სარძეო მეძროხეობაში ნახირის აღწარმოების დაგეგმვის შესაძლებლობა და მნიშვნელობა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, საქართველოში, სამომხმარებლო ბაზარზე გაიზარდა ნედლი რძისა და რძის პროდუქტების ფასი, რაც წარმოების მკვეთრად შემცირებით, ანუ მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის წარმოქმნილი დისპროპორციითაა გამოწვეული;
ეს მოვლენა ახალი არ არის და, შეიძლება ითქვას, დამკვიდრებული რეალობაა, რაც მრავალი თვალსაზრისით არა მარტო არასწორი, არამედ არასასიამოვნო ფაქტია და მომხმარებელში დიდი უკმაყოფილებას იწვევს;
გამომწვევი მიზეზების კვლევამ გვიჩვენა, რომ ბაზარზე ნედლი რძის ძირითადი მიმწოდებელი არის ტრადიციული მეთოდებით მომუშავე საშუალო და წვრილი ფერმერული მეურნეობები, რომელთა წილი ქვეყანაში წარმოებული რძის სტრუქტურაში 95-96%- ის ფარგლებშია. საქმე ის არის, რომ ეს ფერმერული მეურნეობები მუშაობენ ისტორიულად დამკვიდრებული ე.წ. ექსტენსიური ტექნოლოგიით, რა დროსაც მკვეთრად არის გამოხატული ნამატის მიღებისა და, შესაბამისად, რძის წარმოების სეზონურობა. რაც შეეხება რძის წარმოების ნაკადური სისტემით მომუშავე ე.წ. ინდუსტრიულ მეურნეობებს, აქ მერძეული ფურების ხვედრითი წილი, ჯერ კიდევ უმნიშვლელოა (2,5-3%) და, ბუნებრივია, ამ სფეროში ამინდს ვერ შექმნიან.
პრობლემა იმდენად თვალსაჩინოა და მწვავედ დგას, რომ სოფლის მაცხოვრებლებიც კი სევდანარევად ხუმრობენ: „ზამთარში წამლად რომ გინდოდეს, მთელ სოფელს ფეხით შემოივლი და ახალ რძეს ვერ იშოვიო“. ეს სიტყვები, ასე ვთქვათ, რეალობის „სოციალური დატვირთვაა“; ამასთან ერთად, შექმნილი მდგომარეობა იწვევს რძის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგების წყვეტილობას და არ იძლევა სამომხმარებლო ბაზარზე რძის ხარისხიანი პროდუქციის სტაბილურად მიწოდების შესაძლებლობას. თავის მხრივ, წარმოების სრულად ან ნაწილობრივ გაჩერების და ბაზარზე მზა ნაწარმის მიწოდების შეფერხების თავიდან ასაცილებლად ისინი იძულებული არიან მოიძიონ ნედლეულის სხვა, ალტერნატიული წყაროები, მათ შორის საზღვარგარეთიდან შემოიტანონ მშრალი რძე (ე.წ. რძის ფხვნილი).
და ბოლოს, ნახირის აღწარმოებაში არსებული სეზონურობა უარყოფითად აისახება თავად ფერმერულ მეურნეობაზე, რამეთუ ისინი მოკლებულნი არიან შემოსავლების უწყვეტად, მთელი წლის მანძილზე რითმულად მიღების შესაძლებლობას.
რძის წარმოებაში სეზონურობის პრობლემა კარგად ჩანს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში (ცხრილი 1); მასალების ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2015-2020 წლებში რძის საერთო წლიურ წარმოებასთან შედარებით ზაფხულისა და შემოდგომის თვეების წილი შეადგენდა 64,2-64,9%-ს, მაშინ, როდესაც გაზაფხულისა და ზამთრის თვეების – მხოლოდ 35,1-35,8%-ის ფარგლებშია, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლები.
აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბოლო წლებში რძის საერთო წარმოების ზრდის ფონზე შეიმჩნევა გაზაფხულისა და ზამთრის თვეებში მისი ხვედრითი წილის მატების ტენდენციაც; ჩვენი აზრით, აღნიშნული განაპირობა ქვეყანაში რძის წარმოების ნაკადური სისტემით მომუშავე ე.წ. ინდუსტრიული მეურნეობებისა და აქ მოშენებული მაღალპროდუქტიული ევროპული ჯიშების პირუტყვის რაოდენობის ზრდამ და არის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N 139 განკარგულებით „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებით „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედების შედეგი. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ სასურველზე საკმაოდ ნელი და არასტაბილურია.
| ცხრილი 1. საქართველოში წარმოებული რძის საერთო რაოდენობა და წლის სეზონებისმიხედვით цфкьщц შეფარდებითი მაჩვენებლები | |||||
| წელი | სულ წარმოებულია რძე, მლნ.ლ | მათ შორის წლის სეზონის მიხედვით , % | |||
| გაზაფხული | ზაფხული | შემოდგომა | ზამთარი | ||
| 2015 | 676.5 | 18.5 | 36.6 | 28.3 | 16.6 |
| 2016 | 540.1 | 18.0 | 36.9 | 29.9 | 15.2 |
| 2017 | 528.4 | 19.8 | 36.6 | 27.9 | 15.7 |
| 2018 | 555.3 | 18.6 | 34.1 | 30.3 | 17.0 |
| 2019 | 546.9 | 18.6 | 35.3 | 29.3 | 16.8 |
| 2020 | 569.0 | 18.0 | 34.5 | 29.8 | 17.7 |
| 2021 | 577.5 | 20.0 | 33.6 | 29.2 | 17.2 |
| 2022 | 564.8 | 19.6 | 34.5 | 28.9 | 17.0 |
| 2023 | 584.3 | 18.0 | 34.6 | 29.5 | 17.9 |
| 2024 | 574.4 | 19.6 | 32.4 | 29.9 | 18.1 |
რძის წარმოებაში არსებული სეზონურობის მიზეზი უნდა ვეძებოთ ფერმერულ მეურნეობებში მიღებული ნახირის მართვაში, მათ შორის ეს ეხება სადედე გუნდის აღწარმოების (გამრავლების) მეთოდებსა და წესებს, აგრეთვე ცხოველთა მოვლა-შენახვის, კვებისა და რძის წარმოებაში გამოყენებული მიდგომების სხვა ხარვეზებს.
საშუალო სკოლის ბიოლოგიის სახელმძღვანელოდანაც კი ცნობილია, რომ გარეულ ცხოველთა სამყაროში ახალი თაობის (ნამატის) დაბადება მკვეთრად გამოხატული სეზონური ხასიათისაა. ამ პროცესს წარმართავს კლიმატური პირობების სეზონური რითმი; უფრო გასაგები რომ იყოს დავამატებ: ყოველ კონკრეტულ სახეობაში ესტრუსი (ხურაობა) და შეწყვილება ხდება იმ „გრაფიკით“, რომ შთამომავლობა (ნაშიერის) დაიბადოს კლიმატური თვალსაზრისით ოპტიმალურ პერიოდში, რა დროსაც მაღალია შთამომავლობის შენარჩუნების / გადარჩენის შანსი.
კაცობრიობის მიერ ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან განვლილ პერიოდში ადამიანმა დაიწყო ზრუნვა მოშონაურებული ცხოველისთვის ნორმალური საარსებო გარემოს შესაქმნელად; ამან, თავის მხრივ, შეცვალა თავად ცხოველის ბიოლოგიური ბუნება, რის შედეგად
სასოფლო-სამეურნეო ცხოველები გახდნენ პოლიესტრულები, ანუ მათში სქესობრივი ციკლი ვლინდება მთელი წლის მანძილზე გარკვეული პერიოდულობით და ამ პროცესზე სეზონის გავლენა არ აისახება თუ ის მთელი წლის მანძილზე იმყოფება შედარებით კომფორტულ პირობებში. ეს გარემოება კი, თვის მხრივ, იძლევა სადედე სულადობიდან ნამატის მივიღოთ ასე ვთქვათ „დაკვეთით“, ნაკადურად, წლის ნებისმიერ თვეს.
ამის საპირისპიროდ, რაც უფრო ძლიერია წლის მანძილზე კლიმატის ცვალებადობის გავლენა ცხოველებზე, მით უფრო გამოხატულია აღწარმოების სეზონურობა, რაც თავის მხრივ განაპირობებს პროდუქციის წარმოების რითმულობის დარღვევას.
არსებული მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ე.წ. ტრადიციულ ფერმებში, სადაც ძირითადი სადგამი (სადედე) პირუტყვი წარმოდგენილია ადგილობრივი ჯიშებით და/ან გაურკვეველი წარმოშობის, ასე ვთქვათ, ადაპტირებული ნაჯვარი სულადობით, ფურების მასობრივად დახბოიანება იწყება უპირატესად მარტი-აპრილის თვეებში, ხოლო გვიანი შემოდგომა-ზამთრის პირზე მოვლა-შენახვის პრიმიტიული პირობების გავლენისა (1) და საკვებით უზრუნველყოფაში არსებული ხარვეზების (2) გამო საქმეში ერთვება ე.წ. „აღწარმოების ბიოლოგიური ციკლი“ და მეწველი სულადობის დიდი ნაწილი შრება;
აქვე, ყურადღებას გავამახვილებ იმაზეც, რომ სარძეო მეძროხეობაში მთელი წლის მანძილზე ნამატის მიღება მიზანშეწონილია და ეკონომიკურად გამართლებულია როდესაც ცხოველები უზრუნველყოფილი არიან ნორმირებული კვებით და სხვა პირობებიც შესაბამისობაში იქნება მათი ორგანიზმის ბიოლოგიურ მოთხოვნილებასთან. გასაგებია, რომ მათი დარღვევის შემთხვევაში ცხოველები ვერ ავლენენ პროდუქტიულობის პოტენციურ შესაძლებლობას, რაც იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს.
სტაციონალური მეცხოველეობისგან განსხვავებით, მომთაბარე ფერმერულ მეურნეობებში ნამატის სეზონურად მიღება ნაკარნახევია ფაქტობრივი მდგომარეობით. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეცხოველეობის დღევანდელობიდან გამოვყოფ აღმოსავლეთში მომთაბარე მეცხვარეების, დასავლეთში კი მეძროხე და მეთხევე ფერმერების (მეჯოგეების) საქმიანობას; ორივე შემთხვევაში, სეზონური მოგებების აუცილებლობა გაპირობებულია გაზაფხულზე, ბარიდან-მთაში გადარეკვამდე მოზარდეულის სათანადოდ მომძლავრების აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა მათ ადვილად, დანაკარგების გარეშე შეძლონ გადარეკვის მძიმე პირობები დაძლევა; ეს მიდგომა ჩვენში ჩამოყალიბდა და დაიხვეწა საუკუნეების მანძილზე მიღებული გამოცდილებით და ზედმიწევნით კარგად არის მორგებული მომთაბარე მეცხოველეობის ტექნოლოგიაზე.
რაც შეეხება რძის წარმოებაში რითმულობის პრობლემის გადაწყვეტის საკითხს, სწორი ტაქტიკა ითვალისწინებს აღწარმოების პროცესის იმდაგვარად მართვას, რომ მთლიანად გამოირიცხოს სადედე სულადობის თავისუფალი დაგრილება, ანუ კურო მწარმოებლის თავისუფლად გაშვება ფურებისა და დაგრილების ასაკის დეკეულების ნახირში;
მსხვილფეხა პირუტყვის რძის მწარმოებელ ფერმებში იდეალურად ითვლება დაგრილება-მოგების 365 დღიანი ტექნოლოგიური ციკლი; ეს ნიშნავს, რომ წლის მანძილზე ფერმაში ყოველმა ფურმა ერთხელ უნდა მოიგოს ხბო. ასეთ შემთხვევაში (სურ.)
- ფურის ლაქტაცია საშუალოდ გრძელდება 305 დღე,
- ახლადმოგებული ფურის მომდევნო განაყოფიერება ხდება მოგებიდან არა უადრეს 45-ე და არა უგვიანეს მე-80 დღისა („სერვის-პერიოდი“ საშუალოდ 60 დღეა);
- მოგებამდე 60 დღით ადრე, მომდევნო ლაქტაციისათვის „ძალების აღსადგენად“ ფური უნდა გავაშროთ!
დაგრილება-მოგების ასეთი ტექნოლოგიური ციკლის მიღწევისას ფურების სულადობის 85% იწველება, ხოლო 15% მშრალია.
ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ნახირის აღწარმოების პროცესის კორექტირება, (თვეების მიხედვით მეწველი სულადობის მაქსიმალურად გამოთანაბრების მიზნით), განაყოფიერებას გეგმავენ უფრო ადრე – მაგალითად, მოგების შემდეგ პირველივე ახურებისას მე-20-21-ე დღიდან, ან კიდევ 80 დღეზე უფრო გვიან.

აღნიშნულთან ერთად, ფერმერების და ხელოვნური განაყოფიერების ოპერატორების ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ მაღალპროდუქტიულ ჯიშებში საკმაოდ ხშირია ფურის მიერ ხურაობის ციკლის „გამოტოვების“ შემთხვევები, რის გამო მათი განაყოფიერება მოსალოდნელია აღნიშნულზე გაცილებით გვიან (საშუალოდ, მოგებიდან 110-115 დღეს; მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევაში ლაქტაციის ხანგრძლივობა, როგორც წესი აღემატება 305 დღეს, მაგრამ ეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებთან არის დაკავშირებული; ამის გამო სპეციალისტები ფერმერებს ურჩევენ ახლადმოგებული ფური დაგრილდეს პირველი ახურების გამოვლენისთანავე.
მოსალოდნელო მოგების თარიღის დასადგენად შემოთავაზებულია ფურისა და ფიზიოლოგიურ სიმწიფის დეკეულის დაგრილება-მოგების კალენდარი (ცხრილი 2).
ინდივიდალურად ყველა ცხოველის ახურების ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ საწარმოო პრაქტიკაში მიახლოებით ვადას ადგენენ ზოოტექნიკური აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, კერძოდ დაგრილებისა და მოგების ჟურნალში შესრულებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით.
საქმე ის არის, რომ ახლადმოგებული ფურის ახურება მოსალოდნელია მე-20 – 21- ე დღეს. ამასთან, მეძროხეობის პრაქტიკაში აღრიცხულია ცალკეული შემთხვევები, როდესაც ახურების რეფლექსი ვლინდება მოგებიდან მე-12 და 36-ე დღის შუალედშიც, რაც, ასევე გასათვალისწინებელი მომენტია.
შესაბამისად, ბოლო მოგების თარიღის ცოდნით, საკმაოდ მაღალი ალბათობით შესაძლებელია განვსაზღვროთ განაყოფიერების სავარაუდო თარიღი, ეს პირობა კი შესაძლებელს ხდის დავადგინოთ ფერმაში კონკრეტული ინდივიდის გაშრობა-მოგების გრაფიკი.
რაც შეეხება ფიზიოლოგიური სიმწიფის დეკეულების დაგრილებას, ეს მეტად კარგი საშუალებაა წლის თვეების მიხედვით ნახირში დაგრილება-მოგების გამოთანაბრების მიღწევის თვალსაზრისით, რამდენადაც, როგორც წესი, მათთვის არ არის „დამახასიათებელი“, ან ძალიან იშვიათია ხურაობის ციკლის გამოტოვების შემთხვევები.
| ცხრილი 2. მაკე ძროხის და უშობელის მოგების სავარაუდო თარიღის დასადგენი კალენდარი | |||||
| განაყოფიერება | მოგება | განაყოფიერება | მოგება | განაყოფიერება | მოგება |
| იანვარი | ოქტომბერი | თებერვალი | ნოემბერი | მარტი | დეკემბერი |
| 1 | 12 | 1 | 12 | 1 | 11 |
| 5 | 17 | 5 | 17 | 5 | 15 |
| 10 | 22 | 10 | 22 | 10 | 20 |
| 15 | 27 | 15 | 27 | 15 | 25 |
| 20 | 01.XI | 20 | 02.XII | 20 | 30 |
| 25 | 06.XI | 25 | 07.XII | 25 | 04.I |
| აპრილი | იანვარი | მაისი | თებერვალი | ივნისი | მარტი |
| 1 | 10 | 1 | 10 | 1 | 13 |
| 5 | 15 | 5 | 14 | 5 | 17 |
| 10 | 20 | 10 | 19 | 10 | 22 |
| 15 | 25 | 15 | 24 | 15 | 27 |
| 20 | 30 | 20 | 01.III | 20 | 01.IV |
| 25 | 07.II | 25 | 06.III | 25 | 06.IV |
| ივლისი | აპრილი | აგვისტო | მაისი | სექტემბერი | ივნისი |
| 1 | 12 | 1 | 12 | 1 | 12 |
| 5 | 16 | 5 | 16 | 5 | 16 |
| 10 | 21 | 10 | 21 | 10 | 21 |
| 15 | 26 | 15 | 26 | 15 | 26 |
| 20 | 01.V | 20 | 01.V | 20 | 02.VII |
| 25 | 06.V | 25 | 06.V | 25 | 07.VII |
| ოქტომბერი | ივლისი | ნოემბერი | აგვისტო | დეკემბერი | სექტემბერი |
| 1 | 12 | 1 | 12 | 1 | 12 |
| 5 | 17 | 5 | 17 | 5 | 17 |
| 10 | 22 | 10 | 22 | 10 | 22 |
| 15 | 27 | 15 | 27 | 15 | 27 |
| 20 | 01.VIII | 20 | 01.IX | 20 | 01.X |
| 25 | 06.VIII | 25 | 06.IX | 25 | 06.X |
ასეთი კალენდარის არქონის შემთხვევაში ფურის მოსალოდნელი მოგების თარიღის დასადგენად შემოთავაზებულია ფორმულა [1, 2]:
Cd = (Dm + 10) / (Mm – 3), სადაც:
- Cd არის მოსალოდნელი მოგების თარიღი, (რიცხვი და თვის რიგითი ნომერი);
- Dm – დაგრილების თარიღი (რიცხვი),
- Mm – დაგრილების თვე (რიცხვი, თვის რიგითი ნომერი);
- 10 და 3 არის მუდმივა.
მაგალითად: ვთქვათ, ფური განაყოფიერდა 15 აპრილს; მაშინ მისი მოგების სავარაუდო თარიღი (Cd) იქნება:
Cd = (15 + 10) / (4 – 3) = 25 / 01, ანუ სავარაუდოთ 25 იანვარი.
ამასთან, ფორმულის გამოყენებისას გვხვდება ორი მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, ხარვეზი; ასე, მაგალითად:
- კონკრეტული თვის 20, ან 21 რიცხვში და შემდგომ დღეებში (რიცხვებში) განაყოფიერებული ფურის მოგების სავარაუდო დღე აღემატება ამ თვეში დღეების (რიცხვების) რაოდენობას; მაგალითად: ტოლობის პირველი ნაწილლს- (Dm + 10)- ის მიხედვით, თუ ფური დაგრილდება 21 რიცხვში, ან ამ თვის შემდეგ დღეებში, სავარაუდო მოგების დღედ ვღებულობთ:
21 + 11 = 32- ს (თვეში დღეების რიცხვს???)
- ტოლობის მეორე ნაწილის (Mm–3) მიხედვით გათვლების განხორციელებისას, იანვარში, თებერვალსა და მარტში განაყოფიერებული ფურების სავარაუდო მოგების თვედ ვღებულობთ: „-2“, „-1“ და „0“-ს???
განვიხილოთ ორივე შემთხვევის მაგალითი ერთად: ვთქვათ ფური გავანაყოფიერეთ 21 თებერვალს, მაშინ ფორმულა მიიღებს ასეთ სახეს:
Cd = (21 + 11) / (2 – 3) = 32 / – 01,
ამდენად, გაანგარიშებით მიღებული შედეგი „32“ (თვის რიცხვი) და „-1“ თვის რიგითი ნომერი, არასწორია, რაც შეეხება სავარაუდო მოგების თარიღს, ეს არის 04 რიცხვი, მე- 11 თვე;
×
× ×
ცხოველთა აღწარმოებისა და პროდუქციის მიღება-რეალიზაციის რითმულობის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებული კალენდრის დახმარებით ფერმერს შეუძლია ხელოვნურად გამოტოვოს (გადაავადოს) ახურებული ფურის ან დეკეულის განაყოფიერება და ეს პროცედურა ჩაატაროს მოგვიანებით, იმ ვარაუდით, რომ ნამატი მიიღოს მისი აზრით უფრო სასურველ დროს.
ამის მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა ფერმერმა მოაწესრიგოს ზოოტექნიკური აღრიცხვა;
განვმარტავ, ზოოტექნიკური აღრიცხვა არის ფერმაში ცხოველთა რაოდენობასა და რაობაზე (ნიშანდება, აღწარმოება, „მოძრაობა“), აგრეთვე პროდუქტიულობაზე, კვების პირობებზე, ზრდა-განვითარებასა და ჯანმრთელობაზე მონაცემთა რეგისტრაციის სისტემა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ დროს გავაანალიზოთ და შევაფასოთ არსებული მდგომარეობა.
ზოოტექნიკური აღრიცხვის წარმოება უზრუნველყოფს:
- ცხოველების იდენტიფიკაციას და სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების ფარგლებში მათი გადაადგილების, აგრეთვე წუნდებულების ან ავადობის მიზეზით ფერმიდან გასვლის კონტროლს;
- მაკეობის კალენდარის დახმარებით საქმიანობის მთელი პერიოდის მანძილზე სადედე სულადობის დაგრილებისა და მოგების აღრიცხვიანობა-დაგეგმვას;
- აწონვის მონაცემებზე დაყრდნობით მოზარდეულის ზრდა-განვითარების მიმდინარეობასა და ძირითადი ბირთვის ცოცხალ მასაზე ინფორმაციის მიღებას;
- ცნობილი ცხიმიანობისა და ცილიანობის რძის წარმოებისა და რეალიზაციის, ან კიდევ ფერმის შიგნით ხბოს საკვებად მისი გამოყენების აღრიცხვას;
- სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი და პროდუქტიული ჯგუფის ცხოველების საკვებით უზრუნველყოფაზე მონაცემთა შეგროვება-ანალიზს;
- ნახირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გატარებულ პრევენციულ და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე ინფორმაციის მიღებას.
ჩვენთან დადგენილი ნორმებით ზოოტექნიკური აღრიცხვის ძირითადი ფორმებია:
- ნახირის წიგნი;
- ფურების აღრიცხვის ჟურნალი;
- ფურებისა და დეკეულების დაგრილების / ხელოვნურად განაყოფიერებისა და მოგების ჟურნალი;
- ფურების სარძეო პროდუქტიულობის აღრიცხვის ჟურნალი;
- ხბოს მიღებისა და გამოზრდის ჟურნალი;
- მოზარდეულის / ნამატის გამოზრდისა (ზრდა-განვითარების აღრიცხვის) და ზრდასრული პირუტყვის ცოცხალი მასის სარეგისტრაციო ჟურნალი;
- ნახირის ბრუნვა (ფერმის შიგნით სქესობრივ-ასაკობრივ ჯგუფებში პირუტყვის გადაადგილების აღსარიცხი ფორმა)
- გამოსაწუნებელი ინდივიდების აღრიცხვის და ფერმიდან გაყვანის ჟურნალი;
აღნიშნული ჩანაწერები ფერმერს შეუძლია აწარმოოს ოფიციალურად დამტკიცებული ფორმის ჟურნალებში ჩანაწერების შესრულებით, ელექტრონული ვერსიით, ან ორივე სახით.
დაბოლოს, ფერმერს ბევრად უფრო გაუადვილდება ზოოტექნიკური აღრიცხვის წარმოება თუ გამოიყენებს მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ფერმის მართვის ელექტრონულ პროგრამებს. ამასთან დაკავშირებით მერძევე ფერმერებისთვის უინტერესო არ იქნება მივაწოდო ინფორმაცია იმაზე, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დახმარებით ასეთი პროგრამის ქართულ ვარიანტზე მუშაობა დაწყებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მიერ, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია საქართველოში არსებულ რეალობასთან, მარტივია სამართავად და შეძლებისდაგვარად ადაპტირებული სხვა მსგავს სისტემებთან.
პრაგრამის მისამართია: fms@mepa.gov.ge, მასში ჩართვა უფასოა და მსურველებისთვის დღეს უკვე შესაძლებელია.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://cogentrus.ru/articles/kalendar_otela_korov_po_date_osemeneniya/;
- https://superferma24.ru/blog/zapis-bloga/kak-rasschitat-datu-otela-korovy/
გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

