აგროსიახლეები

საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის — კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) აღდგენის ისტორიული პროგრამა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმით“ ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის სანაშენო მეურნეობა გაიხსნა. ეს კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი სანაშენო სივრცელა და 60 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული.

524176888 1173087971521758 8630244645605129147 n

სანაშენო მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიებით — მათ შორის ფოტოხაფანგებითა და სატელიტური საყელურებით, რაც საშუალებას იძლევა დეტალურად განიხილონ ირმების ქცევა, ადაპტაცია და სოციალური დინამიკა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.

„ეს მართლაც ისტორიული ნაბიჯია საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის გრძელვადიანი მიზანია სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციების შექმნა ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობებს შევუნახოთ ის ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა საქართველოს უნიკალურ ეკოსისტემას,“ — აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პროექტის პირველ ეტაპზე ალგეთის ეროვნული პარკის დაცულ ტყეში 7 ინდივიდი — 5 ფური და 2 ხარირემი გაუშვეს, რომლებიც თბილისის ზოოპარკში არიან გამრავლებული. სტაბილური პოპულაციის ფორმირების შემდეგ მათი რაოდენობა 15-მდე გაიზრდება და დაიგეგმება თანდათანობითი დაბრუნება ველურ ბუნებაში.

„საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხორციელდება წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის აღდგენა. ეს პროგრამა ეკოსისტემების გაძლიერებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით არსებით ნაბიჯს წარმოადგენს,“ — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, რევაზ ბეჟაშვილის განმარტებით, მეურნეობაში შექმნილია იდეალური პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ინტეგრაციისთვის. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მეცნიერებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ირმების ქცევა, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი ბუნებაში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესისთვის.

ალგეთის ეროვნული პარკი ამ პროექტისთვის შემთხვევით არ შერჩეულა. ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის შუაგულში, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები, ეკოლოგიური დერეფნები და მაღალი დაცულობის დონე ქმნის იდეალურ გარემოს როგორც სახეობის აღსადგენად, ასევე მისი მომავლის დასაცავად.