საშემოდგომო შვრია მდგრად ბიოეკონომიკაში
კლიმატის გლობალური დათბობით გამოწვეულმა სარწყავი წყლის დეფიციტმა, ნიადაგის გაძლირებულმა ანთროპოგენულმა ეროზიებმა, დედამიწის მოსახლეობის ინტენსიური ზრდით გამოწვეულმა სურსათის დეფიციტმა, გარემოს დაბინძურებამ, გაზრდილმა მოთხოვნილებამ ადვილად დეგრადირებად ბიოპლასტმასისადმი, აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ, ურწყავ რეგიონებში აშკარად დაამტკიცა საგაზაფხულო შვრიასთან საშემოდგომო შვრიის წარმოების უპირატესობა.
დაახლოებით ძვ.წ-ის 1000 წლიდან შვრია (Avena) ევროპის კონტინენტზე უკვე კულტივირებული იყო და ძირითადად ცხოველთა საკვებად გამოიყენებოდა.
უკვე პრიველ საუკუნეში პლინიუსი აღწერს ამ მცენარეს, როგორც სარეველას ხორბლის კულტურებში. იგი შვრიას „პურის შემცველად“ თვლის, მაგრამ ჩრდილოეთის ქვეყნებში (გერმანია) შვრია თავად ხდება პური, ის მიჩნეული იყო, როგორც სასურსათო და საკვები კულტურა მეცხოველეობისათვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს ძალას და ჯანმრთელობას. მოგვიანებით შვრია სითბოსადმი ნაკლები მოთხოვნილების, მოკლე სავეგეტაციო პერიოდის, კარგი სადაზღვევო თვისებების (ითესება ყინვისაგან დაზიანებული საშემოდგომო მარცვლეული კულტურების ადგილზე). მაღალი პროდუქტიულობის, სამკურნალო, სასურსათო ღირსებების (ცილები 9,0-19,5%, სახამებელი 40-56%, ცხიმები 4-6%) და უნივერსალურობის გამო, გახდა ცივი კლიმატისა და მთიანი რეგიონების – გერმანიის, ირლანდიის, ჩრდილოეთ იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შოტლანდიის სკანდინავიის, რუსეთის და სხვა, განსაკუთრებით მთიანი ქვეყნების, ფერმერთა ძირითადი კლიმატგონივრული საწარმოო მარცვლეული კულტურა. ნორვეგიული ტრადიციის თანახმად, სკანდინავიური ღმერთების საკვები „ქაშაყი და შვრია“ იყო.
აზიაში შვრია კულტურულ ნათესებში იზრდება: ჩინეთში, მონღოლეთში, ინდოეთში. XVII საუკუნეში იგი უკვე იწარმოებოდა: აშშ, კანადაში, ალიასკში, არგენტინაში, ჩილეში, ბრაზილიაში. ბრიტანელების მიერ მე-18 საუკუნის ბოლოს შვრია მასობრივად გამოიყენებოდა სასურსათოდ. მედიცინაში უმეტესად ჰომეოპათიაში გამოსაყენებლად შვრიისგან მიიღება სხვადასხვა სახის ექსტრაქტები.
ძროხის რძის შემცვლელად სამკურნალო მიზნებისათვის ხშირად გამოიყენება შვრიისგან დამზადებული სასმელი („შვრიის რძე“).
შვრია ასევე გამოიყენება ალაოს წარმოებისთვის.
პურ ბურღულეულის მსოფლიო წარმოებაში შვრიის სათესი ფართობი მეხუთე-მეექვსე ადგილზეა.
აქართველოში შვრიის ფართობი უმნიშვნელოა და იგი ძირითადად მეცხოველეობის საკვებად მოჰყავთ.
შვრია უმეტესად გრძელი დღის მცენარეა, თუმცა ,,VIR”-ისა და ,,ICARDA”-ს კოლექციებში ნეიტრალური ფოტოპერიოდიზმის ფორმებიც გამოიყო.
შვრიის გამოყენება
უკანასკნელ ათ წელიწადში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც წარმოებაში დაინერგა საშემოდგომო ჯიშები, შვრიის კულტურისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
მისი მარცვალი გამოიყენება პურ-ბურღულეულის, ხოლო ხორბალთან ნარევში საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. შვრიის ქიმიური შენაერთები უმაღლესი ხარისხისაა და იგი ძვირფასი სასურსათო პროდუქტია.
შვრიიდან დამზადებული პროდუქტები მნიშვნელოვანია დიეტურ და ბავშვთა კვებაში. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება შვრიის ფქვილზე, ბურღულზე და ყავაზე, ყველა ეს პროდუქტი ხასიათდება ანტიალერგიულობით.
შვრია კარგი საკვებია შინაური ცხოველებისა და ფრინველებისათვის. შვრიის ჩალა და ბზე კვებითი ღირებულებით უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა კულტურების იგივე ანარჩენები. პარკოსან ბალახებთან ნარევი შვრია კარგია მწვანე საკვებად და თივად.
ძლიერი შეფოთვლის, ინტენსიური ზრდის, მაღალი საკვები ღირსებების და ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო გამო შვრია გამოიყენება ჰიდროპონიკაში კერძოდ 7 დღეში მაღალხარისხოვანი ვიტამინიზებული საკვების მიღების მიზნით.
შვრიის მარცვლეული გამოიყენება პირუტყვის (განსაკუთრებით ახალგაზრდა ცხოველების) და ცხენების გამოსაკვებად; დიდი რაოდენობით კვებავენ შვრიით ცხოველთა მწარმოებლებს-კუროებს. შვრიით კვებისას ფრინველების კვერცხის წარმოება იზრდება, რძის წველადობა იზრდება. შვრიის ნამჯა და თივა გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირსებებით. შვრიას თესავენ თივაზე პარკოსნებთან ნარევში. როდესაც კვებით ღირსებებზეა საუბარი უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ერთეული (კგ) შვრია მიღებული იყო და დღესაც არის მიღებული ეტალონად ერთ საკვებ ერთეულად.
მისი მარცვალი შედარებით მდიდარია ვიტამინებით (B1, B2), მიკროელემენტებით (კობალტი, თუთია, მანგანუმი) და სხვა ნივთიერებებით. მისგან მზადდება ბურღული, შვრიის ფაფა, ორცხობილას ფქვილი, დიეტური პური და ა.შ.. შვრიის ფაფა კვებითი ღირებულებით, კალციუმის და ფოსფორის შემცველობით აღემატება ფეტვს და წიწიბურას. შვრიის ფქვილი გამოსაცხობად არ გამოდგება, რადგან არ შეიცავს ისეთი ხარისხის გლუტენს, ელასტიკურობას, ფორიანობას და სხვა თვისებებს.
საშემოდგომო შვრიას ხშირად თესავენ საშემოდგომო ცერცველასთან, ცერცვთან ან ბარდასთან შერევით. საგაზაფხულო შვრიის შემთხვევაში კი საგაზაფხულო ბარდა გამოიყენება. ისინი იძლევა დიდი რაოდენობის მაღალხარისხოვან მწვანე საკვებს ან თივას. მათ განათიბზე სარწყავ პირობებში ხშირად ითესება საგაზაფხულო სათიბი კულტურები, უმეტესად სიმინდი, სორგო, სუდანურა და ა. შ.
დიდი მნიშვნელობა აქვს შვრიას, როგორც სამკურნალო კულტურას ჰიპოკრატეც მიუთითებდა, რომ შვრია გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ, ალერგიული დაავადებების დროს, ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის გასაძლიერებლად, ღვიძლის, სხვადასხვა სახის მოტეხილობების, ტრავმების და ა.შ. სამკურნალოდ, აღადგენს გულის რიტმს, აწესრიგებს ნერვულ სისტემას.
შვრიის წყალხსნარი გამოიყენება შარდმდენად და ორგანიზმის გამწმენდად თირკმელების დაავადებების დროს. მწვანე შვრია გამოიყენება დაღლილობის, უძილობის, არასაკმარისი მადის დროს. შვრიას აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი.
სახამებლის მაღალი შემცველობის გამო რომელიც სპეციალურ ჯიშებში 45-55 პროცენტს აღემატება, შვრიამ ბიოეკონომიკაში შეიძინა ახალი ნედლეულის, ადვილად დეგრადირებადი ბიოპლასტმასის მნიშვნელობა _ ბიოშესაფუთი მასალის და საბავშვო სათამაშოების საწარმოებელი ნედლეულის ფუნქციებიც.
შვრიის მრავალფეროვნება
შვრიას გააჩნია სახეობათა დიდი მრავალფეროვნება, რომელთა შორის არის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, ჰიბრიდული, კულტურული და ველური ფორმების 70-მდე სახეობა. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას, რომელთაგან საქართველოში ძირითადად გავრცელებული გვხვდება ორი სახეობის: კულტურული შვრია (Avena sativa L.), ხასიათდება გვალვაგამძლეობით, მლაშე ნიადაგებისადმი შეგუებულობით და ველური შვრია – შვრიუკა (Avena Fatua L.), ის ასარევლიანებს პურეულის ნათესებს და მინდვრის კულტურებს.
შვრიის ბიოლოგიური თავისებურებები
შვრია თვითგამნაყოფიერებელი მცენარეა, მაგრამ მის ნიშან-თვისებებს ახასიათებს ფართო ცვალებადობა.
შვრიის თესლი, კილებით არის დაფარული, ამის გამო მის გაღივებას შედარებით მეტი დრო და წყალი ჭირდება.
შვრია სითბოსადმი არ არის მომთხოვნი, იგი ზომიერი ჰავის მცენარეა. აღმოცენებიდან ყვავილედის გამოტანამდე შედარებით გრილი ამინდით კმაყოფილდება. თესლი გაღივებას იწყებს 3-40 ტემპერატურაზე.
გაზაფხულის სუსხს -3-40-ს კარგად იტანს. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა აღმოცენების შემდგომ პირველ ოთხ კვირაში 10-120C.
თუ ტენი საკმარისია, კარგად ვითარდება და ნაკლებად ზიანდება მავნებლებით.
მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მეტად მგრძნობიარეა, ვიდრე ხორბალი და ქერი.
შვრია ნიადაგისადმი უფრო ნაკლებ მომთხოვნია, ვიდრე სხვა საგაზაფხულო პურეული, რაც გამოწვეულია კარგი ფესვთა სისტემით და მისი მაღალი
შეთვისებადობით. იზრდება ქვიშნარ, თიხნარ და ტორფიან ნიადაგებზე. ამავე დროს შვრია კარგად ეგუება ნაყოფიერ ნიადაგებს.
კარგი მოსავალი მიიღება შავმიწებზე საკმარისი ტენიანობის დროს. სხვა კულტურებზე უკეთესად ხარობს მჟავე ნიადაგებზე. მშრალ ქვიშიან ნიადაგებზე წყლის ნაკლებობა იწვევს წვრილთესლიანობას, თავთავის შეუვსებლობას, გაზრდილ კილიანობასა და ფხიანობას. შვრიის ბიოლოგიური თავისებურებების გამო, უხვი მოსავლის მისაღებად, საჭიროა მოვლა-მოყვანის სპეციფიკური ტექნოლოგია.
შვრია ავადდება სოკოვანი დაავადებით (ჟანგა, გუდაფშუტა), ადვილად ზიანდება ამიტომ თესლის შეწამვლა აუცილებელია.
მაღალი მოსავლის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მაღალხარისხოვანი თესლით თესვა. სათესლედ მხოლოდ მსხვილი მარცვლები უნდა გამოვიყენოთ.
ამ თავისებურების გათვალისწინებით საშემოდგომო შვრიის თესვა ემთხვევა საშემოდგომო ხორბლის თესვის პერიოდს, საგაზაფხულო თესვა შესაძლებელია ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე, დაზიანებული საშემოდგომო ნათესების გადასათესად, ან საგაზაფხულო თავთავიანების თესვის პერიოდში.
თესვის სქემა
მწვანე საკვებად თესვის დროს საჭიროა დაითესოს 5-5.5 მილიონი აღმოცენების უნარის მქონე თესლი რაც 240-250კგ/ჰა-ზე თესვის ნორმის ტოლია. ამ შემთხვევაში მარცვალი უნდა დაითესოს ვიწრო მწკრივებად. სამარცვლედ შვრიის თესვის ნორმაა 180-220კგ/ჰა-ზე. აღსანიშნავია, რომ შვრია სწრაფმზარდი მცენარეა, უხვი ამონაყრით.
ერთ ჰექტარზე ოც-ოცდაათ ტონამდე მწვანე მასას იძლევა. მიღებულ მწვანე მასას იყენებენ მწვანე საკვებად, სენაჟად, თივად, ბალახის ფქვილის დასამზადებლად და ა.შ, მარცვლის მოსავალი მერყეობს 1.2-დან 2.0 ტ/ჰა-მდე, თუმცა შვრიის თანამედროვე. სელექციის ჯიშები ორჯერ უფრო მეტ მოსავალს იძლევა.
თესლბრუნვაში შვრიის ჩართვა შესაძლებელია ყველა კულტურის შემდეგ, თუმცა უკეთესია სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული მინდორი. დაუშვებელია ზედიზედ თესვა. შვრია კარგი წინამორბედია სათოხნი კულტურებისათვის, ტოვებს სუფთა ნიადაგს.
შვრიისათვის სასურველია ნიადაგის მზრალად მოხვნა, გაზაფხულზე ხნულის გაფხვიერება და დაფარცხვა-თესვისწინა დამუშავება, სათესლე მასალის მომზადება, თესვა, ნათესის მოვლა და სხვა აგროღონისძიებები იმავე ვადებში და წესით სრულდება, როგორც საგაზაფხულო ხორბალში და ქერში. საგაზაფხულო შვრიის სავეგეტაციო პერიოდი 80-120 დღე გრძელდება.
ფერმერულ მეურნეობებში შვრიის მოყვანას ხელს უშლის მეთესლეობის დაბალი ხარისხის სისტემა, აგროტექნოლოგიის დაუცველობა, წარმოების ადგილის ბუნებრივ კლიმატური პირობების, განსაკუთრებით ნალექების და კლიმატგონივრულობის გაუთვალისწინებლობა, გავრცელებული ჯიშების დაბალმოსავლიანობა, არასერტიფიცირებული, იაფ ფასიანი უხარისხო სათესლე მასალა, ჩაწოლისადმი მიდრეკილება, მარცვლის ცვენადობა და ხშირ შემთხვევაში გაზაფხულზე თესლის დეფიციტი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2014 წლიდან დაწყებულია და შედეგიანად შვრიის სასელექციო მასალის შესწავლა, სელექცია.
შესწავლის შედეგად გამორჩეული და გამრავლებულია პერსპექტიული ჯიში „არგო“, რომელიც ხასიათდება მაღალმოსავლიანობით, მაღალხასხიანობით, ჩაწოლისადმი გამძლეობით, დაავადებების და მავნებლებისადმი იმუნიტეტით.
მდგრადია მარცვალცვენისადმი და რეკომენდებული ჯიშობრივი აგროტექნოლოგიის სწორად გატარების შემთხვევაში, მას შეუძლია დაპროგრამებული, მყარი და მაღალხარისხიანი გარანტირებული მოსავლის მოცემა.
ირაკლი ხოზრევანიძე, ქვემო ქართლის ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი,
კობა კობალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი