აგრარული განათლებადარგებიმეთევზეობა

სარეალიზაციო თევზის სანიტარული შეფასება

სასურსათოდ გამოსაყენებელი თევზი დაჭერის ადგილზე, წყალსატევის ეპიზოტიური მდგომარეობის მიუხედავად, აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს ვეტერინარულ-სანიტარიულ შემოწმებას.
სათევზე მეურნეობების სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ვეტერინარი ექიმი ვალდებულია აწარმოოს წყალსატევი ობიექტიდან გასატანი აქვაკულტურის ვეტერინარული-სანიტარიული შემოწმება.

 ბაზარზე სარეალიზაციოდ გასატანი თევზი ექვემდებარება ლაბორატორიულ ექსპერტიზას და მათი სასურსათო გამოყენება ორგანოლეპტიკური და ლაბორატორიული კვლევის შედეგების  მიხედვით ხდება.

თევზი საეჭვო ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებითა  და ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული უარყოფითი მონაცემით (ტოქსიკურობა, ინვაზია, ინფექცია) იგზავნება თერმული გადამუშავებისთვის.

თერმული გადამუშავების შემდეგ თევზი,  ვეტერინარი ექიმის გადაწყვეტილებით, დაიშვება ცხოველთა საკვებად.

აგრარულ ბაზარში ან თევზჭერის ადგილზე, ახალ, კლინიკურად ჯანმრთელ თევზის საკვებად ვარგისიანობაზე დასკვნას გასცემს ვეტერინარი ექიმი (ორგანოლეპტიკური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე). აღნიშნულის ჩატარებისას ყურადღება ექცევა კანის, ქერცლის, ლორწოს, საცურაო ფარფლის, თვალის,  შინაგანი ორგანოებისა და ლაყუჩების მდგომარეობას, კუნთების კონსისტენციას (გაშეშებას) შეშუპებულ ადგილებს, მუცლის ღრუში არსებულ ექსუდატს, ლორწოს, ლაყუჩებისა და ანალური ხვრელის სუნს და სხვა. ასევე დგამენ მოხარშვის სინჯს.

ახალი, კეთილხარისხიანი თევზი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

– ახლად მიძინებულ თევზს კარგად ეტყობა კუნთების გაშეშება (ზურგის კუნთებზე თითის დაჭერისას ორმოს ამოვსება ხდება მალევე);

– ფარფლი მბრწყინავი, ოდნავ ფერმკრთალი ან სადაფის ფერისაა, მჭიდროდ ეკვრის სხეულს;

– ლორწო გამჭვირვალეა და უცხო მინარევების გარეშე, არ შეიცავს სისხლს და არ ააქვს უცხო სუნი;

–  სხეულზე შეშუპებები არ აღინიშნება, კანი დრეკადია და უცხო ლაქების გარეშე, აქვს ინდივიდისთვის დამახასიათებელი ფერი და მჭიდროდ ეკვრის სხეულს;

– საცურაო ფარფლი მთლიანი და ბუნებრივი შეფერილობის არის;

– ლაყუჩის სარქველები მჭიდროდ ეკვრის ლაყუჩის ხვრელს;

– თვალები ამობერილია ან ოდნავ ჩავარდნილი, რქოვანა გამჭვირვალე, წინა კამერაზე შეძლება ჰქონდეს ცალკეული სისხლჩაქცევები;

– მუცლის ფარის ფორმა ინდივიდისთვის დამახასიათებელი, შებერილობის გარეშე;

ანალური ხვრელი მჭიდროდ არის დახურული, გამობურცვისა და ლორწოს გარეშე;          

– კუნთების ქსოვილი განაჭერზე მოქნილია და მჭიდროდ ეკვრის ძვლებს. ზურგის კუნთები ხასიათდება თევზის სახეობისათვის დამახასიათებელი ფერით;

 – შინაგანი ორგანოები კარგადაა გამოხატული, ბუნებრივი ფერისა და სტრუქტურისაა შეშუპების გარეშე, ნაწლავები შეშუპებული არ არის, არ აქვს სიდამპლისთვის დამახასიათებელი სუნი.

კეთილხარისხიანი ახალი თევზის ბულიონი გამჭვირვალეა, ზედაპირზე ცხიმის დიდი წვეთებით, სუნი სპეციფიკური (სასიამოვნო, თევზისთვის დამახასიათებელი). ხორცი კარგად იშლება კუნთის წყობის მიხედვით. დასაშვებია ზოგიერთ ადგილებზე შეწითლება ან კანის მცირედი დაზიანება, ხოლო ქაშაყისებრებში ქერცლის მნიშვნელოვანი უქონლობაც.

სიახლეზე საეჭვო თევზი (ხრწნის პროცესის დასაწყისი) ხასიათდება შემდეგი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით:

– კუნთების გაშეშება უმნიშვნელოა (ზურგის კუნთებზე თითის დაჭერის შედეგად წარმოშობილი ორმოს ამოვსება ხდება ნელა);

 –  ქერცლი მკრთალია, დაბინდული და  ადვილად სცილდება კუნთს;

–  ლორწო მღვრიეა, წებოვანი, მომჟავო სუნით;

– კანი ადვილად სცილდება კუნთს;

 – ლაყუჩის სარქველები მჭიდროდ არ ხურავს ლაყუჩის ხვრელს, ისინი დაფარულია მკრთალი, დაბინდული, მოწითალო ფერის ლორწოთი, აქვს სინესტისათვის დამახასიათებელი სუნი;

 – თვალები ჩავარდნილია, შუშის მაგვარი, რქოვანა დაბინდული;

– მუცელი ბრტყელი,დეფორმირებული, ხშირად შებერილი;

– კუნთოვანი ქსოვილი შერბილებული, იშლება ადვილად, ზურგის კუნთები განივ განაჭერზე ხასიათდება დუნე კონსისტენციით და სინესტისათვის დამახასიათებელი ან მომჟავო სუნით;

– თირკმლები და ღვიძლი გახრწნის სტადიაზეა, ნაღვლის ფერი გადაეცემა მის გარშემო არსებულ ქსოვილებს. ნაწლავები ოდნავ შებერილი, რბილი, ზოგიერთ ადგილებში გახეთქილი.

არსებული ცვლილებები, თევზის შენახვის პირობების მიხედვით, დგება დაჭერიდან მე-2-3 დღეს.

ასეთი თევზის ბულიონი მღვრიეა, ზედაპირზე აღინიშნება ცხიმის ნაკლებობა. ცხიმის და ბულიონის სუნი არასასიამოვნოა.

საჭიროა მისი უტილიზირება ან განადგურება.

არაკეთილხარისხიან თევზს:

– ეკარგება კუნთის გაშეშების უნარი (თითის დაჭერით ზურგის კუნთზე გაჩენილი ორმოს ამოვსება დიდი ხნის განმავლობაში ან სულ არ ხდება);

– ქერცლი კანზე სუსტადაა მიმაგრებული, ადვილად სცილდება;

– ლორწო მღვრიეა, მორუხო ჭუჭყის ფერის, წებოვანი არასასიამოვნო სუნით;

–  კანი დუნე და დანაოჭებულია;

–  ლაყუჩები მოყავისფროა ან ჭუჭყის ფერის, მისი ფურცლები მოცილებულია ეპითელს და დაფარულია მღვრიე ფერის ლორწოთი. აქვს სიდამპლისთვის დამახასიათებელი სუნი. ლაყუჩის სარქველები ღიაა;

–  თვალები ჩავარდნილია, გამშრალი, ჩანს სისხლჩაქცევები;

– მუცელი ხშირად შებერილია ან ძალიან რბილი და გამოკიდული, მის ზედაპირზე ხშირად შეიმჩნევა მუქი მწვანე ფერის ლაქები;

– ანალური ხვრელი გამოზნექილია, მისგან გამოდის სიდამპლისთვის დამახასიათებელი არასასიამოვნო სუნის მქონე ლორწო;

– კუნთოვანი ქსოვილი რბილია და შეხებისას ხშირად იშლება. ლაყუჩის ბოლოები ადვილად სცილდება  ხორცს ან გარეთაა გამოშვერილი;

–  შინაგანი ორგანოები მორუხო-მოყავისფროა და ერთგვაროვანი მასის სახითაა წარმოდგენილი, აქვთ მკვეთრად გამოხატული, სიდამპლისთვის დამახასიათებელი სუნი;

– არაკეთილხარისხიანი თევზისგან მიღებული ბულიონი ძალზედ მღვრიეა, ზედაპირზე არ ააქვს ცხიმი ლაქები, ბულიონისა და ხორცის სუნი არასასიამოვნოა და აქვს სიდამპლის სუნი.

არაკეთილხარისხიან თევზს უტარებენ  უტილიზებას ან ანადგურებენ!

დემნა ხელაია – ვეტერინარიის  დოქტორი,

თამაზ გავაშელი – ვეტერინარიის დოქტორი