სასილოსე სიმინდის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია
ამჟამად წარმოებაში არსებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ინტენსიურად იყენებენ სითბოთი უზრუნველყოფილი სავეგეტაციო პერიოდის მხოლოდ ნაწილს გაზაფხულზე და ზაფხულში, დანარჩენი კი გამოუყენებელი რჩება. ა მიტომ სასილოსე მწვანე მასის გამოსავლიანობის გაზრდის ხარისხის გაუმჯობესების და მაღალი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად საკვები კულტურები და მათ შორის სასილოსე სიმინდი უნდა ვთესოთ შუალედური კულტურების შემდეგ მეორე მოსავლის მისაღებად. სასილოსე სიმინდის სასურველი წინამორბედებია: სამარცვლე სიმინდი, მრავალწლიანი ბალახების კორდი, სოია, მზესუმზირა და თავთავიანი კულტურების ნაწვერალი. ასევე გამართლებულია მისი თესვა-მოყვანა აღმოსავლეთ საქართველოში საგაზაფხულო და სანათიბო, ხოლო დასავლეთში საშემოდგომო შუალედური კულტურების შემდეგ მეორე, დამატებითი მოსავლის მისაღებად.
სასილოსე სიმინდის შუალედური კულტურების შემდეგ თესვის უპირატესობა ნათლად ჩანს საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის შედეგებიდან.
- აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის სარწყავ მიწებზე მარტის პირველ ნახევარში შუალედურ კულტურად ნათესი შვრიანარევი ბარდის აღების შედეგ უპირატესობა ეძლევა სიმინდის, მზესუმზირის და სოიასნარევად, ორ-ორი მწკრივის მორიგეობით, მზესუმზირის და სიმიდის 72-72 ათას, ხოლო სოიას 350 ათასი სიხშირით თესვას.
ამ შემთხვევაში მწვანე მასის მოსავალმა შეადგინა 502 ც/ჰა-ზე 74ც. საკვები ერთეულით, რაც 177 ცენტნერით აღემატება საკონტროლო სიმინდის სუფთა ნათესიდან მიღებულ მოსავალს. ორი მოსავლის ჯამით (შვრიანარევი ბარდა _ 297ც/ჰა+სასილოსე კულტურები 502 ც/ჰა) დასახელებული ვარიანტი იძლვა 779ც. მწვანე მასას 129ც. საკვები ერთეულით.
- დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი ტენით უზრუნველყოფილ პირობებში შუალედური კულტურები (ჭვავნარევი ბარდა) მოსავლის აღების შემდეგ უკეთეს შედეგს იძლევა სიმინდის და მზესუმზირის 72-72 ათასი სიხშირით თესვა. ამ ვარიანტზე სიმინდის მწვანე მასის მოსავალმა 435ც/ჰა შეადგინა 82ც. საკვები ერთეულით, ორი მოსავლის (ჭვავნარევი ბარდა _170ც/ჰა+სასილოსე კულტურები _435ც/ჰა) ჯამმა კი 605ც/ჰა 85ც. საკვები ერთეულით.
- სანაწვერლო სასილოსე სიმინდის თესვა-მოყვანა შეიძლება როგორც აღმოსავლეთ სარწყავ, ისე დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი ტენით უზრუნველყოფილ პირობებში. დადგენილია, რომ სანაწვერლო სიმინდი და სხვა კულტურები სწრაფად ვითარდებადა მნიშვნელოვნად ამცირებს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობას გაზაფხულზე ნათესთან შედარებით და ჰექტარზე საშუალოდ 150-200ც. მწვანე მასის დამატებით მოსავალს იძლევიან. ამავე დროს სანაწვერლო სიმინდი შემჭიდროებულ ვადაში თესვისა და ნათესის თესვისთანავე მორწყვის შემთხვევაში ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, თელავის, მარნეულის და გარდაბნის რაიონების დაბლობ, სარწყავ პირობებში ქერის ნაწვერალზე და ხორბლისგან ადრე განთავისუფლებულ მინდვრებზე შესაძლებელია 30-35 ცენტნერი მარცვლის მიღებაც. ამ შემთხვევაში უნდა დაითესოს შედარებით საადრეო ჯიშები და ჰიბრიდები, ხოლო სასილოსედ და მწვანე საკვებად მაღალმოზარდი ჯიშები ჯიშები და ჰიბრიდები. სავეგეტაციო უკეთ გამოყენების მიზნით მაქსიმალურად უნდა შევამციროთ წინამორბედი კულტურების აღებისა და სანაწვერლო სიმინდის თესვას შორის პერიოდი.აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ პირობებში აქტიური სავეგეტაციო პერიოდის უკეთ გამოყენებისა და სასილოსე მწვანე მასის მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი საიმედო ღონისძიებას წარმოადგენს ადრე გაზაფხულზე მწვანე საკვებად ან სასილოსედ ნათესი საგაზაფხულო შუალედური კულტურის (შვრიანარევი ბარდა) მოსავლის აღების შემდეგ, მეორე მოსავლის მისაღებად სანათიბო სიმინდის თესვა-მოყვანა, რასაც ადასტურებს საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წილკნის ექსპერიმენტულ მეურნეობაში ჩატარებული საწარმოო გამოცდი შედეგები. ამ მონაცემების მიხედვით პირველ მარტს დათესილმა შვრიანარევი ბარდის მწვანე მასის მოსავალმა დაკოკრების ფაზაში 406ც/ჰა შეადგინა, გაზაფხულზე ნათესი სასილოსე სიმინდის (საკონტროლო) მოსავალმა 412ც/ჰა, ხოლო შვრიანარევი ბარდის შემდეგ ნათესი სანათიბო სიმინდის მოსავალმა 525ც/ჰა, რაც 113 ც-ით აღემატება გაზაფხულზე ნათესი სასილოსე სიმინდის მოსავალთან შედარებით.
სანათიბო სიმინდის გამოყენების შემთხვევაში ერთი ჰექტარი იძლევა 306 ლარის წმინდა შემოსავალს, რაც გაზაფხულზე ნათეს სიმინდის მაჩვენებელს 159 ლარით აღემატება. სანათიბო სიმინდის უპირატესობა გაზაფხულზე ნათეს სასილოსე სიმინდთან შედარებით იმით აიხსნება, რომ სანათიბო სიმიდის რეკომედებული სიხშირით თესვისას მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე 100 000 -მდე იზრდება. შესაბამისად იზრდება ტაროთა რაოდენობაც. ღერო საკმაოდ ნაზი და წვნიანია, რის შედეგად იზრდება მწვანე მასის მოსავალი და უმჯობესდება სასილოსე მწვანე მასის ხარისხი.
ნიადაგის დამუშავება
ნიადაგის დამუშავება ტარდება ზონისთვის რეკომენდებული წესით, ნიადაგის თვისებების, წინამორბედი კულტურის თავისებურების, ნაკვეთის დასარეველიანების და ეროზიისგან ნიადაგის დაცვის ღონისძიებების გათვალისწინებით.
თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, თუ მასზე მომდევნო წლის გაზაფხულზე სასილოსე სიმინდის თესვაა გათვალისწინებული, უნდა აიჩეჩოს მოსავლის აღებისთანავე 8-10სმ. სიღრმეზე და მოიხნას მზრალად ბარში 1 დეკემბრამდე, ხოლო შემაღლებულ ზონაში 15 ნოემბრამდე. მოსავლის აღებისთანავე იხვნება აგრეთვე სიმინდისგან განთავისუფლებული მინდორიც თავთავიანი კულტურების შემდეგა სანაწვერლო სიმინდისათვის ნანვწვერალი იხვნება ნაკვეთის განთავისუფლებისთანავე შემჭიდროებულ ვადებში. ასევე შემჭიდროებულ ვადებში, არაუგვიანეს მაისის პირველი ნახევრისა, უნდა მოიხნას შუალედური კულტურებისგან განთავისუფლებული მინდორი 18-20სმ. სიღრმეზე.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შალაფით ძლიერ დასარეველიანებულ ნაკვეთებზე, ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს მინდორში შალაფას გავოჩენის შემდეგ საოში გუთნით 10-12 სმ. სიღრმეზე. აჩეჩვიდან ორი კვირის შემდეგ ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით, თანმიყოლებული ფარცხით, ხოლო 10-12 დღის შემდეგ მინდორი გადაიხვნება საოში გუთნით 15-17 სმ-ზე პირველი დამუშავების გარდიგარდმო. მზრალად ხვნა ტარდება 22-27სმ-ზე წინმხვნელიანი გუთნით.
აღმოსავლეთ საქართველოს ბიცობიანი ნიადაგების გაუმჯობესების მიზნით მარნეულის, სიღნაღის, გურჯაანის, გარდაბნის, საგარეჯოს რაიონებში 7-8 წელიწადში ერთხელ მზრალად ხვნის წინ ნიადაგში შეაქვთ 7-14 ტონა გაცრილი გაჯი, რის შემდეგ ხნული გადაიხვნება, გადახვნის წინ კი შეაქვთ 4-5 ცენტნერი ფოსფორიანი სასუქი. პირველ წელს ითესება იონჯა-მრავალწლიანი კოინდრის ნარევი. ორი წლის სარგებლობის შემდეგ კორდი მოიხვნება საშემოდგომო ხორბლისთვის, ხოლო შემდგომ წლებში კულტურების მორიგეობა ხდება თესლბრუნვის მიხედვით.
დასავლეთ საქართველოში გაზაფხულზე სასილოსე სიმინდის ძირითად კულტურად თესვისათვის ნასიმინდარი და ნასოიარი ნიადაგი უნდა მოიხნას: იმერეთის დაბლობისა და კოლხეთის დაბლობის შემაღლებულ ნაწილში შემოდგომაზე, ზამთრის პირას ან ზამთარში, ხოლო კოლხეთის დაბლობ ნაწილში (სამტრედიის ქვემოთ) ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე მინდორში გასვლის პირველი შესაძლებლობისთანავე. ამავე დროს იხვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ეწერი ნიადაგები, ზემო იმერეთის ალვური ნიადგები კი დეკემბრის დადგომიდან, როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს.
მზრალად და ზამთარში მოხნულ ნიადაგები თუ გაზაფხულზე დამჯდარია, ტარდება აოშვა 14-16 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.
დასავლეთ საქართველოს ბარში შალაფით ძლირ დასარეველიანებული ნაკვეთები უნდა მოიხნას სიმინდის აღებისთანავე 20-22 სმ. სიღმრმეზე.
ხნული მუშავდება მძიმე დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით არაუგვიანეს ოქტომბრის მეორე ნახევრისა და ითესება შუალედური კულტურა (შვრიანარევი ბარდა, ცერცველა ან სხვა) მწვანე საკვებად.
მწვანე მასის გათიბვისთანავე (მაისი მეორე ნახევარი) ნაკვეთი უნდა მოიხნას სრულ სიღრმეზე, ხნულით დამუშავდეს დისკოებიანი იარაღით და დაითესოს სოიანარევი სიმინდი, როგორც მთლიანსათესი კულტურა სასილოსედ ან მწვანე საკვებად. სოიანარევი სიმინდის გათიბვისთანავე ნიადაგი იხვნება 16-18სმ-ზე გაზაფხულის ცხელ დღეებში შალაფას ფესურების გამოშრობის და მოსპობის მიზნით.
დასავლეთ საქართველოში ბელტიანი ხნული შეშრობისთანავე უნდა დამუშვდეს (დაიჭრას) მძიმე დისკოებიანი ფარცხით მცირე ზომის ბელტებად, რომლებიც ადვილად შრება და მცირე ნალექის შემთხვევაშიდაც კი მთლიანად სველდება და გაშრობის შემდეგ ადვილად ფხვიერდება.
ქარისმირი ეროზიის ზონაში (საგარეჯოს, გურჯაანის, თეთრიწყაროს, მარნეულის, მცხეთის რაიონებში) თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს საოში გუთნით ან ბრტყლადმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ. სიღრმეზე, რათა ვუზრუნველვყოთ ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნება. ნაკვეთის ფესვურიანი სარეველებით დასარეველიანების შემთხვევაში აჩეჩვა ხდება უფრო ღრმად (8-10სმ.). აჩეჩილი ნიადაგი მუშავდება 22-25 სმ. სიღრმეზე ბრტყლადმჭრელი კულტივატორით (კპგ-250) ადრე გაზაფხულზე ტენის შენარჩუნების მიზნით.
მზრალი უნდა დაიფარცხოს ბიგ-3 ფარცხით, ხოლო მზრალის თესვისწინა დამუშავება ტარდება კულტივატორ ბრტყლადმჭრელით (პკე-3.8).
ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ხვნა, ხნულის თესვისწინა დამუშვება, თესვა და ნათესის მოვლითი ღონისძიებები ტარდება ფერდობის გარდიგარდმო განივად. 3-40 დახრილობის ფერდობებზე განივად ხვნის გარდა ჩამონადენი წყლის ნაკადის შეკავების მიზნით 2-3 წელიწადში ეთხელ ტარდება ღრმდად ხვნა 30-32სმ. სიღრმეზე. მცირე სიღრმის ნიადაგებზე ეს ღონისძიება ტარდება ქვედა ნაკლებადნაყოფიერი ფენის გაფხვიერებით გუთანზე დაყენებული დამაღრმავებლის საშუალებით.
4-50 დახრილობის ფერდობობზე ტარდება ხნულის დაბაძოება, რაც ხორციელდება გუთნის ერთ-ერთ განაპირა ტანზე გაკეთებული გადიდებული ფრთით. 7-80 დახრილობის ფერდობზე კარგ შედეგს იძლევა კულტურათა ზოლურად თესვა მრავალწლიანი ბალახების, თავთავიანი და სათოხნი კულტურების ზოლების მორიგეობით.
ნიადაგის განოყიერება
სასილოსე სიმინდის გაზაფხულზე ძირითად კულტურად და ნაწვერალზე თესვის სემთხვევაში რთული მინერალური სასუქები (NPK) ნიადაგში შეტანილი უნდა იქნეს მოხვნის წინ, ან თესვის დროს. გაზაფხულის ხნულზე თესვის დროს უნდა შეირჩეს იოლადხსნადი სასუქი, როგორიცაა: ნატრიამაფოსკა (N16P16K16). იგი ადვილად იხსნება ნიადაგში და მას მცენარე ადვილად ითვისებს მთელი ვეგეტაციის მანძილზე. მზრალზე თესვის შემთხვევაში კი დასაშვებია შედარებით გვიანხსნადი, მაგრამ ფოსფორის მაღალი შემცველობის სასუქების გამოყენება, როგორიცაა ამოფოსი (N10P45), სუპერფოსი (N12P24+S+Ca+Mg.) ან სხვა. რთული სასუქების შესატანი დოზა იანგარიშება ფოსფორზე, რადგან იგი შეგვაქვს ერთჯერადად და მან მთელი ვეგეტაციის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მცენარე ამ ელემანტებით, ხოლო აზოტზე მოთხოვნილება შიძლება შეივსოს ვეგეტაციის პერიოდში ნათესის გამოკვების დროს. კონკრეტულ პირობებში შესატანი დოზა იანგარიშება ნიადაგის ნაყოფიერების, მცენარის მიერ ნიადაგიდან მოსავლით გამოყვანილი საკვები ელემენტების რაოდენობის და დაგეგმილი მოსავლის გათვალისწინებით. მაგალითად, ერთი ტონა სასილოსე მწვანე მასის შესაქმნელად სიმინდის მცენარეს ნიადაგიდან გამოაქვს მოქმედი ნივთიერების სახით აზოტი 2,5კგ., ფოსფორი_ 0,85კგ. და კალიუმი 3,4კგ. აქედან გამომდინარე 50 ტონა სასილოსე მწვანე მასის შესაქმნელად ნიადაგში უნდა შევიტანოთ აზოტი _ 125კგ., ფოსფორი _ 42კგ. და კალიუმი 170კგ. მოქმედი ნივთიერების სახით. სასუქის ფიზიკურ წონაში გადასაყვანად შესატანი მოქმედი ნივთიერების რაოდენობა მრავლდება 100-ზე და იყოფა სასუქში ამ ნივთიერების, ამ შემთხვევაში ფოსფორის პროცენტულ შემცველობაზე, რაც ამ შემთხვევაში უდრის ნატრიუმამაფოსკასათვის _ 265კგ-ს. ამოფოსისითვის _92 კგ-ს, ხოლო სუპერფოსისათვის 177კგ-ს.
შუალედური კულტურების, შვრიანარევი სამარცვლე პარკოსნების შემდეგ ნათესი სასილოსე სიმნიდისთვის შესატანი აზოტიანი სასუქის დოზა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.
თესლის მომზადება დასათესად
უნდა დაითესოს მხოლოდ პირველი კლასისა და პირველი კატეგორიის, ფუნგიციდით დამუშავებული თესლი, რაც უდნა დასტურდებოდეს აპრობაციის აქტითა და შესაბამის სახელმწიფო სერთიფიკატით. სასილოსე სიმინდი ითესება 70სმ მწკრივთაშორისებით, მაგრამ უკანასკნელ წლებში გარე ეფექტების გაზრდის და მწკრივთაშორისების დამუშავების გაიოლების მიზნით, ზოგიერთი მეურნე, როგორც სასილოსე, ისე სამარცვლე სიმინდის თესავს 75სმ მწკრივთაშორსებით. ტენიან და მძიმე თიხნარ ნიადაგებზე სასილოსე სიმინდი ითესება 4-6სმ სიღრმეზე, ტენით უზრუნველყოფილ მსუბუქ ნიადაგებზე 6-7სმ-ზე., ხოლო მშრალ, გვალვიან ზონაში 7-8სმ-ზე.
თესვის ნორმა იანგარიშება ჯიშისა და ჰიბრიდისთვის დადგენლი ოპტიმალური სიხშირის მიხედვით.
საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მონაცემებით აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ პირობებში ადრე გაზაფხულზე (თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში) შუალედურ კულტურად ნათესი შვრიანერევი ბარდის შემდეგ მწვანე მასის მეოერე მოსავლის მისაღებად სანათიბო სიმინდისათვის ოპტიმალურია 60X15სმ კვების არით თესვვა, როცა მცენარეთა სიხშირე 100 ათასს უდრის ჰა-ზე.
ნათესის მოვლა
სასილოსე სიმინდის თესვის დროს, თესლის ჩათესვის სიღრმეზე თუ ნიადაგ მშრალია, ნათესი დათესვისთანავე უნდა მოიტკეპნოს ნაჭდევებიანი საგორავით, ხოლო ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წამოქმნის შემთხვევაში, მცენარის 3-4 ფოთლის ფაზაში დაიფარცხოს, რაც აუმჯობესებს ნიადაგის ჰაერაციას, სპობს ახლადაღმოცენებულ და აღმოცენების პროცესში მყოფ სარეველებს და ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას. დაფარცხვა ტარდება დღის ცხელ პერიოდში, როცა სიმინდის მცენარე ნაკლებად მტვრევადია.
სასილოსე სიმინდის წმინდა ნათესი მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში უნდა დამუშავდეს, რომელიმე ჰერბიციდით.
ჰერბიციდის შესხურებიდან ერთი კვირის განმავლობაში ნიადაგის დამუშავება დაუშვებელია.
ნათესის პირველი კულტივაცია ტარდება მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში 8-10სმ. სიღრმეზე, მეორე 10-12 დღის შემდეგ იგივე სიღრმეზე.
სარწყავ პირობებში მეორე კულტივაცია უნდა შეიცვალოს მწკრივთაშორისების დაბაძოებით.
ნათესის გამოკვება უნდა ჩატარდეს აზოტოვანი სასუქებით, როგორიცაა ამონიუმის გვარჯილა 300კგ/ჰა, ფოსფო შარდოვანა 250კგ/ჰა, კარბამიდი 250კგ/ჰა.
საჭიროების შემთხვევაში მავნებლების (ფარვანა, ხვატარი და სხვა) წინააღმდეგ საჭიროა ინსექტიციდის შესხურება მავნებლის გამოჩენისთანავე.
კახა ლაშხი, ტ/მ დოქტორი
/ზაურ ჯულუხიძე/, ს/მ დოქტორი
/ზურაბ ჯინჯიხაძე/, ს/მ დოქტორი
ლუკა ლაშხი, აგრარული უნივერსიტეტი