საქართველოში ფრინველის ხორცის წარმოების მოკლე მიმოხილვა
ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, ყველა სახის ხორცის შიდა ბაზრის მოცულობა 130 ათას ტონაზე მეტს შეადგენს. ამ რაოდენობაში ადგილობრივი წარმოება დაახლოებით 51%-ია, ანუ ადგილობრივი წარმოებით შიდა ბაზარი არ არის ბოლომდე ათვისებული.
2016 წელს სულ ადგილზე ვაწარმოეთ 66,1 ათასი ტონა.
ხორცი (დაკლულ წონაში):
ფრინველის 23,5 ათასი ტონა – მათ შორის ქათმის 22,9 ათასი ტონა;
მრპ პირუტყვის – 21,5 ათასი ტონა;
ღორის – 16,1 ათასი ტონა;
ცხვრისა და თხის 4,6 ათასი ტონა.
წლების მიხედვით ხორცის გადამამუშავებელი ინდუსტრიის პროდუქტის შიდა ბაზრის მოცულობა წლის განმავლობაში დაახლოებით 40 ათასი ტონის ფარგლებშია. ადგილობრივი წარმოების ეს ბაზარი 90%-ით არის ათვისებული. საქართველოში ყველაზე დიდი მოხმარება აქვს ფრინველის ხორცს, როგორც იაფ ცილის წყაროს და მან 2016 წლისთვის შეადგინა 78,9 ათასი ტონა, 2015 წელთან შედარებით გაიზარდა ≈ 17 ათასი ტონით. ჩვენი ვარაუდით ასეთი სწრაფი ზრდა მიუთითებს გადამამუშავებელ წარმოებაში (ძეხვეულის წარმოება) მის ფართო გამოყენებას და სამწუხაროდ, ეს ხდება შემოტანილი გაყინული ფრინველის ხორცის ხარჯზე, სულ 2016 წლისთვის შემოტანილია 53.2 ათასი ტონა ფრინველის ხორცი (ფრინველის სამრეწველო წარმოება). ადგილზე ვაწარმოებთ 23.5 ათასი ტონა, ხოლო რაც შეეხება საკარმიდამო ნაკვეთებში გაზრდილ ფრინველის ხორცის რაოდენობას. ეს უმნიშვნელოა და მიახლოებით შეადგენს 4 ათას ტონას (სოფლად მთლიანად ქვეყანაში წლიურად მიახლოებით იზრდება 8-9 მილიონი „შინაური“ ფერადი ფრინველი).
თუ გადავხედავთ ისტორიულ მონაცემებს „ქუთაისის გუბერნიაში ოფიციალური მიმოხილვის ცნობით 1907 წელს გამოზრდილი იყო: ქათამი – 27 მილიონი, ბატი – 1 მილიონი, იხვი 1- მილიონი, ინდაური – 170 000 ფრთა, რადგანაც ფრინველი გლეხის შემოსავლის წყარო გახდა, იმ პერიოდში დაიწყეს ფრინველის მასიურად მოშენება საკარმიდამო მეურნეობებში. აშენებდნენ მხოლოდ ადგილობრივ ქათმებს, როგორც საუკეთესოს“.
2014 წლის მონაცემებით იმერეთში ყველა სახის ფრინველის რაოდენობა ≈ 1 მილიონი 320 ათასი იყო.
მ. კახეთელიძის მონაცემებით ქუთაისის გუბერნია ადგილობრივ და საგარეო ბაზარზე ყოველწლიურად 2,5მლ. მანეთის პროდუქტს ასაღებდა დღევანდელი კურსის ბაჯაღლო ოქროზე გადაანგარიშებით ეს – 175 მილიონი ლარია.
გაზარდეთ ფრინველი საკარმიდამო ნაკვეთში (ადგილობრივი ჯიშები) და თქვენ მიიღებთ საუკეთესო პროდუქტებს (ქათმის ხორცი, კვერცხი) თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი შემოსავლებისთვის.
მიხეილ ჭიჭაყუა
„მომავლის ფერმერის“ მთ. ვეტ კონსულტანტი
ბიოლოგიის დოქტორი