს ძირითადად სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის მოიხმარს.
წყარო: „წყლის რესურსების დაცვა და
მდგრადი მართვა“